logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საქართველოს გზაჯვარედინი
საქართველოს გზაჯვარედინი
14:07 21.05.2014
ჩვენს წინა მასალებში ადრეც გვითქვამს და ეს ნათქვამი სულ უფრო და უფრო ცხადდება, რომ საქართველო დღეს, თავის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე იმყოფება, რომელმაც მისი მომავალი დიდწილად უნდა განსაზღვროს.
დღეს შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს, როგორც უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული მდებარეობის ქვეყნისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.
საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ატარებს როგორც დასავლეთისთვის, ასევე ჩრდილოეთისთვის და აღმოსავლეთისთვის.
ის, რომ ქვეყნის ცხოვრებაში დღეს ერთ-ერთი ისტორიული ეტაპია, დასტურდება იმ უდიდესი და უპრეცედენტო ინტერესის გამოვლინებითაც, რასაც ჩვენი ქვეყნის მიმართ დასავლეთი იჩენს.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის თითქმის ყველა წამყვანი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციები სტუმრობდნენ, რაც გასულ კვირაში საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ვიზიტმა დააგვირგვინა.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ევროკავშირმა, საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ თავდაპირველად დათქმული ვადა ორჯერ გადმოსწია, რასაც, რა თქმა უნდა, თავისი პოლიტიკური დატვირთვა აქვს.
დღეს საქართველო შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც საკვანძო ინტერესის ობიექტი როგორც ევროკავშირის, ასევე მომავალი ევრაზიული კავშირისთვისაც, რომლის ჩამოყალიბებაც ოფიციალურად რამდენიმე დღეში გაფორმდება.
არც ისაა საიდუმლო, რომ არც ევროპა და არც ჩრდილოეთი არაფერს დაიშურებენ და საჭიროების შემთხვევაში არც წელსქვემოთ დარტყმებს მოერიდებიან იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე დაინახავს, რომ მის სტრატეგიულ ინტერესს რაიმე სახის საფრთხე ექმნება.
საქართველოს და არა მარტო საქართველოს, მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების პროცესში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, სამწუხაროდ, წინ ძალიან ცუდი მაგალითი უდევს, რომელმაც პრაქტიკულად, ევროპის უდიდესი სახელმწიფოს - უკრაინის დაშლა გამოიწვია.
რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ღმერთმა არ ქნას და რომელიმე უცხოურმა ძალამ საქართველოშიც ანალოგიური სცენარის ამოქმედება დააპიროს და მას ინფორმაციულად და ფინანსურად დაეხმაროს?
აქვს თუ არა საქართველოს რესურსი მსგავს სცენარს წინ აღუდგეს მაშინ, როცა მასზე გაცილებით დიდი, ძლიერი და განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა უკრაინა, ამ ყველაფრის წინაშე უძლური აღმოჩნდა?
საქართველოს ამის რესურსი აქვს!
ეს რესურსი კი პირველ რიგში საზოგადოების ერთიანობით უნდა გამოიხატოს და აგრეთვე, ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს საზოგადოების სრული ინფორმირება როგორც ევროკავშირის, ასევე ევრაზიული კავშირის შესახებ, ამ ორი ორგანიზაციის როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებზე, რის შემდეგაც საზოგადოებამ აბსოლუტურად ცივილიზებული გზით, არჩევანი იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზით სურს საქართველოს განვითარება, - თავად უნდა გააკეთოს.
კიდევ ერთი ფაქტორი იმის შესახებ, რომ საქართველოში უკრაინული სცენარი არ განმეორდება, ესაა იმ ძალის, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ სრული დისკრედიტაცია საზოგადოების თვალში, რომელიც ნამდვილადაა წამსვლელი იმაზე, რომ ქვეყანაში სიტუაცია არიოს.
როგორც აღვნიშნეთ, თუ ამაში ოდნავ სარგებელს მაინც დაინახავენ, ყოფილი ხელისუფლების მამები უარს არც დესტაბილიზაციის შექმნაზე და არც ქვეყნის ტერიტორიების კიდევ უფრო შემცირებაზე იტყვიან.
საბედნიეროდ, დღეს ეს ძალა, მისი 9 წლიანი მოღვაწეობის დამსახურებით, საზოგადოების თვალში აბსოლუტურად დისკრედიტირებულია და რომ არა ახალი ხელისუფლების გარკვეული ძალების თავდადებული მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენისთვის ბრძოლაში, დღეს მათი სახსენებელიც კი აღარ იქნებოდა, ხოლო რეჟიმის შემოქმედთა აბსოლუტური უმრავლესობა გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა.
ასეა თუ ისე, საქართველოში, უკრაინისგან განსხვავებით, იმ ძალას, რომელიც ვითარების არევაზე ხელს მოაწერდა, ხალხში დასაყრდენი აღარ აქვს. ხალხი ნაციონალების ან მასთან ასოცირებული პიროვნებების დაძახებაზე ქუჩაში ნამდვილად აღარ გამოვა, თუნდაც მათ რუსთაველის გამზირზე, ცხელ-ცხელი „პერაშკებით“ სავსე პაკეტით თვით ქეთრინ ეშტონიც ელოდებოდეს.
რაც შეეხება ქვეყნის ხელისუფლებას და მის მოქმედებას, დღეს უკვე პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას კარგად გააცნოს იმ სიკეთეების, უარყოფითი მხარეებისა და აგრეთვე, ვალდებულებების შესახებ, რასაც საქართველოს ევროკავშირში ან თუნდაც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება მოუტანს.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ქვეყანამ და მისმა ხელისუფლებამ ბრმად გადადგას ნაბიჯი კარგად შეფუთული ნუგბარისკენ, რომლის გახსნის შემდეგაც იქ ნუგბარი შეიძლება სულაც არ აღმონდეს და უფრო მეტიც, ამის გამოსასწორებლად ქვეყანას რამდენიმე ათეული წელი დასჭირდეს, თუ, რა თქმა უნდა, საქართველოს მასშტაბის სახელმწიფო ამდენს გაუძლებს.
დღეს საქართველო, თავისი ისტორიის მანძილზე პირველად, მართლაც ყველაზე ახლოა ევროპასთან, მაგრამ რას მოუტანს მას ეს სიახლოვე და რამდენად აუცილებელია ეს მისი სამომავლოდ სწორი მიმართულებით განვითარებისთვის?
ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოებამ და ხელისუფლებამ არა ყბადაღებული პიარის დონეზე, არამედ ანალიტიკურ დონეზე უნდა იმსჯელოს და შესაბამისი დასკვნები მერე გამოიტანოს.
განსხვავებით ევროკავშირისგან, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, საზოგადოება არაა ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ევრაზიული საბაჟო კავშირი. უფრო სწორად, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებული ინერციით, დღეს მხოლოდ ამ კავშირის ლანძღვა გვესმის, რომელსაც პუტინის პირად მიზანს უწოდებენ.
რა თქმა უნდა, მსოფლიოს ერთ-ერთი სუპერსახელმწიფოს მეთაურს საკუთარი მიზანი და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე გადასაწყვეტი ამოცანები ექნება, მაგრამ აქ ერთ რამეზე უნდა დავფიქრდეთ, რამდენად არის სახეირო საქართველოსთვის ეს მიზანი და შეძლებს თუ არა ჩვენი ქვეყანა აქედან სარგებლის ნახვას?
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამწუხაროდ, საზოგადოებას ევრაზიული კავშირის შესახებ, ჯერჯერობით ისტერიული ლანძღვის მეტი არაფერი მოუსმენია.
არადა აქ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი.
როგორც ცნობილია, სომხეთი სულ რაღაც ორიოდე კვირაში ევრაზიულ კავშირს შეუერთდება და მასთან აბსოლუტურად განსხვავებული საბაჟო რეჟიმი იმოქმედებს. ხომ არ დააზარალებს ეს საქართველოს ეკონომიკას და ხომ არ მოაქცევს მას ერთგვარ „საბაჟო ალყაში,“ მით უმეტეს, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ევრაზიულ კავშირს შუა აზიის ყველა სახელმწიფოც შეუერთდება?
აქვს თუ არა ამაზე ნაფიქრი საქართველოს ხელისუფლებას, ხედავს თუ არა ამ საფრთხეს და თუ ხედავს, რატომ არ აფრთხილებს ამის შესახებ მოსახლეობას?
