გავრცელებული ინფორმაციით, გენერალური აუდიტორის ვაკანტურ პოსტს სავარაუდოდ ირაკლი მექვაბიშვილი დაიკავებს.
გენერალური აუდიტორის კანდიდატურას პარლამენტის თავჯდომარე უახლოეს დღეებში ოფიციალურად დაასახელებს და მას პარლამენტის ხუთი წლის ვადით აირჩევს.
"დიახ, გიდასტურებთ, რომ გენერალური აუდიტორის ვაკანტურ პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატურა ირაკლი მექვაბიშვილია და უახლოეს პერიოდში ჩვენ დავასახელებთ კანდიდატს, რომელიც კონსულტაციების შედეგად იქნება შერჩეული"-განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
თავად ირაკლი მექვაბიშვილი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
"მირჩევნია, ამ ეტაპზე ყველანაირი განცხადებისგან თავი შევიკავო, ეს არის პარლამენტის თავჯდომარის პრეროგატივა, გააკეთოს ეს განცხადება. დაველოდოთ ოფიაციალურად ამ ინფორმაციის გავრცელებას, რომელსაც სავარაუდოდ ძალიან მალე გააკეთებს პარლამენტის თავჯდომარე"-განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.
ირაკლი მექვაბიშვილი ამ დრომდე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ბანკირის პოზიციას იკავებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა 5 ივლისს ამოეწურა და მის მოვალეობას ახლა ნინო ლომჯარია ასრულებს.

















