საქართველოს უახლეს ისტორიაში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, საეტაპო მოვლენა მოვიტოვეთ უკან.
ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგებიც გარკვეულწილად ლოგიკურიც იყო, როდესაც ახალი ხელისუფლებისგან იმედგაცრუებული ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა არჩევნებზე არ მივიდა, რამაც დედაქალაქსა და კიდევ სხვა უმრავლეს თვითმმართველ ქალაქებში მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობა დააყენა.
მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ახალი ხელისუფლებისთვის ყველაზე შემაშფოთებელია არა ის ფაქტი, რომ მეორე ტურის აუცილებლობა დადგა, არამედ მათთვის განგაშის საფუძველი უნდა იყოს ის პასიურობა, რომელიც 15 ივნისის არჩევნებზე დაფიქსირდა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საზოგადოებაში აპათიური განწყობა ნელ-ნელა ყალიბდებოდა, რასაც ხელი ერთის მხრივ, კოჰაბიტაციის გამო ენაამოდგმული „ნაციონალური მოძრაობისა“ და ჯერ კიდევ მათი მეხოტბე მედიასაშუალებების მიზანმიმართულმა პიარკამპანიებმა, ხოლო მეორეს მხრივ, თავად „ქართული ოცნების“ უმოქმედობამ შეუწყო ხელი.
გასაგებია, რომ ახალი ხელისუფლება, 1 წლისა და 8 თვის მანძილზე ქვეყნის ეკონომიკაში გარდამტეხ და ძირეულ ცვლილებებს ვერ მოახდენდა, მაგრამ მას ელემენტარულად, შეეძლო, რომ კოჰაბიტაციურ ტრფობას არ მისცემოდა და იმ გზაზე მაინც გადაედგა ქმედითი და რეალური ნაბიჯები, რასაც მოქალაქეებისთვის ღირსების დაბრუნება ჰქვია.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება გახსნილად აცხადებს მთელ რიგ დანაშაულებს, საზოგადოება ხედავს, რომ ამ დანაშაულებისთვის პრაქტიკულად არავინ არ ისჯება. თუმცა აქ პრობლემა თავად საზოგადოებაშიცაა.
მხოლოდ ის ორი საქმეც საკმარისი იქნებოდა ნორმალური საზოგადოებისთვის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ათიოდე დღის წინ გაასაჯაროვა და რომლის თანახმადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ მანქურთები მათთვის არასასურველ პერსონებს კატერში სვამდნენ, ღია ზღვაში გაჰყავდათ, ფეხზე ლითონის ან ბეტონის სიმძიმეს აბამდნენ, შემდეგ კი ხვრეტდნენ და წყალში აგდებდნენ.
გასაგებია, რომ ახალი ხელისუფლება, მისი კოალიციის შემადგენელი პრონაციონალი სუბიექტებისა და აგრეთვე დასავლეთის გავლენით, რიგ დანაშაულებზე თვალს ხუჭავს და მისი სრულფასოვანი გამოძიებით თავს აღარ იწუხებს, მაგრამ სადაა ამ დროს საზოგადოება, რომელიც რიგით „ნიუსად“ იღებს იმ ამბავს, რომ წინა ხელისუფლების ჯალათებს ხალხი ზღვაში გაჰყავდათ, იქ ერთი გასროლით ხვრეტდნენ, შემდეგ გარდაცვლილს ფეხზე სიმძიმეს აბამდნენ და ზღვაში აგდებდნენ.
საზოგადოება, რომელიც ასეთ ამბავს რიგით „ნიუსად“ მიიღებს, მუდმივად მონობისთვისაა განწირული. საზოგადოება, რომელიც ზღვის სიღმეში დახვრეტილ მოქალაქეში საკუთარ თავს ან საკუთარ ახლობელს ვერ დაინახავს, - მონობისთვისაა განწირული.
სამწუხაროდ, ქართველმა საზოგადოებამ ჩაყლაპა ცოცხების კადრებიც კი, რადგან მათ ამ კადრების მიმართ პროტესტი მხოლოდ არჩევნებზე გამოხატეს და არჩევნების შემდეგ, იმ ხელისუფლებას, რომელიც აირჩიეს, არ მოსთხოვეს ციხის კადრების შემოქმედების დასჯა.
