logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
სამოქალაქო სექტორი - მეხუთე ხელისუფლება ახალ ქართულ რეალობაში?
სამოქალაქო სექტორი - მეხუთე ხელისუფლება ახალ ქართულ რეალობაში?
12:14 11.02.2014
დღეს არსებული საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია, როგორც ცნობილია, მხოლოდ სამ ხელისუფლებას იცნობს. ესენია საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება. მე-20 საუკუნის ბოლოს კი, მაშინ როცა ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა ფრთების გაშლა სრული ძალით დაიწყო, მსოფლიო საზოგადოებამ, მართალია არა იურიდიულად, მაგრამ მეოთხე ხელისუფლება - მედიის სახით, მაინც აღიარა.
საქართველოში დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებთ კი, შეიძლება, მსოფლიოში პირველებმა, ჩვენ, არასამთავრობო, იგივე სამოქალაქო სექტორის სახით, მეხუთე ხელისუფლება მივიღოთ, რომლის გავლენაც იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ხელისუფლების ზემოთჩამოთვლილი შტოებისა.
სამწუხაროდ ამის ნიშნები უკვე არსებობს.
ვარაუდები იმის შესახებ, რომ სამოქალაქო სექტორში წასული ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ „ენჯეოშნიკობით“ არ შემოიფარგლებოდა და მას კვლავ დიდი გავლენა ექნებოდა, - სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მართლდება.
სამწუხაროდ იმიტომ, რომ ყოფილ პრემიერს პრაქტიკულად დღესაც იგივე გავლენა აქვს, როგორიც მას სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნის დროს ჰქონდა და არც არანაირი პირი არ უჩანს იმას, რომ ის აღნიშნულ გავლენას დათმობს.
ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი და დადასტურება, პრემიერყოფილის ბოლო პრესკონფერენცია იყო, სადაც ის ჟურნალისტების წინაში უკვე არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“-ს დამფუძნებლის ამპლუაში წარსდგა. თუმცა ეს ოფიცალურად, რეალურად კი, ბიძინა ივანიშვილის პათოსი და განცხადებები პრაქტიკულად არაფრით არ განსხვავდებოდა იმ პათოსისა და განცხადებებისგან, რასაც ის პრემიერ-მინისტრის რანგში აკეთებდა.
უნდა ვაღიაროთ, რომ ამაში საკმაოდ სერიოზული წვლილი ჟურნალისტებსაც მიუძღვით, რომელთა კითხვებიც პრაქტიკულად იგივე ხასიათის იყო, როგორ კითხვებსაც პრემიერ ივანიშვილს უსვამდნენ. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჟურნალისტების გამოწვევა ბიძინა ივანიშვილმა სრულად მიიღო და სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ მისი გამოსვლა პრემიერ ივანიშვილის პრესკონფერენციას წყლის ორი წვეთივთ დაემსგავსა.
ამავე რუბრიკაში გასულ კვირაში ვწერდით, რომ სამოქალაქო სექტორში ბიძინა ივანიშვილის წასვლა ორ ძირითად საფრთხესთან არის დაკავშირებული.
პირველი საფრთხე ისაა, რომ დღეს მოქმედი მთავრობა სწორედ ივანიშვილის დაკომპლექტებულია, ის თითქმის ერთი წლის განმავლობაში ამავე მთავრობის მეთაური იყო და შესაბამისად, მთავრობის წევრებთან პიროვნული ურთიერთობაც ჩამოუყალიბდა. საფრთხის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ შეძლებს თუ არა პრემიერყოფილი აღნიშნულ პიროვნულ ურთიერთობებს გადააბიჯოს და მის მიერვე დანიშნულ მთავრობას რეალურად კრიტიკული, რიგითი მოქალაქის თვალით შეხედოს.
