საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ანუ ბოლო 23 წლის განმავლობაში პირველად,
გასულ კვირაში ქვეყნის ისტორიაში დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც საქართველომ, როგორც ქვეყანამ, თავი არა როგორც დახმარების სათხოვნელად წასულმა, არა როგორც, თუნდაც დიპლომატიურ დონეზე მფარველობის სათხოვნელად წასულმა, არამედ, როგორც მსოფლიო თანამეგობრობის სრულუფლებიანმა და თანასწორმა წევრმა იგრძნო.
დიახ, საქმე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ზესახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას შეხვედრას შეეხება.
ზოგადად, ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკულ ვოიაჟს თუ შევაფასებთ, იმ შემთხვევაშიც კი, მას ქვეყნის პირველი პირი რომც არ შეხვედროდა, საქართველოს პრემიერის ვიზიტი, მაინც ძალიან წარმატებულად შეიძლება შეფასდეს. ამის სადემონსტრაციოდ თუნდა ის ფაქტიც კმარა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ოკეანისგაღმეთს ჯო ბაიდენის პირადი მიწვევით ესტუმრა.
ცალკე აღნიშვნის თემაა საქართველოს პრემიერის შეხვედრები შეერთებული შტატების გავლენიან სენატორებთან და კონგრესმენებთან, ასევე, მსხვილი ამერიკული ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან.
ერთი სიტყვით, ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკაში ვიზიტი შეიძლება შეფასდეს, როგორც წლების განმავლობაში საქართველოს გარშემო მოქსოვილი ჯადოსნური შავი გარსის გარღვევა, რომლის იქეთაც, წლების განმავლობაში მხოლოდ ნაციონალები იყურებოდნენ და დანარჩენ მსოფლიოს თავს რუსეთისგან დაჩაგრულ პატრიოტებად, ხოლო საქართველოს, ძნელად სამართავ ველურ საზოგადოებად წარმოაჩენდნენ. ამ სიტყვებში გადაჭარბებული არაფერია, ვინაიდან, ერთხელ ჩვენმა პრეზიდენტყოფილმა სააკაშვილმა საჯაროდ ასეთი რამ განაცხადა: - საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ყაჩაღებს ძეგლებს უდგამენო. მაშინ თვითმფრინავის ხმის მოშიშმა სააკაშვილმა ყაჩაღში არსენა მარაბდელი იგულისხმა. ადვილი წარმოსადგენია, როცა საქართველოს ყოფილ მთავარსარდალს ეს სიტყვები საჯაროდ, კამერების თანდასწრებით წამოსცდა, როგორ დაუხატავდა ის უცხოელ დიპლომატებს დახურული შეხვედრების დროს ქართველებს, მათ კულტურას და როგორ დაიწუწუნებდა, რომ განგებამ ამ „ველური და არაცივილიზებული“ ხალხის პრეზიდენტობა და მართვა არგუნა.
ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკაში ვიზიტით, საბოლოოდ დაიმსხვრა მითი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხოლოდ სააკაშვილის „დემოკრატიის შუქურობით“ იყო აღფრთოვანებული და ქვეყანაში მოსულ ახალ ხელისუფლებას მხოლოდ რუსეთის მარიონეტად და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ რეპრესიულ მანქანად განიხილავდა.
ყველას კარგად გვახსოვს, შეერთებულ შტატებში ვიზიტების დროს, როგორ ცდილობდა მიხეილ სააკაშვილი, რომ ბარაკ ობამა სადმე ხელის ჩამოსართმევ მანძილზე გამოეჭირა და ეს კამერებს დაეფიქსირებინა, რასაც შემდეგ საქართველოში, მიშას მონა-ლაქუცა ტელევიზიები და ჟურნალისტები, უპრეცედენტო მხარდაჭერად შეაფასებდნენ.
რამდენადაც პრესაში ინფორმაცია ჟონავდა, ბარაკ ობამა, რომელმაც ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე უწოდა მიხეილ სააკაშვილს სუსტი ლიდერი, - ყველანაირად ცდილობდა, რომ სააკაშვილისთვის ხელი არ ჩამოერთმია.
