ახლადარჩეული გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, გაეროს ტურიზმის
მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდნივნის თანამდებობაზე მისი დანიშვნა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი გამარჯვებაა.
მისივე თქმით, კარგად და თვალნათლივ გამოჩნდა, თუ რამდენად დიდია საქართველოს როლი მსოფლიო ტურიზმის განვითარების მხრივ.
"ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული დღეა. ეს პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა"- აღნიშნა პოლოლიკაშვილმა.
ახლადარჩეულმა გენერალურმა მდივანმა პირველ რიგში, ორგანიზაციის მოქმედ გენერალურ მდივანს, ტალებ რიფაის და წევრ სახელმწიფოებს მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და წევრი სახელმწიფოების ერთიანობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა .
"დიდი მადლობა თითოეულ წევრ სახელმწიფოს, მინდა დაგპირდეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამარჯვება, ეს ამ ორგანიზაციის გამარჯვებაცაა. ჩვენ ერთად ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი... ჩვენ ერთად ვართ, ძმები და დები ვართ. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და ბევრი გვაქვს გასაკეთებელი"- განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
ზურაბ პოლოლიკაშვილმა მხარდაჭერისთვის მადლობა საქართველოს მთავრობას - პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და ვიცე-პრემიერ მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძესაც გადაუხადა.
"პირადად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პრემიერ-მინისტრს. მისი და ჩვენი, საგარეო საქმეთა მინისტრის თაოსნობით ეს მართლაც რომ ძალიან დიდი მიღწევაა. ამ პროცესში ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული. რომ არა ასეთი ერთსულოვნება და ერთად დგომა, ძალიან რთული იქნებოდა დასახული მიზნის მიღწევა"- განაცხადა ახლადარჩეულმა გენერალურმა მდივანმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს. ახალი გენერალური მდივნის დამტკიცება UNჭთO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა, რომელიც ჩინეთში ქალაქ ჩენგდუში იმართება.

















