logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
დიდი შიდაპოლიტიკური ცვლილებების დასაწყისი
დიდი შიდაპოლიტიკური ცვლილებების დასაწყისი
10:45 28.07.2014
ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ბოლო პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, კიდევ ერთი არანაკლები მნიშვნელობის ფაქტის მოწმეები გავხდით. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტი განაახლა, ხუთი მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა, ხოლო ორს მოღვაწეობის სფერო შეუცვალა.
ყველაფრიდან ჩანდა, რომ აღნიშნული საკადრო ცვლილებები საკმაოდ დიდი ხნის დაგეგმილი იყო და მის განსახორციელებლად მთავრობის მეთაური საარჩევნო ციებ-ცხელების ჩამთავრებას ელოდებოდა.
ეს ყველაფერი იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ განსხვავებით წინა მთავრობისგან, დღევანდელ ხელისუფლებას, ყოველ შემთხვევაში, მის ძირითად ბირთვს, შიდაპოლიტიკური გათვლები და სტრატეგია გააჩნია და მიხეილ სააკაშვილის მსგავსად გადაწყვეტილებას სპონტანურად, ცხელ გულზე არ იღებს.
ეს რა თქმა უნდა, პოზიტიურად უნდა ჩაითვალოს, თუმცა განსხვავებით ამ ფაქტორისგან, საკადრო ცვლილებების დროს ერთი შეუსაბამობა თავიდანვე ნათელი იყო, როდესაც განცხადება გაკეთდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მინისტრებთან კონსულტაციის შემდეგ იქნა მიღებული.
აშკარაა, რომ აწ უკვე გათავისუფლებულ მინისტრთა უმრავლესობამ, თუ სუყველამ არა, არაფერი არ იცოდა იმის შესახებ, რომ მას 21 ივლისს გაათავისუფლებდნენ. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ კულტურის ყოფილ მინისტრ გურამ ოდიშარიას 21 ივლისს ერთ-ერთი ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან ჰქონდა შეხვედრა დაგეგმილი და ამ ფილმის რეჟისორი ღირსების ორდენზეც უნდა წარედგინა, ხოლო სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრ შალვა ფიფიას, ასევე 21 ივლისს დაგეგმილი ჰქონდა სფეროს განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც უნდა დასწრებოდნენ. აღნიშნული პრეზენტაცია საბოლოოდ მაინც ჩატარდა და ის მინისტრის მოადგილემ წარმართა, მაგრამ საელჩოებში გაგზავნილ მოსაწვევებში, რა თქმა უნდა, მითითებული იქნებოდა, რომ ღონისძიებას მინისტრი გაუძღვებოდა.
ეს შეიძლება არცთუ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ უხერხული მომენტი ნამდვილად იყო დიპკორპუსის წინაშე.
გადაჭრით მტკიცება, ვინ იცოდა წინასწარ მისი გადაყენების შესახებ და ვინ არა, ძნელია და არცთუ მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ მომენტშიც საგულისხმო ერთი ფაქტია: მიუხედავად გულისწყვეტისა (რაც ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით აბსოლუტურად ბუნებრივია), არცერთ ყოფილ მინისტრს საჯაროდ უკმაყოფილება არ გამოუთქვამს და არც ბუტიაობას ჰქონია ადგილი, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის და ხანდახან, შევარდნაძის დროსაც ხდებოდა.
ამ ფაქტორის უკან შეგვიძლია დავინახოთ აგრეთვე ისიც, რომ ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს რგოლებში, პრემიერმა დისციპლინისა და სუბორდინაციის დანერგვა მოახერხა.
რაც შეეხება გადაყენებულ მინისტრებს, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მათი გადაყენებით ქვეყანას ბევრი არაფერი დაუკარგავს.
ვერაფერს ვერ ვიტყვით ასევე ახალი მინისტრების შესახებაც, რომლებსაც პარლამენტმა ნდობა უკვე გამოუცხადა. მათი უმრავლესობა ფართო საზოგადოებისთვის უცნობია და შესაბამისად, მათი ავკარგის შესახებ პროგნოზების გაკეთება ნაადრევია.
ამ ყველაფერში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების პოლიტიკური მხარე იყო და ყველა წინაპირობა არსებობს ვიფიქროთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
სხვათა შორის, პრემიერმა თავის გამოსვლაში, როდესაც მან თანამდებობიდან გათავისუფლებული მინისტრების ვინაობა გვამცნო, განაცხადა, რომ პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ეს ჯანსაღი პოლიტიკური მოვლენააო.
რა თქმა უნდა, საკადრო ცვლილება, რომელსაც გააზრებული და ეფექტზე გათვლილი საფუძველი უდევს, ნამდვილად ჯანსაღი მოვლენაა, მაგრამ პრემიერის ეს განცხადება უფრო იმის მანიშნებელი იყო, რომ ახლო მომავალში ის კაბინეტში საკადრო ცვლილებებს კვლავ განახორციელებს, რომელიც სავარაუდოდ, ისეთი უხმაურო ნამდვილად აღარ იქნება, როგორც ეს 21 ივლისს მოხდა.
დავიწყოთ იქედან, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებული ყველა მინისტრი წარმოადგენდა იმ პორტფელიან თანამდებობის პირს, რომლის უკანაც არცერთი პოლიტიკური ძალა არ იდგა და როგორც ერთ-ერთმა ექსპერტმა აღნიშნა, ისინი ე.წ. „უპატრონო მინისტრები“ იყვნენ.
საკადრო ცვლილებების მეორე ეტაპზე კი, სავარაუდოდ „პატრონიანი“ მინისტრების ჯერიც დადგება, რაც, როგორც აღვნიშნეთ, ასეთი უხმაურო ნამდვილად არ იქნება.
გათავისუფლებულ მინისტრთა შორის ერთადერთი კონსტანტინე სურგულაძე იყო, რომლის უკანაც ირაკლი ალასანია და მისი პოლიტიკური ძალა მოიაზრება.
ამ საკადრო ცვლილებით, ირაკლი ღარიბაშვილს ეძლევა შესაძლებლობა, რომ ცვლილება მომავალშიც ისე განახორციელოს, რომ ამით სამთავრობო კრიზისისგან დაზღვეული იყოს.
თუ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას გადავხედავთ, ცხადია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირთაგან, კოალიციაში შემავალი სუბიექტებიდან ყველაზე მეტი ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ ძალას ჰყავს. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, ისინი, განსხვავებით საკანონმდებლო ხელისუფლებისგან, აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკმაოდ მოკრძალებულად არიან წარმოდგენილნი და საკადრო ცვლილებების მეორე ეტაპი მათ ნაკლებად შეეხებათ, თუ არ ჩავთვლით პაატა ზაქარეიშვილის პერსონას, თუმცა მეორე ეტაპის დროს მისი გათავისუფლება პრაქტიკულად გამორიცხულია.
სამაგიეროდ არ არის გამორიცხული ალასანიას გუნდის მინისტრების გათავისუფლება. უფრო სწორად ეს გარდაუვალი პროცესიც კია, რადგან თუ საქმე ახალ ძალაზე და ახალ ენერგიაზეა, რომლის საჭიროების შესახებაც პრემიერმა თავის ტელეგამოსვლაში ისაუბრა, ახალი ძალა, ახალი ენერგია და გნებავთ მეტი კვალიფიკაცია არც იმ სამინისტროების უმრავლესობას აწყენდა, რომელთა სათავეშიც სწორედ ალასანიას კადრები არიან. ამ მხრივ ყველაზე მეტად საგარეო საქმეთა სამინისტროა აღსანიშნავი, რომლის პირველი პირიც ალასანიას გუნდის წევრი და მისი ცოლისდა მაია ფანჯიკიძეა. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ქალბატონმა თავი მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის დაწყებისთანავე დაგვამახსოვრა, როდესაც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით არათუ დიპლომატიური, არამედ ჯიქური კომენტარი გააკეთა, რასაც სომხეთის მხრიდან სათანადო რეაგირებაც მოჰყვა. გარდა ამისა, საგარეო უწყება პრაქტიკულად არაფერს ან ვერაფერს აკეთებს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების გზაზე და ეს საქმე მთლიანად პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს აქვს მინდობილი. მართალია, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, მაგრამ ჩვენს საგარეო უწყებას აქტივობის გამოჩენა, სურვილის შემთხვევაში, თუნდაც შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით შეუძლია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ირაკლი ალასანიას პოლიტიკური ძალის მინისტრები არაფრით არ სჯობდნენ იმ მინისტრებს, რომლებმაც თანამდებობები დატოვეს. უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში პირიქითაც შეიძლება ვიფიქროთ და ცხადია, რომ კაბინეტის გადახალისება მთლად სამართლიანად არ მომხდარა.