მიუხედავად ობამას მცდელობისა, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის პრეზიდენტი ერთ-ერთ საერთაშორისო ღონისძიებაზე მაინც „გამოიჭირა“. როგორც საზოგადოებას ახსოვს, მაშინ სააკაშვილმა ობამას თბილისში, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნის იდეის შესახებ მოახსენა, რაც ობამამ დიდსულოვნად მოუწონა.
მაშინ, ჯერ კიდევ სააკაშვილისადმი სასწაულებრივად შემორჩენილი მორჩილების უდიდესი ხარისხის გამო, მიშას ტელევიზიებმა და ჟურნალისტებმა ეს ნახევარწუთიანი საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის მიმართ უდიდეს მხარდაჭერად შემოგვასაღეს.
ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, რას იზამდა მიხეილ სააკაშვილი, მისი ხელისუფლება და მისი კონტროლირებადი მედიასაშუალებები იმ შემთხვევაში, ღარიბაშვილის ადგილას სააკაშვილი რომ ყოფილიყო და ბარაკ ობამა მას, პროტოკოლის გვერდის ავლით, დაუგეგმავად შეხვედროდა.
ამ ფაქტს მყისიერად მოჰყვებოდა პირდაპირი ჩართვით ეთერის გაწყვეტა მიშას ყველა ტელევიზიის მიერ და მას ჯერ მიშას ჟურნალისტები და მერე თავად მიხეილ სააკაშვილი ამერიკიდან, შეაფასებდა როგორც მსოფლიოში არნახულ და უპრეცედენტო მოვლენას, რაც, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებად გასაღდებოდა, ხოლო ამ შეხვედრიდან მინიმუმ ორი თვის განმავლობაში, მიშა თავხელიძისთანა ექსპერტები მუდმივად იმის ტირაჟირებაში იქნებოდნენ, რომ ობამას სააკაშვილთან შეხვედრა ისტორიული მნიშვნელობისაა, რომელიც მალე რუსეთის დაშლასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მოასწავებსო.
საბედნიეროდ, დღევანდელი ხელისუფლება მსგავს იაფასიან და სასაცილო პიარსვლებს არ მიმართავს და არც საჭიროა, რადგან ობამას შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილთან, შეიძლება საქართველოს მომავალი განვითარების გზაზე, მართლაცდა ისტორიული მნიშვნელობის გამოდგეს.
დავიწყოთ იქედან, რომ ბარაკ ობამასთან შეხვედრა, თუ ეს ყველაფერი პროტოკოლით არაა გათვალისწინებული, მართლაც უიშვიათესი შემთხვევაა და შეიძლება ის უპრეცედენტოც კი იყოს, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, დამსახურებაა არა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუხლჩაუხრელი შრომისა, არამედ მსოფლიოში შექმნილი გლობალური პოლიტიკური მდგომარეობისა.
ამავე რუბრიკებში ადრეც ხშირად დაგვიწერია, რომ საქართველოს დღეს აქვს სამომავლო განვითარების ისეთი შანსი, რომელიც მას შეიძლება უახლოესი ერთი საუკუნის განმავლობაში აღარც გაუჩნდეს.
დღეს საქართველო დგას მსოფლიოს გიგანტი სახელმწიფოებისა და გიგანტი გაერთიანებების ინტერესთა გზაგასაყარზე და მას, თავისი საგარეო პოლიტიკის არჩევანის სანაცვლოდ, უდიდესი სარგებლის მიღება შეუძლია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველოსვე, თავისი არასწორი არჩევანის სანაცვლოდ უდიდესი ზიანის მიღებაც შეუძლია და აქ ყველაფერი ქვეყნის ხელისუფლებისა და საზოგადოების სიბრძნეზე იქნება დამოკიდებული.
სწორედ საქართველოს მნიშვნელობის დამსახურება იყო პირველ რიგში ის დიპლომატიური ჟესტი, რაც ამერიკულმა მხარემ და პირადად, ამერიკის პირველმა პირმა საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში გააკეთა და რომლითაც, დამერწმუნებით, რომ არც საქართველოზე უფრო მეტად ძლიერი სახელმწიფოები არიან განებივრებულები.
თუ ბოლო პერიოდში საქართველოს მიმართ დასავლეთის დამოკიდებულებას გადავავლებთ თვალს, მაშინ ობამას მიერ პროტოკოლის დარღვევა და ქართულ მხარესთან დაუგეგმავი შეხვედრაც არ უნდა გაგვიკვირდეს.
როგორც გვახსოვს, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირებას ხელი სულ რამდენიმე თვის წინ მოაწერა და თითქოს, 2014 წლის ოქტომბრამდე, ანუ ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე ყველაფერი მიწყნარდა, მაგრამ პარაფირებიდან სულ რამდენიმე კვირაში, ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა განცხადება გააკეთეს, რომ საქართველოსთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელს, ისინი ნაცვლად სექტემბრისა, აგვისტოში მოაწერდნენ.
შეუიარაღებელი თვალისთვისაც კი აშკარაა, რომ დასავლეთი, კულისებსმიღმა ბრძოლაში აშკარად ცაიტნოტშია და ის მზადაა თავის მიერ წლების განმავლობაში გაჯანჯლებული ევროინტეგრაციის პროცესი თავადვე დააჩქაროს, თუმცა ამ შემთხვევაში ის სხვა სირთულეებს წააწყდება.
ამ სირთულეების მიზეზები კი, მის მიერვე საქართველოსთან დაკავშირებით ათი წლის განმავლობაში ნათამაშებ ორმაგ თამაშში უნდა ეძებოს, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ დიქტატორსა და ავანტიურისტს, „ჩვენი ძაღლიშვილის“ პრინციპით, დემოკრატიის შუქურად გვასაღებდა.
სწორედ იმის გამო, რომ დასავლეთისგან ნაქებმა და მოწონებულმა სააკაშვილ-ადეიშვილ-მერაბიშვილ-ბოკერიამ, ქართველ ხალხს ყველაფერი დასავლური შეაძულეს და მათ ნამდვილი დემოკრატიული ღირებულებების შესახებ ღრმა ეჭვები გაუჩინეს, - დღეს დასავლეთი საქართველოში ძლიერ დასაყრდენს აღარ უნდა ელოდეს.
სულ ცოტა ხნის წინ, ამერიკაში, უმაღლეს დონეზე მოხდა მოთხოვნის დაყენება საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების შესახებ.
თუ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ნატოში ქვეყნის ინტეგრაციას მხარს უპირობოდ და შეიძლება ითქვას, რომ ბრმად უჭერდა, დღეს ეს ვითარება შეიცვალა და ქართველი ხალხის გულის მოგება დასავლეთის მიერ, მაპ-ის მინიჭების შემთხვევაშიც საკმაოდ გაჭირდება.
ამის გამომწვევი ფაქტორი კი ისევ და ისევ, ნატოს წევრი ქვეყნების მიერ მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის დემოკრატიის მექად წარმოჩენის მცდელობა და 2008 წელს, რუსეთ-საქრთველოს ომის დროს, თავად ნატოს უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა, რომლის თანახმადაც, ნატომ თავის უმთავრეს პრინციპს - „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის,“ - უღალატა.
მოგეხსენებათ, რუსეთ-საქართველოს ომის დრო, ბალტიისპირა ერთ-ერთმა ნატოს წევრმა პატარა ქვეყანამ, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის შესახებ განცხადება გააკეთა, რასაც ნატოს მხრიდან საპასუხო განცხადება მოჰყვა, რომლის თანახმადაც, ნატო, თუნდაც, თავისი წევრი სახელმწიფოსთვის, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში არ ჩაერთვებოდა.
ამ განცხადებით, ნატომ უარყო თავისი უმთავრესი პრინციპი, რომლის თანახმადაც, ნატოს წევრ ერთ რომელიმე სახელმწიფოზე თავდასხმა, მთლიანად ალიანსზე თავდასხმად აღიქმება.
ამ პრეცედენტის გათვალისწინებით, ქართველი საზოგადოება სვამს კითხვას, რაში სჭირდება მას ნატოს წევრობა, რომელიც მის მიმართ რუსეთის მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას გამოიწვევს, იმ შემთხვევაში, თუ აგრესიის დროს, ნატო საქართველოს არ დაიცავს და გვერდზე გადგება?
პასუხი საკმაოდ მარტივია: ასეთი სამხედრო ალიანსი საქართველოს ნამდვილად არაფერში არ სჭირდება და მასში გაწევრიანება მხოლოდ ზედმეტი ვალდებულებებისა და რუსეთთან დამატებით გართულების მომტანი იქნება.
ეს ყველაფერი კი ქართველ საზოგადოებას უკვე გაცნობიერებული აქვს და სწორედ ესაა ის ფაქტორი, რის გამოც, თუნდაც რეალურად დიდი მონდომებისა, დასავლეთს ქართველ საზოგადოებაში მრავალრიცხოვანი დასაყრდენის მოძებნა გაუჭირდება.
სწორედ დასავლეთის არათანმიმდევრულმა და ორმაგი სტანდარტების პოლიტიკამ მიიყვანა ის მარცხის პირას აღმოსავლეთ ევროპაში და კერძოდ, უკრაინაში.
უკრაინა, ძალიან დიდი ალბათობით, დასავლეთისთვის საკმაოდ დიდი ხნითაა დაკარგული, ან, სცენარის მეორე ვარიანტის მიხედვით, ის დასაშლელადაა განწირული.
არცერთი აღნიშნული ვარიანტი დასავლეთს არ აწყობს, ხოლო რუსეთი, ნებისმიერი ამ ვარიანტის განვითარების შემთხვევაში მოგებული რჩება.
საქართველოს მიმართ დასავლეთის მსგავსი დაინტერესება და მზადყოფნა, რომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი ვადაზე ადრე მოვაწეროთ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამოცაა გამოწვეული და სავარაუდოდ, სწორედ უკრაინის პროცესები გახდა ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი იმისა, რომ ამერიკაში მყოფ საქართველოს დელეგაციასთან, პროტოკოლური შეთანხმების გარეშე თავად ბარაკ ობამა მივიდა.
რა შეიძლებოდა ყოფილიყო განხილული ობამა-ღარიბაშვილის შეხვედრაზე და რაზე შეიძლება საუბარი შემდგარიყო?
უპირველეს ყოვლისა, ალბათ საქართველოს საგარეო კურსზე, მის არჩევანსა და ამერიკული მხრიდან დახმარებაზე.
სავარაუდოდ, საუბარი შეეხებოდა აგრეთვე, საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის სისტემურ დანაშაულებს, რომელთა შესახებაც, ყველაზე მეტი ინფორმაცია შინაგან საქმეთა ყოფილ და მოქმედ პრემიერს აქვს. ამისთვის, სამეგრელოს ტყეებში მოწყობილი სამალავები და იქ ვანო მერაბიშვილის ხელისბიჭების მიერ ჩატარებული „გაუპატიურების რიტუალებიც“ საკმარისი იქნებოდა.
სხვათა შორის, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ცნობილმა სახემ გიგა ბოკერიამ, ღარიბაშვილ-ობამას შეხვედრიდან რამდენიმე საათში გაკეთებულ კომენტარში განაცხადა, რომ მთავარია რაზე ესაუბრა საქართველოს პრემიერი ამერიკის პრეზიდენტსო.
ანუ, რეალურად, ნაციონალური მოძრაობის პირველ პირებს სერიოზული შიშის საფუძველი აქვთ, რომ მსოფლიოს პირველმა პირებმა მათ მიერ 9 წლის განმავლობაში ჩადენილი სიავკაცისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეს გათელვის შესახებ არ შეიტყონ.
საერთოდ კი, საქართველოს პრემიერისა და ამერიკის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა სახეზე აშკარად წაიკითხავდით იმ უკმაყოფილებას, რაც მათ საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე მიღებულმა „მარცხმა“ აგემა.
ახალ ხელისუფლებას კი, როგორც აღვნიშნეთ, ამ მართლაცდა უმნიშვნელოვანესი შეხვედრის შემდეგ თვითტკბობის მორევისთვის არ მიუცია თავი და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებაც ჩვეული რიტმით გაგრძელდა, მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ საქართველომ მისი მსოფლიო მნიშვნელობით, დღეს მაქსიმალურად ისარგებლოს.
საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები უნდა შეხვდნენ ევროკავშირის წარმომადგენლებს, რუსეთის პირველ პირებს და ა.შ. რათა ქვეყნის პრიორიტეტები და ქვეყნისთვის სასარგებლო სამომავლო პოლიტიკური ნაბიჯები განსაზღვრონ.
საქართველომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვას უარი აგრეთვე, ევრაზიული საბაჟო კავშირის პერსპექტივების განხილვაზე და იმ შემთხვევაში, თუ ქართული დიპლომატია სათანადო დონეზე აღმოჩნდება, შეიძლება, რომ დასავლეთისა და რუსეთის ინტერესები საქართველოში ერთმანეთთან თანხვედრაში მოვიყვანოთ და მაქსიმალურად დავაბალანსოთ.
რუსეთი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ სავარაუდოდ, თავს დიდად არ გამოიდებს, განსხვავებით ნატოში გაწევრიანებისგან. რუსეთს, თავის სამხრეთით, ევროკავშირის წევრი საქართველო ნამდვილად აწყობს, ვინაიდან ევროკავშირის წევრობა საზღვრების მაქსიმალურ მონიტორინგს გულისხმობს და რუსეთს საშუალება ექნება, ევროკავშირის წევრი საქართველოს გამოყენებით, მთელი სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაში, უკანონო იარაღისა და ნარკოტრასები ამოქოლოს.
რაც შეეხება საქართველოს: დღეს საქართველო, როგორც აღვნიშნეთ დგას იმ დიდ გზაგასაყარზე, რომლის შესახებ არჩევანმაც ის შეიძლება ააყვავოს ან მისი განვითარება ძალიან სერიოზულად შეაფერხოს.
ამ არჩევანის გაკეთების დროს, არც საქართველოს და არც ქართველ საზოგადოებრიობას შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, იმის განმეორების საფრთხე, რაც საქართველომ 21 წლის წინ გამოიარა და რის მცდელობასაც დღეს უკრაინაში აქვს ადგილი, - კვლავ დღის წესრიგში დადგება, ხოლო რამდენად გადაიტანს ამას ქვეყანა, ეს უკვე ძნელი სათქმელია.
აქვე ერთი განცხადების შესახებ, რომელიც გასულ კვირაში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა სახემ გოკა გაბაშვილმა გააკეთა, როდესაც თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი ციხიდან იმაზე მალე გამოვა, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია და გამოვა ზუსტად ისე, როგორც იულია ტიმოშენკო გამოვიდაო.
ძალიან სამწუხაროა, რომ კოალიციურ ტკბობას მიცემული „ქართული ოცნებისგან“ ამ განცხადებაზე სერიოზული რეაგირება არავის გაუკეთებია, არადა გოკა გაბაშვილმა პრაქტიკულად პირდაპირ განაცხადა, რომ ჩვენ ყველაფერზე, მათ შორის ქუჩაში სისხლისღვრაზეც წავალთო.
ამ განცხადებას, იმ საზოგადოებაში, რომელიც მართლაც სამოქალაქო საზოგადოებად იწოდება, მყისიერი გამოხმაურება მოჰყვებოდა, რაც დამერწმუნეთ, რომ გოკა გაბაშვილისნაირი განმცხადებლებისთვის სასიამოვნო შედეგით არ დასრულდებოდა.
რაც შეეხება უკრაინას, როგორც ვწერდით და როგორც მოვლენებმაც დაადასტურა, თურმე იქ ყველაფერი მაიდანზე არ წყდებოდა და არც მოკრივე კლიჩკოს განცხადებები იყო გადამწყვეტი.
