საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ
კვარტალში ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 5.1%, ხოლო მეორე კვარტალში 4.7% შეადგინა. შესაბამისად, 2017 წლის პირველ ნახევარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკა 4.9%-ით გაიზარდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური რეფორმების სამმართველოს უფროსი ბექა ლილუაშვილის განცხადებით, წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, აღნიშნული ზრდა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მასში განსაკუთრებით მაღალი წვლილი კერძო სექტორმა შეიტანა. ამასთან, როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, არსებული პოზიტიური ტენდენციები უკვე დაფიქსირდა ბიზნესსექტორის მიერ დასაქმებისა და გამოშვებული პროდუქციის ზრდის მაჩვენებლებში.
„გაუმჯობესებული შიდა ფაქტორებისა გარდა, ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა რეგიონალური და გარე ფაქტორები, რაც განსაკუთრებით აისახა საქართველოდან საქონლის ექსპორტისა და მომსახურების ექსპორტის, ასევე ტურიზმის მიმართულებით - 2017 წლის პირველ ნახევარში საქონლის ექსპორტი 30.1%-ით გაიზარდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი - 26%-ით. ამჟამად არსებული როგორც შიდა, ასევე გარე პოზიტიური ფაქტორების წლის ბოლომდე შენარჩუნების შემთხვევაში, გვაქვს აბსოლუტურად ობიექტური მოლოდინი, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მის საპროგნოზო მაჩვენებლებს გადააჭარბებს“ - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური რეფორმების სამმართველოს უფროსის ინფორმაციითვე, 2017 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი მშენებლობის (1.5 პპ), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (0.7 პპ), ვაჭრობისა (0.6 პპ) და უძრავი ქონების სექტორებმა შეიტანეს (0.5 პპ). აღსანიშნავია, რომ რეალური ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში.

















