საქართველოში ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით არჩევნების შემდგომ შექმნილი პოლიტიკური ვითარება,
თუ დღეს ასე აქტუალურ ტერმინს გამოვიყენებთ, უკვე კონტრშეტევებზეა აგებული და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მუდმივი პრესინგითა და კონტრშეტევებით, ხელისუფლება საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა.
ეს ვითარება კიდევაც აისახა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე და ყველამ ვნახეთ, რომ თბილისში, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილ-მერაბიშვილის ზეობის პერიოდშიც კი, არჩევნებს მუდმივად აგებდა, დედაქალაქის მერობისთვის ბრძოლაში მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო, მეორე ტურში კი, ერთ-ერთი კანდიდატი, სწორედ წინა ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება.
აღარაფერს ვამბობ საზოგადოების იმ უდიდეს ნაწილზე, რომელმაც იმედგაცრუებისა და ნიჰილიზმის ფონზე, არჩევნებზე წასასვლელად თავიც კი არ შეიწუხა.
სხვათა შორის, არსებობს საფრთხე და საკმაოდ რეალური საფრთხე, რომ დღეს ნიჰილისტურად განწყობილი საზოგადოების ნაცვლად, ხვალ აგრესიულად განწყობილი საზოგადოება ვიხილოთ, რაც ხელისუფლებას იაფი ნამდვილად არ დაუჯდება.
და მაინც, რა არის მიზეზი და რამ მიიყვანა საზოგადოება ამ განწყობამდე?
ბანალურია, მაგრამ მიზეზი ისევ და ისევ სამართლიანობის აღდგენა, ხალხისთვის ხშირ შემთხვევაში თვალებში ნაცრის შეყრა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არა თუ პასუხის მოთხოვნა, არამედ მისთვის სარბიელად მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემოს შექმნა, დაპირებების უმრავლესობის შეუსრულებლობა, რეგიონებში და არა მხოლოდ რეგიონებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე „გაოცნებებული ნაციონალების“ ხილვა და სხვა მრავალი ფაქტორია.
ხელისუფლების ცვლისთანავე, საზოგადოებისთვის თავსმოხვეული კოჰაბიტაციის წყალობით, ბუჩქებში თავშეფარებული „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს უკვე ქვეყნის პოლიტიკურ არენაზე აბდუშაჰილივით წელგამართული დააბიჯებს და როგორც აღვნიშნეთ, ხშირად კონტრშეტევებზეც გადადის.
ამასთან, ხაზგასასმელია, რომ „ნაციონალების“ კონტრშეტევები თითქმის ყოველთვის წარმატებულია და ისინი, ხშირ შემთხვევაში, მართალია კარგად შენიღბული დემაგოგიის ან ცილისწამების ხარჯზე, - მაგრამ მიზანს ყოველთვის აღწევენ.
დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ახერხებს და საკმაოდ დამაჯერებლად სდებს ბრალს ახალ ხელისუფლებას იმაში, რასაც თავად 9 წლის განმავლობაში აკეთებდა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფაქტიურად შეძლო, რომ ხალხის დიდ ნაწილს მისი ცოდვები გადაავიწყა.
დღეს დრო სწორედ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების სასარგებლოდ მუშაობს და თუ „ქართულმა ოცნებამ“ კოჰაბიტაციური ტკბობის პროცესისგან გამოფხიზლება არ ისურვა, მაშინ შეიძლება ქვეყნისთვის სავალალო შედეგები დადგეს.
2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხმამაღლა დალაპარაკებასაც კი ვერ ბედავდნენ, დღეს კი ისინი თითქმის ყოველდღე გამოდიან და ეკრანიდან უკვე ღია მუქარას უთვლიან ხელისუფლებას და არა მარტო მას.
ამ ფონზე კი, ხელისუფლება თავის მოყრუების პოლიტიკას აგრძელებს და მის მიერვე უამრავჯერ დაანონსებული კოჰაბიტაციის დასრულების რეალურად განხორციელება აზრადაც არ მოსდის.
