პროექტ "აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასმელი წყლის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანია, შპს "აქვა გეო" ფართოვდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს დახმარებით, კომპანია ახალი საწარმოს აშენებას და უახლესი მანქანა - დანადგარებით აღჭურვას გეგმავს.
შპს "აქვა გეოს" ახალი მინერალური საწარმოს ბრენდირებულ პროდუქტს "მინერალური წყალი კობი" დაერქმევა, რომელიც 2018 წლის ივნისიდან ადგილობრივ ბაზარზე გამოჩნდება. წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად, კომპანია საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს. კომპანიაში ამჟამად 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ხოლო ახალი საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე დამატებით 85 ადამიანი დასაქმდება.
"აქვა გეო", რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ კობში საწარმოს ააშენებს, პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს.
ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის "აწარმოე საქართველოში" დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 35 მლნ. ლარზე მეტია.
მნიშვნელოვანია, რომ "აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის ფარგლებში არაალკოჰოლური სასმელების საწარმოს მშენებლობისთვის კომპანიას ყაზბეგის რაიონის სოფელ კობში მდებარე მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა.

















