საქართველომ უახლოეს კვირებში, ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს, რომელიც, ქვეყნის ისტორიაში პირველად, მას ევროპასთან ყველაზე ახლოს მიიყვანს.
საქართველოს ევროინტეგრაცია რუსეთისთვის, რა თქმა უნდა, ისეთი მიუღებელი არ არის, როგორიც ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია იქნებოდა, მაგრამ გულუბრყვილობააა ფიქრი იმაზე, რომ რუსეთი ევროინტეგრაციის ამ პროცესს სიხარულით შეხედავს.
ერთის მხრივ, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს აწყობს სამხრეთით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რითაც ის, სამხრეთის საზღვრების დაცვის საკითხს მნიშვნელოვნად შეიმსუბუქებს და ბევრი თავის ტკივილიც მოეხსნება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ასევე უახლოეს კვირებში, ოფიციალურად შეიქმნება ევრაზიული კავშირი, სადაც რუსეთთან ერთად შუა აზიის ქვეყნები და სომხეთიც გაწევრიანდებიან, აღმოჩნდება, რომ საქართველო ევრაზიულ სივრცეში შეჭრილ ევროკავშირულ ნახევარკუნძულად გადაიქცევა, რაც, რა თქმა უნდა, რუსეთს არ აწყობს. მითუმეტეს, რომ ამ ორ სივრცეს შორის აბსოლუტურად განსხვავებული საბაჟო პოლიტიკა იმოქმედებს.
რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ჯერჯერობით საზოგადოებისთვის ლანძღვის გარდა ფაქტიურად არაფერია ცნობილი ევრაზიულ კავშირზე და ამასთან, თუ კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რიხითა და ზარზეიმით აღებულ „დასავლურ კურსს“ გავყვებით, (რომელიც, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ დასავლური სულაც არ იყო) ამ შემთხვევაშიც კი, ქვეყანას, სანამ ევროსტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი გახდება, უამრავი საფრთხის გათვლა, დაძლევა და აცილება მოუწევს.
ჯერ კიდევ ვილნიუსის სამიტის შემდეგ, ექსპერტთა დიდი ნაწილი, რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ პროვოკაციების გახშირებასა და ზეწოლის გაძლიერებას პროგნოზირებდა, რაც შეიძლება ითქვას, რომ მთელი სიცხადით არ ახდა, მაგრამ ეს მშვიდად ყოფნის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა.
ყველას კარგად მოეხსენება, რომ რუსეთი, მისი საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ საფუძვლიან თუ უსაფუძვლო პროვოკაციაზე წავა, რათა საქართველოს განვითარება, მის ინტერესებთან დისონანსში არ მოვიდეს.
ასეთ შემთხვევაში, დამეთანხმებით, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რასაც სამწუხაროდ, ზოგიერთი მაღალჩინოსანი არ ან ვერ აცნობიერებს.
საქმე საქართველოს მოქმედ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიასა და მის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთებულ განცხადებას ეხება, როდესაც ალასანიამ ნატო-საგან საქართველოში დამატებითი სამხედრო ძალების, მათ შორის, საჰაერო თავდაცვითი საშუალებების განთავსება მოითხოვა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდება რუსეთი, რომ ნატო საქართველოს რეალურად ეხმარება.
წმინდა პოლიტიკური და წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, ირაკლი ალასანიას მიერ ამერიკაში გაკეთებული განცხადება კლასიკურ დემაგოგიად შეიძლება შეფასდეს, რადგან მას არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია.
უფრო მეტიც, როგორც გაირკვა, ირაკლი ალასანიას ეს განცხადება, საქართველოს მთავრობასთან შეუთანხმებლად, საკუთარი ინიციატივით გაუკეთებია.
რაც შეეხება იმის ალბათობას, რომ ნატო-მ საქართველოში ანტისარაკეტო სისტემები განათავსოს: დავიწყოთ იქედან, რომ ეს პროექტი ძალიან ძვირადღირებული იქნება და გარდა ამისა, გარკვეულ დროს მოითხოვს, რომელიც შეიძლება ერთ წელიწადზე მეტხანსაც კი გაგრძელდეს. ცალკე საკითხია, უღირს თუ არა ნატო-ს ამხელა ხარჯის გაწევა იმისთვის, რომ როგორც მინისტრმა ბრძანა, რუსეთს დაანახოს თუ როგორ ეხმარება საქართველოს რეალურად.
