მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილი პრემიერი და ქვეყნის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისგან განმათავისუფლებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში წავიდა,
ამ ნაბიჯმა საზოგადოების დიდ ნაწილში არცთუ მცირე გაუგებრობა გამოიწვია.
გაუგებრობის დონე გაზარდა იმ ფაქტმაც, რომ პრემიერყოფილს სამოქალაქო სექტორში თავისი საქმიანობის მიზნები არ დაუკონკრეტებია, თუმცა დააკონკრეტა მიმართულებები, რომლითაც ის მოღვაწეობის გაგრძელებას აპირებდა. ეს მიმართულებებია ხელისუფლების კონტროლი, ჟურნალისტების გადამზადება და მათში ანალიტიკური აზროვნების უნარის ჩამოყალიბება-ამაღლება და კვალიფიციური ექსპერტების გაზრდა.
საზოგადოებას ახსოვს აგრეთვე ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკიდან წასვლამდე ფაქტიურად ერთი დღით ადრე, დედაქალაქის მერობის კანდიდატად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, დავით ნარმანია დაასახელა.
ოფიციალურად, ეს ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის ბოლო პოლიტიკური აქტივობა იყო, თუმცა, როგორც მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, საკითხი არც ისე მარტივადაა და არც ახალი სამოქალაქო სექტორია პოლიტიკისგან თავისუფალი.
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, ქართულ პრესაში გამოქვეყნდა ინტერვიუ იმ ოჯახთან, რომელთანაც ბიძინა ივანიშვილი სტუდენტობის პერიოდში ქირით ცხოვრობდა.
ეს ოჯახი დედაქალაქში გამავალი რკინიგზის ხაზის მიმდებარედ ცხოვრობს. სწორედ მაშინ, როდესაც ახალი შემოვლითი რკინიგზის შესახებ დიდი ვნებათაღელვა იყო ატეხილი და ახალ ხელისუფლებას ეს პროექტი პრაქტიკულად გაჩერებული ჰქონდა, როგორც ირკვევა, ბიძინა ივანიშვილი თავის ძველ საცხოვრებელ უბანს ესტუმრა და ხალხს გაესაუბრა, რომლებმაც პრემიერყოფილთან რკინიგზის სიახლოვით გამოწვეულ დისკომფორტზე დაიჩივლეს.
კუკიაზე ივანიშვილის ამ ვიზიტის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა ოპერატიულად გამოაცხადა იმის შესახებ, რომ რკინიგზის შემოვლითი გზის პროექტი კვლავ აქტუალურიაო.
ესაა მცირე მაგალითი იმისა, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფომ, გადაწყვეტილება, სამოქალაქო სექტორში მყოფი ივანიშვილისა და კუკიის მოსახლეობის გასაუბრების შემდეგ მიიღო.
სამოქალაქო სექტორში წასვლამდე, ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის მაქსიმალურად შეუწყობდა ხელს ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა შორის პარიტეტის დამყარებას და ჯანსაღი კონკურენციის პრაქტიკის დამკვიდრებას.
სამწუხაროდ, საზოგადოებას ჯერჯერობით ამ კუთხით მის მიერ გადადგმული რეალური და კონკრეტული ნაბიჯები არ დაუნახავს. უფრო მეტიც, ბოლო დღეებში ბიძინა ივანიშვილი დაახლოებით იმავე ამპლუაში წარმოგვიდგა, რა ამპლუაშიც ის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში გვევლინებოდა, მაშინ როცა, როგორც ერთ-ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა განაცხადა, გიორგი მარგველაშვილს „შემოულაწუნესავით“ დაატარებდა და ხალხს არწმუნებდა, მისი არჩევის შემთხვევაში, თქვენ ძალიან ღირსეული პრეზიდენტი გეყოლებათო.
საზოგადოებას ისიც ახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში, პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ თუ მარგველაშვილი არჩევნებში 65 პროცენტზე ნაკლებს აიღებს, ეს ჩემს მოლოდინს არ გაამართლებსო. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს განცხადება პრაქტიკულ დირექტივად შეაფასა და როგორც არჩევნების შედეგებმა აჩვენა, - შეიძლება არცთუ უსაფუძვლოდ.
საპრეზიდენტო არჩევნების დეტალების განხილვა დღეს შეიძლება აქტუალური არ იყოს, მითუმეტეს, რომ იმ პერიოდში ივანიშვილი თავადაც საჯარო მოხელე იყო და პრაქტიკულად, ქვეყნის პირველი პირს წარმოადგენდა.
დღეს კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, სამოქალაქო სექტორში წასული ბიძინა ივანიშვილი, კოალიცია „ქართული ოცნების“ შეხვედრას ორჯერ დაესწრო და მათ არჩევნებში წარმატება უსურვა.
მისი მხრიდან ეს მოქმედება კი, პირდაპირ ეწინააღმდეგება მის მიერვე დეკლარირებულ მიზნებს, რომ ის სამოქალაქო სექტორიდან კონკურენტული პოლიტიკური გარემოს შექმნას შეუწყობდა ხელს. ყოფილმა პრემიერმა ამ ნაბიჯით, კოალიცია „ქართული ოცნება“ უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან, საზოგადოებაში კვლავ მაღალია მის მიმართ მადლიერების გრძნობა იმის გამო, რაც მან წელიწადნახევრის წინ უსისხლოდ მოახერხა.
