ბოლო სამი თვის განმავლობაში, უკრაინაში განვითარებული მოვლენები, გარდა იმისა, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის დასაბამი შეიძლება გახდეს,
მთელი თანამედროვე კაცობრიობისთვის მაგალითად იქცა და მსოფლიოში მიმდინარე ბევრ პროცესს ახადა ფარდა.
მათგან უპირველესად აღსანიშნავი, დასავლეთის ორმაგი სტანდარტებია, რომელიც უკვე იმდენად ღია და თვალშისაცემია, რომ არც ევროპა და არც ამერიკა მას აღარც მალავს.
საგულისხმოა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, განცხადებაც, როდესაც მან ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთმა უკრაინასთან მიმართებაში იცრუა. კერძოდ კი, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის გაცხადებით, დასავლეთი ვალდებულებას იღებდა, რომ 21 თებერვლის პირობებით მაიდანი გაეჩერებინა. როგორც გვახსოვს ამ პირობებზე იანუკოვიჩი წავიდა, მაიდანის ლიდერებმა კი განცხადება გააკეთეს, რომ მათ ხალხი აღარ ემორჩილებოდათ და ამის შემდეგ, არეულობა კიევის ცენტრში, კვლავ გაგრძელდა.
ანუ, თუ დიპლომატიის ენას გვერდზე გადავდებთ და ლავროვის ნათქვამს პოპულარულ ენაზე გადმოვთარგმნით, გამოდის, რომ დასავლეთმა იანუკოვიჩი და რუსეთი გადააგდო და უკრაინაში სტაბილურობის დამყარებას ხელი შეუშალა.
არავითარი საფუძველი არ გვაქვს, რომ ლავროვის განცხადებას არ ვერწმუნოთ, რადგან მისი ნათქვამი არცერთ დასავლელ პოლიტიკოსს არ უარყვია.
ანუ, გამოდის, რომ დასავლეთი უკრაინაში არეულობის მოწყობით თავად იყო დაინტერესებული და ეს განახორციელა კიდევაც.
ყველაფერ ამას ემატება ქეთრინ ეშტონის სიტყვებიც, რომლის თანახმადაც, ის სნაიპერები, რომლებიც სახურავებიდან მომიტინგეებსა და სპეცრაზმელებს ერთნაირი წარმატებით ხოცავდნენ, თურმე არა იანუკოვიჩის მხარდამჭერები, არამედ გაურკვეველი წარმომავლობის დაქირავებული, შეიარაღებული ხალხი ყოფილა.
ეს ყველაფერი კი ამძაფრებს ეჭვს იმის შესახებ, რომ იანუკოვიჩს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დანაშაული არ ჩაუდენია და რაც მაიდანზე მოხდა, მთლიანად დასავლეთის მიერ იყო ინსპირირებული.
ამის შესახებ, სხვათა შორის, ლავროვმა ღიად განაცხადა კიდეც, როცა აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები გარე ძალებისგან იმართებოდაო. მართალია მას დასავლეთი ღიად არ დაუდანაშაულებია, მაგრამ თუ ვის გულისხმობდა რუსეთის პირველი დიპლომატი გარე ძალებში, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს.
მოკლედ ასეა თუ ისე, დასავლეთმა თავის მიზანს მიაღწია და დღეს უკრაინის სათავეში აღარაა პიროვნება, რომელიც კონდოლიზა რაისის თქმით, მას პუტინმა 2004 წელს, როგორც „თავისი კაცი,“ ისე გააცნო.
აშკარად იკითხებოდა აგრეთვე, რომ უკრაინის მოვლენების დასრულება და იქ ხელისუფლების შეცვლა სოჭის ოლიმპიადის ფინიშამდე იყო დაგეგმილი, რადგან საკუთარ ტერიტორიაზე ოლიმპიადის მიმდინარეობისას, რუსეთს პრაქტიკულად ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, თუმცა უნდა ითქვას, რომ რუსულმა დიპლომატიამ და სპეცსამსახურებმა იმდენი შეძლეს, რომ მაიდანზე პროცესები ოლიმპიადის დასრულებამდე გაწელეს, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, პროცესებს უკვე შეუქცევადი ხასიათი ჰქონდა მიღებული.
როგორც მოსალოდნელი იყო, ოლიმპიადის დასრულებისთნავე რუსეთმა უკრაინისთვის მოიცალა და არც მეტი არც ნაკლები, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას შეუქმნა საფრთხე, ხოლო როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, ამის პროგნოზირება დღეს უკვე ძალიან ძნელია.