რაც შეეხება ირაკლი ალასანიას ინიციატივის პოლიტიკურ მხარეს. უნდა ითქვას, რომ ამ წინადადების რეალიზაცია თეორიულ დონეზე, სამხედრო კუთხით ასე თუ ისე შესაძლებელია, პოლიტიკური კუთხით კი, ეს თეორიულ დონეზეც არაა შესაძლებელი. ამის მიზეზი ისაა, რომ ნატო არავითარ შემთხვევაში არ დაძაბავს ვითარებას რუსეთთან იმის გამო, რომ საქართველოში თავისი დანაყოფები განათავსოს, რადგან ეს დაძაბულობა მისთვის არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური და არც სამხედრო თვალსაზრისით, სახეირო არ იქნება.
ის, რომ როგორც სხვა დასავლური სტრუქტურები და მათ შორის ნატო-ც, მხოლოდ შეშფოთება-აღშფოთებით შემოიფარგლება და მათ მიერ, თუნდაც რუსეთის მხრიდან ღია ოკუპაციის შემთხვევაში მეტს არაფერს უნდა ველოდოთ, დამტკიცდა 2008 წელს საქართველოში და 2013-2014 წლებში უკრაინაში, სადაც რუსეთმა პრაქტიკულად სრულად მიაღწია იმ მიზანს, რაც ჰქონდა და რისი მიზეზიც, სხვათა შორის, სწორედ საქართველომ და უკრაინამ მისცეს.
ძნელი სავარაუდოა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრს მისი განცხადების არარეალურობის შესახებ წინასწარ არ სცოდნოდა, რადგან, ვინ-ვინ და გაეროში წლების განმავლობაში ნამუშევარმა ალასანიამ, სწორედ კარგად უნდა იცოდეს ის ბერკეტები და მექანიზმები, რაც საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის მიმართ გააჩნია.
არსებობს ერთი ვერსია, რომელიც ექსპერტებმა გააჟღერეს და რომელიც საფუძველსმოკლებული არ უნდა იყოს. ამ ვერსიის თანახმად, ირაკლი ალასანია კოალიციის გარეთა პოლიტიკურ თამაშს იწყებს და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთებული განცხადებით, მან დასავლეთს მიანიშნა - მე თქვენი ვარო.
შესაძლოა ვინმეს ეს პრიმიტიულ ახსნად მოეჩვენოს, მაგრამ ირაკლი ალასანიას განცხადება, დასავლეთის პოლიტელიტაში, ნამდვილად „კარგად გაყიდვადია.“
რაც არ უნდა კარგად გაყიდოს თავისი განცხადება ალასანიამ, ამით საქართველო მხოლოდ წაგებული დარჩება, მოგებული კი შეიძლება დარჩეს ამერიკა, რუსეთი, ევროპა და ლოკალური მასშტაბით თავად ალასანია.
საქართველოს კი, რუსეთის გაღიზიანება, მაშინ როცა სოფლის მეურნეობის კიდევ რამდენიმე სახეობისთვის ემბარგოს მოხსნაზეა საუბარი და მაშინ, როცა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების აუცილებლობის შესახებ იგივე დასავლეთი გამუდმებით ჩაგვჩიჩინებს, - არაფრად არგია. ანუ, გამოდის, რომ ალასანიას განცხადება ვიწრო პოლიტიკურ მიზანს და არა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა.
არსებობს მეორე და კიდევ უფრო „შავი ვერსია“ იმის ასახსნელად, თუ რატომ გააკეთა თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადება. ამ ვერსიის თანახმად, ირაკლი ალასანიამ რუსეთის ინტერესები გაატარა, მისი დაკვეთა შეასრულა და ჩრდილოელ მეზობელს პროვოკაციების მოწყობის საკმაოდ ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა.
ხოლო ვინ აკეთებს მსგავს საქმეებს, როგორც წესი და რომელ უწყებასთან არიან ისინი ფარულ ანგარიშვალდებულებაში შესულნი, - ეს ძნელი გამოსაცნობი არაა.
მართალია, ერთი შეხედვით ძალიან ძნელია ირაკლი ალასანიას რუსეთის აგენტობა დააბრალო, მაშინ როცა ის ერთ-ერთ ყველაზე პროდასავლურ პოლიტიკოსად მოიაზრება, მაგრამ სპეცსამსახურების მიმართულებაა, რომ ობიექტი საჯაროდ, ალიბისთვის და ნდობისთვის, იმ ქვეყნის წინააღმდეგ წავიდეს, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებითაც მოქმედებს.
