პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მისი უწყება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას ძალიან აფასებს.
მისივე განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ 1,8 მლრდ-ზე მეტი ინვესტიციები გააკეთა.
"ჩვენ ძალიან ვაფასებთ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას. მხარდაჭერას, როგორც ქვეყნის ინსტიტუციონალური განვითარების, ასევე, კერძო სექტორის გაძლიერების მიმართულებით. ჯამურად, ამპერიოდის განმავლობაში, მსოფლიო ბანკმა ჩვენს ქვეყანაში 4,3 მლრდ-ზე მეტი ინვესტიცია ჩადო, საიდანაც მიმდინარე პროექტები მილიარდზე მეტია, ხოლო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ 1,8 მლრდ-ზე მეტი ინვესტიციები გააკეთა" -აღნიშნა ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მსოფლიო ბანკის დელეგაცია, რომელსაც ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სირილ მიულერი ხელმძღვანელობს, დღის მეორე ნახევარში, მონაწილეობას საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ფორუმში მიიღებს, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

