საზოგადოებამ ჩაყლაპა მეორე სკანდალიც, რომელიც სამეგრელოს ტყეებში მოწყობილ ბუნაგებში დატრიალებულ საშინელებებს უკავშირდებოდა, როდესაც, ყანიდან მოტაცებულ, უდანაშაულო და უპატრონო გლეხებს, არმომხდარი ტერაქტის აღიარების მოთხოვნით, ვანო მერაბიშვილის შტატიანი გამაუპატიურებელი, 35 ლარის სანაცვლოდ აუპატიურებდა.
და საერთოდ, საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ ჩაყლაპა, რისი მიზეზიც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ საზოგადოებაშია, მაგრამ არანაკლებ დამნაშავეა ხელისუფლება, რომელიც კრიმინალ რეჟიმთან კოჰაბიტაციის იდეას იტაცებს და მას საკუთარ მოსახლეობას თავზე ძალით ახვევს;
დამნაშავეა ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სათავეში სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა და დღეს ხელს დამნაშავეებს აფარებს;
სხვათა შორის, ის, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის კუთხით სერიოზული პრობლემებია და რომ ხელისუფლება გახსნილად აცხადებს საქმეებს, რომლის გამოძიებაც ბოლომდე მიყვანილი არ არის, - თავის ერთ-ერთ ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმაც დაადასტურა, როდესაც განაცხადა, რომ ვალერი გელაშვილის საქმე, რომელიც გახსნილად გამოცხადდა, ბოლომდე გამოძიებული არ არისო.
გასაგებია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თავისი თანაგუნდელის და თანაპარტიელის ბედის გამო წუხს, მაგრამ ავიწყდება, რომ ასევე გამოუძიებელია თუნდაც 26 მაისის საქმე, სადაც მინიმუმ რამდენიმე ათასი ადამიანის პირდაპირი დანაშაული იკვეთება, არადა საქართველოს ისტორიის ამ ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ლაქას გამო, ციხეში დღეს მხოლოდ ერთი ადამიანი - ვანო მერაბიშვილი ზის და მასაც სასაცილო სასჯელი აქვს მისჯილი, რომელიც, სხვათა შორის, ჩვენი ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის უპასუხისმგებლო განცხადებების გამო, შესაძლოა მოეხსნას კიდეც.
გამოუძიებელია თუნდაც გირგვლიანის, რობაქიძისა და ვაზაგაშვილის საქმეები;
იმ პირების რეაბილიტაცია, რომლებიც საპყრობილეებიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდნენ, დღესაც არ მომხდარა და უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანის ქონება დღესაც დაყადაღებულია და აღსრულებას ექვემდებარება;
ისინი კი, რომლებმაც, სასწაულებრივად, საპყრობილეები ჯერ კიდევ ხელისუფლების ცვლილებამდე დატოვეს, პოლიტპატიმრის სტატუსს ჯერ კიდევ ვერ ეღირსნენ;
აღარაფერს ვამბობთ იმ უამრავ ადამიანზე, რომელთა საკუთრების უფლებაც ფეხქვეშ გათელეს და ისინი, პრაქტიკულად, ხშირ შემთხვევაში ულუკმაპუროდ დატოვეს.
როდესაც ქვეყანაში მსგავსი ვითარებაა, გასაკვირი ნამდვილად აღარ უნდა იყოს ის დაბალი აქტივობა არჩევნებზე, რაც საზოგადოებამ 15 ივნისს დააფიქსირა.
გასაკვირი უფრო ისაა, რომ ხელისუფლებისთვის ეს დაბალი აქტივობა მოულოდნელი აღმოჩნდა.
ხელისუფლებისთვის ყველაზე შემაშფოთებელი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ მოსახლეობის იმ 65 პროცენტის სახით, რომელმაც არჩევნებზე მისვლა საჭიროდ არ ჩათვალა, საკმაოდ დიდი რაოდენობით უკმაყოფილო ხალხის მასა შეიძინა და ეს მან სულ რაღაც 19 თვეში მოახერხა.
აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა, არის თუ არა 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ლეგიტიმური და გამოხატავს თუ არა ის სრულიად საქართველოს მოსახლეობის ნებას?
თუ ამოსავალ წერტილად აქტივობის ფაქტორს დავისახავთ, მაშინ გამოდის, რომ არჩევნების შედეგები მოსახლეობის უმრავლესობის ნებას არანაირად არ გამოხატავს.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიტივში უნდა ჩაიწეროს ის ფაქტი, რომ მათ შეძლეს და ყველა მხარდამჭერი საარჩევნო ურნებთან მიიყვანეს, რაც, სამწუხაროდ, ვერც ხელისუფლებამ და ვერც სხვა ოპოზიციურმა ძალებმა ვერ შეძლეს.
და მაინც, რა კატეგორიაა ის დაახლოებით 65 პროცენტი საზოგადოებისა, რომლებმაც არჩევნებზე წასვლა საჭიროდ არ ჩათვალეს?
ეს არის ხალხი, რომლებიც ქვეყანაში ავტორიტარიზმის დასრულებასა და სამართლიანობის აღდგენას წლების განმავლობაში მოელოდა და ამ მიზნის მისაღწევად, მათმა დიდმა ნაწილმა ბრძოლაში თავიც გადადო. დღეს კი, ისინი, უკეთეს შემთხვევაში, ხედავენ, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არ გამოსწორებულა, ყოველ შემთხვევაში ეს მოსახლეობას ჯერჯერობით ნამდვილად არ უგრძვნია, თუ არ ჩავთვლით დაზღვევის პროგრამას, რომელიც სერგეენკოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დღეს ნამდვილად მუშაობს;
ეს არის ხალხი, რომლებიც წინა რეჟიმის დროს, თავიანთი შეურიგებელი პოზიციების გამო, სამსახურებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით მოსულმა ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა, მათ ადგილას კი პარტიული ერთგულების ნიშნით, არაპროფესიონალები დანიშნა. დღეს ეს ხალხი ხედავს, რომ „ნაციონალური მანტიით“ მოსული მათი სამსახურებიდან გამათავისუფლებლები, „ოცნების“ დროშის ქვეშ კვლავ თავიანთ თანამდებობებს ინარჩუნებენ და უფრო მეტიც, თანამდებობებს ინარჩუნებს ის ხალხიც, ვინც თავის დროზე სწორედ ამ გათავისუფლებული ხალხის ადგილზე, „ნაციონალური ერთგულების“ ნიშნით დანიშნეს;
ეს არის ხალხი, რომლებსაც, დღიდან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადების გაკეთებისა, თავი ჰქონდათ გადადებული და სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდნენ, დღეს კი, მათ რაიონებში თუ სოფლებში, საკვანძო თანამდებობებს ისევ ის ხალხი იკავებს, ვინც ორიოდე წლის წინ გუნდრუკს „ნაცმოძრაობას“ უკმევდა და ბედნიერად რაცხდა თავს, თუ სააკაშვილის მორიგი ჩამოქროლების დროს, მას ხელის ჩამოსართმევ დისტანციაზე მიუახლოვდებოდა;
ზოგადად, მსოფლიო პრაქტიკის თანახმად, არჩევნებში ყველაზე დაბალი აქტივობა ორ შემთხვევაში ფიქსირდება: პირველი, - მაშინ, როცა საზოგადოება საკუთარი ცხოვრების დონით კმაყოფილია, აქვს საკუთარი საქმე, დღის რეჟიმი და შესაბამისად, პოლიტიკაზეც ნაკლებად ფიქრობს. ამასთან, დარწმუნებულია, რომ მისი საარჩევნო არააქტიურობა ქვეყანას უკან არ წაიყვანს და მის მდგომარეობას არ გააუარესებს. მსგავსი ტიპის დაბალი აქტივობები დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ფიქსირდება, თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ქვეყნებისთვის მაღალ აქტიურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარც აქვს, რადგან პოლიტიკური კულტურა მაღალია და ნებისმიერმა პარტიამ იცის, რომ დაპირებების არშესრულების შემთხვევაში, არჩევნებისგან განსხვავებით, ქუჩის აქციებში მაღალი აქტივობა იქნება.
რაც შეეხება არჩევნებში დაბალი აქტივობის მეორე განმაპირობებელ ფაქტორს, ის ძირითადად შედარებით ნაკლებად განვითარებად ქვეყნებში გვხვდება და მას ხალხის ინდეფერენტულობა განაპირობებს. ანუ ასეთ ქვეყნებში, ხალხი მიიჩნევს, რომ მისი ხმით მაინც არაფერი შეიცვლება და ცხოვრება უკეთესობისკენ არ შემოტრიალდება, რის გამოც არჩევნებში მონაწილეობა ზედმეტად მიაჩნიათ.
სამწუხაროდ, საქართველოს შემთხვევაში საქმე მეორე ვარიანტთან გვაქვს, თუმცა, ხალხი, ვინც არჩევნებზე არ მივიდა, ის ხალხია, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება ვიხილოთ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ტრანსპარანტებით ხელში.
