თბილისის მედიათეკების გაერთიანებაში დღეს ქართული პროდუქციის გამოფენა და დაგროვებითი ბარათის ,,მოითხოვე
ქართული" ფარგლებში მორიგი გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართება. გამარჯვებულებს ქართული პროდუქციის ერთგული მომხმარებლის სერტიფიკატს საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერით გადასცემს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი. გამარჯვებულები ასევე მიიღებენ სპეციალურ პრიზებს 40-ზე მეტი ქართული კომპანიისგან.
დაგროვებითი ბარათი ,,მოითხოვე ქართული" არის საქართველოში პირველი პლასტიკური ბარათი, რომლის ფარგლებში ვირტუალური ქულები - ქართულები გროვდება ქართული პროდუქციის შეძენისას. მომხმარებელთა წახალისებისთვის ბარათზე დაგროვებული ქართულების მიხედვით ტარდება ყოველთვიური კონკურსი თვის ყველაზე მეტი ქართულების ტოპ-ათეულის გამოსავლენად. 18 სექტემბერს გამოვლინდება ასევე 5 ყრუ პირი რომელთაც ყველაზე მეტი ქართულები დააგროვეს ბარათის ფარგლებში.
დაგროვებითი ბარათის პროექტი განახორციელა ააიპ მოითხოვე ქართულმა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდასჭერით.
ქართული პროდუქციის გამოფენას და დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორი კომპანიები.

