რაც შეეხება ქართული ტელევიზიების თოქ-შოუებს, ისინი თავისუფლად შეიძლება შეფასდეს როგორც, ბესელია-ნადირაშვილის, ან კობახიძე-ვაშაძის შოუები, რადგან მცირედი გამონაკლისის გარდა, საზოგადოებას კვირაში ერთხელ მაინც, ამ ხალხს შორის გამართული დებატები, სხვადასხვა არხზე, აბი გლუკოზასავით გამოწერილი აქვს.
გასაგებია, რომ წინა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი დანაშაული ჩაიდინა, რომლის სიმწარეც, პრაქტიკულად, სრულიად საქართველოს მოსახლეობამ საკუთარ ზურგზე იწვნია და შესაბამისად, დებატებში ასეთი დისკრედიტებული პოლიტიკური ძალის „მიჯირყვნა“ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ აქ მეორე მომენტია გასათვალისწინებელი:
შესაძლო და სარწმუნოა ვერსია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა სხვა პოლიტიკურ ძალასთან პირდაპირ ეთერში დებატები, რადგან ის ამ პროცესში ბევრ მწარე სიმართლეს გადააწყდება, მაგრამ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან დებატებით, ისინი ამ პოლიტიკური ძალის რეიტინგს მაღლა სწევენ და ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობენ იმას, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში თავადვე მოვიდნენ უმცირესობით.
ძნელად დასაჯერებელია, რომ „ქართული ოცნების“ რიგებში არ არის ადამიანი, რომელიც ამას ვერ აცნობიერებს, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენა-რეანიმირებას, ყველაზე გააფთრებით დღეს „ქართული ოცნება“ ცდილობს.
ამის მიზეზი იმაშიც შეიძლება ვეძებოთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სპექტრის დიდ და საკმაოდ გავლენიან ნაწილს ის ძალები წარმოადგენენ, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი, მშვენივრად ახერხებდნენ მასთან კოჰაბიტაციას და დღეს არც მალავენ, რომ მათი ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენაა.
რა თქმა უნდა, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებობენ ძალები, რომლებიც ნამდვილად არიან სამართლიანობის აღდგენით დაინტერესებულნი და რომლებმაც ავტორიტარიზმის ძალა საკუთარ თავზე იწვნიეს, მაგრამ მათი გავლენა იმდენად სუსტია, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთი ხალხის ხმაც კი არ ისმის.
ამ კატეგორიას ვერ მივაკუთვნებთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ასევე ნამდვილადაა დაინტერესებული სამართლიანობის აღდგენით, მაგრამ, როდესაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში დიდი ნაწილი ალასანიასა და რესპუბლიკელების კადრი გყავს და ანალოგიური მდგომარეობაა პარლამენტშიც, ასევე, როდესაც ვიცე-პრემიერად კალაძის სახით ისეთი კადრი გყავს, რომელმაც ელემენტარულად ისიც კი არ იცის, სად რა უნდა თქვას და რა დროს, - სამართლიანობის აღდგენის სიძნელეების მხოლოდ საკუთარი მხრებით ზიდვა, ძალიან რთულია.
ამასობაში კი, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ წამსაც კი არ კარგავს და ძალების სრული მობილიზებით, თავისი მიზნისკენ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიდის.
ფაქტია ისიც, რომ ყოფილი ხელისუფლებისგან დარჩენილი გუნდი და მათი მხარდამჭერები უდავოდ კარგად ორგანიზებულ ძალას წარმოადგენენ, რომლებსაც მობილიზაციის მაქსიმალური შედეგის ჩვენება შეუძლიათ. ეს 15 ივნისს დამტკიცდა კიდეც.
კიდევ ვიმეორებ, არცერთი პიარსვლა, თუნდაც ის მტკნარ სიცრუეზე იყოს აგებული, „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუაზრებელი არ აქვს და უფრო მეტიც, მოსალოდნელი შედეგი და შემდგომი ნაბიჯებიც კი წინასწარ აქვს გათვლილი.
