logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საფრთხე, რომელზეც ხმამაღლა არ საუბრობენ
საფრთხე, რომელზეც ხმამაღლა არ საუბრობენ
11:16 02.06.2014
საფრთხემ, რომლის წინაშეც საქართველო დგას, გასულ კვირაში თავი უკვე ღიად იჩინა. ის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზა ია-ვარდით მოფენილი არ იქნებოდა, ყველასთვის ნათელი იყო, თუმცა სწორედ ეს უნდა გამხდარიყო მთავარი ფაქტორი იმისა, რომ ხელისუფლებას, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, კარგად გაეანალიზებინა ის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რასაც ქვეყანას, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა მოუტანს.
დღეს კი, საქართველოს ხელისუფლებისთვის ამის დრო წასულია და ის უკვე ცაიტნოტშიც კი აღარ არის. წაყრუების პოლიტიკამ, ხელისუფლება ძალიან ცუდ შედეგამდე მიიყვანა, რომელიც მთელი სიცხადით თავს უახლოეს მომავალში იჩენს, თუმცა დღეს საქართველოს წინაშე არა ხელისუფლების, არამედ მისთვის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საფრთხე დგას.
საქმე აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ეხება, სადაც ფაქტიურად ხელისუფლების შეცვლის სცენარია ამოქმედებული, ხოლო რომელი ქვეყნის სპესსამსახურებშია ეს სცენარი დაწერილი, ძნელი გამოსაცნობი არ არის.
აფხაზეთში, ხელისუფლების ცვლის შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს მოვლენები, რომელიც ამ ქართულ მიწას მინიმუმ საუკუნეებით დაგვაკარგვინებს.
საქმე აფხაზეთის „ყირიმიზაციას“ ეხება.
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მოინდომებს, „ქვეყანაში,“ რომლის ბიუჯეტიც 50 მილიონამდეა, - ხელისუფლების შეცვლა და მისთვის სასურველი კანდიდატის დანიშვნა, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. ამის შემდეგ კი, თუ კრემლი გადაწყვეტს, ადგილობრივ მოსახლეობას „აზრს ჰკითხავს“ იმასთან დაკავშირებით, ხომ არ სურთ მათ რუსეთის ფედერაციასთან შეერთება. აღნიშნული „აზრის გამოკითხვა“ ანუ რეფერენდუმი კი, რა შედეგითაც დასრულდება ამთავითვე ცხადია. ხოლო საკუთარ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიას რუსეთი, სანამ პირში სული უდგას, - არ დათმობს.
დამერწმუნეთ, მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში, არ არსებობს მსოფლიოში ძალა, რომელიც რუსეთს რეალურად შეეწინააღმდეგება და აღშფოთება- შეშფოთების ჩარჩოებს გასცდება.
მოგეხსენებათ, რომ სულ რაღაც ერთ თვეზე ნაკლები რჩება იმ ისტორიული მომენტიდან, როდესაც საქართველო, მისი არსებობის მანძილზე, ევროპას ყველაზე მეტად უნდა დაუახლოვდეს. სწორედ 27 ივნისს მოეწერება ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომელსაც სრულიად საქართველო, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ციური მანანასავით ელის, თუმცა რეალურად, ამ სტრუქტურის შესახებ, უკეთეს შემთხვევაში საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს.
გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ევროკავშირმა, საქართველოსთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღი ორჯერ გადმოსწია და ეს ცერემონია სექტემბრის ნაცვლად ივნისის თვეში გაიმართება. გასაგებია, რომ ევროკავშირმა აღნიშნული ნაბიჯი რუსეთის ცაიტნოტში ჩასაგდებად გადადგა, რათა ამ უკანასკნელს ნაკლებად ჰქონოდა დრო საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების მოსაწყობად, რომელიც ვილნიუსის სამიტის დამთავრებისთანავე უამრავმა ანალიტიკოსმა დააანონსა.
დაახლოებით სამთვიანი საეჭვო დუმილის შემდეგ, რუსეთმა გასულ კვირაში ერთგვარი პოლიტიკური რუტინა დაარღვია, რომელიც აფხაზეთში დაწყებული პროცესებითა და რუსული პოლიტელიტის განცხადებებით გამოიხატა.
მაინც როგორ შეიძლება განვითარდეს სცენარი, თუ საქართველოს საგარეო კურსი რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელი იქნება და შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მოსაზრება, რომ რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ბერკეტები აღარ აქვს?
რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება სინამდვილეს არავითარ შემთხვევაში არ შეესაბამება, ვინაიდან რუსეთის პოლიტიკურ არსენალში უამრავი ბერკეტი რჩება, რომელთა არსებობის შესახებაც კი, შეიძლება იმ პოლიტიკოსებს წარმოდგენაც არ ჰქონდეს, ვინც მსგავს აზრს ავითარებს.