რაც შეეხება მეორე საფრთხეს, ის უშუალოდ მთავრობის წევრებს უკავშირდება, რადგან ისინი, როგორც აღვნიშნეთ, ივანიშვილის შერჩეულები არიან და არსებობს დიდი ალბათობა, რომ ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოთქმული ნებისმიერი შენიშვნა, მათ, ივანიშვილის პირდაპირ დირექტივად მიიღონ და საკუთარი პოზიციის დაცვასაც კი არ ეცადონ. ამ შემთხვევაში, ქართველი საზოგადოება, არც მეტი არც ნაკლები, არასამთავრობო ორგანიზაციის მანტიაში გახვეულ ხელისუფლებას და აღმასრულებელი ან თუნდაც, საკანონმდებლო ხელისუფლების ბუტაფორიას მიიღებს.
სამწუხაროდ ამ საფრთხეების რეალობის ნიშნები უკვე სახეზეა.
უდავოა, რომ ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის წინაშე უკვე მიუძღვის იმხელა დამსახურება, რომ ის ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდეს. აქ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იგულისხმება არა მისი ქველმოქმედება, არამედ მისი წვლილი ავტორიტარული რეჟიმისაგან ქვეყნის გათავისუფლებაში.
სწორედ ამის დამსახურება იყო ის, რომ საზოგადოება პოლიტიკიდან მის წასვლას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ თუ იგივე საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციის საფარქვეშ კვლავ ხელისუფალ ბიძინა ივანიშვილს იხილავს, მაშინ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მის მიმართ ნდობის ხარისხი დაქვეითდეს. მითუმეტეს, რომ პრემიერყოფილი არცთუ პოპულარულ განცხადებებს აკეთებს, რაც ხალხის განწყობაზე მყისიერად აისახება. ბიძინა ივანიშვილს ჰყავდა საკმაოდ დიდი სოციოლოგიური კვლევის ჯგუფი, რომლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებსაც ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ აქტიურად იყენებდა და ურიგო არ იქნება, რომ იგივე გუნდი საზოგადოებრივი აზრის კვლევისთვის, ხალხის მასებში დღესაც გაუშვას. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თუნდაც ერთი წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით, საზოგადოების განწყობის მაჩვენეელი ახალი მთავრობისა და თუნდაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მკვეთრად უარყოფითისკენ იქნება გადახრილი და შესაძლოა ეს მაჩვენებელი კატასტროფულიც კი იყოს.
საზოგადოების განწყობა კი, ძირითადად ორი მიზეზის გამო შეიცვალა. მათგან პირველი, სამართლიანობის აღდგენისა და წართმეული ღირსების დაბრუნების გზის ერთ ადგილზე ტკეპნა, ხოლო მეორე მიზეზი ეკონომიკური მდგომარეობის არგამოსწორებაა.
რაც შეეხება მეორე მიზეზს, ანუ საზოგადოების მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, ამ კუთხით ახალ მთავრობას, ვფიქრობთ ყველაზე ნაკლები კრიტიკა ეკუთვნის, ვინაიდან მან ამ მიმართულებით ისეთი მძიმე და მახინჯი მემკვიდრეობა მიიღო, რომ მისი გამოსწორება ერთ ან თუნდაც ორ წელიწადში, წარმოუდგენელია.
შეიძლება ვინმე შემოგვედავოს და თქვას, რომ მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკას საფუძვლები შეუქმნაო, მაგრამ წართმევაზე, შეწერაზე და სხვა ათასგვარ მაქინაციებზე დამყარებული ეკონომიკა და ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, დიდხანს სიცოცხლისუნარიანი ვერ იქნებოდა. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, თუ ესა თუ ის პიროვნება, მემკვიდრეობით მიიღებს ორსართულიან მშენებარე სახლს, რომელსაც კიდევ 10 სართული უნდა დააშენოს, ხოლო ამ სახლს საძირკველი არ გააჩნია, ამ პიროვნებას ერთადერთი გამოსავალი რჩება: ჯერ დაანგრიოს მემკვიდრეობით მიღებული ორსათულიანი სახლი, მის ადგილზე საძირკველი გაჭრას და შემდეგ დაიწყოს ამ საძირკველზე მყარი შენობის მშენებლობა.
ახალმა ხელისუფლებამ კი, სააკაშვილის მთავრობისგან, ყოველგვარ საფუძველსა და გათვლებს მოკლებული, მცირევადიან ეფექტებზე გათვლილი მახინჯი ეკონომიკური წარმონაქმნი მიიღო, რომლის დანგრევას და მის ნანგრევებზე ახალი, ჯანსაღი ეკონომიკის მშენებლობის დაწყებას დრო სჭირდება.
ასე, რომ მოლოდინი ეკონომიკური მდგომარეობის ნახტომისებურად გაუმჯობესების შესახებ, თავიდანვე ცრუ და უსაფუძვლო იყო, ხოლო თუ ვინმეს ეგონა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი თავის მილიარდებს ხალხს დაურიგებდა, ეს თავად მათი პრობლემაა და მათი საშველი, ქვეყანასაც რომ ეშველოს, - მაინც კარგა ხანს არ იქნება.
სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით სამართლიანობის აღდგენაზე, რადგან ეს პროცესი ქვეყანაში გაუმართლებლად ნელი ტემპებით და არაკვალიფიციურად მიმდინარეობს, რაც სამართლიანობის აღდგენის პროცესს არათუ აფერხებს, არამედ მომავალში მის აღდგენას, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
რაც შეეხება ივანიშვილის ტელეეთერის პოზიტიურ მხარეს, ეს უდავოდ იყო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებამ ხელისუფლების დაქირავება უნდა ისწავლოსო.
ასეთ აზროვნებას ქართველი ხალხი დღესდღეობით ძალიან მოკლებულია და შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მენტალობა მას არასდროს არ ჰქონია, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მაგალითებით შეიძლება ავხსნათ.
ანუ საზოგადოება ნებისმიერ ჩინოვნიკს და სახელმწიფო მოხელეს უნდა უყურებდეს არა როგორც ზეკაცსა და მესიას, არამედ როგორც მისგან დაქირავებულ ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც ანგარიშვალდებული სწორედ საზოგადოებასთანაა, ვინაიდან ხელფასსა და სხვა პრივილეგიებს ის, სწორედ საზოგადოების მიერ გადახდილი გადასახადებისგან იღებს.
თუ ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო სექტორიდან ნამდვილად შეუწყობს ხელს საზოგადოების ცნობიერების ამგვარად ტრანფორმაციას, ეს მისი უდიდესი წარმატება და ქვეყნის წინაშე კიდევ ერთი ღვაწლი იქნება, თუმცა სამწუხაროდ, ამ მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯებიჯერჯერობით არ ჩანს. უფრო მეტიც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილი, სამოქალაქო სექტორიდანაც კი, ცდილობს კბილებით დაიცვას ის მინისტრთა კაბინეტი, რომელიც უშუალოდ მის მიერაა დაკომპლექტებული.
ასეთი განწყობაა საზოგადოებაში, რაც იმის დამსახურებაა, რომ ივანიშვილს ხელისუფლებისგან მკვეთრი დისტანცირება ღიად და საჯაროდ არ მოუხდენია და თავისი განცხადებებით, სულ უფრო და უფრო მეტად გვევლინება ხელისუფლების დამცველად.
მართალია მან თავისი პრესკოფერენციის შემდეგ რამდენიმე დღეში ასევე მედიის საშუალებით განცხადება გააკეთა, სადაც ამბობდა, რომ მუდმივად კრიტიკის რეჟიმში ყოფნა მინისტრებს გააგიჟებდა, მაგრამ როდესაც თავდაცვის სამინისტროში ჯარისკაცები მასიურად იწამლებიან, როცა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მასიური შიმშილობაა გაჩაღებული, როცა ლარის კურსი პრაქტიკულად პროგნოზირების ჩარჩოდან გასული იყო და ეროვნული ბანკი თითქმის ყოველდღიურად, სავალუტო რეზერვების ხარჯზე 40 მილიონი დოლარის რეალიზაციას ახდენდა, - ვფიქრობთ, როგორც მინიმუმ, მთავრობის ზოგიერთი წევრის მიმართ კრიტიკის გამოთქმა ღირს, ხოლო თუ ეს კრიტიკა მათ გაგიჟებას გამოიწვევს, ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არსებობს.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ გამონათქვამს, რომელიც მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა და რომელმაც საზოგადოებაში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - აგრესია გამოიწვია, ეს მართლმადიდებლური ეკლესიისა და პირადად უწმინდესის მიმართ გამოთქმული კრიტიკა იყო.
მართალია პრემიერყოფილმა გასული კვირის ბოლოს აღიარა, რომ ის „ეკლესიასა და პატრიარქს ზედმეტი სიყვარულის გამო“ აკრიტიკებს, მაგრამ მისი განცხადება ვერანაირი ლოგიკის ჩარჩოებში ვერ ჯდება.
საქართველოს მართლმადიდებელი (და არა მარტო მართლმადიდებელი) მოსახლეობის უდიდეს ნაწილს პატრიარქი ილია მეორე, იმაზე არანაკლებ უყვარს ვიდრე ბიძინა ივანიშვილს და რა გამოდის, ვინც ამბობს რომ პატრიარქი მიყვარსო, პირდაპირ ეთერში უნდა გამოვიდეს, მისი საწინაღმდეგო განცხადებები აკეთოს და განაცხადოს, რომ ეს ზედმეტი სიყვარულით მომდისო? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ლოგიკა ძალიან ძნელი საპოვნელია.
კიდევ ერთი პრიორიტეტი, რაც ბიძინა ივანიშვილს არასამთავრობო სექტორში ექნება, როგორც წინა მასალებში ვვარაუდობდით - ეს ქართული მედიაგარემოა.
ის, რომ ქართული მედიაგარემო იმ სტანდარტებთან, რასაც ობიექტური ჟურნალისტიკა ჰქვია, ჯერჯერობით საკმაოდ შორსაა, საიდუმლოს ნამდვილად არ წარმოადგენს და ამის დროული აღიარება თავად ზოგიერთი მედიასაშუალებისთვისვეა უკეთესი, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანმა ავტორიტარიზმმა, თავისუფალი სიტყვისთვის ბრძოლის სურვილი და ჟურნალისტური თავმოყვარეობის ფენომენი, ამ სფეროს წარმომადგენელთა დიდ ნაწილში, თითქმის მთლიანად ჩაკლა.
ამ კატასტროფულ მედიაგარემოს, რომლის ერთ-ერთი პირმშოც „მოდელირებული ქრონიკა“ იყო, რა თქმა უნდა, გამოსწორება და გაჯანსაღება სჭირდება.
ნამდვილად სჭირდება კვალიფიკაციის ამაღლება ჟურნალისტთა კორპუსის საკმაოდ დიდ ნაწილს, ვინაიდან საკითხის სიღრმისეული ცოდნა და მისდამი ანალიტიკური მიდგომა, ქართული ჟურნალისტიკის სტანდარტებში კარგა ხანია აღარ ზის, თუმცა თავად ბიძინა ივანიშვილის განცხადებითვე, შეიქმნება მექანიზმი, რომელიც მედიის ობიექტურობას გააკონტროლებს.
პრემიერყოფილის ეს განხადება, მიგვაჩნია, რომ თავისუფალი სიტყვისთვის საკმაო საფრთხის შემცველია, რადგან, ნებისმიერ ნორმალურ და განვითარებულ სახელმწიფოში, მედიის ობიექტურობას ხალხი, ანუ მომხმარებელი აფასებს, ხოლო იმ შემთხვევაში კი, თუ მედიასაშუალება ობიექტურობას სათანადო დონეზე ვერ აყენებს, ამას მკითხველი და მაყურებელი მყისიერად გრძნობს, რასაც მოჰყვება ამ მედიასაშუალების მაუწყებლობის ფორმატში რეკლამებისა და გაყიდვების შემცირება, რაც საბოლოო ჯამში ამ მედიასშუალების გაკოტრებას გამოიწვევს.
