ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ მას-მედიის წარმომადგენლებს ქვეყნის
მიმდინარე ეკონომიკური დინამიკის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის II კვარტლის ეკონომიკურმა ზრდამ ნაცვლად 4.0 პროცენტისა, რომელიც ყოვლთვიური შეფასებების საფუძველზე იქნა გაანგარიშებული, 4,7% შეადგინა. უწყების ცნობით, შესაბამისად, 2017 წლის პირველ ნახევრის ეკონომიკური ზრდა დაზუსტდა, რამაც 4.9 პროცენტი შეადგინა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, 2017 წლის II კვარტლის მონაცემებით, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
o მშენებლობა: ზრდა 16,4%;
o სასტუმროები და რესტორნები: ზრდა 12,9%;
o ტრანსპორტი: ზრდა 7,0%;
o ვაჭრობა: ზრდა 3,7%;
o ოპერაციები უძრავი ქონებით: ზრდა 7,2%;
o საფინანსო საქმიანობა: ზრდა 6,4%.
ნიკოლოზ გაგუას განცხადებითვე, ბოლო წლებში, ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს უჭირავს, რაც განსაკუთრებით 2017 წელს გამოიკვეთა. მისი თქმით, პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება ხელფასების ზრდაში. კერძოდ, 2017 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 10 პრცენტით გაიზარდა. ხელფასების ყველაზე სწრაფი ზრდა დაფიქსირდა: სამშენებლო სექტორში - 38,6%; სოფლის მეურნეობაში - 27,9%; საფინანსო საქმიანობაში - 20%; სასტუმრო-სარესტორნო სექტორში - 14,9%; მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის სფეროში - 11,6%.
„მნიშვნელოვანია რომ აღნიშნულ ზრდაში წარმმართველი კვლავ კერძო სექტორია. კერძოდ, საშემოსავლო დეკლარაციების ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს, რომ პირველ 7 თვეში მთლიანი სახელფასო ხარჯი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8,7%-ით გაიზარდა. აქედან სახელმწიფო სექტორში სახელფასო ხარჯი 0,6%-ით შემცირდა, ხოლო კერძო სექტორში 12%-ით გაიზარდა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, 2017 წლის პირველ ნახევარში კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა, წინა წელთან შედარებით 18%-ით, ხოლო საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 18%-ით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში ბიზნეს სექტორმა 30 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.
მისი განცხადებით, ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ. 2017 წლის იანვარ - აგვისტოში საქონლის ექსპორტი 28.5%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამაც, რაც მომსახურების ექსპორტს წარმოადგენს. იანვარ-აგვისტოში შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 29.1%-ით გაიზარდა და 1,859.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას შემდგომი წლების განმავლობაშიც,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ.

