თუ ბატონი ივანიშვილის მისვლა „ქართული ოცნების“ ღონისძიებებზე ნამდვილად მის მიერ გაცხადებულ მიზანს, ანუ ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას უკავშირდებოდა, მსგავსი ლოგიკით ის აუცილებლად უნდა მივიდეს თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის,“ „ლეიბორისტული პარტიის“ ან სხვა საარჩევნო სუბიექტების მსგავს ღონისძიებებზე და „ქართული ოცნების“ ანალოგიურად, მათ წარმატებები უნდა უსურვოს.
რა თქმა უნდა, ყოფილი პრემიერის მისვლა ოცნების საარჩევნო კამპანიის სტარტზე არანაირ კანონდარღვევას არ წარმოადგენს და მისი, როგორც თავისუფალი მოქალაქის ნებაა იმ ღონისძიებას დაესწროს, რომელზე დასწრების სურვილიც მას აქვს, მაგრამ ჩვენს მიერ ზემოთნახსენებმა მადლიერების ფაქტორმა, ძალიან ბევრ ამომრჩეველზე შეიძლება იქონიოს გავლენა და მათი არჩევანიც არა წინასაარჩევნო პროგრამის, არამედ პიროვნული ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყდეს.
გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილს გააჩნია ადამიანური სიმპათიები „ქართული ოცნების“ მიმართ და ეს სხვანაირად არც შეიძლება იყოს, ვინაიდან მან, ამ კოალიციასთან ერთად საკმაოდ რისკიანი ბრძოლის გზა გამოიარა, ამასთან, ამ კოალიციაში მისი ბევრი ახლობელი და სანდო პიროვნება მოღვაწეობს.
ამ შემთხვევაში უკვე მეორე კითხვა იბადება: თუ ბატონ ბიძინას გააჩნია დაუფარავი სიმპათიები „ქართული ოცნების“ მიმართ, მაშინ რა გარანტიაა იმისა, რომ მისი სამოქალაქო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებზე, რომლებიც, როგორ ვთქვით, ჟურნალისტებისა და ექსპერტების აღზრდას მოემსახურება, ამ უკანასკნელთა ცნობიერების ჩამოყალიბება „ქართული ოცნებისადმი“ სიმპათიის მანიშნებელი ანალიტიკური არგუმენტებით არ მოხდება?
მერწმუნეთ, ექსპერტი და ჟურნალისტი, რომელიც ტენდენციურია, თუნდაც „მოქალაქის“ მიერ იყოს ის გატრენინგებული და თუნდაც მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერდეს, ისეთივე ამაზრზენი იქნება, როგორი ამაზრზენებიც იყვნენ მიხეილ სააკაშვილის ექსპერტადწოდებული ლაქიები.
და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებამ ახალ, „მოქალაქედ“ წოდებულ ორგანიზაციაზე, უფრო სწორად კი, მის საქმიანობაზე არაფერი იცის და არც შეიძლება რომ იცოდეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ორგანიზაცია პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ „მოქალაქემ“ რაიმე ისეთი ან თუნდაც განსხვავებული ტიპის აქტივობა ჩაატარა, რომელსაც საქართველოში მოქმედი სხვა ანალოგიური ტიპის ორგანიზაციები ატარებენ.
ცალკე თემაა მათი საქმიანობა, განსაკუთრებით კი უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების საქმიანობა, მაგრამ სწორედ იმ ფონზე, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები ყველანაირად ცდილობენ ქართული საზოგადოების ნებისა და ცნობიერების წინააღმდეგ წავიდნენ, სწორედ ამ ფონზე, უფრო აუცილებელი და აქტუალურია, რომ საქართველოში თუნდაც ერთი, ადგილობრივი რესურსებით დაფინანსებული მძლავრი არასამთავრობო ორგანიზაცია ფუნქციონირებდეს, რომელიც არა დირექტივების, არამედ ქართული სახელმწიფოს ინტერესების მიხედვით იმოქმედებს.
რაც შეეხება კიდევ ერთ თემას, რაც ქართულ პოლიტიკურ რეალობაში საკმაოდ ნეგატიურად ჩანს, ეს პრეზიდენტ მარგველაშვილის მოქმედებებია, რომელმაც, შეიძლება ითქვას, რომ მის მიერ წინასწარვე დეკლარირებული პლასტელინის თვისებები უკვე სრულად გამოავლინა და თუ მას ადრე ბიძინა ივანიშვილისთვის სასურველი ფორმა ჰქონდა მიღებული, დღეს უკვე ნელ-ნელა, მისგან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სასურველი ფიგურა იძერწება.
არავინ იცის რა იქნება მომავალში, ან რა გამოიძერწება საქართველოს მოქმედი პრეზიდენტისგან, თუმცა მანამ, აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი გარედან ძალიან ცუდად ჩანს და ქვეყნის იმიჯზეც ცუდად აისახება.
ალექსანდრე კაპანაძე