მოლოდინი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ 15 ნოემბრის აქციის მიმართ ჰქონდა, - არ გამართლდა.
დღეს უკვე ამის შესახებ პრაქტიკულად, დარწმუნებით შეიძლება ითქვას,
რადგან მოსახლეობის აქტივობა საპროტესტო აქციაზე, სავარაუდოდ ყველაზე პესიმისტურ გათვლებსაც კი ჩამოუვარდებოდა.
15 ნოემბერმა აჩვენა, რომ ქვეყანაში, მიუხედავად დასავლელი „მეგობრების“ მიერ პერმანენტული ხელოვნური სუნთქვის ჩატარებისა და გარკვეული მედიასაშუალებების მიერ მათი რეინკარნირების მცდელობისა, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური გაკოტრების გზას განუხრელად ადგას და ეს პროცესი დღითი დღე უფრო თვალსაჩინო ხდება.
ხელისუფლების დაკარგვიდან სულ რაღაც ორ წელიწადში, ამ პარტიის მხარდამჭერები გეომეტრიული პროგრესით მცირდებიან და სავარაუდოდ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ყოფილი მმართველი პარტია, საუკეთესო შემთხვევაში, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ძალიან მოკრძალებულად იქნება წარმოდგენილი. თუმცა, ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მანამ კი უშუალოდ 15 ნოემბრისა და ამ აქციის შესახებ:
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ აქციამ აჩვენა ისაა, რომ საზოგადოების პოლიტიკური აზროვნების დონე გაიზარდა და ის, იაფფასიან ლოზუნგებსა და დუჟმომდგარი პირით გაკეთებულ განცხადებებზე ნაკლებად რეაგირებს.
ამაში კი, ნებსით თუ უნებლიედ, ამავე საზოგადოებას, ყველაზე დიდი დახმარება თავად მიხეილ სააკაშვილმა გაუწია, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში სწორედ ასეთ განცხადებებს აკეთებდა, რის შედეგადაც, ხალხი საბოლოოდ მიხვდა, რომ ყვირილსა და საქმეს შორის დიდი ზღვარია.
მეორე, რაც ამ აქციამ დაგვანახა არის ის, რომ ქართველი ხალხი სატყუარად გამოყენებულ საბაბს აღარ ეგება და მიუხედავად იმისა, რომ 15 ნოემბრის აქციის მთავარ მიზნად რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის გაპროტესტება იყო გამოცხადებული, ხალხმა სწორად აღიქვა, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული აქცია იყო და მასში მონაწილეობა აღარ მიიღო. თუმცა, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის აფხაზეთი და სამაჩაბლო კვლავ მოურჩენელი იარაა და მას ქართველი ხალხი ვერც ვერასდროს დაივიწყებს. უბრალოდ, საზოგადოება, როგორც ჩანს, მის პრობლემებზე სპეკულაციით დაიღალა.
მესამე, რაც ამ აქციამ აჩვენა, არის ის, რომ ქვეყანაში, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც, საპროტესტო აქციების და პოლიტიკაზე ქუჩიდან გავლენის მოხდენის მცდელობების დრო დამთავრდა.
რაც არ უნდა არასასიამოვნოდ მოსასმენი იყოს ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთათვის, მართვის პოტიომკინისეულმა სტილმა საქართველოში თავისი დრო მოჭამა და დღეს ქართველი ხალხი მენტალური განვითარების ახალ ეტაპზეა ასული.
სამწუხაროდ, ამ დონემდე მისაღწევად უამრავი წელი, ახალგაზრდების სიცოცხლე, დაკარგული თაობები და უამრავი უბედურების გადატანა დაგვჭირდა.
რაც შეეხება აქციის შინაარსობრივ მხარეს, როგორც მოსალოდნელი იყო, მან მყისიერად შეიძინა ანტისახელისუფლებო ხასიათი და გამომსვლელებიც ძირითად დროს, არსებული ხელისუფლების ლანძღვას უთმობდნენ. ეს ტენდენცია გააგრძელა მიხეილ სააკაშვილმაც, რომელმაც აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მიმართვისას ისეთი ფრაზეოლოგია გამოიყენა, რომ არათუ ყოფილ პრეზიდენტს, ქუჩის ვიგინდარასაც არ ეკადრებოდა აუდიტორიის წინაშე.
სააკაშვილმა პრაქტიკულად, სრულიად საქართველოს მოსახლეობა „გააბანძა,“ როცა უთხრა, რომ ივანიშვილის საქართველო „გაბანძებული ქვეყანააო“. ანუ, ლოგიკურად, ხალხი, რომელიც „გაბანძებულ ქვეყანაში“ ცხოვრებას ითმენს, თავადაც „ბანძია.“
ნაკლებადსავარაუდოა, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ სიტყვების წარმოთქმის დროს ამაზე ეფიქრა, მაგრამ თვალშისაცემი, მის მიერ ამ სიტყვის რამდენჯერმე, სხვადასხვა გამოსვლების დროს გამეორებაა.
ისევე, როგორც 2002-2003 წლებში, ხელისუფლებაში მოსასვლელად სამზადისის დროს, მიხეილ სააკაშვილი წარმატებით იყენებდა სიტყვა „ფეოდალს,“ დღეს მან, როგორც ჩანს, მიზნად დაისახა, რომ საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის რეგრესში ისეთი ტერმინოლოგიით დაარწმუნოს, როგორიცაა სიტყვა - „ბანძი“. რამდენად ეფექტური იქნება სააკაშვილის ლექსიკაში დამკვიდრებული აღნიშნული სიტყვა, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ოპტიმიზმის საფუძველი პრაქტიკულად, ნულს უტოლდება.
15 ნოემბრის აქციის დაანონსების დღიდან, მუდმივად ვრცელდებოდა მოსაზრებები და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ ეს აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ტესტ-აქცია იყო, რათა თავიანთი რეალური რეიტინგი დაენახათ, თუმცა, ვშიშობ, რომ რეალური სურათის დანახვა მათ შვებას ვერ მოჰგვრიდა.
აქციის გარეგნული მხარის შეფასებისას კი აღსანიშნავი პირველ რიგში, თავად ღონისძიების მშვიდობიანად, ინციდენტების გარეშე ჩატარებაა.
15 ნოემბრამდე ასევე ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებს ამზადებდა და პროცესების „მაიდნის სცენარით“ განვითარებისთვის ემზადებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია თავიდანვე არცთუ საფუძვლიან ვარაუდებზე იყო დამყარებული, ვინაიდან, მოცემულ ვითარებაში, „ნაციონალური მოძრაობა“ პროცესების ქუჩაში გადატანას ვერ გაბედავს.
მათ იმის აღქმის უნარი ძალიან კარგად აქვთ გამომუშავებული, რომ თავიანთი მმართველობის დროს, ათასობით ადამიანი გაამწარეს და ისიც მშვენივრად იციან, რომ თუ ხალხმა „ნაციონალების“ ხელისუფლებაში მობრუნების პერსპექტივა დაინახა, ისინი იარაღსაც კი მოკიდებენ ხელს, რადგან ციხეში, ცემით და გაუპატიურებით სიკვდილს, ბრძოლაში სიკვდილი ნამდვილად ურჩევნიათ.
ასე, რომ თუ „ნაციონალები,“ ყოველ შემთხვევაში ახლო პერიოდში, გადაწყვეტენ, რომ პროცესები ქუჩაში გადმოიტანონ, ისინი აუცილებლად გახდებიან იმ ათასობით ადამიანის შურისძიების მსხვერპლნი, რომელთა ცხოვრებაც, თავიანთი 9-წლიანი რეჟიმის დროს შეიწირეს.
მართალია დესტაბილიზაციის მცდელობას „ნაციონალების“ მხრიდან ადგილი ნამდვილად არ ჰქონია, მაგრამ მაინც აუცილებლად უნდა აღინიშნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედება და მზაობა, დაეცვა ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოება, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა.
დამეთანხმებით, რომ ეს ვითარება ისევე განსხვავდება, ვანო მერაბიშვილის დროინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული ვითარებისგან, როგორც დღე და ღამე, რადგან მაშინ პოლიტიკური დასჯის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ იარაღად სწორედ რომ პოლიცია გამოიყენებოდა.
15 ნოემბერს კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ კონტრაქციის მონაწილეებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის კონტაქტი არ შემდგარიყო, რაც უცილობლად სერიოზული დაპირისპირებისა და სისხლის დაღვრის მიზეზიც კი შეიძლება გამხდარიყო.
ასეა თუ ისე, 15 ნოემბრის აქციამ, მიუხედავად მოლოდინებისა და სპეკულაციებისა, საკმაოდ მშვიდად ჩაიარა და როგორც აღვნიშნეთ, საკმაოდ ბევრი რამ აჩვენა როგორც თავად „ნაციონალებს,“ ასევე ხელისუფლებასა და საზოგადოებასაც.
მათ შორის უმთავრესი კი, რაც ამ აქციამ აჩვენა არის ის, რომ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციაში, სერიოზული ეჭვის შეტანა შეიძლება.
15 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, მაქსიმუმ 10 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი, საიდანაც, დაახლოებით 10-15 % შემთხვევით გამვლელი, უბრალოდ ცნობისმოყვარე და გარკვეული სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ.
ანუ, რეალურად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაქსიმუმ 8-9 ათასი ადამიანის მობილიზება შეძლო, რაც ქვეყნის ამომრჩეველთა უმცირესი პროცენტია.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილი „ნაციონალების“ მხარდამჭერების რიცხვი 10-ზეც რომ გავამრავლოთ, მაინც უდიდეს ცდომილებას მივიღებთ იმ პროცენტულ მაჩვენებელთან, რითაც წინა ხელისუფლება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშია წარმოდგენილი.
ანუ, ის 40 პროცენტი, რომელიც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუფორმეს, სიმართლეს მიახლოებითაც არ შეესაბამება და ეს, 15-მა ნოემბერმა ნათლად დაადასტურა.
ეს კიდევ ერთი საფუძველია იმისა, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე აქტიური საუბარი დაიწყოს და არა მხოლოდ საუბარი, კონკრეტული გადაწყვეტილებაც იქნას მიღებული.
შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ რაღა დარჩა, ორი წელიც მოვითმინოთ და ახალი არჩევნების შედეგს დაველოდოთო, მაგრამ ჯერ ერთი, 2016 წლამდე საკმაოდ დიდი დროა და ამ პერიოდის განმავლობაში, საზოგადოება კიდევ ბევრი სიურპრიზის მომსწრე შეიძლება გახდეს და გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის კოლოსალური საბიუჯეტო ხარჯები, რაც ზოგადად უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სჭირდება, დაწყებული სახელფასო და სამივლინებო თანხების უზრუნველყოფით, დამთავრებული სხვა სახის ხარჯებით.
საზოგადოება კი, რომელიც ამ ხარჯებს საკუთარი ჯიბიდან ფარავს, მომხრეა, რომ მისი გადახდილი ფული ისეთ ადამიანს მოხმარდეს ვინც რეალურად საქმის გამკეთებელია.
თუმცა, თუ საქმის გამკეთებლებზე მიდგება არჩევანი, ამ კუთხით, სამწუხაროდ, ვერც მმართველი კოალიციის დეპუტატთა საკმაოდ სოლიდური ნაწილი დაიკვეხნის.
რაც შეეხება 15 ნოემბრის აქციას, ის, თავისუფლად შეიძლება შეფასდეს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ რექვიემი, რადგან ძალიან ძნელია დღეს მოახდინო ისეთი მოვლენის პროგნოზირება, რომელიც წინა მთავრობის წარმომადგენელთა მიმართ საზოგადოების ნდობის მანდატს გაზრდის. იძულებით კი არაფერი კეთდება და ამის მაგალითად, იგივე 15 ნოემბერს, რეგიონებიდან ჩამოყვანილი ხალხის პასიურობაც გამოდგება, რომლებსაც ტაშის დაკვრაც კი ეზარებოდათ, რადგან მათ შესაძლოა მხოლოდ მატერიალური მოტივაცია ჰქონდათ, განსხვავებით 2003 წლისა, როცა ხალხი ქუჩაში ემოციურმა მოტივაციამ გამოიყვანა.
ალექსანდრე კაპანაძე