ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს თუ გადავხედავთ, ერთი შეხევდით ბევრი რამ შეიცვალა,
თუმცა მოულოდნელი არაფერი მომხდარა და უფრო მეტიც, რაც ხდება ცოტა უფრო ადრე რომ მომხდარიყო ან საერთოდ არ მომხდარიყო, სჯობდა.
მოულოდნელი იმიტომ არ ყოფილა, რომ მოვლენების დაახლოებით მსგავსი სცენარით განვითარება უკვე იმ დღიდანვე იყო ნათელი, რომელ დღესაც, პოლიტიკაში ახლადშემობიჯებულმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი კოალიციის მომავალი პარტნიორი პოლიტიკური პარტიები დაასახელა.
უკვე გადაღეჭილი თემაა და ირაკლი ალასანიაზე ბევრი საუბარი მართებული ნამდვილად არ იქნება, მაგრამ კოალიციიდან ალასანიას პარტიის გასვლის შემდეგ, გაერთიანების მდგრადობა კიდევ უფრო მყიფე გახდა, რასაც ემატება რესპუბლიკელების ბოლოდროინდელი მცდელობები, რომ კოალიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის დანარჩენი წევრების სისუსტით ისარგებლონ და მაქსიმალური პოლიტიკური დივიდენდები დააგროვონ.
ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ მათ ეს გადასარევად გამოსდით, რადგან, ხელისუფლებას, პრაქტიკულად, მხოლოდ და მხოლოდ რესპუბლიკელების წარმომადგენლები ჰყავს საპარლამენტო უმრავლესობაში, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ გამოცდილ დეპუტატებს ოპონირებას გაუწევენ.
„ქართული ოცნების“ მსახიობი და სპორტსმენი დეპუტატები კი, ისევე უძლურები არიან წინა ხელისუფლების წარმომადგენელი დეპუტატების წინაშე, როგორც ეს უკანასკნელნი იქნებოდნენ მათთან, საჭიდაო ხალიჩაზე ან თეატრის სცენაზე მსახიობის ამპლუაში.
თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა უმრავლესობა, სამსახიობო ნიჭის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის და ამ საკითხში, რა თქმა უნდა, მათგან პირველობას, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არავის დაუთმობს.
მოკლედ, ასეა თუ ისე, გასულმა ორიოდე კვირამ კიდევ ერთხელ სრული სიცხადით წარმოაჩინა ის პრობლემები, რაც ქვეყნის ხელისუფლების შიგნით არსებობს და რომელმაც მართალია ორი წლის შემდეგ, მაგრამ თავი მაინც არ დამალა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია პანიკა სავალუტო ბაზარზე, რადგან ეროვნულმა ვალუტამ ისეთი ნახტომისებური გაუფასურება განიცადა, რომლის მსგავსიც 1998 წლის რუსეთის კრიზისის შემდეგ არ ყოფილა.
მართალია ჩვენი ხელისუფლება ხალხს მოუწოდებდა, რომ საპანიკო არაფერი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ დაახლოებით 10 დღეში, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 25 პუნქტით დაეცა, ხოლო ხელისუფლების მცდელობა, რომ ეს ყველაფერი საერთაშორისო მასშტაბით დოლარის კურსის გამყარებისთვის დაეკავშირებინა, ელემენტარულად სასაცილოა.
აღნიშნულის გამო საგრძნობლად დაზარალდნენ ის მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვთ, ხოლო ბანკის ან სხვა ორგანიზაციის მიმართ ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში გააჩნიათ.
ანუ, სასწაულიც რომ მოხდეს და ლარის კურსის დაცემამ ფასების ცვლილებაზე ასახვა არ ჰპოვოს, მან თავისი უარყოფითი შედეგი უკვე მოიტანა, საიდანაც პირველი, ეროვნული ვალუტისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობის მასობრივი დაკარგვა, მეორე კი იმ ათეულ ათასობით ადამიანის თუ ოჯახის ზარალია, რომლებსაც საკრედიტო ან სხვა სახის ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში აქვთ.
გარდა ამისა, უკვე აშკარაა სურათი, რომ ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ისევე როგორც საკანონმდებლოში, მონოლითურობისა და გუნდურობის სერიოზული პრობლემაა და ეს თავს კიდევ არაერთხელ იჩენს.
ანუ, როგორც კოალიციის შემადგენელ სუბიექტთა სპექტრის სიჭრელიდან გამომდინარე თავიდანვე ცხადი იყო, არსებობდა საფრთხე რომ მმართველი კოალიცია ბაბილონის გოდოლად ტრანსფორმირებულიყო, რაც გარკვეულწილად უკვე ასრულდა კიდეც, და სწორედ ამის დასტურია საპარლამენტო უმრავლესობის სიმყიფე.
სხვათა შორის, უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურა კიდეც, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ კოალიციიდან გასვლის შემდეგ, შეინიშნება ტენდენცია რესპუბლიკელებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა დაახლოებისო, რაც უმრავლესობის ლიდერმა აბსოლუტურად ჯანსაღ მოვლენად შეაფასა, თუმცა საეჭვოა, რომ საქმე სინამდვილეშიც ასე იყოს.
და თუ ახალი ხელისუფლებისა და ძველი ხელისუფლების დაახლოება პრობლემა არ არის, მაშინ რატომ შეიცვალა საერთოდ ხელისუფლება და რას ვერჩით იმ ხალხს „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომლებიც დღეს ციხეში სხედან და საერთოდ რა საფუძველი აქვს მოსახლეობას, როცა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით გამოდის?
იხატება სურათი, რომ საქმე გვაქვს ძველი და ახალი ხელისუფლების დიფუზიასთან.
სწორედ მსგავსი მიდგომების გამოა ქვეყანაში პრაქტიკულად სახელისუფლებო კრიზისი და თუ ამას ეკონომიკური კრიზისიც დაერთო, მაშინ მიხეილ სააკაშვილის დაპირება, რომლის თანახმადაც ის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ თურმე შურისძიებას არ აპირებს, სავსებით რეალურად შეიძლება მოჩანდეს, არა ამ დაპირების შესრულების კუთხით, არამედ ნაციონალების დაბრუნების კუთხით. ამას კი საზოგადოება არც ბიძინა ივანიშვილს და არც კოალიციაში შემავალ სხვა ძალებს არ აპატიებს და ქვეყანა ისეთ ანარქიაში გაეხვევა, 90-იანი წლები მონაგონი იქნება.
ძალიან საეჭვო იყო ბოლო დღეებში განხორციელებული საკადრო ცვლილებებიც, საიდანაც, რა თქმა უნდა, უპირველესად პრემიერის ნდობით აღჭურვილი პირისა და ნათესავის, ბატონი ჯანყარაშვილის პარტიული თანამდებობიდან გადადგომაა აღსანიშნავი.
თავის დროზე პარტია „ქართულ ოცნებაში“ მის პრაქტიკულად მეორე კაცად არჩევას ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ჩაჩოჩების მცდელობას უკავშირებდნენ, რაც საფუძველსმოკლებული ვერსია ნამდვილად არ იყო, ხოლო თუ რა მოხდა დროის ამ მცირე მონაკვეთში პარტიისა თუ ხელისუფლების შიგნით და რატომ გადადგა ასე მოულოდნელად ჯანყარაშვილი, ამ თემებზე მხოლოდ ვერსიების დონეზე შეიძლება ვისაუბროთ.
გარდა ჯანყარაშვილისა, უშუალოდ ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში კიდევ ექვსი საკადრო ცვლილება განხორციელდა და თუ ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებებს დავუჯერებთ, ყველა, ვინც თანამდებობა დატოვა, ღარიბაშვილის გუნდის წევრებად მოიაზრებოდა და შესაბამისად, ეს საკადრო გადაადგილებებიც მის დასასუსტებლად არის მიმართული.
ამ ვერსიის სისწორე გარკვეულწილად ეჭვს იწვევს, რადგან დღეს ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაცვლება და დასუსტება, ნაკლებადსავარაუდოა, რომ ორგანიზაცია „მოქალაქე“-ს დამფუძნებელს აწყობდეს, რადგან, როგორც ცნობილია, ის ერთგული კადრების დეფიციტს განიცდის, ირაკლი ღარიბაშვილი კი აშკარად მათ შორისაა.
ზოგადად კი, იხატება სურათი, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც დაახლოებით ისეთივე სიმყიფესთან გვაქვს საქმე, როგორიც საკანონმდებლო ორგანოშია.
უფრო პოპულარული ენით რომ ვთქვათ, აქამდე ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივის ხიბლით შეკრული გუნდი უკვე, რუსული პოპულარული იგავის (გედი, კიბორჩხადა და ქარიყლაპია) პრინციპით მოქმედებს და ყველა ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტად მომზადებული შეხვდეს 2016 წელს, თუნდაც ამისთვის იმ პრინციპებისა და დაპირებების სრულად იგნორირება გახდეს დაჭირო, რომლის გამოც მათ ხალხმა 2012 წელს ნდობის მანდატი გადასცა.
ხოლო ის ნაძალადევი თვალსაჩინოება, რომ ხელისუფლებაში ყველამ თავისი საქმე იცის, ფუქნციები გადანაწილებულია და ყველაფერი დალაგებულია, დღეს პრაქტიკულად დაიმსხვრა და საზოგადოებამ დაინახა, რომ პირიქით, მთავარი დალაგება და ფუნქციების გამიჯვნა, ხელისუფლებას სწორედ ახლა სჭირდება, თუმცა სამწუხაროდ, ამის მიღწევა რაც დრო გადის უფრო და უფრო პრობლემური გახდება, რადგან ახალი ხელისუფლების მესვეურებმა ფაქტობრივად ტყულიად გაფლანგეს ის დრო, რაც მათ ქართველმა საზოგადოებამ მისცა, უპირველეს ყოვლისა კი, სამართლიანობის აღდგენისა და დამნაშავეთა დასჯის კუთხით.
სამწუხაროდ, დღეს ქართველმა ხალხმა მიიღო ერთი კაცის ხათრით არჩეული პარლამენტი, რომელიც საზოგადოების დაკვეთას არათუ ასრულებს, არამედ არც კი ცდილობს მის შესრულებას. ამას ემატება ოპოზიციის ის 40 პროცენტი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან საეჭვო ვითარებაში გაუფორმეს.
ასე, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო სლოგანის პერიფრაზს მივმართავთ, ხელისუფლებაში დასალაგებელი ჯერ კიდევ ძალიან ბევრია, ვინაიდან საქმე ქვეყნის მომავალთან და მის განვითარებასთან გვაქვს, ხოლო საკუთარ ამბიციებს საქვეყნო ინტერესების გადაყოლებას, ქართველი ხალხი არავის აპატიებს.
ალექსანდრე კაპანაძე