მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, საქართველოს ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილზე ერთი უდავო
პოზიტივი ნამდვილად შეიძლება ითქვას. მას შეცდომის აღიარება შეუძლია, ამის არ რცხვენია და ჯერ კიდევ მაშინ აცხადებდა, რომ ცხოვრებაში ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებულიო, როდესაც პოლიტიკაში ახალი გამოჩენილი იყო და ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებოდა.
ხელისუფლებაში მოსვლისა და პოლიტიკიდან არასამთავრობო სექტორში წასვლის შემდეგ კი, შეიძლება ითქვას, რომ მისი შეცდომების რიცხვმა აშკარად იმატა, რასაც თუნდაც მისი ერთ-ერთი ბოლო განცხადებაც მოწმობს, როდესაც იპოთეკარებს და ბანკების მიმართ დოლარში არსებული ვალდებულების მქონე მოქალაქეებს, ექსპერტ-ბანკირის დაქირავება შესთავაზა.
თუმცა, ამ მასალაში ექსპრემიერის განცხადებების გამოკიდებას არ ვაპირებთ და აქცენტს მის საკადრო შეცდომებზე გავაკეთებთ, რომელიც, სამწუხაროდ, ასევე ბევრია.
ამ შეცდომათაგან ერთ-ერთი, ანუ პრეზიდენტის პოსტზე გიორგი მარგველაშვილის წარდგენა, ბიძინა ივანიშვილმა უკვე აღიარა, თუმცა, სამწუხაროდ, ამ კუთხით, ასაღიარებელი კვლავ ბევრია.
აღარაფერს ვამბობთ პარლამენტის უმრავლესობის შემადგენლობაზე, სადაც, უმრავლესობის უმრავლესობას საკანონმდებლო საქმიანობაზე წარმოდგენაც არ აქვს.
დღეის გადასახედიდან ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკადრო შეცდომა, ეს, დედაქალაქის მერის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურის წარდგენაა.
რბილად რომ ვთქვათ, დავით ნარმანიამ ამ პოსტზე ვერ გაამართლა და მისი მუშაობით უკმაყოფილება, სხვათა შორის, ყოფილ პრემიერს არც დაუმალავს, თუმცა ეს გაცილებით უფრო დელიკატური ფორმებით გამოხატა, ვიდრე მარგველაშვილის შემთხვევაში.
ის, რომ დავით ნარმანია წარმოშობით თბილისელი არ არის, მის სისუსტესთან არანაირ კავშირში არაა, თუმცა მის წარუმატებლობაში გარკვეულწილად როლი ამ ფაქტორმაც ითამაშა.
დავით ნარმანიამ, რომელიც აგერ უკვე თითქმის ერთი წელია დედაქალაქის მერად გვყავს, ვერცერთი დაპირება ვერ შეასრულა და უფრო მეტიც, ქალაქის ინფრასტრუქტურის კუთხით აშკარა რეგრესიც შეინიშნება.
და მაინც, რა იყო მიზეზი იმისა, რომ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა დავით ნარმანია მერობის კანდიდატად დაასახელა?
ამის მიზეზი უდავოდ ნარმანიას ინფრასტრუქტურის მინისტრობა გახდა, რომელიც მის კარიერაში საკმაოდ წარმატებული პერიოდი იყო, მაგრამ იყო თუ არა ეს წარმატება ნარმანიას დამსახურება?
დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, რომ ეს წარმატება მისი დამსახურება არ იყო.
რაც არ უნდა ძნელად ასაღიარებელი იყოს ვინმესთვის ეს, დავით ნარმანიამ ჩაიბარა ნიკოლაიშვილის მიერ აწყობილი სამინისტრო, რომელიც ინერციით მართლაც წარმატებით მუშაობდა და ამ წარმატებას, ნებსით თუ უნებლიედ დავით ნარმანია საკუთარ თავზე იწერდა.
სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდში ჩამოუყალიბდა ივანიშვილს ნარმანიაზე, როგორც კარგ მეურნეზე შთაბეჭდილება, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ აშკარად მცდარი და ნაჩქარევი აღმოჩნდა.
რეალურად, დედაქალაქმა მიიღო მერი, რომელმაც ვერცერთი დაპირება ვერ შეასრულა და უფრო მეტიც, დღემდე დაპირებების რეჟიმში ცხოვრობს.
მაგალითად, დედაქალაქი საცობებისგან უნდა გავათავისუფლო და ამ მიზნით დუბლინის გამოცდილებას უნდა ვეზიაროო განაცხადებს და რამდენიმედღიან ვიზიტსაც განახორციელებს.
ასევე, გამოცდილების გაზიარების მიზნით მოიარა მან ამ დღეებში მან პორტუგალია და ესპანეთი, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, მიღებული გამოცდილების ქართულ რეალობაში გადმოტანის პრეცედენტი ჯერჯერობით დედაქალაქის მოსახლეობას არ უნახავს.
დავით ნარმანიამ ვერ შეძლო და დედაქალაქი ვერ გაათავისუფლა იმ სიმახინჯეებისგან, რასაც რიყეზე წამოწოლილი „ტრუბები“ ან თუნდაც გმირთა მოედანზე აყუდებული გაურკვეველი ფორმისა და იდეის მატარებელი ე.წ. მემორიალი ჰქვია და თბილისელების დიდი ნაწილის აზრით, ეს ვერტიკალური სიმახინჯე, ჩვენი იმ გმირი ბიჭების ხსოვნის შეურაცხყოფაა, რომელთა სახელებიცაა დაწერილი ამ კონსტრუქციაზე;
დავით ნარმანიამ ვერ შეძლო და თბილისელებისთვის წლების განმავლობაში ჭირად ქცეული „სითი პარკი“ დედაქალაქს ვერ მოაშორა, მიუხედავად მისი რიხიანი დაპირებებისა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ამ კომპანიასთან თბილისის მერიის მიერ გაფორმებულ კაბალურ ხელშეკრულებას საერთაშორისო იურიდიული კომპანიები შეისწავლიანო, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამ კომპანიებისთვის გადახდილი თანხაც უბრალოდ, ბიუჯეტიდან გადაყრილი ფული იქნება და „სითი პარკი“ კვლავ ისეთი გაათმაგებული ენერგიით გააგრძელებს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას და ყაჩაღობას ქალაქში, როგორც ამას დღეს ახორციელებს;
ნარმანიამ ვერ შეძლო აგრეთვე, რომ დედაქალაქის ცენტრალური უბნები ყოვლად გაუმართლებელი მრავალსართულიანი შენობების მშენებლობისგან დაეცვა და დღეს, თბილისის ცენტრში ისეთი სისწრაფითა და რაოდენობით შენდება ცათამბრჯენები, რომ ასეთი ტემპი თვით „ნაციონალების“ დროსაც არ ყოფილა. ნარმანიას ვინმემ უნდა უთხრას, რომ ამ ცათამბრჯენების მშენებლობა ისედაც გადატვირთულ ცენტრალურ მაგისტრალებს კიდევ უფრო გადატვირთავს და ქალაქში სუნთქვაც კი შეუძლებელი გახდება;
ნარმანიამ ვერ შეძლო და ვერ მოაწესრიგა ქალაქის გზები, რომლებიც რაც დრო გადის, სულ უფრო და უფო სავალალო მდგომარეობაშია. მართალია დაგვპირდა, რომ ორმული გზების სარეაბილიტაციოდ ამდენ და ამდენ მილიონს დავხარჯავო, მაგრამ გაკეთებული გზები ჯერ არსად ჩანს, თუმცა მილიონები შესაძლოა მართლაც „დახარჯულია“. მაგალითისთვის, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მეტეხის გვირაბიდან გამავალი გზის რეაბილიტაციის თემის განხილვაც კმარა, სადაც ასფალტის საფარი რამდენიმე თვის წინ აყარეს და ისე მიატოვეს, რომ დაახლოებით ორი თვის განმავლობაში დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობა ოღოჩოღრო ნაგზაურით სარგებლობდა.
მოგვიანებით, ამ თემაზე, ნარმანიას საარჩევნო კონკურენტმა, „ნაციონალმა“ ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა და მერიის უსაქმურობა გააკრიტიკა. ნარმანიას უწყებამ თავი იმით იმართლა, რომ აქამდე უამინდობის გამო ვერ ვახორციელებდით სამუშაოებსო, თუმცა მელიას განცხადებიდან მეორე დღეს, ათხრილ გზაზე ასფალტის დაგება ოპერატიულად დაიწყეს. საინტერესოა, ნიკა მელიას განცხადების შემდეგ გამოკეთდა ამინდი? ან შე დალოცვილო, თუ ასეთი მეორედ მოსვლაა მოსალოდნელი, ნუ თხრი ქუჩას და გაზაფხულს დაელოდე.
თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ნიკა მელიას ბრიფინგიდან დაახლოებით 4 დღეში, მას შემდეგ, რაც ათხრილი გზის ნაწილზე ასფალტის პირველი ფენა გადააკრეს, სამუშაოები ისევ გაურკვეველი ვადით გაჩერდა და მგზავრთა და მძღოლთა უკმაყოფილების დონე და ხშირად არცთუ საამოდ მოსასმენი ფრაზეოლოგიის რიცხვი კვლავ დიდია;
ნარმანიამ ვერ მოაგვარა მუნიციპალური ტრანსოპტის პრობლემა და დედაქალაქის მოსახლეობა და მისი სტუმრები, კვლავ ტექნიკურად გაუმართავი ავტობუსებით მგზავრობენ;
ნარმანიამ ვერ მოაგვარა ასევე დედაქალაქის დასუფთავების პრობლემა. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ კუთხით პრობლემა პრაქტიკულად მოგვარებული იყო და მდგომარეობას უბრალოდ შენარჩუნება სჭირდებოდა, თუმცა თბილისის ახალ მერს ეს სადავეებიც გაექცა ხელიდან და დღეს, განსაკუთრებით გარეუბნებში, ბუნკერების მიმდებარე ტერიტორია კვლავ ნაგვით და მაწანაწაალა ძაღლებითაა სავსე. აღარაფერს ვამბობთ ნარმანიას იმ დაპირებაზე, რომ თბილისის ძველ, ვიწრო ქუჩებიან უბნებში ნაგვის მანქანები დღის საათებში არ იმოძრავებენო. უფრო მეტიც, დღეს სწორედ პიკის საათებში ხდება სოლოლაკის, მთაწმინდისა და ჩუღურეთის ვიწრო ქუჩებიდან ნაგვის გატანა და ეს იმ მძღოლის ნერვების ფასად ხდება, რომელსაც არ გაუმართლებს და ნაგვის მანქანის უკან მოექცევა. შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ რა ქნას ერთმა ადამიანმა, როცა მერიის სამსახურებში კვლავ „ნაციონალების“ კადრები არიან და საქმე შესაძლოა საბოტაჟთანაც კი გვქონდესო.
ბატონო, თუ თითქმის ერთი წლის განმავლობაში საბოტაჟი ვერ დაძლიე და ელემენტარულად, ქალაქის ნაგვისგან გათავისუფლებაც კი ვერ მოახერხე, მაშინ სხვანაირი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნო.
აღარაფერს ვამბობ კორუფციაზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა ახალი მერის პირობებშიც საკმაოდ ფეხგადგმული ყოფილა უწყებაში და არც ნარმანიას მიერ დანიშნულ კადრებს აღმოაჩნდათ ნაკლები მადა, ვიდრე წინა ხელისუფლების საკმაოდ დიდ ნაწილს.
ესაა მცირე ჩამონათვალი იმ დაპირებებისა და პრობლემებისა, რაც დედაქალაქს დღეს სრული სიცხადით უდგას, თუმცა უსამართლობა იქნებოდა დავით ნარმანიას „საფირმო დაპირებისთვის“ გვერდის ავლა. „საფირმო დაპირება“ კი, მოგეხსენებათ, დედაქალაქში მილიონი ხის დარგვას გულისხმობდა.
როგორც ამ დღეებში ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გამოიკვლია, თუ ნარმანია დედაქალაქის გამწვანებას ამ ტემპით გააგრძელებს, მას მილიონი ხის დასარგავად დაახლოებით 30 წელი დასჭირდება.
ზოგადად კი, სიტყვა მილიონის გამოყენებას ქართულ პოლიტიკაში არავის ვურჩევდით, რადგან კარგად გვახსოვს, რომ „მოქალაქეთა კავშირმა“ წინასაარჩევნო კამპანია „მილიონი სამუშაო ადგილის“ დაპირებით დაიწყო, ხოლო როგორ დაასრულა, ამის გახსენება რთული ნამდვილად არ არის, რადგან სმკ-ს აღსასრული სულ რამდენიმე წლის წინ, სრულიად საქართველომ საკუთარი თვალით იხილა.
რაც შეეხება ყოფილი პრემიერის ყველაზე დიდ შეცდომას, რომელიც როგორც ვთქვით სწორედ დავით ნარმანიას დასახელებაა, ამ შეცდომის შედეგებს „ქართული ოცნება“ პირველივე არჩევნებზე იგემებს, რადგან თბილისი, როგორც ეს გასულმა წლებმაც დაგვანახა, რეალობის აღქმის კუთხით ყველაზე მგრძნობიარეა და თანაც, დედაქალაქში ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით მესამედი ცხოვრობს.
ალექსანდრე კაპანაძე