საქართველოში ხელისუფლების ცვლის შემდეგ, ჩვენი დიპლომატია, ვგულისხმობ საგარეო ურთიერთობებს, კრიტიკას ვერ უძლებს, ვინაიდან ჩვენ ვერ შევძელით დაგვერწმუნებინა რუსეთი, რომ სამხრეთის საზღვარზე ევროკავშირის წევრი ქვეყნის არსებობა, მის ინტერესებს საფრთხეს არ უქმნის და პირიქით, რუსეთს შეუძლია, რომ სტაბილური საქართველო ჩრდილო კავკასიაში ვითარების მაქსიმალურად გასაკონტროლებლად გამოიყენოს.
დღეს ეს დიპლომატიური შანსი სამწუხაროდ დაკარგულია, რისი ნათელი დასტურიც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებაა, სადაც მან საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვის მიმართ საკუთარი ქვეყნის ნეგატიური დამოკიდებულება ღიად დააფიქსირა და გარკვეულწილად, მუქარის შემცველი განცხადებაც გააკეთა.
კონკრეტულად კი, ლუკაშევიჩის განცხადებით, საქართველომ უნდა გააცნობიეროს სადამდე მიიყვანს მას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა. ამასთან, უნდა გააცნობიეროს საქართველო-რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გზაზე წარმოქმნილი სიახლეები და ის ფინანსურ-ეკონომიკური შედეგები, რომელსაც რუსეთი საქართველოს ევროკავშირთან მიერთების ფაქტორის გათვალისწინებით დაამუშავებს.
რუსი დიპლომატის ეს განცხადება, ჩვეულებრივ პოპულარულ ენაზე ნიშნავს, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, საქართველო თავად აგებს პასუხს მოსალოდნელ შედეგებზეო.
რა თქმა უნდა, ლუკაშევიჩის ეს განცხადება მუქარას შეიცავს, რაც სუვერენულ სახელმწიფოსთან მიმართებაში დაუშვებელია, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს ამ მუქარის ასრულება შეუძლია, რაც აუცილებლად დასავლეთის შეშფოთება-აღშფოთების ფონზე განხორციელდება.
ყველაზე საშინელი სცენარი კი, რაც რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ შეუძლია აამოქმედოს, ეს, როგორც აღვნიშნეთ, აფხაზეთის „ყირიმიზაციაა,“ რის შედეგადაც საქართველო თავის ძირძველ მიწას, ფაქტიურად სამუდამოდ უნდა გამოემშვიდობოს.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო და პრაგმატული ნაბიჯები, თუნდაც ეს ნაბიჯები დღეს არსებული განწყობიდან გამომდინარე არაპოპულარულიც იყოს.
ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას აუხსნას მისი თითოეული მოქმედება და ამ მოქმედების საფუძვლები, ვინაიდან, სააკაშვილის რეჟიმის მიერ საინფორმაციო ვაკუუმში წლების განმავლობაში მყოფი საზოგადოება, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, სწორი ანალიტიკური აზროვნების უნარს და ამ აზროვნებაზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღების ფუფუნებას მოკლებულია.
იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გადადგამს საზოგადოებასთან შეუთანხმებელ ნაბიჯს, რასაც რუსეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე შედეგი მოჰყვება, მაშინ ის ამ შედეგზე მთლიანად იქნება პასუხისმგებელი, თუმცა ვეჭვობ ისედაც ტერიტორიებდაკარგული ქვეყნისთვის ეს დიდი შეღავათი იყოს.
იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გადადგამს ხალხთან შეუთანხმებელ ნაბიჯებს, მაშინ ის პირწმინდად დაემსგავსება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს, როდესაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ერთი, ფსიქიურად არცთუ გაწონასწორებული კაცის ხუშტურებზე იყო აწყობილი და რამაც ქვეყანა სამარცხვინოდ წაგებულ ომამდე, ტერიტორიების 20%-ის დაკარგვამდე და გაჩანაგებულ ეკონომიკამდე მიიყვანა.
რაც შეეხება რუსეთის მხარის მუქარანარევ განცხადებას, ის სერიოზულ დაფიქრებას და გაანალიზებას საჭიროებს, ვინაიდან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს წინააღმდეგ მისი ჩრდილოელი მეზობლის გააქტიურება, მხოლოდ დასავლეთის შეშფოთება-აღშფოთების ფონზე ჩაივლის.
ამ პოლიტიკურ ვითარებაში, კიდევ უფრო ცხადად ჩანს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მიერ ამერიკაში გაკეთებული განცხადება, როდესაც მან ნატოს წევრ ქვეყნებს, საქართველოში საჰაერო თავდაცვითი სისტემების განთავსება შესთავაზა. ეს განცხადება შეიძლება შეფასდეს, როგორც გამძვინვარებული ხარის წინაშე წითელი ნაჭრის ფრიალი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომ პირს, ვინც წითელ ნაჭერს აფრიალებს, არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ხოლო ამ წითელი ნაჭრის ფრიალით საფრთხე მაყურებელთა დარბაზს ექმნება.
ნამდვილად არ აქვს ირაკლი ალასანიას უფლება, რომ საქართველოს სახელით ისეთი განცხადებები აკეთოს, რაც თავად ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას შექმნის პრობლემებს.
საერთოდ კი, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის ბერკეტებზე ვსაუბრობთ და გვგონია, რომ რუსეთს ეს ბერკეტები აღარ დარჩა, გვაქვს თუ არა წარმოდგენილი რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საგარეო ფულად გზავნილებზე საქართველოსთან დაკავშირებით შეზღუდვებს დააწესებს? ვაანალიზებთ თუ არა იმას, რომ რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს, რომლებიც იქ დასაქმებულები არიან და რომელთა მიერ გამოგზავნილი თანხებითაც საქართველოში უამრავი ოჯახი არსებობს? ვიცით თუ არა, რომ რუსეთი, საქართველოში ფულადი გზავნილების მიხედვით, ათეულ წელზე მეტია ლიდერ პოზიციაზეა და არც არანაირი იმედისმომცემი დინამიკა არ შეინიშნება, რომ ეს სურათი ახლო მომავალში შეიცვალოს?
ვართ თუ არა მზად იმისთვის, რომ იგივე რუსეთმა სამცხე-ჯავახეთში ვითარების დაძაბვის სტიმულირება მოაწყოს?
ვართ თუ არა მზად იმისთვის, რომ რუსეთმა, მისადმი კეთილგანწყობილი ქვეყნები კულუარულად აიძულოს, რომ საქართველოსთან სავაჭრო ან სხვა სახის ურთიერთობები შეამცირონ?
აღარაფერს ვამბობ იმ „შავ სცენარზე,“ რომელიც აფხაზეთის „ყირიმიზაციას“ გულისხმობს.
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას კულუარებში, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სანაცვლოდ მსგავსი სცენარებით ემუქრება, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, რომ ამის შესახებ საქმის კურსში, ამა თუ იმ ფორმით, საზოგადოებაც ჩააყენოს და ეს თემა ფართო განხილვის საგანი გახადოს, თუმცა ცაიტნოტური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამის განხორციელება უკვე ფაქტობრივად შეუძლებელია.
არ უნდა დაგვავიწყდეს აგრეთვე ისიც, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენს თვალწინ კიდევ ერთი ეკონომიკური გაერთიანება შეიქმნა, რომელიც უახლოეს თვეებში საკუთარი პოლიტიკის გატარებას დაიწყებს, რის გამოც საქართველო თავის მეზობლებთან აბსოლუტურად განსხვავებულ საბაჟო რეჟიმში აღმოჩნდება, რაც რბილად რომ ვთქვათ, მისი ეკონომიკისთვის არცთუ მომგებიანი იქნება.
ასე, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, დასავლეთის ინერტულობის ფონზე, რუსეთს საქართველოს მიმართ მუქარის განხორციელებისა და მისი შესრულების ბერკეტები საკმაოზე მეტად გააჩნია.
რაც შეეხება ხელისუფლებას, შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა ცოტა ხანში დამძიმდება, რადგან საზოგადოების განწყობა მის მიმართ მკვეთრად შეიცვლება. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ამ უკმაყოფილების დიდი ნაწილი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მიზეზებით იქნება გამოწვეული, დანარჩენი ნაწილი კი, შედეგი იქნება იმ კოჰაბიტაციისა, რომელსაც ასე თავგამოდებით იცავდნენ და დღემდე იცავენ კოალიციის შემადგენელი სუბიექტები და საკვანძო თანამდებობებზე მყოფი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი.
რაც შეეხება საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზს, ეს იქნება ის სოციალურ-ეკონომიკური ფონი, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში დაუდგება, რადგან ჩვენი ეკონომიკური დონიდან და მრეწველობის პრაქტიკულად არარსებობიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებაში მკვეთრად არათანაბარ პირობებში აღმოჩნდება და ამას დაემატება „ევრაზიული კავშირის“ წევრი ქვეყნების მიერ ახალი საბაჟო ტარიფების ამოქმედებაც.
ამ ყველაფრით შესაძლოა ისევ და ისევ იმ ძალამ ისარგებლოს, რომელიც კოჰაბიტაციის წყალობით თავს შესანიშნავად გრძნობს, არც ფული აკლია, არც გულშემატკივრები, არც რიხი და შემართება და არც დამაჯერებელი ფანტაზიების ნაკლებობას განიცდის.
დღეს შეიძლება ითქვას, რომ ახალ ხელისუფლებას ცოტა ხანში ბეწვის ხიდზე მოუწევს სიარული, რათა მსოფლიო გადანაწილების ამ ორომტრიალიდან, ქვეყანა სამშვიდობოს უვნებლად გაიყვანოს, უკეთეს შემთხვევაში კი, ამ ვითარებით ისარგებლოს და საქართველო მოგებული დატოვოს.
ამ ყველაფრის შანსი ჯერ კიდევ არსებობს და მისი გამოყენების გასაღები მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიაში და ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებასთან გახსნილ, ღია ურთიერთობაშია, თუმცა სამწუხაროდ, არც ქართული დიპლომატიისა და არც საზოგადოებასთან გახსნილი ურთიერთობის კუთხით, ჯერჯერობით სანუგეშო არაფერი ჩანს.

ალექსანდრე კაპანაძე



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა