უკვე რამდენიმე კვირაა ჩვენი რუბრიკის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში განვითარებული მოვლენებია და საქმეს ისეთი პირი უჩანს,
რომ ეს თემა აქტუალურ თემათა ჩამონათვალიდან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ გავა, მითუმეტეს, რომ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე პირდაპირი ასახვა ჰპოვოს.
თუ 16 მარტს ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმსა და მის შედეგებს, ასევე, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესების დინამიკას გავითვალისწინებთ, უკვე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში, თითქმის 3 თვის განმავლობაში მიმდინარე დასავლეთისგან წაქეზებული აქციებით, ყველაზე მეტი ხეირი ისევ და ისევ რუსეთმა ნახა, იხეირებს თუ არა ევროპა ამით, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება, ხოლო ერთადერთი, ვინც ნამდვილად წააგო და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება წაგებული, - ეს, სამწუხაროდ უკრაინაა.
სამწუხაროდ, უკრაინელმა ხალხმა ვერ გაითვალისწინა საქართველოს მაგალითი, როცა ქვეყანა მისმა უგუნური ხელისუფლების პოლიტიკამ ომამდე მიიყვანა, ხოლო თუ რად დაგვიჯდა ეს ომი, ამის გამეორება აღარ ღირს, რადგან მისი შედეგები თითოეული ჩვენგანის მოუშუშებელი ჭრილობაა.
დღევანდელი გადასახედიდან, შეიძლება ითქვას, რომ ევროპამ და მთლიანად დასავლეთმა უკრაინა გაწირა და მისთვის, რუსეთთან, რეალურ კონფლიქტში დღეს არავინ შევა.
უკრაინას სულ მცირე სამ ნაწილად გაყოფა ემუქრება, ესეც იმ შემთხვევაში, თუ იქ სამოქალაქო დაპირისპირებას არ ექნება ადგილი.
სამწუხაროდ, უკრაინასთან მიმართებაში ყველა შავი პროგნოზი მართლდება.
რამდენიმე დღის წინ გერმანიის მთავრობის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ყირიმის ამბები რუსეთს ძალიან ძვირი დაუჯდებაო. სამწუხაროდ, დასავლეთის მიერ გაკეთებული განცხადებები განცხადებებად რჩება და არც ბებერი ევროპა და არც ცბიერი ამერიკა,როცა საქმე რუსეთს ეხება, ამის იქეთ არ მიდის.
დიახ, ისევე, როგორც 2008 წლის საქართველო - რუსეთის ომის დროს, ამერიკა და ევროპა დღესაც მხოლოდ შეშფოთება-აღშფოთებით შემოიფარგლება, უკიდურეს შემთხვევაში კი, სუვერენული უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებებს გმობს.
ამასთან, არც ევროპას და არც ამერიკას არ აღმოაჩნდა რესურსი და არგუმენტები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ბრალდებების წინააღმდეგ, როდესაც მან დასავლეთი პოლიტიკურ ტყუილში დაადანაშაულა, როცა დასავლეთმა, 21 თებერვლის პირობების, ანუ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების სანაცვლოდ, მაიდნის გაჩერება არ უზრუნველყო და უფრო მეტიც, იანუკოვიჩის მხრიდან კომპრომისზე წასვლის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ხალხი ჩვენ აღარ გვემორჩილებაო.
მაშინ როცა სრულიად მსოფლიო შეშფოთებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, მაშინ როცა მსოფლიოს სუპერსახელმწიფოები აღნიშნულთან დაკავშირებით მხოლოდ შეშფოთება-აღშფოთებით შემოიფარგლებიან და მაშინ, როცა ჯერ კიდევ არავინ არ იცის, რა მოხდა ბოლო სამი თვის განმავლობაში მაიდანზე, როცა ეს საქმე გამოძიებული არაა, რუსეთს ღიად, პირისპირ და მკვეთრი ანტაგონიზმით მსოფლიოს მხოლოდ ერთადერთი ქვეყანა დაუპირისპირდა და როგორც გამოიცანით ეს ქვეყანა ისევ და ისევ, საქართველოა.