დღეს საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციის მცდელობა, რომლის სულისჩამდგმელებიც, ისევ და ისევ, ნაციონალების სახეები და მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები თუ ცალკეული ჟურნალისტები არიან.
დღეს იხატება სურათი, რომ ქვეყანაში დანაშაულის მაჩვენებელმა კატასტროფულად იმატა და თუ სადმე ვინმეს თითი გაეკაწრება, ისიც კი გარკვეული მედიასაშუალებების ტოპ-ნიუსი ხდება.
რა თქმა უნდა, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი უნდა გაშუქდეს, მაგრამ ამავე დროს საზოგადოებამ უნდა მოახდინოს შედარება, რა იყო ქვეყნის ყოფილი ხერხემლის, ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს და რა არის ახლა.
მერაბიშვილის მინისტრობის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის გატანის უფლება მხოლოდ ერთადერთ ტელეკომპანიას ჰქონდა და ისიც იმ შემთხვევაში, თუ საქმე დანაშაულის გახსნას ეხებოდა.
რა თქმა უნდა, დაჭრის, ოჯახობრივი ძალადობისა თუ ქუჩის ჩხუბის ფაქტები მაშინაც მრავლად ხდებოდა, მაგრამ ამის შესახებ, გამომდინარე იქედან, რომ წინა ხელისუფლება მედიის უდიდეს ნაწილს თავად აკონტროლებდა, - საზოგადოება ინფორმაციულ ვაკუუმში იყო და მომხდარის შესახებ მხოლოდ დაზარალებულების მეზობლები და ნათესავები თუ შეიტყობდნენ.
დღეს კი ამ მხრივ ვითარება რადიკალურადაა შეცვლილი და შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჟურნალისტს ნებისმიერ საჯარო ინფორმაციაზე შეუძლია კომენტარის მიღება დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
ვანო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში მსგავსი რამ მხოლოდ ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა.
სწორედ ამ ნიუანსების ზედმიწევნით სწორად და ზუსტად გათვლით აპელირებენ „ნაციონალები“ იმაზე, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება უკიდურესად დაიძაბა და თითქოს მან 90-იანი წლების ნიშნულს მიაღწია.
გარდა ამისა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იციან, რომ თუ გინდა მთავრობის მიმართ ხალხში აგრესია დააგროვო და ნეგატიური მუხტი გაზარდო, მაშინ პირველ რიგში იერიში შინაგან საქმეთა სამინისტროზე უნდა მიიტანო.
ეს ფორმულა თითქმის მთელ მსოფლიოში მოქმედებს, განსაკუთრებით ეფექტური კი, ის პოსტსაბჭოთა ქვეყნებშია.
ასე, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სრული ფრონტი აქვს გაშლილი და როგორც აღვნიშნეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ, პრესინგით, ისინი შეტევას ახორციელებენ და ახალ ხელისუფლებას უკან ახევინებენ, რისი დასტურიც, „ქართული ოცნების“ მიერ მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ყოფნაა.
ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა განსაკუთრებული გააქტიურება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შეინიშნება, როდესაც ისინი უკვე ღიად ალაპარაკდნენ თავიანთ მიზანზე, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით მოსვლას გეგმავენ.
თუ 2016 წლამდე ყველაფერი ასე გაგრძელდა, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა დანაშაული ჩამოაწერეს და თუ მას კვლავ მისცეს სრული სარბიელი, მაშინ წინა ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზნის მიღწევა სავსებით რეალურად იქნება შესაძლებელი.
ჯერჯერობით კი, სამწუხაროდ, სახეზე მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელოვნურ თუ არახელოვნურ უსუსურობას ვხედავთ, რაც ხალხში არსებული ნეგატიური განწყობის კიდევ უფრო გაღრმავებას იწვევს.
ალექსანდრე კაპანაძე