რუტინაში გადაზრდილი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება, რომელსაც ყოფილ ჩინოსანთა სასამართლო პროცესები თუ გამოაცოცხლებს ხოლმე,
გასულ კვირაში კიდევ სამმა ფაქტორმა გახადა საინტერესო, საიდანაც ერთი შიდაპოლიტიკას ნამდვილად არ უკავშირდება და რა თქმა უნდა, უკრაინის მოვლენებს შეეხება, რომელიც თავის გავლენას საქართველოზე აუცილებლად მოახდენს.
რაც შეეხება ქვეყნის შიდა მნიშვნელოვან მოვლენებს, მათგან პირველ რიგში აღსანიშნავი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ნინო ბურჯანაძის პარტიის 65 ათასი ლარით დაჯარიმება იყო.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლის შეფასებით რომ დავიწყოთ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ერთ-ერთი უსუსტესი გამოსვლა პრეზიდენტისა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ბოლო 20 წლის საქართველოს ისტორიაში.
აქ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმას, რომ ნაციონალებმა მარგველაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, პირდაპირ უთხრეს შენ არავინ არაფერს გეკითხებაო.
გვახსოვს, როდესაც პარლამენტში გამოსვლის დროს, ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს ელიზბარ ჯაველიძე პირში მასონს ეძახდა, გვახსოვს პარლამენტის წინაშე წარმდგარი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც მქუხარე ოვაციების ფონზე ნულოვან ტოლერანტობას ქადაგებდა, ხოლო თუ ვინმე განსხვავებულ აზრს გამოხატავდა, მას „გამჩმახებელს“ ეძახდა.
გვახსოვს აგრეთვე, როგორ ჩასჩარა მან ბურთი პირში ისეთ მგზნებარე ოპოზიციონერს, როგორიც „ედეპეშნიკი“ გურამ ჩახვაძეა, რომელმაც სააკაშვილის კონტრკითხვაზე, ენა, გაკვეთილის არმცოდნე პირველკლასელი ბავშვივით ჩაიგდო, მკვდრისფერი დაედო და უაზროდ აბლუკუნდა.
ეს მცირე ექსკურსი იმიტომ გავაკეთეთ, რომ ხაზი გაგვესვა იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაფერი აქვს ნანახი და მისი გაოცება არცთუ ისე ადვილი საქმეა, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა ეს გასულ კვირაში მაინც მოახერხა.
სანამ დეტალებზე ვისაუბრებდეთ, თავიდანვე შეიძლება იმის განცხადება, რომ მარგველაშვილის პარლამენტში მისვლით ყველაზე მეტი ქულები პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჩაიწერა, რომლის იუმორით ნაზავმა სიტყვამ, როგორც ოცნებაში, ასევე ნაციონალების მხარდამჭერებშიც, საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა.
თავისთავად, ნაციონალების მესიჯბოქსი, რომელსაც ისინი გიორგი მარგველაშვილის მიმართ ავლენდნენ, შეიძლება ითქვას, რომ სიმართლეს ნამდვილად შეესაბამება და მარგველაშვილს რეალურად არავინ არაფერს არ ეკითხება.
ოპონენტებისგან მსგავსი პათოსის დანერგვას კი, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ხელი თავად გიორგი მარგველაშვილმა შეუწყო, რომელმაც თავისი გამოსვლის შესავალი, პრაქტიკულად ახალი კონსტიტუციის ნორმების განხილვას დაუთმო და საკუთარი უფლებამოსილებების შესახებ ისაუბრა.
დარჩა შთაბეჭდილება და სხვათა შორის არცთუ უსაფუძვლო, რომ მარგველაშვილმა პარლამენტარები პრაქტიკულად პირდაპირ გააფრთხილა, რომ ყველაფერზე კითხვებს ნუ დამისვამთ, ყველაფერში კომპეტენტური არ ვარო.
საერთოდ, საკუთარი კომპეტენციის თუ უკომპეტენციობის ტირაჟირებას საქართველოს პრეზიდენტი საკმაოდ ხშირად ახდენს, როცა ამა თუ იმ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს უცხადებს, რომ საკითხი მისი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება.
რეალურად, ქვეყანა, რომელსაც ჯერ კიდევ ორი წლის წინ ჰყავდა პრეზიდენტი, რომელიც პრაქტიკულად შენობების ფასადების შეღებვაშიც კი ერეოდა და მგონი ფერებსაც კი არჩევდა და ამასთან, არცერთ კითხვაზე თავისთვის სასარგებლო პასუხის გაცემა არ ენანებოდა - დღეს მეორე უკიდურესობაში გადავარდა, რომლის პრეზიდენტიც ცდილობს კონკრეტული კითხვების გაცემისგან თავი შეიკავოს.
მართალია, მარგველაშვილს უფლებები მართლაც საკმაოდ შეეზღუდა, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ პრეზიდენტი არც იმ უფლებების მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობს, რომელიც გააჩნია და პრაქტიკულად, თავის მოვალეობას, ყოველგვარი ამბიციის გარეშე, ინერციით ასრულებს.
კიდევ ერთი თვალშისაცემი და გასაოცარი მოვლენა პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობის დროს გახლდათ ის, რომ მის გარდა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში აღმასრულებელი ხელისუფლების პრაქტიკულად არცერთი წევრი არ მისულა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ასევე უნიკალური მოვლენაა.
ცალკე საკითხია, რამდენად საჭირო იყო ამ ვითარებაში პარლამენტში მინისტრების ვიზიტი წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით, მაგრამ პრეზიდენტის მიმართ ელემენტარული პატივისცემის გამოხატვა დიპლომატიურ დონეზე - აუცილებელია.
აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები რომ პარლამენტში მისულიყვნენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებოდა ანტისამთავრობო შოუ დაედგა, რისი დიდოსტატებიც ისინი ნამდვილად არიან და ნამდვილად მოახერხებდნენ საზოგადოების განწყობის ფორმირებაზე კიდევ უფრო ეფექტურად ემოქმედათ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არა დიპლომატიურ დონეზე გამოხატული პატივისცემა, მინისტრების პარლამენტში მისვლის არანაირი საჭიროება არ ყოფილა, მითუმეტეს, რომ დღეს, საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნის საფუძველზე, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საანგარიშო მოხსენებით, მინისტრები ისედაც საკმაოდ ხშირად დადიან.
ზოგადად კი, 21 თებერვალს საზოგადოებამ იხილა ფორმაში მყოფი ნაციონალები, რომლებიც სერიოზულად იყვნენ მომზადებულები და რომელთა თითოეული გამოსვლაც გარკვეული, კონკრეტული მოტივაციით იყო განპირობებული, რის საპირწონედაც ახალმა ხელისუფლებამ მათ ძველი, გამოცდილი კანონმდებლები დაუპირისპირა. ვერ ვიყვით, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ოპონენტებს რაიმე კითხვაზე პასუხი არ გასცეს, მაგრამ ძალების თანაფარდობაში ბალანსი აშკარად არ იყო.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქართული ოცნების დეპუტატთა ძალიან დიდი ნაწილი, საკანონმდებლო ორგანოში თავის დროზე მხოლოდ იმის გამო მოხვდა, რომ ისინი ხელოვნებისა თუ სპორტის სფეროდან ცნობადი სახეები იყვნენ, ხოლო როდესაც საქმე საქმეზე მიდგა და საკანონმდებლო მუშაობამ ჩართვა მოითხოვა, აღმოჩნდა, რომ ამ საქმეში ჩასართველად ისინი მზად არ იყვნენ.
პრაქტიკულად, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების დეპუტატები რაოდენობით ნაციონალებს მნიშვნელოვნად აღემატებიან, ე.წ. „შემსრულებელთა“ მხრივ, ნაციონალების უპირატესობა მაინც აშკარაა.
ასეა თუ ისე, გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლა ნამდვილად შეიძლება სუსტად შეფასდეს და სამწუხაროდ, არც იმის პერსპექტივა ჩანს, რომ შემდგომი გამოსვლები განსხვავებული იქნება.
რაც შეეხება გასული კვირის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას, რომლის შესახებ დასაწყისში ვისაუბრეთ, ეს თოდრია-მოგელაძის კანტორის მიერ, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ 65 ათასი ლარით დაჯარიმებაა.
აღნიშნული ჯარიმის სამართლიანობის განსჯას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევუდგებით და ეს იურისტების გადასაწყვეტია, მაგრამ არსებული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ ბურჯანაძის პარტიის დაჯარიმებით, საკმაოდ არაპოპულარული ნაბიჯი გადადგა.
დავიწყოთ იქედან, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დღესაც ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს და ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ბუად ქცეული მოგელაძეც ისევ ამ უწყებაში იკავებს საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობას.
რაც შეეხება უწყების ხელმძღვანელს ლაშა თოდრიას, მართალია, კულუარული ინფორმაციით, ის ქართულ ოცნებასთან მისასვლელ გზებს აქტიურად ეძებს და მათ მხარეს გადასვლის სანაცვლოდ არცთუ ისე დიდ ფინანსურ რესურსებს ითხოვს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ყოფილი ნაციონალი არ არსებობს და მისი მოქმედების ობიექტურობასა და სისპეტაკეზე საუბარი იგივე იქნება, რაც მიხეილ სააკაშვილის ვაჟკაცობაზე საუბარი.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ „დემოკრატიული მოძრაობა“ იმ მოსამართლის გადაწყვეტილებით დაჯარიმდა, ვინც ამ ორიოდე წლის წინ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა.
როდესაც ქვეყანაში ასეთი ამბები ხდება და როდესაც საზოგადოება უყურებს, რომ მათ კვლავ იმ სისტემის თანამშრომლები სჯიან, რომელ სისტემასაც საკუთარი სიცოცხლის ფასად წლების განმავლობაში ებრძოდნენ, - ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს ნამდვილად არ უნდა გაუკვირდეთ, თუ არჩევნებზე ისინი იმ შედეგს ვეღარ დადებენ, რისი იმედი და სურვილიც აქვთ. მითუმეტეს, რომ პიროვნება, რომელმაც წელიწადნახევრის წინ ქვეყნის განვითარების ისტორია შეცვალა, უფრო სწორად კი, განუვითარებლობის პერიოდი შეაჩერა, დღეს ხელისუფლებაში აღარ არის და სავარაუდოდ, არც სამოქალაქო სექტორიდან დაუჭერს ღიად მხარს კოალიციასა და მის კანდიდატებს.
ამასთან, საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ, მაშინ როდესაც, თაროებზე, ნაციონალების მიერ ჩადენილი ათასობით გამოუძიებელი დანაშაულის საქმის მასალები უწყვია, მოახერხა და ოპოზიციური პარტიის მიერ ჩადენილი თუ არჩადენილი დარღვებები შესაშური ოპერატიულობით გამოიძია.
რბილად რომ ვთქვათ, ეს უკვე ეჭვებს ბადებს, რაც სხვათა შორის ქართველ ექსპერტთა ერთმა ნაწილმა, ხელისუფლების მხრიდან კონკურენციის შიშით ახსნა.
თუ ქართველ ექსპერტთა ვარაუდს დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით განვიხილავთ, „ქართულ ოცნებას“ ნინო ბურჯანაძის პარტიის მიმართ კონკურენციის შიშის საფუძველი ნამდვილად გააჩნია, ვინაიდან, ის, რომ მისი პარტია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა, ბურჯანაძემ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებზე დაამტკიცა.
საპრეზიდენტო არჩევნებიდან დღემდე კი, კოალიციურ ხელისუფლებას, ქვეყნის მდგომარეობის გამოსწორების გზაზე ისეთი რეალური და ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს, რასაც საზოგადოება საკუთარ სოციალურ ყოფაზე იგრძნობდა.
შესაბამისად, საზოგადოების ის მზარდი ნაწილი, რომლებმაც თავის დროზე ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა და დღეს ახალი ხელისუფლების მისამართით უკმაყოფილებას უკვე აშკარად გამოხატავს, მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმას, რა თქმა უნდა, ნაციონალურ მოძრაობას არ მისცემს. ასეთ შემთხვევაში რჩება ერთადერთი ძალა, რომლის მიერ საზოგადოების მისამართით გაკეთებული გზავნილებიც, ამავე საზოგადოების ინტერესებში მაქსიმალურად ჯდება, დაწყებული სამართლიანობის რეალური აღდგენითა და დამთავრებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხის დაყენებით, თუ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე რეალური ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობით.
აქედან გამომდინარე, მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ყველა წინაპირობის თანახმად, საკმაოდ დრამატული იქნება, რომელმაც ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაზე სერიოზული გავლენა შეიძლება მოახდინოს და პოლიტიკურ რუკაზე პოზიციათა ახალი გადანაწილება ვიხილოთ.
ასე, რომ ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციური პარტიის დაჯარიმება წინასაარჩევნო პერიოდში, ნამდვილად არ გამოჩნდა ისე, როგორც ამის სურვილი შეიძლება ხელისუფლებას ჰქონოდა და ცნობიერში, ნაციონალური მოძრაობის მიერ აგონიაში ყოფნის დროს გადადგმული ნაბიჯების ასოციაციაც კი გამოიწვია, როდესაც წაგებისთვის განწირული მიხეილ სააკაშვილი თავის მორჩილ პარლამენტს ანტიდემოკრატიულ კანონებს ზედიზედ აღებინებდა და კონკურენტ პარტიებს მაქსიმალურად ავიწროებდა.
რაც შეეხება გასული კვირის კიდევ ერთ უმთავრეს ამბავს, ანუ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, მისი შეფასება და მოსალოდნელი შედეგები სავარაუდოდ, კიდევ უფრო მძიმე იქნება ვიდრე აქამდე იყო.
არანაირი გამართლება არ აქვს ქუჩაში საპროტესტოდ გამოსული ადამიანების დახოცვას და ამის გამო ყველამ პასუხი უნდა აგოს, მაგრამ ის რაც უკრაინაში მოხდა, აუცილებლად გახდება კიდევ უფრო ცუდი პროცესების დასაწყისი ამ ქვეყანაში, ხოლო როგორ დასრულდება ეს პროცესები, ძალზედ ძნელად საპროგნოზოა.
აისახება თუ არა უკრაინაში განვითარებული მოვლენები საქართველოზე?
რა თქმა უნდა, აისახება, რადგან საქართველოს უკრაინასთან საკმაოდ დიდი სავაჭრო ბრუნვა აქვს. გარდა ამისა, უკრაინის მაგალითი აუცილებლად იმოქმედებს საზოგადოების განწყობაზე საქართველოში და არა მარტო საზოგადოების განწყობაზე, ის თავის გავლენას პოლიტიკური სპექტრის განწყობაზეც მოახდენს, თუმცა უკრაინაში სავარაუდოდ ყველაფერი ახლა იწყება და როგორც აღვნიშნეთ, წინასწარ რაიმეს თქმა, თუ რა მოხდება იქ, ძალიან ძნელია.
და ბოლოს, უკრაინაში განვითარებლმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსოფლიოში დემოკრატია ძალიან პირობითი ცნებაა და რომ დემოკრატიის სახელით, დასავლეთი უკან არც ორმაგ სტანდარტებზე იხევს.
ამის ნათელი დასტურია ის, რომ უკრაინაში, ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკე, დასავლეთის მიერ დიქტატურად და თავისუფალი სიტყვის უხეშ ჩახშობად შეფასდა, ხოლო ზუსტად ანალოგიური და უფრო მკაცრი ქმედებები მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში ჩადენილი, იგივე დასავლეთის მხრიდან, დემოკრატიის უმაღლეს გამოვლინებად გასაღდა.
დასავლეთის ორმაგი სტანდარტები უკვე იმდენად თვალშისაცემი და შეუფუთავია, რომ ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება და საზოგადოება, თავისი საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევისას მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოს, ვინაიდან დასავლეთი, ჩრდილოეთისგან განსხვავებით არა დათვის, არამედ მელას მეთოდებით მოქმედებს.
ალექსანდრე კაპანაძე
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“