რაც შეეხება მედიის ობიექტურობის ხელოვნურ მონიტორინგს, ძალიან ძნელია იქ მყარი სტანდარტები განსაზღვრო და ესა თუ ის მედიასაშუალება არაობიექტურობაში დაადანაშაულო, ვინაიდან, მადლობა ღმერთს, საქართველოში ისეთი საკანონმდებლო ბაზა მოქმედებს, რომელიც ჟურნალისტს თავისუფალი მოქმედების საკმაოდ დიდ არეალს აძლევს.
ასე, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება მედიასთან დაკავშირებით, საკმაოდ ბუნდოვანია, რომელიც შეიძლება საკმაოდ სასარგებლო სურვილებს ატარებდეს, თუმცა ამ სურვილების განხორციელების გზები, რბილად რომ ვთქვათ, ჯერჯერობით მთლად მკვეთრი არ არის.
პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ საზოგადოების ყურადღების ცენტრიდან რამდენიმეთვიანი გაუჩინარების შემდეგ, ქართველმა საზოგადოებამ, გასულ კვირაში პრემიერი ეთერში ორჯერ იხილა. პირველი, როგორც აღვნიშნეთ თავისი არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზენტაციისას და მეორე, კვირის დასასრულს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
წინა მაგალითიდან გამომდინარე, როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერშიც საკმაოდ „მაღალჩინოვნიკურად“ გამოიყურებოდა და მერაბიშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც მის თითქოსდა მოტაცებას ეხება, მთავარ პროკურატურას, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლისთვის უჩვეულოდ მძაფრად იცავდა.
ასეა თუ ისე, გასულ კვირაში ბიძინა ივანიშვილმა თავისი სამომავლო მოქმედების გეგმები ფართო საზოგადოებას წარუდგინა, ხოლო თუ როგორ განხორციელდება ეს გეგმები, ამას ქვეყნის მოსახლეობა უმოკლეს დროში დაინახავს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც გასული კვირის ბოლოს მოხდა, იყო ის, როდესაც არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვლს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი ხელისუფლებისგან იმასვე ითხოვენ, რასაც თავად ეს ხელისუფლება, ოპოზიციაში ყოფნის დროს, რვიანისა თუ ექვსიანის ფარგლებში, სააკაშვილის ხელისუფლებისგან ითხოვდა.
სავსებით ლოგიკურია კითხვა, რომ თუ საარჩევნო კოდექსი რესპუბლიკელებისა და ალასანიას ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში ასეთი ცუდი იყო, რატომ არ შეცვალეს ამ პოლიტიკურმა ძალებმა ეს კანონი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როცა ამისთვის მათ ყველა ბერკეტი გააჩნიათ?
ლოგიკურად, პასუხი ერთია: ხელისუფლებაში მყოფ ძალას არ აწყობს იმ კანონის შეცვლა, რომელიც სააკაშვილმა თავის დროზე, სწორედ ხელისუფლებაში ყოფნის გასახანგრძლივებლად მიიღო.
თუმცა, მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ახალ ხელისუფლებას გარკვეულ დათმობებზე წასვლა მაინც მოუწევს და უფრო მეტიც, ისინი მზად არიან არასაპარლამენტო ოპოზიციის ზოგიერთი შენიშვნა მთლიანად გაითვალისწინონ.
ყოველ შემთხვევაში ეს გზავნილი გამოიტანეს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ხოლო ხელისუფლებამ, არასაპარლამენტო ოპოზიციის შენიშვნებზე საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად ერთი კვირა ითხოვა.
იმ შემთხვევაში, თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია შეძლებს და ხელისუფლებას აიძულებს, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევიდეს, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო დრამატული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მომსწრე გავხდებით, რომელმაც ქვეყნის შიდაპოლიტიკური სურათი და ძალთა ბალანსი, შეიძლება მთლიანად შეცვალოს.

ალექსანდრე კაპანაძე
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა