როდესაც ჩვენს რუბრიკას ვიწყებთ, ტრადიციულად მასში გასული კვირის უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას,
ხოლო ის, რაც გასულ კვირაში მოხდა, ვგულისხმობ პუტინის განცხადებას ქართულ მხარესთან შეხვედრის მზაობის შესახებ, არათუ კვირის, შეიძლება წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენაც კი გახდეს, ვინაიდან ეს შეიძლება ორ ქვეყანას შორის გაყინული დიპლომატიური თუ სხვა სახის ურთიერთობების აღდგენის ამოსავალ წერტილად იქცეს. ამ შემთხვევაში კი, თუ ქართული მხარე თავის შანსებს გონივრულად გამოიყენებს, მას შეიძლება ქვეყნის უმთავრესი ამოცანის - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალური პერსპექტივაც კი დაუდგეს. შესაძლოა ეს პერსპექტივა არცთუ მოკლევადიანი იყოს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის დროინდელ უიმედობას და საკუთარი ნაჭუჭიდან ბაქიბუქობას, რა თქმა უნდა, ისევ ეს სჯობს, მითუმეტეს, რომ დღეს არსებული მსოფლიო გლობალური პოლიტიკური ვითარება იძლევა იმის საფუძველს, რომ ამ სიტუაციიდან საქართველომ საკმაოდ კარგი სარგებელი ნახოს, თუ, რა თქმა უნდა, როგორც აღვნიშნეთ, ის ამ მდგომარეობით გონივრულად ისარგებლებს.
რაც შეეხება რუსეთსა და მასთან ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივებს. ამ კუთხით პირველ რიგში, გადასადგმელ ნაბიჯებს შორის უმთავრესი, წლების განმავლობაში შექმნილი მტრის ხატის ნგრევაა. ვერ დავუკარგავთ და მიხეილ სააკაშვილმა, თავისი მმართველობის პერიოდში ნამდვილად შეძლო საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის რუსეთის სახით მტრის ხატი შეექმნა, ხოლო ყველა, ვინც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის ან თანამშრომლობის აუცილებლობაზე თუნდაც განცხადებას გააკეთებდა, ის მყისიერად სამშობლოს მოღალატედ ირაცხებოდა.
რუსეთის სახით მტრის ხატის შექმნა მოახერხა ადამიანმა, რომელმაც თავისი 9 წლიანი მმართველობის პერიოდში, ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საზოგადოებას დასავლური ფასეულობები და თავად დასავლეთც, საფუძვლიანად შესძულებოდა.
და მაინც, რა არის ან რა იყო რუსეთი საქართველოსთვის?
მცირე ისტორიული ექსკურსი რომ გავაკეთოთ, ადვილად დავასკვნით, რომ ურთიერთობის ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, რუსეთი საქართველოს მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, მუდმივად დამსჯელი „უფროსი ძმის“ როლში გვევლინებოდა, რომელიც ეროვნული სულის გაღვივების ნებისმიერ გამოვლინებას საფუძველშივე სპობდა.
აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ რუსეთის იმპერატორმა გეორგიევსკის ტრაქტატი, მისი გაფორმებიდან რამდენიმე წლის შემდეგ უგულვებელყო და ჯერ ქართლ-კახეთის, მოგვიანებით კი იმერეთის სამეფოები გააუქმა. გარდა ამისა, დაახლოებით ერთი საუკუნის წინ, უკვე წითელმა რუსეთმა, სრულიად აშკარად და საერთაშორისო თანამეგობრობის, იგივე ერთა ლიგის პოზიციის იგნორირებით, დამოუკიდებელი საქართველოს ანექსია მოახდინა.
გარდა ამისა, აღნიშნულ ორსაუკუნოვან ისტორიაში საკმაოდ ბევრია მომენტი, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ნათელ ფურცლად ვერასდროს წარმოჩინდება, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, რომ ამ ურთიერთობების პოზიტიური მხარეებიც აღინიშნოს, რომელიც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაც კი იყო.
დავიწყოთ იქედან, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში, აღმოსავლეთ საქართველოს ოჯახებში პრაქტიკულად აღარ მოიძებნებოდა ისეთი ავეჯი, როგორიც სკამია, რადგან მუსლიმანური სამყაროს გავლენით, დასაჯდომად, ყველა ხალიჩასა და მუთაქას იყენებდა. აღარაფერს ვამბობ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის რაოდენობაზე მთლიანად საქართველოს მასშტაბით, რომელიც მილიონსაც კი ვერ აღწევდა.
ფაქტია ისიც, რომ რუსული ცარიზმის ზეწოლისა და ანტიქართული პოლიტიკის მიუხედავად, საქართველო მშვიდობას ეღირსა, რის გამოც მან, თავისი გამორჩეული მამულიშვილების დამსახურებით, წარმატებით მოახერხა ერთის მხრივ გამკლავებოდა ცარიზმის ანტიქართულ შემოტევებს, მეორეს მხრივ კი, მიეხედა ქვეყნის განვითარება-აღმშენებლობისთვის და დემოგრაფიული ვითარების გამოსწორებითვის.
იგივე შეიძლება ითქვას საბჭოთა კავშირის პერიოდზეც, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის უახლესი ფურცელია და ყველას კარგად ახსოვს ეროვნული სულის დაჩაჩანაკების ის მცდელობები, რომელსაც კრემლი „მოძმე რესპუბლიკებთან“ მიმართებაში ატარებდა, თუმცა, მეორეს მხრივ არ უნდა დავივიწყოთ, რომ სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება საქართველოში ინდუსტრიის უმაღლეს წერტილამდე აყვავება და გრანდიოზული მშენებლობები, მათ შორის საქართველოს დედაქალაქ თბილისშიც.
ასე, რომ მედალს ორი მხარე აქვს და თუ დღევანდელ გლობალურ რეალობასაც გავითვალისწინებთ, საქართველოს დღეს, გაცილებით ნაკლები რისკების ფასად შეუძლია მიაღწიოს განვითარების უმაღლეს საფეხურს.
დღევანდელ რეალობაში რუსეთს ამა თუ იმ პატარა ქვეყნის დაპყრობა და მითუმეტეს, იქ ანტიეროვნული ცნობიერების გაღვივება აღარაფერში აღარ სჭირდება, ვინაიდან დღევანდელი გლობალური პოლიტიკა აგებულია პარტნიორობაზე, ხოლო იმის გამო, რომ პარტნიორობა ორმხრივად სასარგებლო იყოს, ქვეყნები ერთმანეთის სიძლიერეზე ზრუნავენ.
ეს ფორმულა სამწუხაროდ არ ეხება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას, რომელიც ჯერ კიდევ დალესის დოქტრინით მოქმედებს.
დღეს, პოლარიზებულ მსოფლიოში, მთავარი, გავლენისა და საპარტნიორო სფეროების გაფართოებაა. საქართველო კი, თავისი გეოსტრატეგიული მდგომარეობის გამო, ნამდვილადაა ნებისმიერი პოლუსის დიდი ინტერესის საგანი და ჩვენმა ქვეყანამაც სწორედ ამით უნდა ისარგებლოს.
თავისი მომავალი საგარეო სტრატეგიული კურსის განსაზღვრისას, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს არა ბრმა დოგმებით, არამედ პრაგმატული მოსაზრებებით, რეალური სარგებლის გათვლით და ქვეყნის განვითარების პერსპექტივის მასშტაბებითა და რეალობით.
პირდაპირ რომ ვთქვათ, დღეს, პრაქტიკულად ორი ალტერნატივა ისახება. მათგან პირველი ევროგაერთიანებაა, მეორე კი, ჯერაც ჩამოუყალიბებელი, თუმცა საკმაოდ საინტერესო ევრაზიული კავშირი.
საქართველო კი, როგორც ერთი, ასევე მეორე გაერთიანების უდიდეს ინტერესს წარმოადგენს და სწორედ ამიტომ უნდა იმოქმედოს ქვეყნის ხელისუფლებამ არა სტერეოტიპის დონეზე, არამედ პრაგმატული კუთხით.
სხვათა შორის, ქართველმა საზოგადოებამ ჯერ ისიც კი არ იცის, რას მოაწერა ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა ვილნიუსში. ანუ, ცნობილი 1000 გვერდიანი დოკუმენტი, ჯერ თარგმნილიც კი არაა და ერთეულების გარდა, არავინ იცის რა წერია იქ და რა ვალდებულებები ეკისრება საქართველოს.
ასე, რომ ბრმად გადადგმული ნაბიჯები, შესაძლოა მომავალში მინიმუმ სანანებლად გაგვიხდეს, ვინაიდან მსოფლიოში დღეს არსებული პოლიტიკურად ხელსაყრელი ვითარება, საქართველოსთვის შესაძლოა კარგა ხანს აღარ დადგეს.
რაც შეეხება ჩვენი მასალის მთავარ თემას, ანუ რუსეთის პრეზიდენტის მზაობას საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრის მზაობასთან დაკავშირებით, ეს როგორც აღვნიშნეთ, უმნიშვნელოვანესი ძვრების დასაწყისი შეიძლება გახდეს.
ამ განცხადებით პუტინმა ერთის მხრივ, გაამართლა კრემლის მიერ წლების მანძილზე დეკლარირებული პოზიცია, რომ ისინი ყველასთან ისაუბრებდნენ მიხეილ სააკაშვილის გარდა, მეორეს მხრივ კი, საქართველოს ხელისუფლებას კარგი მიზეზი მისცა იმისთვის, რომ შეხვედრა ყოველგვარი ვითომ პატრიოტული პროტესტის გარეშე გაიმართოს.
უნდა დათანხმდეს თუ არა ხელისუფლება პუტინთან შეხვედრას? რა თქმა უნდა, უნდა დათანხმდეს და მას ამისთვის არც დასავლეთის კულუარული რეაქციის და მითუმეტეს არც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი არასამთავრობოებისა და ექსპერტების ყიჟინის არ უნდა შეეშინდეს.
ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავი, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებაა, როდესაც მან, ბევრისთვის მოულოდნელად, პირდაპირ განაცხადა მზაობა საჭიროების შემთხვევაში პუტინთან შეხვედრაზე.
ღარიბაშვილის აღნიშნული განცხადება მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდოდ, მას პუტინთან შეხვედრის მოწინააღმდეგეები ხელისუფლების შიგნითვე ეყოლება, იგივე, რესპუბლიკელების ან თუნდაც, ირაკლი ალასანიას ჯგუფის წარმომადგენელთა სახით.
მიუხედავად ამისა, პრემიერმა ღიად და მკაფიოდ დაადასტურას შეხვედრისათვის მზაობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალ ხელისუფლებას ქვეყნის განვითარების კურსი განსაზღვრული აქვს. მართალია, ეს ჯერჯერობით ღიად არ ჩანს, თუმცა პრინციპულ საკითხებთან მიმართებაში, ხელისუფლების კურსის კონტურები ნამდვილად იკვეთება.
რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება?
ძალიან ბევრ სიკეთეს, მათგან კი უპირველესად, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივას. ასევე, ეკონომიკური მიმართულებით ახალი პერსპექტივების გაშლას.
მოგეხსენებათ, მსოფლიოში დაპირისპირებათა დიდი ნაწილი, გასაღების ბაზრების მოპოვების გამო ხდება, საქართველომ კი, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, დაპირისპირება იმისთვის გამოიყენა, რომ გასაღების ბაზარი დაეკარგა.
დამეთანხმებით, რომ ქვეყნის ეკონომიკამ მართალია არა საბოლოოდ, მაგრამ საკმაოდ ამოისუნთქა ქართული წარმოების პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის გახსნით. უპირველესად ეს მეღვინეობა-მევენახეობის სექტორს და აქ დასაქმებულ ადამიანებს შეეხო. 2013 წელს, ბოლო წლების ისტორიაში პირველად, გლეხმა შეძლო და ყურძენი მეტნაკლებად ღირსეულ ფასში ჩააბარა.
თუ საქართველო რუსეთის გასაღების ბაზარზე სათანადო დოზით შევა, მაშინ შეიძლება ვქვათ, რომ არა მარტო მევენახეობა, ქვეყნის მასშტაბით, მთლიანად სოფლის მეურნეობა გაიმართება წელში.
ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ რუსეთში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოში გადმორიცხული უცხოური ვალუტის რაოდენობის მიხედვით, თითქმის 20 წელია, რუსეთი უპირობოდ ლიდერობს. სხვათა შორის, ეს ტენდენცია მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც შენარჩუნდა.
ანუ, გამოდის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი, ხოლო სავიზო რეჟიმი უკიდურესად გამკაცრებული იყო, ქართველი ხალხის სოციალური ყოფის გაუმჯობესებაზე, საკმაოდ დიდ გავლენას რუსეთიდან გადმორიცხული ფული ახდენდა.
იმ შემთხვევაში კი, თუ საქართველო-რუსეთს შორის სავიზო რეჟიმი გამარტივდება ან სულაც მოიხსნება, ეს რუსეთიდან ფულადი ნიშნების შემოდინებას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს, რაც, რა თქმა უნდა, საზოგადოების სოციალურ ფონზეც აისახება.
ესაა არასრული ჩამონათვალი იმ სარგებლიდან, რაც საქართველომ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებით შეიძლება მიიღოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ისე არ უნდა გავიგოთ, რომ რუსეთის და პირადად, პუტინის მიზანი მხოლოდ ის იყოს, რომ საქართველოში ქართველმა ხალხმა კარგად იცხოვროს.
რა თქმა უნდა, რუსეთს, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სუპერსახელმწიფოს ან განვითარებულ სახელმწიფოთა გაერთიანებას, საქართველოსთან დაკავშირებით გააჩნია თავისი ინტერესები, რომელიც შეიძლება, საქართველოს ინტერესებთან სრულ თანხვედრაში არც იყოს.
სწორედ ამაშია საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა, რომ მან, მხოლოდ და მხოლოდ, დიპლომატიური გზით უზრუნველყოს რუსეთის ინტერესების საქართველოს ინტერესებთან შესაბამისობაში მოყვანა და მათი მაქსიმალური თანხვედრა.
აქვს თუ არა საქართველოს ამის დიპლომატიური რესურსი?
სამწუხაროდ, დღეს არსებული სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს ამის რესურსი არ აქვს. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო, დღეს ქართული აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე სუსტ რგოლს წარმოადგენს.
ნაკლებ წარმატებას უნდა ველოდოთ აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ ვლადიმერ პუტინს მხოლოდ გიორგი მარგველაშვილი შეხვდება, ვინაიდან, გამოუცდელობასთან ერთად, გიორგი მარგველაშვილის წარუმატებლობას სხვა ფაქტორებიც განაპირობებს დაწყებული მისი საუბრის ფილოსოფიური მანერით, დამთავრებული პრეზიდენტის პრაქტიკული უფუნქციობით.
საწყის ეტაპზევე გაცილებით მომგებიანი იქნება, თუ რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება, მაგრამ დიპლომატიური რესურსის ნაკლებობა თავს ამ შემთხვევაშიც იჩენს, ვინაიდან, რაც არ უნდა წარმატებული იყოს პუტინ-ღარიბაშვილის შეხვედრა, ამ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებებისა თუ მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზაციას დიპლომატიური სამსახურის სიძლიერე ესაჭიროება, რადგან გადაწყვეტილებების შესრულების დეტალებზე, ღარიბაშვილი და პუტინი ერთმანეთს კვირაში რამდენჯერმე ნამდვილად ვერ შეხვდებიან.
ასე, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის სასტარტო პოზიცია გააჩნია და რომ არა ჩვენს მიერ ნახსენები დიპლომატიური რესურსის პრობლემა, შესაძლებელი იქნებოდა რომ ეს სასტარტო პოზიციაც „კარგადაც“ შეგვეფასებინა.
და ბოლოს, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, თუ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ნამდვილად სურს, მაშინ მან აუცილებლად უნდა დაიწყოს იმ მტრის ხატის ნგრევა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი, საკუთარი უსუსურობისა და წარუმატებლობის გადასაფარად, წლების განმავლობაში ქმნიდა.
ამ მიზნით კი, შესაძლოა გამოყენებული იყოს როგორც კულტურის, ასევე სპორტის სფეროს წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, არა მარტო ისინი.
ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, რომ საზოგადოების განწყობაში რეალური გარდატეხა მოახდინოს, რომლის თანახმადაც, რუსეთი საქართველოსთვის მხოლოდ მტერ სახელმწიფოსთან ასოცირებული, ხოლო რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მოსურნე პოლიტიკოსები, კრემლისა და პუტინის პროექტებად აღარ იქნებიან მოხსენიებულები.
რაც შეეხება მთავარ კითხვას, უნდა შეხვდეს თუ არა საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის ესა თუ ის წარმომადგენელი პუტინს, ამ კითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანია - უნდა შეხვდეს და მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ამ შეხვედრიდან ჩვენს ქვეყანას მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს.
რაც შეეხება დასავლეთს და თუნდაც იგივე ევროკავშირს, რა თქმა უნდა, მათ რუსეთთან მუდმივ დაძაბულობაში მყოფ საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა არ აწყობთ და შესაბამისად, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების დალაგება, თუ ბებერ კონტინენტს სხვა შეფარული სტრატეგია და მიზნები არ გააჩნია, - მათ ინტერესებშიც ნამდვილად უნდა შედიოდეს.
ალექსანდრე კაპანაძე
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“