რა თქმა უნდა, მტკიცება იმისა, რომ ესა თუ ის პიროვნება, და მითუმეტეს მთავრობის წევრი რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესებით მოქმედებს, შეუძლებელია, რადგან, როგორც წესი ასეთ ინფორმაციაზე მტკიცებულების მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ირაკლი ალასანიას განცხადებაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მყისიერი რეაქცია, ამის ეჭვის საფუძველს ნამდვილად იძლევა.
ისევე, როგორც ირაკლი ალასანიამ და ნატოს წევრი სახელმწიფოების ხელმძღვანელობამ, რუსეთის პოლიტელიტამაც ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ოკეანისგაღმა გაკეთებული განცხადება რეალობას ცა და დედამიწასავითაა დაშორებული, თუმცა მასზე განგაში მაინც ატეხა და განაცხადა, რომ ეს რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენსო. ანუ, პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, ირაკლი ალასანიამ რუსეთს „სატოპკე აუწია,“ რათა ამ უკანასკნელს საქართველოს საგარეო კურსის მიმართ თავისი უარყოფითი დამოკიდებულება დაეფიქსირებინა და განეცხადებინა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება მისი სახელმწიფოს უსაფრთხოებას ემუქრება.
აქედან გამომდინარე, იბადება ლოგიკური კითხვა, ვის აწყობდა ალასანიას მიერ ამერიკაში ამ განცხადების გაკეთება? რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მეტად რუსეთს აწყობდა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, რომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერამდე, იგივე ალასანიას მხრიდან რაიმე სიტყვიერი ან მოქმედებითი მარგალიტი კიდევ ვიხილოთ, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს რაიმე სახის პროვოკაციის შედეგად, ხელშეკრულების გაფორმების დაგეგმილ ვადაზე იმოქმედოს.
მათ კი, ვისაც ამა თუ იმ პიროვნების პროდასავლურობის, ან პრორუსულობის ღრმად სწამს, შევახსენებთ, რომ პრაქტიკაში არსებობს ორმაგი აგენტის, ან გადაბირებული აგენტის სტატუსი, როცა ესა თუ ის პიროვნება რამდენიმე სპეცსამსახურის ინტერესებს ემსახურება.
შეგახსენებთ, რომ საკმაოდ ალოგიკურად ჟღერდა განცხადებები იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის აგენტიაო. ვითარების ზედაპირული შეფასებით, ეს განცხადება სასაცილოა, მაგრამ თუ სააკაშვილის მმართველობის პერიოდის რეალურ შედეგს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ წინა რეჟიმის მმართველობით, ყველაზე მეტად რუსეთმა იხეირა და საქართველოს ხარჯზე, კავკასიაში საკუთარი პოზიციები მკვეთრად განიმტკიცა.
სამწუხაროდ, სააკაშვილის „ბრძოლა“ რუსეთთან, ქვეყანას, ტერიტორიების 20% დაუჯდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილი სწორედ „კა გე ბე“-ს ჯარში მსახურობდა, ბიძამისი თემურ ალასანია კი, ასევე საბჭოთა დაზვერვის მაღალჩინოსანია. გამორიცხული არც ისაა, რომ თავად სააკაშვილი აზრზეც კი არ ყოფილიყო იმის შესახებ, თუ როგორ მართავდა მას რუსეთი მისივე გარემოცვის მეშვეობით, სადაც ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს აგენტურა საკმაოზე მეტი რაოდენობით ჰყავდა შეგზავნილი. რა თქმა უნდა, „კა გე ბე“-ს ჯარებში მსახურების დროს, შესწავლილი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის ფსიქოტიპი, მისი არამდგრადი ხასიათი, მიდრეკილება პანიკური ფობიებისადმი და სწორედ ამ და სხვა ფაქტორების მეშვეობით მოხდებოდა მისი მართვა, თანაც ისე, რომ მიხეილ სააკაშვილი დღემდე ვერ დაიჯერებს მის მიერ რუსეთის ინტერესების მსახურებას და ის დღემდე დარწმუნებულია, რომ ამხელა მანქანას ნამდვილად ებრძოდა.
ანუ, ამ ლოგიკით, რუსეთმა, ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ, სააკაშვილის სახით შექმნა „პროდასავლური პოლიტიკოსი“, რომელიც რუსეთის ინტერესებს ატარებდა.
სამწუხაროდ, არსებობს საფრთხე, რომ საქართველოს მიმართ დღესაც იგივე სცენარი მოქმედებდეს და ამისთვის რუსეთს კონკრეტული პიროვნებებიც ჰყავდეს შერჩეული.
კიდევ ერთი პარალელი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით: ცნობილი ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილს გარემოცვა არწმუნებდა, ჩვენი არმია, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, რუსულ ჯარს კუდით ქვას ასროლინებსო, რისაც პრეზიდენტყოფილს გულწრფელად სჯეროდა და 2008 წლის 30 აპრილს, სატელეფონო საუბრისას, უთხრა კიდევაც ვლადიმერ პუტინს, შენ ჟანგიან ტანკებს ერთმანეთზე დავადუღებო. ამ ყველაფერს, სულ რამდენიმე თვეში, საქართველოსთვის ძალიან ცუდი ამბები მოჰყვა, რომლის მოშუშებასაც უკეთეს შემთხვევაში, მინიმუმ ათეული წელი მაინც დასჭირდება.
დღეს კი, როდესაც ირაკლი ალასანიას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მის განცხადებასთან დაკავშირებით გამოთქმულ შეშფოთებაზე კომენტარი სთხოვეს, განაცხადა, რომ ქართული ჯარის გაძლიერებას ხელს ვერაფერი შეუშლისო.
ჯერ ერთი, ირაკლი ალასანიამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ თუ რუსეთი ამას მოინდომებს, თავის მიზანს ადვილად მიაღწევს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც. და მეორეც, თუ მას ნამდვილად აქვს განზრახული ქართული ჯარის გაძლიერება, ამისთვის სულაც არაა საჭირო მაღალი ტრიბუნიდან ყვირილი და გულში მჯიღის ბრაგუნი, უფრო უპრიანი იქნებოდა, რომ ეს საქმე წყნარად და დიდი რეკლამირების გარეშე გაკეთდეს. ამაში არამც და არამც არ უნდა დაემსგავსოს ახალი ხელისუფლება სააკაშვილს, რომელიც ლამის თითოეული ტანკის შეძენას ტელევიზით აშუქებდა და რუსეთს პირდაპირ ემუქრებოდა. ასეთმა პოლიტიკამ რა შედეგებამდეც მიგვიყვანა, ამის გამეორება საჭირო აღარაა.
სხვათა შორის, ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის ზეობის დროს, 90-იანი წლების დასაწყისში, სწორედ ირაკლი ალასანიას სიმამრმა, მწერალმა გურამ ფანჯიკიძემ, გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოაქვეყნა თავისი მოსაზრება საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გასვლასთან დაკავშირებით და აბსოლუტურად ზუსტად იწინასწარმეტყველა ის შედეგები, რაც შემდგომ საქართველოში დატრიალდა.
კონკრეტულად, როგორ ბატონი გურამი წერდა, საქართველოს პარალელურად უნდა ეფიქრა დამოუკიდებელი ქვეყნის ეკონომიკის მიმართულებებზე, რადგან საბჭოთა კავშირიდან უეცრად გასვლის შემთხვევაში, ის ეკონომიკურად და პოლიტიკურადაც არცთუ სახარბიელო ვითარებაში აღმოჩნდებოდა.
გურამ ფანჯიკიძე ამ წერილისთვის, აჟიტირებულმა საზოგადოებამ მაშინ ლამის ჯვარს აცვა, რუსეთის აგენტად გამოაცხადა, ხოლო მის საფუძვლიან არგუმენტებს ის მოსაზრება დაუპირისპირა, რომ ოღონდ დამოუკიდებლები გავხდეთ და მხოლოდ „ბორჯომი“ და მანდარინი შეგვინახავსო.
სხვა თუ არაფერი, ირაკლი ალასანიამ საკუთარი სიმამრის მაგალითი მაინც უნდა გაითვალისწინოს და მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ მკვეთრი ქმედებებითა და განცხადებებით, რუსეთის მხოლოდ გაღიზიანება შეიძლება, რაც სამწუხაროდ, როგორც წესი, ყოველთვის საქართველოს საზიანოდ შემოტრიალდება ხოლმე.
კიდევ უფრო ცუდია და შეიძლება ითქვას, ქვეყნის ინტერესებისთვის საგანგაშოც კია, თუ თავდაცვის მინისტრმა ეს ყველაფერი იცის და მაინც თავისას აგრძელებს.
ალექსანდრე კაპანაძე