სამწუხაროდ, ხელისუფლებას საქმე იქეთ მიჰყავს, რომ გამორიცხული არ არის ხალხი ქუჩაში გამოვიდეს.
სხვათა შორის, ამის შესახებ საზოგადოებრივ აზრს უკვე ქმნის „ნაციონალური მოძრაობა“ და ისინი, ქუჩაში, ისევე როგორც არჩევნებზე, თავიანთი მხარდამჭერების მობილიზებას ნამდვილად მოახერხებენ, რის შემდეგაც, ასევე თავიანთი კონტროლირებადი მედიასაშუალებებით, დახატავენ სურათს, რომ თითქოსდა მთელი საქართველო საპროტესტო ტალღამ მოიცვა და ქვეყანაში რევოლუციური განწყობაა.
ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკან არაფერზე დაიხევს და ხელისუფლებაში მოსასვლელად წარმოუდგენელ და ამავდროულად, აუცილებლად კარგად შეფუთულ ავანტიურაზეც კი წავა, ყველას კარგად მოეხსენება. თუნდაც ეს ავანტიურა ქვეყნის ინტერესებს აყენებდეს საფრთხის ქვეშ.
ასე, რომ ახალმა ხელისუფლებამ, დასავლეთისგან შემოთავაზებული კოჰაბიტაციითა და მის რიგებში არსებული ბლომად პრონაციონალური ძალების გავლენის შედეგად, პრაქტიკულად გადაარჩინა „ნაციონალური მოძრაობა,“ ჩამოაწერა ძველ ცოდვათა უმეტესი ნაწილი და მისცა ყველანაირი შანსი ხელისუფლებაში მობრუნებისა.
სხვათა შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ არაა ის ძალა, რომ შანსები „ქართული ოცნებასავით“ გაფლანგოს და ისინი არ გამოიყენოს. ამის შედეგი კი უკვე სახეზეა.
მაშინ, როცა ჯერ კიდევ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, იცოდნენ რა თავიანთი დანაშაულის სიმძიმე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლამის გარეთ თავსაც კი ვეღარ ჰყოფდნენ, ავადსახსენებელმა კოჰაბიტაციამ მათ ნელ-ნელა რიხი დაუბრუნა, ხოლო 15 ივნისის არჩევნების შემდეგ, იმავე საღამოს, პარლამენტის ექსსპიკერმა დავით ბაქრაძემ, პირდაპირ ეთერში „ქართულ ოცნებას“ ლამის მუშტები უქნია და განაცხადა, რომ არაფერი შეგეშალოთ, ერთი ხმის მიტაცებაც არ გაბედოთ, თორემ ძალიან მწარედ განანებთო.
ვითომ სამართლიანობის აღდგენამ, ახალი ხელისუფლება იმ დონემდე მიიყვანა, რომ მას დღეს იმ ძალასთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა სახსენებლადაც კი ვერ იტანდა, დღეს მეორე ტურის გამართვა უწევს და თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, გამორიცხული არ არის, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე „ოცნებამ“ უმრავლესობა კვლავ „ნაციონალურ მოძრაობას“ გადააბაროს, ეს ყველაფერი კი შემდეგ დემოკრატიის გამოვლინებად მონათლოს.
გაფრთხილებთ ბატონებო, თუ ოდესმე ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა, ისინი ყოველგვარ კოჰაბიტაციას ფეხებზე დაიკიდებენ და სრულიად საქართველოს ცოცხებს მოანატრებენ, ან, უკიდურეს შემთხვევაში შეიარაღებული სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალია.
„ქართულმა ოცნებამ“ ამ 19 თვის განმავლობაში მოახერხა, რომ საჩხერის რაიონში, ერთ-ერთ თემში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გაიმარჯვა. ეს ის რაიონია, საიდანაც ბიძინა ივანიშვილია წარმოშობით და ეს ის რაიონია, რომელზეც მას უდიდესი ამაგი აქვს გაწეული.
ჯერ კიდევ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე, თავად ვარ შემსწრე, რომ საჩხერეში, მეტნაკლებად დიდი სუფრა არ გაიშლებოდა, სადაც ივანიშვილის სადღეგრძელოს არ იტყოდნენ. დღეს კი ამ რაიონის საკმაოდ დიდი ნაწილი მხარს კვლავ „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს. ამას მართლაც მოხერხება უნდა.
წეღან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნება ვახსენეთ და როგორც აღვნიშნეთ, თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, მაშინ ყოფილ ხელისუფლებას საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების შანსიც აქვს.
კიდევ ვიმეორებ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ გზაზე ხელს „ქართული ოცნება“ ვერ შეუშლის, ვინაიდან მათ ნაწილს საამისოდ პოლიტიკური ნება, ნაწილს კი პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს.
საპარლამენტო უმრავლესობაში „ნაციონალების“ მოსვლისგან თუ ქვეყანას რაიმე გადაარჩენს, ეს ისევ და ისევ ის 65 პროცენტია, რომლებიც 15 ივნისის არჩევნებზე სახლებში დასხდნენ, ვინაიდან იმედგაცრუებულებს, ხელისუფლების მხარდაჭერის სურვილი დაკარგული ჰქონდათ. თუმცა ამ ხალხს არ დავიწყებია ის კოშმარი, რაც ქვეყანამ გასული 9 წლის განმავლობაში გადაიტანა და სწორედ ეს 65 პროცენტი არ დაუშვებს, რომ ხელისუფლებაში კვლავ „ნაციონალები“ მობრუნდნენ. მათ ემატება არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ის 10 პროცენტი, რომლებმაც ხმა სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მომავალ პოლიტიკურ ძალას მისცა და ეს რაოდენობა სავსებით საკმარისი იქნება იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ხალხმა სამართლიანობა თავადვე, საკუთარი ძალებით აღადგინოს და მათ ახალი ხელისუფლებაც მიაყოლოს.
„ქართულ ოცნებას“ დღეს ყველაფერი აქეთ მიჰყავს.
იმ შემთხვევაში კი, თუ „ნაციონალები“ ქვეყანაში არეულობის გზას აირჩევენ და ამაზე წავლენ, მაშინ ისინი მიიღებენ ყველაზე დიდ წინააღმდეგობას სწორედ აღნიშნული 65 პროცენტის მხრიდან, ვისაც მათი ავკაცობა არ დავიწყებია და არც არასოდეს დაივიწყებს. თუ საქმე აქამდე მივიდა, სამწუხაროდ, მსხვერპლის არცთუ ისე მცირე რაოდენობა გარდაუვალი იქნება.
ასე, რომ „ქართულ ოცნებას“ ჯერ კიდევ აქვს ძალიან მცირე დრო, რომ სამართლიანობის რეალური აღდგენის გზაზე მკვეთრი ნაბიჯები გადადგას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის თავად გახდება დასაცავი.
რაც შეეხება პოლიტოლოგების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ საზოგადოება მესამე ძალის მოლოდინშია, ეს სიმართლეს შეესაბამება, რადგან ქართველი ადამიანი, თავისი ბუნებით მაინც კანონმორჩილია და პირად შურისძიებას ერიდება, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ვერც იმ ოპოზიციურმა ძალამ, ვინც საზოგადოებას სამართლიანობის რეალურ აღდგენას დაჰპირდა, ჯერჯერობით ვერ შესძლო თავის მხარეს გადმოეყვანა ის 65 პროცენტი, რომლებიც ხელისუფლებისგან პირველ რიგში ღირსების აღდგენას ითხოვენ.
ჯერჯერობით ყველაფერი წინაა და თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ვითარების ხელოვნური დაძაბვისკენ არ წავა, რისი საშუალებაც მათ ახალმა ხელისუფლებამ უკვე მისცა, მაშინ, გამორიცხული არ არის, რომ საპარლამენტო არჩევნებზე, რადიკალურად განსხვავებული სურათი ვიხილოთ.
ამასთან, ნუ დაგვავიწყდება, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით პოლიტიკური ბრძოლის დაწყება უკვე დაანონსებულია. ამ ბრძოლის წარმატებით დასრულება კი, უკვე ერთმნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება მართლაც შეიცვლება.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ იმ 65 პროცენტის შესახებ, რომლებმაც არჩევნებს პროტესტი გამოუცხადეს: ჯერჯერობით ეს მხოლოდ მანიშნებელი პროტესტი იყო, ხოლო თუ ხელისუფლება კვლავ ანალოგიურ პოლიტიკას გააგრძელებს და საზოგადოებასთან კომუნიკაციას არ აღადგენს, მაშინ ეს 65 პროცენტი იქნება ძალა, რომელსაც „ოცნება“ ქუჩაში იხილავს და რომლის წინაშეც, მას გაცილებით უფრო ცაიტნოტურ ვითარებაში, ბევრი რამის დათმობა მოუწევს.
ალექსანდრე კაპანაძე