გარდა ყირიმისა, უკრაინას აქვს რეგიონები, სადაც არა რუსულენოვანი, არამედ ეთნიკურად რუსი მოსახლეობა აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენს, ხოლო თუ რუსეთის მიერ კარგად აპრობირებულ პასპორტიზაციის პროცესსაც გავითვალისწინებთ, რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკრაინაში, ძნელი გამოსაცნობი არ არის.
ანუ დღეს ფაქტიურად, უკრაინა რუსეთის პირისპირ აღმოჩნდა, ხოლო ევროპაც და ამერიკაც, ტრადიციული შეშფოთებით, შიგადაშიგ კი აღშფოთებით შემოიფარგლებიან.
საზოგადოებას კარგად ახსოვს, როდესაც მაიდანზე მისულმა ქეთრინ ეშტონმა აქციის მონაწილეებს პაკეტით ორცხობილები მიუტანა და ამ გზით გაამხნევა, ხოლო დღეს, როდესაც უკრაინის სხვადასხვა მხარეებსა და სხვადასხვა ქალაქებში ევრომაიდნის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებიან, რა თქმა უნდა, იქ ევრკავშირის არცერთი წარმომადგენელი არ ჩადის.
ის, რომ რეალური დასავლური ღირებულებები კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე მართლაც უალტერნატივოა, - არანაირ ეჭვს არ იწვევს, მაგრამ საკითხავი ისაა, უნდა კი ევროპას თავის რიგებში სრულუფლებიან წევრად იხილოს ისეთი ქვეყნები, როგორიც უკრაინა და მითუმეტეს საქართველოა?
უფრო სავარაუდოა, რომ ევროპას სჭირდება ევროკავშირში გაწევრიანების მუდმივად მომლოდინე საქართველო და უკრაინა, რათა ამ მოლოდინის სანაცვლოდ, დასავლეთმა ამ ქვეყნების ტერიტორიებზე ან მათი ტერიტორიის გამოყენებით თავისი გლობალური ინტერესები გაატაროს.
იგივე შეიძლება ითქვას ნატოზეც, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა თავის უშუალო საზღვარზე, ნატოს წევრი ახალი სახელმწიფოს არსებობა არ დაუშვას.
ეს ზოგადად, ეხლა კი იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა დღეს უკრაინასთან დაკავშირებით და რით დაეხმარება დასავლეთი უკრაინას ორცხობილების შემდეგ?
სამწუხაროდ, ამ კუთხით არანაირი საიმედო სურათი არ იკვეთება.
დასავლეთი, თავისი ტრადიციული შეშფოთება - აღფოთების ფონზე ადევნებს თვალს უკრაინის დაშლის სამზადისს და მხოლოდ და მხოლოდ განცხადებების კეთებით შემოიფარგლება, ხოლო თუ როგორ მოქმედებს რუსეთის ხელისუფლების პირველ პირებზე დიპლომატიური განცხადებები, ეს, ჩვენდა სამწუხაროდ, 2008 წლის ზაფხულში თავად ვნახეთ.
ანუ, უნდა ვიყოთ თუ არა ევროპისა და ამერიკის იმედად იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სტაბილურ განვითარებას რუსეთის მხრიდან საფრთხე დაემუქრება?
ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან და უკრაინის მაგალითიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ჩვენ დასავლეთის იმედზე ყოფნა არაფრად გვარგებს და დასავლეთის გვერდით დადგომის ილუზიით აჟიტირებულებმა ისეთი შეცდომა შეიძლება დავუშვათ, რომლის გამოსწორებასაც არათუ ათწლეულები, შეიძლება საუკუნეც კი დასჭირდეს.
დღევანდელი გადასახედიდან უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრომაიდანზე გამართული აქციებით ყველაზე მეტად ისარგებლა რუსეთმა, რადგან მას ამ ეტაპზე მოვლენების ნებისმიერი სახით განვითარება აძლევს ხელს, ასევე შესაძლოა ისარგებლა დასავლეთმაც, დაზარალებით კი მხოლოდ და მხოლოდ უკრაინა და უკრაინელი ხალხი დაზარალდა.
ადრეც დაგვიწერია და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ მსოფლიოს უდიდესმა სამხედრო გაერთიანებამ, რუსეთის მიერ შესაძლო აგრესიის შემთხვევაში, თავისი წევრი ბალტიისპირეთის ერთ-ერთი სახელმწიფოს სამხედრო გზით დაცვაზე უარი განაცხადა და ამით ძირშივე უარყო გაერთიანების უმთავრესი ლოზუნგი - „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“ და პრინციპი, რომ ნატოს წევრ ნებისმიერ სახელომწიფოზე თავდასხმა აღიქმება, როგორც თავდასხმა მთლიანად ალიანსზე.
როგორც აღვნიშნეთ, უკრაინაში ჯერ არაფერი დასრულებულა, პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება, სადაც რუსეთის როლი ზედმეტად აქტიური იქნება, ხოლო რას მოიმოქმედებს მის საპირწონედ დასავლეთი, ეს მალე გამოჩნდება, თუმცა როგორც ჯერჯერობით უჩანს პირი, ევროპა და ამერიკა, შეშფოთება - აღშფოთებას, მაქსიმუმ რაიმე სახის დიპლომატიურ პროტესტსაც დაუმატებს.
სასაცილოა ზოგიერთი ქართული ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვების ტექსტები იმის შესახებ, რომ ობამამ პუტინს ულტიმატუმი წაუყენა, ან ამერიკული არმია მზადაა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ძალისმიერი გზით ჩაერთოს.
ეს ყველაფერი უიაფესი და მდაბიო პიარია, რომელიც ალბათ საზოგადოების გარკვეულ სეგმენტზეა გათვლილი, თუმცა უნდა ითქვას, რომ დასავლეთის მკვეთრი ნაბიჯების უკვე აღარავის სჯერა.
და საერთოდ, საინტერესოა იცის თუ არა უკრაინის ან თუნდაც საქართველოს მოსახლეობამ იმ ვალდებულებების შესახებ, რასაც მათ ევროკავშირთან თუნდაც, ასოცირებული წევრობა აკისრებს? აღარაფერს ვამბობ იმ შემთხვევაზე, თუ სასწაული მოხდა და ეს ქვეყნები ერთად, ან რომელიმე მათგანი ევროკავშირში მართლაც მიიღეს.
ევროკავშირი პირველ რიგში, ეკონომიკური გაერთიანებაა და მას უმკაცრესი პოლიტიკა და სტანდარტები აქვს დაწესებული ეკონომიკის კუთხით.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ავტომატურად ნიშნავს, რომ ჩვენმა ქვეყანამ მყისიერად უნდა გააღოს კარები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკმაოდ საეჭვო პროდუქციისთვის, ხოლო თავად, იმ დონეზე, რომ სათანადო სტანდარტის ექსპორტი აწარმოოს, მინიმუმ 10-15 წლის შემდეგ თუ ავა.
რაც შეეხება ნატოს, ამ უდიდეს სამხედრო გაერთიანებასაც ასევე თავისი უმკაცრესი წესები აქვს, დაწყებული ადამიანი უფლებებიდან, დამთავრებული სამხედრო ინფრასტრუქტურის მზადყოფნით. სამწუხაროდ, საქართველო დღეს არც ამ კუთხითაა მზად. ამასთან, ის ნატოს წევრობით, იმ შემთხვევაში, თუ ასევე სასწაული მოხდება და ალიანსის ოჯახში შევა, თავის უსაფრთხოებას უდიდესი საფრთხის ქვეშ დააყენებს, რადგან ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში ნატოსა და რუსეთს შორის, ის ჩრდილოელი მეზობლის სამიზნეზე პირდაპირ დაჯდება.
საერთოდ კი, იქმნება შთაბეჭდილება, რომ როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში, დასავლეთთან ინტეგრაციის აუცილებლობაზე საუბარი ერთგვარ მოდად იქცა, რომლის იქეთაც არც ვალდებულებებზე და არც მოსალოდნელ შედეგებზე ფიქრი აუცილებელი არ არის.
შექმნა რა მოლოდინი დასავლეთთან სრულფასოვანი ინტეგრაციისა, ევროპა დღეს ამით მშვენივრად სარგებლობს და საზოგადოების იმ ნაწილზე, ვინც დასავლურ კურსს ბრმად უჭერს მხარს, ეფექტურად მანიპულრებს.
ზოგადად კი, დღეს ევროპა და ნატო ჰგავს ცხენზე მჯდომ მხედარს, რომელსაც ხელში წინგაწვდილი, გრძელი ჯოხის ბოლოზე დამაგრებული ბღუჯა ბალახი უჭირავს. მის ტრანსპორტს კი ჰგონია, რაც უფრო მეტ ნაბიჯს გადადგამს, მით უფრო მიუახლოვდება სანუკვარ ბალახს, სინამდვილეში კი, ის ბალახი მისი ნაბიჯების სიჩქარის პირდაპირპროპორციული სიჩქარით შორდება მის პირს და შესაბამისად, საჭაპანო ტრანსპორტის მცდელობაც სანუკვარ ნუგბარს ეღირსოს, – ამაოა.
დღეს ექსპერტთა დიდი ნაწილი გამოთქვამს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი, აგვისტოს თვის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციებს გაააქტიურებს.
მოგეხსენებათ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი სწორედ აგვისტოში უნდა მოეწეროს და ეს ფაქტი, ანალიტიკოსთა არცთუ უსაფუძვლო შეშფოთებას ეს იწვევს.
ღმერთმა არ ქნას და თუ საქართველოს მაიდნის მსგავსი სცენარი დაემუქრა, მაშინ ქართველმა ხალხმა, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეს, საკუთარ თავს ერთადერთი კითხვა უნდა დაუსვას: - რამდენად შეიცვალა ევროპა სულხან საბა ორბელიანიდან დღემდე?, და რაც მთავარია ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცეს, შემდეგ კი, თავისი პოზიციის დაფიქსირებაზე იფიქროს.
უსაფუძვლო და ყოველგვარ საღ აზრსაა მოკლებული აგრეთვე ის პოზიცია, რომ რუსეთს, უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოს წინააღმდეგ ბერკეტები არ აქვსო.
ეს დაახლოებით იმას ჰგავს, როდესაც ჩვენ სამტრედიაში, რკინიგზის გადაკეტვით, რუსეთს ეკონომიკურ ბლოკადას ვუცხადებდით.
შესაძლოა, რუსეთს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ეკონომიკური სახის ბერკეტები მართლაც მცირე რაოდენობით ჰქონდეს, მაგრამ მას გააჩნია უზარმაზარი პოლიტიკური და საქართველოში ეთნიკური შუღლის პროვოცირების ბერკეტები, ხოლო , ისტორიის მაგალითების გათვალისწინებით, როცა რუსეთის ბერკეტები არ ამართლებს, მაშინ საქმეში მისი უმთავრესი ბერკეტი - არმია ერთვება.
ასე, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებას უდიდესი ძალისხმევა მართებს ევროპასა და რუსეთს შორის ოქროს შუალედი დაიჭიროს და დასავლეთისა და ჩრდილოეთის ინტერესები კავკასიაში და კერძოდ საქართველოში, ერთმანეთთან თანხვედრაში მაქსიმალურად მოაქციოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს სტაბილურ განვითარებას შეიძლება საკმაოდ რეალური საფრთხე დაემუქროს.
და მაინც, რა უნდა ისწავლოს საქართველომ უკრაინის გაკვეთილიდან?
საქართველომ უკრაინის გაკვეთილისგან პირველ რიგში, უნდა ისწავლოს ის, რომ საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ინტერესებიდან გამოვიდეს და ტრაფარეტული ღირებულებების გაკულტებას თავი უნდა დაანებოს, მითუმეტეს, თუ ეს ღირებულებები ბუტაფორულია;
საქართველომ უნდა ისწავლოს, რომ როგორც რუსეთს, ასევე დასავლეთს, აღელვებთ არა ქართველი ხალხის ბედი, არამედ გეოსტრატეგიული ინტერესი და ამ ორი სუპერძალის ინტერესებიდან, ჩვენმა ქვეყანამ მაქსიმალური სარგებელი უნდა ნახოს და არ დაუშვას, რომ საზოგადოებას შორის დაპირისპირება და გახლეჩა მოხდეს;
საქართველომ არ უნდა დაუშვას, რომ რუსეთს, ჩვენი ქვეყნის დამატებითი ტერიტორიების ანექსიის საშუალება მისცეს, ან საშუალება, რომ ჩვენს ქვეყანაში ახალი კონფლიქტური კერა წარმოქმნას;
და ბოლოს, ქართველმა ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან შოუ და სამშობლოს ნამდვილი სიყვარული, უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან პოპულიზმზე დაფუძნებული და რეალური პატრიოტიზმი, უნდა განასხვავოს რეალური და ფასადური პერსპექტივები და არ წამოეგოს ბრჭყვიალა ქაღალდში გახვეულ დაპირებებს.
თუ ამ ყველაფერს საქართველოს ხელისუფლება და ქართველი საზოგადოება გაითვალისწინებს, მაშინ ის ნამდვილად შეძლებს ისარგებლოს მსოფლიოში დღეს შექმნილი პოლიტიკური სურათით და მის მიმართ არსებული უდიდესი ინტერესი როგორც ჩრდილოეთის, ასევე დასავლეთის მხრიდან, მისთვის მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენოს, რაც სამართლიანობის რეალურად აღდგენასთან თანხვედრის შემთხვევაში, ქვეყნის წარმატებული განვითარებისა და წინსვლის საფუძველი ნამდვილად გახდება.
ალექსანდრე კაპანაძე
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“