აღარაფერს ვამბობ ნაციონალური მოძრაობის მიერ დღემდე კონტროლირებად მედიასაშუალებებზე, რომლებიც უკრაინაში 100 კაცის შეკრებასაც კი ლამის, სახალხო რევოლუციად გვიხატავდნენ, ხოლო თბილისში გამოსულ 100 ათას ადამიანს არც კი იმჩნევდნენ.
ჟურნალისტთა ამ კატეგორიას ასეთი ფსიქოლოგია უკვე კარგა ხანია ჩამოუყალიბდა და იმის იქეთ გახედვას არათუ ვერ ბედავენ, არამედ ამის სურვილიც კი არ აქვთ.
მედიასაშუალებებს რომ თავი დავანებოთ, მგონი საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დღიდან მაიდანის აქციების დაწყებისა, რუსეთს ქოქოლას აყრის და მისთვის ნიღაბის ჩამოგლეჯას, 2008 წლის შემდეგ აგერ უკვე მეორედ, გულმოდგინედ ცდილობს.
სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვიგია არც აზერბაიჯანის და მიტუმეტეს, არც სომხეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისეთი მკვეთრი განცხადებები, როგორსაც საქართველოს, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ.
დღიდან მაიდნის აქციების დაწყებისა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელიდან მომენტს არ უშვებდა, რომ უკრაინის ამბებში რუსეთი არ დაედანაშაულებინა.
ეს რეაქცია იმ ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტიც სწორედ რუსეთს აქვს ოკუპირებული, ერთი შეხედვით ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ საკუთარ ომში მამაცობა ვერ ვისწავლეთ და სხვის ომში ბრძნობა ვერ მოვიშალეთ.
როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის მხარისთვის ქოქოლის დაყრის პროცესს ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად აქტიურად ახორციელებენ რესპუბლიკელები და ალასანიას დაჯგუფება.
მოგეხსენებათ, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სწორედ ირაკლი ალასანიას გუნდის წევრად მოიაზრება და ის ამავდროულად თავდაცვის მინისტრის ცოლისდაცაა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ ოფიციალურ ანტირუსულ განცხადებებს, შესაშური ოპერატიულობით გამოეხმაურნენ რესპუბლიკელებიც, - ძირითადად უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან.
კიდევ ერთხელ ვამბობთ, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების მინიმუმ 20 პროცენტი აქვს მიტაცებული და სისულელეც კი იქნებოდა ამ სახელმწიფოსთვის ბრმა მხარდაჭერა, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ მთელი მსოფლიო რუსეთს მხოლოდ დიპლომატიური ნოტების დონეზე და მხოლოდ აღშფოთებით ელაპარაკება, მართებული არაა თავი გამოიდო და ამხელა სახელმწიფოს პირველი ეკვეთო. ქვეყანას, რომლის შეიარაღებული ძალებიც, სხვათა შორის, საქართველოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრში დგანან და ქვეყანას, რომლის ბაზარზეც შენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება დიდადაა დამოკიდებული.
სამწუხაროდ, ქართველმა ერმა საკუთარ შეცდომებზეც ვერ ისწავლა, რადგან მსგავსი მაგალითი ჩვენს ქვეყანას ჯერ კიდევ 20-იოდე წლის წინ ჰქონდა.
მაშინ უკვე ნათელი იყო, რომ საბჭოთა კავშირი უახლოეს მომავალში წაიქცეოდა, ხოლო ამ ფონზე, საქართველოში დაწყებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მასშტაბები, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებული იყო.
მართალია ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას სათავეში საქართველოს ისეთი პატრიოტები ედგნენ, როგორიც ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იყო, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან უკვე შეიძლება ითქვას, რომ ქართველებმა საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდშიც ზედმეტად გამოვიდეთ თავი, რისთვისაც სხვათა შორის, დავისაჯეთ კიდეც.
1989 წლის 9 აპრილის შემდეგ მიიღეს დამოუკიდებლობა სომხეთმა, შუა აზიის რესპუბლიკებმა, ბელორუსმა და ასე შემდეგ, ისე, რომ მათ ქვეყანაში წვეთი სისხლიც არ დაღვრილა.
საქართველომ კი მიიღო 9 აპრილი და მიიღო ორი კონფლიქტური რეგიონი მის ტერიტორიაზე, რომელიც, მიხეილ სააკაშვილის ყოვლად უგუნური პოლიტიკის წყალობით, დღეს ოკუპირებულია და სამწუხაროდ, არ მისი დეოკუპაციის გზაზე ჩანს რაიმე ნათელი წერტილი.
გასაგებია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია დასავლეთის ხიბლი და საზოგადოების დიდი ნაწილიც, მართალია მოსალოდნელი შედეგების გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც დასავლეთისკენ ისწრაფვის, და ამის გამო, უკრაინელების მხარდასაჭერად ლოკალური სახის აქციები იმართება.
გასაგებია აგრეთვე ნაციონალური მოძრაობის თავგამოდებაც „უკრაინული დემოკრატიის“ დასაცავად, მაგრამ არავითარი ვალდებულება არ გააჩნია ქვეყნის დღევანდელ ხელისუფლებას, რომ აღნიშნულ გლობალურ პრობლემასთან დაკავშირებით მკვეთრად ცალსახა პოზიცია დაიკავოს.
სულ რამდენიმე დღის წინ, სტოკჰოლმში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ კომიტეტზე, საქართველოს პარლამეტის წევრმა თინა ხიდაშელმა, რუსეთის წინააღმდეგ ევროსაბჭოს წესდებით გათვალისწინებული სანქციების გამოყენება მოითხოვა.
საოცარია, მაშინ, როდესაც აღნიშნულ ღონისძიებაზე იმაზე გაცილებით ძლიერი და დიდი ქვეყნები იყვნენ წარმოდგენილნი როგორიც საქართველოა, რატომ მაინც და მაინც, ჩვენი პარლამენტის წევრს უნდა გაეჟღერებინა იდეა რუსეთისთვის სანქციების ამოქმედების შესახებ?
მართალია თინა ხიდაშელის გამოსვლის ტექსტი, როდესაც მან სანქციების ამოქმედება მოითხოვა, - გაჯერებული იყო საქართველოს კონტექსტით, ანუ ხიდაშელი ტექსტს ძირითად ლაიტმოტივად 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებს ადევნებდა, მაგრამ ეს ინიციატიცა ჩრდილოული დათვის გაღიზიანების კიდევ ერთი მცდელობა იყო.
„ეს დუსკუსია ამ კომიტეტში 6 წლის წინ უნდა შემდგარიყო, როდესაც რუსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ჩემი სამშობლოს ნაწილის ოკუპაციას ახდენდა მორიგ ჯერზე. სამწუხაროდ, მაშინ ეს არ მოხდა. მაშინ რუსეთი ვერ შევაჩერეთ. იმედია, ეს დღეს მაინც მოხერხდება და არავინ გაიზიარებს ამ დარბაზში რუსეთის წარმომადგენლების საუბარს იმაზე, რომ რუსი განმათავისუფლებლები ფაშისტებისაგან უკრაინის გათავისუფლებისთვის იბრძვიან.
დღეს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მარტივ მოვლენებს სახელები დავარქვათ. დამოუკიდებელ სახელმწიფოზე რუსეთის ინტერვენცია სახეზეა.
ევროპის საბჭოს კი მხოლოდ ის შეუძლია, რუსეთს დაუდასტუროს, რომ ის თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნების ორგანიზაციაა და შესაბამისად, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ სრულად აამოქმედოს“ - განაცხადა ქალბატონმა თინამ სტოკჰოლმში.
ისეთი პარტიის წარმომადგენელს, რომელსაც პრეტენზია ინტელექტუალური პარტიის წოდებაზე აქვს, ასეთი განცხადება ნამდვილად არ უნდა გაეკეთებინა, რადგან თავშივე განაცხადა, რომ 2008 წელს დასავლეთმა საქართველო ვერ დაიცვაო.
თუნდაც ამ მაგალითიდან გამომდინარე, უნდა მორიდებოდა თინა ხიდაშელი ასამბლეაზე მკვეთრ გამოსვლას, რადგან როგორც აღვნიშნეთ, იქ იყვნენ ისეთი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლების ჩვენისთანა ქვეყანას ტერიტორიულადაც, მოსახლეობის რაოდენობითაც და ეკონომიკის მოცულობითაც მკვეთრად აღემატებიან.
საქართველოს საკითხი ერთი წუთითაც რომ გვერდზე გადავდოთ და წარმოვიდგინოთ ის უკიდურესობა, რომ დასავლეთმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები მართლაც დაუწესოს.
ისევე, როგორც მაიდნის ავანტიურიდან, ამ შემთხვევაშიც მოგებული მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი დარჩება, ვინაიდან ის აამოქმედებს თავის ბერკეტებს ენერგორესურსებისა და ენერგომატარებლების მიმართულებით და მინიმუმ, ევროპასთან არსებულ სატარიფო პოლიტიკას გადახედავს.
ეს კი რუსეთისთვის დამატებითი მილიარდების შემოსავალს ნიშნავს.
გარდა ამისა, რუსეთისთვის სანქციების დაწესება დაახლოებით იმას ჰგავს, როდესაც დღევანდელი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა საბჭოთა კავშირს ბლოკადა მოუწყო და სამტრედიაში რკინიგზა გადაკეტა.
საერთაშორისო საზოგადოების მიერ სანქციების დაწესების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რუსეთის ეკონომიკას გაუჭირდება, მაგრამ უფრო მეტად გაუჭირდება იმ ქვეყნების ეკონომიკას, ვინც მას სანქციებს დაუწესებს.
რუსეთი, თავისი ტერიტორიული სიდიდიდან და მოსახლეობის სიმრავლიდან, აგრეთვე საკუთარი ბუნებრივი თუ წიაღისეული რესურსების მარაგიდან გამომდინარე, სულ რამდენიმე თვეში შეძლებს, რომ საკუთარი პროდუქციის გასაღების ბაზარი საკუთარ ქვეყანაშივე მოიძიოს და თავი სრულად დაიკმაყოფილოს.
რუსეთის ტერიტორიული და წიაღისეული რესურსები ამის საშუალებას იძლევა.
მაგალითად, ძალიან ბევრი სვამს კითხვას, რატომ არ ახდენს რუსეთი საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი შოუ-ბიზნესის ექსპორტს?
პასუხი მარტივია, რუსეთი იმხელა ქვეყაანაა, რომ ამ კუთხით არსებულ რესურსებს თავადვე მოიხმარს და საკუთარი შოუ-ბიზნესის უცხოეთში გატანა მას არ სჭირდება.
იგივე შეიძლება ითქვას ეკონომიკაზეც. ანუ რუსეთს აქვს პროდუქციაც და გასაღების ბაზარიც. ამასთან, ის ფლობს სტარტეგიული დანიშნულების ენერგორესურსებს და ენერგომატარებლებს.
ასე, რომ დასავლეთმა ნაკლებადსავარაუდოა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გამოიყენოს. აღარაფერს ვამბობ კონფლიქტში სამხედრო გზით ჩარევაზე, რაც დასავლეთისთვის უცილობელი კატასტრტოფა იქნება.
მიუხედავად ზოგიერთი ქართული ტელეარხის სურვილისა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ობამამ პუტინს ულტიმატუმი წაუყენაო, ძალიან ძნელად სავარაუდოა, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი გახდეს.
ეს რაც შეეხება გლობალურ სურათს, ხოლო თუ მანამ უკრაინასთან მიმართებაში ისევ ჩვენს პოზიციას მივუბრუნდებით, ამ კუთხით არსებული ვითარება საგანგაშოდ შეიძლება შევაფასოთ, ვინაიდან, როგორც საქართველო 2008 წელს და როგორც მსოფლიო დღეს დარწმუნდა, რუსეთს დათვური ნაბიჯების გადასადგმელად დიპლომატიური ნიადაგის დიდად შემზადება არ სჭირდება და მისთვის მიზეზია ყველაფერი, რაც თავისი სტარტეგიული ინტერესების განხორციელებაში შეუწყობს ხელს.
აქედან გამომდინარე, ადვილი შესაძლებელია, რომ რუსეთმა, საქრთველოს ოფიციალური ხელისუფლების პოზიციით განაწყენებულმა, ჩვენი ქვეყნის მისამართით რაიმე სახის სანქცია აამოქმედოს, თუნდაც იგივე ბაზრების ჩაკეტვა ან სხვა სახის პროვოკაცია, რომელიც, საბოლოო ჯამში განაპირობებს იმას, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირება მინიმუმ გადაიწევს, მაქსიმუმ კი ჩაიშლება.
ამიტომ, ქართულ მხარეს და საქართველოს დიპლომატიას, მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში მაინც, მართებს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს, რათა საკუთარი ქვეყნის ინეტერესები არ დააზიანოს.
და ბოლოს, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ზიგზაგების გამომწვევი პოლიტიკური ძალის, იგივე რესპუბლიკური პარტიის შესახებ, რომელმაც უკრაინის მოვლენებთან მიმართებაში, მთლიანად უგულვებელყო ქვეყნის დეკლარირებული ინტერესები და არც მეტი არც ნაკლები, პუტინის ღია ლანძღვაზე გადავიდა.
ამ ფონზე ცინიკურად ჟღერს ასევე, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო იმ მასშტაბის ქვეყანა არაა, მსოფლიოს უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში, მისი ოფიციალური უწყებების მიერ გაკეთებული განცხადებები ანგარიშგასაწევ დოკუმენტებად მიიღონო.
ანუ, ბატონმა ლევანმა ერთის მხრივ განაცხადა, რომ საქართველო რასაც იტყვის და საგარეო საქმეთა სამინისტრო რა პოზიციასაც დააფიქსირებს, ეს საერთაშორისო საზოგადოებას ცალ ფეხზე ჰკიდიაო. მეორეს მხრივ კი ის, საკუთარ განცხადებასთან წინააღმდეგობაში მოვიდა.
ანუ, თუ ქართული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ყურადაც არავინ იღებს, მაშინ რატომ გამოვიდა მისივე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი საერთაშორისო ტრიბუნაზე რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით?
ხოლო, რაც შეეხება თავად ბერძენიშვილის კომენტარის შინაარსს, ქართული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ანგარიშგასაწევად არავინ აღიქვამსო, ეს წმინდა წყლის სიცრუე, დემაგოგია და კონკრეტულ შემთხვევაზე შეგნებულად მორგებული პასუხია.
ვისაც ეს არ სჯერა, შეუძლია გაიხსენოს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და „რთველის გენერლის“ ირაკლი ოქრუაშვილის სიტყვები, რუსეთში ფეკალური მასები რომ შევიტანოთ, იმასაც გავყიდითო.
ერთი შეხედვით, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ამ არცთუ ინტელექტუალი წარმომადგენლის როყიოდ წამოსროლილ ფრაზას, ლევან ბერძენიშვილისეული ლოგიკით სერიოზული გართულება არ უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ოქრო ბიჭის ეს ფრაზა რუსეთის პოლიტიკურ ელიტას დღემდე ხელზე აქვს დახვეული და წამოგვაძახა კიდევაც ამ ორიოდე თვის წინ დუმის დეპუტატმა ჟირინოვსკიმ.
ასე, რომ ჩვენი ხშირ შემთხვევაში მოუზომავი და ცხელ გულზე გაკეთებული განცხადებებით, ჩვენს მოძმე და მართლაც უდიდეს გასაჭირში მყოფ უკრაინას ნაკლებადსავარაუდოა, რომ რამე ვუშველოთ, ხოლო ჩვენ, ეს განცხადებები, ნებისმიერ დროს, შეიძლება წინ დაგვხვდეს და სწორედ მათ ითამაშონ მთავარი დამაბრკოლებლის როლი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.
ალექსანდრე კაპანაძე
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“