რუსეთი, რომელიც დასავლეთმა დროებით სოჭის ოლიმპიადის გამო დაიჭირა, ფორმაში ნელ-ნელა შედის და თავისი ტრადიციული, არა დიპლომატიური, არამედ დათვური ქმედებებით ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინა დაყოს.
საინტერესოა იღებს თუ არა უკრაინის შესაძლო დაშლაზე პასუხისმგებლობას კლიჩკო, ან თუნდაც ქეთრინ ეშტონი, რომელიც მაიდანზე, მომიტინგეებთან „პერშკებიანი პარკით“ დარბოდა.
ეს მაგალითი იმის გამო მოვიყვანეთ, რომ საფრთხე იმისა, რომ განვითარების გზაზე სერიოზულ ბარიერს წააწყდეს, საქართველოსთან მიმართებაშიც არსებობს და თანაც საკმაოდ სერიოზული.
ამიტომ ვამბობთ, რომ თავისი განვითარების გზის არჩევისას საქართველოს ხელისუფლებამ არა სტერეოტიპებისა და კლიშეების, არამედ პრაგმატული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის, იმ ხელსაყრელი გლობალური სიტუაციიდან, რომელიც დღეს მსოფლიოშია შექმნილი, - დამარცხებული გამოვა.
მომდევნო კვირის და არა მხოლოდ მომდევნო კვირის მთავარი თემა კი, მთელ მსოფლიოში კვლავ უკრაინა იქნება, ხოლო თუ იქ რუსეთმა სამხედრო ინტერვენცია განახორციელა, მაშინ მსოფლიო წესრიგის გადანაწილება დღის წესრიგში აუცილებლად დადგება, ხოლო რა შედეგებამდე მიიყვანს ეს მსოფლიოს, ამის თქმა დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია.
რაც შეეხება გასული კვირის კიდევ ერთ შიდაპოლიტიკურ მნიშვნელოვან ამბავს, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის ყრილობა და დედაქალაქის მერის არჩევნებში მათ მიერ პრაიმერში დასახელებული კანდიდატები არიან.
როგორც ცნობილია, ნაციონალური მოძრაობიდან კენჭს დედაქალაქის მერად ან გიორგი ვაშაძე, ან ნიკა მელია იყრის.
ეს კი ის შემთხვევაა, როცა წინასწარი პროგნოზი პრაქტიკულად საჭირო აღარ არის და მომავალი ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნების ბედი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უკვე გადაწყვეტილია.
ზოგადად კი, ნაკლებადსავარაუდოა, რომ ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნებზე, როგორც ოცნებამ, ასევე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იგივე შედეგები დადოს, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე, რადგან ამ შემთხვევაში, ამომრჩეველთა ყველაზე მეტი სიმპათია იმ მესამე და შუა ძალების ერთი ნაწილისკენ იხრება, რომელიც პრემიერყოფილი ივანიშვილის განცხადებით, - უნდა გაკრეფილიყო.
თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამ თვეზე მეტია დარჩენილი, პოსტსაბჭოთა სივრცეში და უშუალოდ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები კი იმის საშუალებას ნამდვილად არ გვაძლევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები მეტნაკლები სიზუსტით განვსაზღვროთ.
საქართველოს განვითარების უახლოეს პერიოდზე და მის ტემპებზე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აუცილებლად იმოქმედებს.
მანამ კი, ევროპის და შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ბედი, უკრაინაში, კერძოდ კი ყირიმში წყდება.
საქართველომ კი, მსოფლიოში გლობალური პოლიტიკური ვითარებით და შანსით აუცილებლად უნდა ისარგებლოს, რადგან ამ შანსის გამოუყენებლობა, ხელისუფლების მხრიდან არა შეცდომა, არამედ დანაშაული იქნება, რომლის შედეგებსაც ქართველი ხალხი ძალიან დიდი ხნის განმვლობაში მოიმკის.
ალექსანდრე კაპანაძე
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“