ირაკლი ალასანიას გუნდის ჩამოლაბორანტება სხვათა შორის, მატროსოვის ბინადარმა (როგორც მან საკუთარ თავს უწოდა) გიგი უგულავამაც იწინასწარმეტყველა და განაცხადა, რომ ეს შემოდგომაზე მოხდებაო. ამისთვის კი პრემიერ-მინისტრს უკვე პარლამენტის თანხმობა აღარ დასჭირდება.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თავის სატელევიზო გამოსვლაში განაცხადა, ის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გამორიცხავს, თუმცა ადვილი შესაძლებელია, რომ ვადამდელი არჩევნები მის ინტერესებშივე მოხვდეს.
იმ შემთხვევაში, თუ შემოდგომით პრემიერი ალასანიას გუნდის წევრებს გაათავისუფლებს, როგორც აღვნიშნეთ, მას პარლამენტის თანხმობა აღარ დასჭირდება და სამთავრობო კრიზისიც გამორიცხულია, მაგრამ ეს ფაქტორი აუცილებლად გამოიწვევს ალასანიას იმ გუნდის უკმაყოფილებასაც, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშია წარმოდგენილი და გამორიცხული არ არის, რომ მათ პროტესტს რესპუბლიკელებმაც უთანაგრძნონ. აქედან გამომდინარე, შეიძლება მივიღოთ საკმაოდ საინტერესო საპარლამენტო გაერთიანება ალასანიას გუნდის, რესპუბლიკელებისა და ნაციონალების სახით, რომელიც საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა გახდება.
ამ შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილს მინისტრთა კაბინეტში შემდგომი ცვლილების განხორციელება 2016 წლამდე, თუნდაც თავისი გუნდის წევრის ჩანაცვლება, ძალიან გაუჭირდება, რადგან მას ამისთვის კვლავ პარლამენტის თანხმობა დასჭირდება. ზემოთნახსენები სავარაუდო საპარლამენტო გაერთიანება კი, მას სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. ასეთ შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნებია, სადაც, უდიდესი ალბათობით, უმრავლესობას კვლავ „ქართული ოცნება“ მოიპოვებს, ოღონდ რესპუბლიკელებისა და ალასანიას გუნდის გარეშე. ამ პოლიტიკურ ძალებს კი, თუნდაც ისინი გაერთიანდნენ, საპარლამენტო ბარიერის გადალახვა ძალიან გაუჭირდებათ.
ასეა თუ ისე, უკვე აშკარაა, რომ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაშიც საკმაოდ ბევრი სიახლე და სიურპრიზები გველოდება.
რაც შეეხება გასული კვირის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს თემას, ეს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებაა.
როგორც ჩანს, პრემიერის მიერ დაანონსებულ „ცხელი ზაფხულში“ ტემპერატურის პიკი ჯერ არ დამდგარა და თუ პროკურატურაში უმაღლესი დონის საერთაშორისო ექსპერტების ჩამოყვანის ფაქტსაც გავითვალისწინებთ, გამორიცხული არ არის, რომ მატროსოვის ციხეში კიდევ ერთი საკნის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტება გახდეს საჭირო, თავისი ინტერნეტითა და ინფრასტრუქტურით.
არ გამოირიცხება აგრეთვე ისიც, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს განსახილველად მორიგი რეზონანსული საქმე გადაეცეთ.

ალექსანდრე კაპანაძე


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა