საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის
(UNWTO) გენერალური ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.
ჯანელიძემ ასამბლეის მონაწილეებს მიმართა, რომელთაც UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი დაამტკიცეს.
„დღევანდელმა დღემ გაგვაერთიანა, ხოლო ორგანიზაცია გახადა უფრო ძლიერი და უნარიანი, რათა განვაგრძოთ ის რეფორმები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს სჭირდება იმისთვის, რომ ვიმოგზაუროთ, ვისიამოვნოთ და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოვხატოთ. ყველას მადლობას ვუხდი დღეს ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევისთვის“ - განაცხადა ჯანელიძემ.
საქართველოს კანდიდატის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევას მიხეილ ჯანელიძემ ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა.
მან ხაზგასმითაღნიშნა, რომ საქართველო ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მისიისა და პრინციპების ერთგულია და კარგად აცნობიერებს, რომ საერთაშორისო წესებისა დავალდებულებების პატივისცემა თითოეული ქვეყნის, ერისა და მოქალაქის წარმატების წინაპირობაა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ორგანიზაცია ყველა რეგიონის, ქვეყნების ყველა გაერთიანებისა და ორგანიზაციის თითოეული წევრის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.
„ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წარმატებისთვის“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ახალი გენერალური მდივანი UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში დაამტკიცეს, რომელიც ჩინეთში ქალაქ ჩენგდუში იმართება.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ თანამდებობას დაიკავებს.

