მეორე დამაფიქრებელი ფაქტორი კი, თავად ევრაზიული გაერთიანების სავარაუდო ეკონომიკური მომხიბვლელობაა.
ამ რამდენიმე თვის წინ, ისრაელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას განიხილავს.
ნურავინ ნუ დაიბრალებს საქართველოში ისრაელზე მეტ პროდასავლურობას, მაშინ როცა ამ სახელმწიფოს არსებობის გარანტი სწორედ დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატებია. ეს სახელმწიფოც კი, რომელიც დამეთანხმებით, საკმაოდ ჭკვიანი ხალხითაა დასახლებული, საკმაოდ ძლიერი ეკონომიკა აქვს და ყოველმხრივ განვითარებულია, - განიხილავს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას. დამეთანხმებით აგრეთვე, იმ შემთხვევაში, ევრაზიული პერსპექტივა მომგებიანი რომ არ იყოს, ისრაელის ხელისუფლება ამ საკითხის განხილვაზე წუთსაც არ დაკარგავდა.
ყოველივე ამის ფონზე, კიდევ უფრო აქტუალურად დგება საჭიროება იმისა, რომ საზოგადოებამ ამ კავშირის შესახებ უფრო მეტი შეიტყოს.
რაც შეეხება ევროკავშირს, რომელთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასაც, რომლის ცერემონიაც უახლოეს კვირებში გაიმართება, - ქვეყანა დიდი ზარ-ზეიმით ეგებება.
ვიცით თუ არა რა არის ევროკავშირი და რა ვალდებულებებს გვიყენებს მასთან ასოცირება ან თუნდაც თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა, ან უვიზო მიმოსვლა?
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, რითაც ასე ეფექტურად აბრმავებდა და „აბოლებდა“ მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ხალხს, გულისხმობს უამრავ ვალდებულებას საქართველოს მხრიდან. მათ შორის ძვირადღირებული სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და მისი ტექნიკის უკანასკნელი სიტყვით აღჭურვას, ასევე სპეციალური თავშესაფრების აგებას მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ევროკავშირში მოხვედრას არალეგალური გზით საქართველოს გავლით შეეცდებიან. ასევე ამ არალეგალების შესახებ დიპლომატიური არხების ამოქმედებას და სხვა მრავალს. ეს კი, მოგეხსენებათ, უამრავ ფულთან ერთად უამრავ დროსაც მოითხოვს.
სამწუხაროდ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივის შესახებ მოსახლეობის განწყობაზე ახალი ხელისუფლებაც აპელირებს.
არის მეორე საკითხიც, დავუშვათ და ხვალიდან ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დაგვიწესდა, რას გავაკეთებთ თუნდაც გერმანიაში უვიზოდ ჩასულები?
ევროკავშირს საკუთარი უმუშევრებიც ჰყოფნის, იაფ მუშახელად წასვლას საქართველოს მოქალაქეები დღესაც ახერხებენ, ნამდვილ პროფესიონალებს კი, რომლებიც ყველა ქვეყანას სჭირდება, ვიზებს ისედაც უპრობლემოდ აძლევენ.
გარდა ამისა, უვიზო მიმოსვლის დაწესების შემთხვევაში, უამრავი მოქალაქე, მათ შორის აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან, ყველა გზით შეეცდება საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვოს, რაც საკმაოდ ადვილი პროცედურაა.
ვართ კი მზად ამ ყველაფერთან საბრძოლველად?
რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის თემას. რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით ეს პერსპექტივა საკმაოზე მეტად მომხიბვლელად ჩანს, როცა შენ ქვეყანას ექნება უფლება თავისუფალ რეჟიმში ივაჭროს იმ მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირის შემადგენლობაში შედიან.
კიდევ უფრო მომხიბვლელია წინადადება, რომ საქართველოს ამ ქვეყნებში დაახლოებით 7 ათასი სახეობის პროდუქტის შეტანა შეუძლია.
ეს ერთი შეხედვით, სინამდვილეში კი ამ რამდენიმე ათასი სახეობიდან, რისი გატანაც საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებში შეუძლია, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ 3-4 სახეობას აწარმოებს და ისიც ან შეზღუდული რაოდენობით, ან ნახევარფაბრიკატის სახით. აღსანიშნავია, რომ ეს პროდუქტები იგივე ევროკავშირის ქვეყნებში, ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე დღესაც გადის.
არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ევროკავშირს საიმპორტო პროდუქტებზე უმკაცრესი კონტროლი აქვს დაწესებული და როდის მივლენ საქართველოში მოქმედი ან ასაშენებელი საწარმოები იმ დონემდე, რომ უძვირესი ტექნოლოგიური ხაზები შეიძინონ და ევროკავშირის ბაზრის სტანდარტები დააკმაყოფილონ?
მაგალითისთვის: ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია ისეთი კიტრის შეტანა, რომლის მოხრილობის მაჩვენებელიც 12%-ს აღემატება.
არცთუ ისე ადვილი წარმოსადგენია ბოსტანში მჯდომი შაქრო პაპა, რომელიც მოწეული კიტრის მოხრილობას ტრანსპორტირით ზომავს, 12%-ზე ნაკლებიანს სათლში ყრის, რომელსაც „ევროკავშირი“ აწერია, 12%-ზე მეტიანით კი, თავის დედაკაცს „საპახმელიოდ“ წნილს გააკეთებინებს.
აღარაფერს ვამბობ სხვა ვალდებულებებზე, რომელსაც საქართველოს წინაშე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება დააყენებს და რომლის შესახებაც, საფუძვლიანად, ვფიქრობ ხელისუფლების წარმომადგენელთა დიდმა ნაწილმაც კი არ იცის.
და ბოლოს, მთავარი. ნიშნავს თუ არა ევროკავშირთა ასოცირების ხელშეკრულება იმას, რომ ჩვენ ამ გაერთიანების წევრი ნამდვილად გავხდებით?
არავითარ შემთხვევაში!
რომ აღარფერი ვთქვათ სხვა ქვეყნებზე, ჩვენი მეზობელი თურქეთი, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ევროკავშირის ასოცირებული წევრია, თუმცა სრულფასოვანი წევრობა მათ დღემდე ვერ ეღირსათ.
მოცემული მაგალითებიდან გამომდინარე, არსებობს საფრთხე, რომ საქართველომ ფუჭი დაპირებებისა და იმედების მოლოდინის საფუძველზე, უარი თქვას უფრო რეალურ და მომგებიან პერსპექტივაზე, ხოლო როცა ის ამის შედეგს დაინახავს, უკვე გვიან იქნება.
იგივე შეიძლება ითქვას ნატოსა და მაპზეც. საქართველოს უსაფრთხოების გარანტი არათუ „მაპ“-ი, არამედ ნატოც კი არ იქნება, სასწაულიც რომ მოხდეს და ამ ორგანიზაციის წევრები გავხდეთ.
ეს ჯერ კიდევ 2008 წელს დადასტურდა, როცა ნატომ თავისი წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ განაცხადა, რომ ის ბალტიისპირეთისთვის რუსეთს ომს არ დაუწყებს.
სავარაუდოდ დასავლეთი „აღშფოთება-შეშფოთების,“ უკიდურეს შემთხვევაში 30 კაცისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების (რომელსაც ისინი სანქციებს უწოდებენ) ფარგლებს ვერასდროს გასცდება, საქართველომ კი, ამასობაში შესაძლოა ხელისდან ისტორიული შანსი გაუშვას.
გასაგებია, რომ ეს, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი იქნება, მაგრამ ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოება, ყველა იმ პერსპექტივის ავკარგიანობის შესახებ სრულად ჩააყენოს საქმის კურსში, რომელიც ქვეყანას დღეს ალტერნატივის სახით აქვს. საზოგადოებამ კი, თუ ის ბოლო 20 წლის განამვლობაში, პოლიტიკური აზროვნების მხრივ ოდნავ მაინც გაიზარდა, ანალიზზე დაყრდნობით, საკუთარი ქვეყნის განვითარების გზის შესახებ არჩევანი თავად უნდა გააკეთოს.

ალექსანდრე კაპანაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა