პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქართულმა მხარემ
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელთან დაკავშირებითაც ახლა საბოლოო სახელმწიფოებრივი პროცედურები ხორციელდება.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ. ამჟამად მიმდინარეობს საბოლოო სახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება. უნდა მოხდეს რატიფიცირება. დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაზე. მათ შორის, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა ტურიზმი, რომლის განვითარების მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. აგრეთვე ინდუსტრიული მიმართულება. პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა რამდენიმე დღის წინ ჩინეთში ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ფოთში ერთობლივი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებას.

















