პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით,
ლარის კურსის დევალვაციას დროებითი და მოკლევადიანი ხასიათი აქვს. მისივე თქმით, საქართველოში თავისუფალი გაცვლითი კურსი მოქმედებს და ამიტომ, მოძრაობა ამ მიმართულებით შეიძლება იყოს ორმხრივი, როგორც ლარის გამყარების ასევე დევალვაციის კუთხით.
"მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ხედავდა, რომ ჩვენ გვქონდა ლარის გამყარება. ამ თვალსაზრისით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პრაქტიკულად არ დაუშვა ლარის მკვეთრი გამყარება და შეძენილი იქნა თითქმის 110 მილიონი დოლარი და ამით შევსებულ იქნა ეროვნული ბანკის რეზერვები, რითაც მან მხარი დაუჭირა ფინანსურ სტაბილურობას და ასევე მონეტარული სტაბილურობის შენარჩუნებას ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით სწორედ ეს ნაბიჯი გადაიდგა"-განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ- ირაკლი კოვზანაძემ.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში მომხდარი მოვლენები შეიძლება აიხსნას მოლოდინითა და ფსიქოლოგიური ფაქტორით, რადგან არსებობდა საერთო-ზოგადი მოლოდინი იმისა, რომ ზაფხულში ლარი გამყარდებოდა, ხოლო სექტემბერში გაუფასურდებოდა.
"აგვისტოს ბოლოს სავალუტო ბაზრის მონაწილეებმა ზუსტად ამ დაბალი კურსის პირობებში განახორციელეს დამატებითი შესყიდვები, რამაც ზედმეტი გავლენა მოახდინა ლარის კურსზე და ამ თვალსაზრისით ქართველი ხალხი ხვდება იმ მოვლენას, რასაც გუშინ და რამოდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ხვდებოდა.
ეს იყო სიგნალი მათთვის, ვისაც უნდოდა, რომ აგვისტოში შედარებით დაბალ კურსზე შეესყიდა დამატებითი დოლარები.
მინდა გავიმეორო და ცალსახად აღვნიშნო, ლარის მკვეთრი დევალვაციის ფუნდამენტური მაკროეკონომიკური საფუძვლები ქვეყანაში არ არსებობს.
გარდა ამისა, გუშინ გამოქვეყნდა სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 4%-იანი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე, 7 თვის მონაცემებით ჩვენ გვაქვს 4,4% -იანი ზრდა, მივდივართ კარგი ტემპით, კარგი ზრდა გვაქვს ტურიზმში და ტურიზმიდან შემოსავლებით იზრდება ექსპორტი, იზრდება გადმორიცხვები ე.წ. რემიტენსები, რაც ყველა პარამეტრით კარგი მონაცემია.
პარლამენტში შემოსულია და უახლოეს დღეებში თითოეულ კომიტეტში და პარლამენტის ფრაქციებში განხილვა დაიწყება 6 თვის ბიუჯეტის და თქვენ ნახავთ, რომ გადაჭარბებით არის შესრულებული როგორც საგადასახადო შემოსავლები, ასევე მთლიანი შემოსავლები. ამ თვალსაზრისით თქვენ ცხადად დაინახავთ, რომ პრაქტიკულად ბიუჯეტის ძირითადი მუხლები, მთლიანი მუხლები სრულდება და პრობლემა ამ თვალსაზრისით არ არსებობს.
აქედან გამომდინარე შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ის მოვლენა, რასაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლარის კურსთნ დაკავშირებით ჩვენ ვხედავდით და ვაწყდებოდით, დროებითი და მოკლევადიანი ხასიათისაა"-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

















