ლატვიის დედაქალაქ რიგაში საკვები მრეწველობის პროდუქციის, ბალტიისპირეთში ყველაზე მსხვილი
ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა „Riga Food 2017” გაიხსნა, რომელშიც მსოფლიოს 37 ქვეყნის 715 კომპანია მონაწილეობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ გამოფენაზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, 15 ქართული კომპანიის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი არის წარმოდგენილი: ნატურალური წვენების კომპანია - „ნექტარინი“, ქართული საწებლის კომპანია - შპს „ედენა“; ღვინის მწარმოებელი კომპანიები: კომპანია„გიუაანი“, კომპანია „Wine Products and Spirits“, “შალოშვილის ღვინის მარანი“, “ბადაგონი”, „კორპორაცია ქართული ღვინო“ (CGW), “KTW”, “Legends of Georgia”, “Chateau Nekresi”, “Georgian Wine House”; ქინძმარაულის ღვინის სარდაფი - შპს „ქინძმარაული;“ თაფლის მწარმოებელი კომპანიები: კოოპერატივი „სკა“ და კოოპერატივი „თაფლი საჩინო“;თხილის მწარმოებელი კომპანია: კოოპერატივი „სოფლის იმედი“. ქართული სტენდი გამოფენაზე ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითია.
ქართულ სტენდზე ქართული კერძები და ღვინო ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა და ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა იანის დუკლავმა დააგემოვნეს და ქართულ კომპანიებს ლატვიის ბაზარზე წარმატება უსურვეს.
უწყების ცნობითვე, მსგავს მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენებში ქართული კომპანიების მონაწილეობა ემსახურება საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ქართული კომპანიების მიერ ლატვიურ ბაზრის ათვისებას.
გამოფენა ტრადიციულად ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა გახსნა და ის 9 სექტემბრამდე გაგრძელდება.

















