მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკიდან წასვლისა და სამოქალაქო სექტორში გადაბარგების შესახებ განცხადება გააკეთა,
მუდამ აქტუალური იყო კითხვა, სად წავიდოდა ივანიშვილი და რა მიმართულებით გააგრძელებდა ის მოღვაწეობას.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ ამავე რუბრიკაში საკმაოდ ხშირად ვწერდით, რომ თუ პრემიერი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას რეალურად გადაწყვეტდა, მაშინ ის მოღვაწეობას არასამთავრობო სექტორში გააგრძელებდა, რაც გასულ კვირაში პრაქტიკულად დადასტურდა კიდეც.
ასე, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ არასამთვარობო ორგანიზაციის დაფუძნება მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა და შეიძლება ითქვას, რომ ეს ძალიან დროულიც კია, თუ დაგვიანებული არა.
რა ხდებოდა დღემდე აღნიშნულ სეგმენტში და რა მდგომარეობაში იყო საქართველოში არასამთავრობო სექტორი?
პასუხი სამწუხაროდ არცთუ სახარბიელოა, ვინაიდან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი დაფინანსებით, პრაქტიკულად არ არსებობდა, ხოლო თუ არსებობდა, მათი მწირი რესურსებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ აზრზე და მითუმეტეს პოლიტიკურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან და სერიოზულ გავლენას ვერ ახდენდნენ.
რაც შეეხება უცხოური დაფინანსებით არსებულ არასამთავრობოებს, მათ სიმცირეს ქართული რეალობა დღესაც არ უჩივის და უნდა აღინიშნოს, რომ მათი გავლენა ქართულ პოლიტიკაზე იმაზე დიდია, ვიდრე ეს შეიძლება დასაშვები იყოს.
ზოგადად, ამავე რუბრიკაში ადრეც გვითქვამს და დაგვიწერია, რომ ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებით, დამფინანსებელი ქვეყანა თუ ორგანიზაცია, ცდილობს არაპირდაპირ ჩაერიოს იმ ქვეყნის შიდა საქმეებში, სადაც არასამთავრობოს აფინანსებს.
უფრო კონკრეტულად, ერთი სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოს საქმიანობაში ღიად ჩარევა, საერთაშორისო სამართლით იკრძალება და ამის მკაფიო გამოხატულებაზე, როგორც წესი, მთელ მსოფლიოს მკვეთრი რეაქცია აქვს, მაგრამ როცა იმ ქვეყანაში გყავს შენს მიერ დაფინანსებული ძლიერი და გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, მაშინ შიდა საქმეებში ღიად ჩარევისგან, რა თქმა უნდა თავს შეიკავებ და ამისთვის საკუთარ არასამთავრობოს გამოიყენებ.
ეს, მსოფლიოს წამყვანი და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების მიერ დანერგილი საკმაოდ აპრობირებული მეთოდია და რა გასაკვირია, რომ ამ ზეგავლენას ვერც საქართველო გადაურჩა.
როდესაც ვამბობთ საქართველოც ვერ გადაურჩაო, ვგულისხმობთ იმას, რომ განვითარებული ქვეყნები, თავიანთ მიერ დაფინანსებულ არასამთავრობოებს, ძირითადად იმ ქვეყნების შიდა საქმეებში ჩასარევად იყენებენ, რომელთა ეკონომიკა და შესაბამისად სახელმწიფოებრიობაც სუსტადაა განვითარებული.
რაც შეეხება ძლიერ და განვითარებულ ქვეყნებს, იქ უცხოეთისგან დაფინანსებული არასამთავრობოების ჭაჭანებაც არაა, ან უკეთეს შეთხვევაში მათი უფლებები მკაცრადაა განსაზღვრული.
ამის მაგალითად რუსეთიც საკმარისია, სადაც საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ნებისმიერი ორგანიზაცია „უცხო ქვეყნის აგენტის“ სტატუსს ატარებს და სამოქმედო არეალიც მკვეთრად შემოსაზღვრული აქვს. იგივე ხდება დემოკრატიის მექად აღიარებულ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.
ასე, რომ საქართველოში მოქმედ გავლენიან არასამთავრობოთა აბსოლუტურ უმრავლესობას, შეიძლება უცხო ქვეყნის ემისრის სტატუსი მივანიჭოთ და განვიხილოთ, როგორც ამ ქვეყნების ინტერესის გამტარებელი ორგანიზაცია.
ესაა მიზეზი იმისა, რომ დღიდან არასამთავრობოთა ინსტიტუტის საქართველოში დამკვიდრებისა, მათი პოზიცია ქართველი ხალხისა და საზოგადოების პოზიციისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა და განსხვავდება.
ამის დასტურად, ქვეყნის უახლესი ისტორიაც გამოდგება, როცა, ქართველი ხალხის გამაღიზიანებელ კოჰაბიტაციას, გარკვეულ სახელისუფლებო ძალებთან ერთად, კბილებით სწორედ აღნიშნული არასამთავრობოები იცავდნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ, წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეჩქმალათ და საზოგადოების ფართო მასებამდე ამ დანაშაულების ტირაჟირებისთვის ხელი შეეშალათ.
რას აკეთებდნენ აღნიშნული ორგანიზაციები მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მყარად იმყოფებოდა და ედგნენ თუ არა სააკაშვილის მთავრობას კრიჭაში ისე, როგორც ახალ მთავრობას უდგანან?
რა თქმა უნდა არა. მართალია ხანდახან, ცალკეულ ეპიზოდებზე ისინი თითქოსდა ხმას აღიმაღლებდნენ, მაგრამ უმალვე ჩუმდებოდნენ და ყველაფერი მაინც ისე მიდიოდა, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილს და მის რეჟიმს აწყობდა.
დღეს კი, გარკვეულ ძალებს, რომლებიც საქართველოში გავლენის დაკარგვას ვერ ეგუებიან, ეს არასამთავრობოებიც მაქსიმალურად ჰყავთ ჩართული ბრძოლაში ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ და ხშირ შემთხვევაში არცთუ უშედეგოდ.
ასე, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოში სამოქალაქო და ეროვნულ საფუძვლებზე დამყარებული არასამთავრობო სექტორის გაძლიერება ძალიან დროულია, თუ დაგვიანებული არა.
სამწუხაროდ, დიდ ქვეყნებს, თუნდაც ისეთს როგორიც რუსეთია, შეუძლია, რომ კანონის ძალით აკრძალოს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა, მაგრამ იგივეს გაკეთება საქართველოს ტოლი და სიძლიერის მქონე ქვეყნისგან, მთელი მსოფლიოს მიერ მყისიერად მოინათლება როგორც დემოკრატიულ ღირებულებებზე მიტანილი შტურმი.
არადა, საფრთხე იმისა, რომ არასამავრობო სექტორი ეცდება ქვეყნის განვითარება შეაფერხოს და მმართველ ძალას პრობლემები შეუქმნას, მუდმივად იარსებებს, მიუხედავად იმისა, რა პროგრესიც არ უნდა განიცადოს ქვეყანამ ეკონომიკური თუ დემოკრატიული თვალსაზრისით.
უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, რაც არ უნდა მაღალ დონეზე აიყვანოს ქვეყანამ დემოკრატიული პრინციპებისადმი პატივისცემა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, თუ მისი განვითარება გარკვეული ქვეყნებისთვის პოლიტიკურად მიუღებელი იქნება, ისინი მუდამ ეცდებიან თავიანთი დაფინანსებული და კონტროლირებადი არასამთავრობოების მეშვეობით, ერთის მხრივ ქვეყნის გარეთ დახატონ სურათი არსებული „დიქტატურის“ შესახებ, ხოლო ქვეყნის შიგნით, ყველანაირად შეუშალონ ხელი პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ დემოკრატიულ განვითარებას.
როგორც აღვნიშნეთ, ეს საფრთხე მუდმივად იარსებებს და მას ვერც საკანონმდებლო დონეზე ვერ ავკრძალავთ.
ასეთ შემთხვევაში რჩება ერთადერთი რამ: ღირსეული და ძლიერი კონკურენცია უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების მიმართ, რაც მოგეხსენებათ საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსსს მოითხოვს, ხოლო აღნიშნული ფინანსური რესურსის ნაკლებობას ის ადამიანი, ვინც სამოქალაქო სექტორში წასვლა გადაწყვიტა, - ნამდვილად არ უჩივის. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხანგრძლივი პერსპექტივისთვის, უნდა შეიქმნას ისეთი ინსტიტუციები, რომელიც განაპირობებს იმას, რომ არასამთავრობო სექტორი მხოლოდ ერთი ადამიანის ფინანსურ შესაძლებლობებზე არ იყოს დამოკიდებული. აქ, რა თქმა უნდა, უცხოურ კაპიტალს არ ვგულისხმობთ.
იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილს ჩვენს მიერ ნახსენები კონკურენციის გეგმა გულდასმით აქვს გაწერილი, მაშინ, საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ მას ამ კონკურენციის დაძლევა არ უნდა გაუჭირდეს.
გარდა იმ პოზიტივისა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ყოფილი პრემიერის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბება, ქვეყნის პოლიტიკური განვითარების კუთხით გარკვეულ საფრთხეებსაც შეიცავს, საიდანაც უმთავრესი საფრთხე ისაა, რომ ივანიშვილის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე,“ ქვეყნის ფაქტობრივ მთავრობად არ გადაიქცეს.
ამ საფრთხეს საკმაოდ რეალური საფუძველი გააჩნია.
დავიწყოთ იქედან, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა თითქმის ათწლიანი ავტორიტარული რეჟიმისგან იხსნა და მიუხედავად იმისა, რომ ის დღეს პოლიტიკაში აღარ არის, საზოგადოების კეთილგანწყობა მის მიმართ გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე დღეს მოქმედი, ხელისუფლებაში მის მიერვე მოყვანილი პოლიტიკოსების მიმართ.
მეორეც, როგორც აღვნიშნეთ, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის მოყვანილია და იარსებებს საფრთხე, რომ მისი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული ნებისმიერი სახის დასკვნა და შენიშვნა, თუნდაც ის მცდარიც იყოს, აღმასრულებელი ხელისუფლების ამა თუ იმ წარმომადგენელმა სახელმძღვანელო დებულებად მიიღოს, რაც დროთა განმავლობაში გამოიწვევს სწორედ იმას, რომ ორგანიზაცია „მოქალაქე“ ქვეყნის ჩრდილოვან, თუმცა რეალურ ხელისუფლებად გადაიქცევა.
იმედია ეს საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს წინასწარ აქვს აწონილი, მითუმეტეს, რომ ნაციონალური მოძრაობაც და იგივე, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოებიც, ასეთი ფაქტის ნეისმიერ გამოვლინებას შეაფასებენ, როგორც ბიძინა ივანიშვილის რეალურ დე-ფაქტო მმართველობად.
რა მიმართულებებით დაიწყებს მუშაობას ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია და რა იქნება მისი პრიორიტეტები?
დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, გარდა უცხოური დაფინანსებით მოქმედ არასამთავრობოებთან კონკურენციისა, ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციას მუშაობის რამდენიმე პრიორიტეტი ექნება, რომლებიც თავის მხრივ, გარკვეული საფრთხეებს ასევე შეიცავენ.
ივანიშვილის ახალი არასამთავრობოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მოქმედი აღამასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების მონიტორინგი და მისი პირუთვნელი შეფასება იქნება.
ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პიროვნულ ფაქტორს გადააბიჯოს და აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედ წარმომადგენლებს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრსაც, უცხო და ობიექტური თვალით შეხედოს. ამავდროულად, მაქსიმალური დისტანცირება უნდა მოახდინოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან, მიუხედავად პიროვნული თუ ოჯახური სიახლოვისა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად იარსებებს საფრთხე მისი სუბიექტური აზრის გავლენის ქვეშ მოქცევისა და უფრო მეტიც, დაიხატება სურათი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და მისი ძირითადი მაკონტროლებელი არასამთავრობო სტრუქტურა ერთმანეთშია ათქვეფილი.
იდეალური ვარიანტი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება კვალიფიციური გამკრიტიკებელი აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლებისა, ხოლო ხელისუფლების ნებისმიერი შტო, მის კრიტიკას ბრმად კი არ დაეთანხმება, არამედ მაქსიმალურად შეეცდება თავისი პოზიციები დაიცვას. ამ რეჟიმში კი, სიმართლე, ჭეშმარიტება და სწორი გამოსავალი აუცილებლად გამოჩნდება.
კიდევ ერთი პრიორიტეტი, რაც სავარაუდოდ ახალ არასამთავრობო ორგანიზაციას ექნება, ეს ქვეყანაში მოქმედ პოლიტიკურ სპექტრთან ურთიერთობაა. ბიძინა ივანიშვილისთვის კი, როგორც პიროვნებისთვის ეს პრიორიტეტიც გამოწვევა იქნება, რადგან მან ისევ და ისევ უნდა შეძლოს და ამ საკითხში, ადამიანურ ურთიერთობებზე მაღლა დადგეს, რადგან ესა თუ ის პოლიტიკური ძალა პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, რაც ცნობილი ფორმულის მიხედვით, ამ ძალისთვის, აუცილებლად გარყვნის დასაწყისი გახდება.
ახალმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა შექმნას აბსოლუტურად პარიტეტული დამოკიდებულება ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ და პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ პოლიტიკურ ძალას, ვისი ხედვაც ქვეყნის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
ყოფილ პრემიერს, სამოქალაქო სექტორში გადასვლის შემდეგ, აუცილებლად დაუდგება აგრეთვე თავისუფალი მედიის განვითარების პრიორიტეტი.
სამწუხარო რეალობაა, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს მედიის უდიდესი ნაწილი მთლიანად პოლიტიზირებული იყო და ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებს ატარებდა. ეს ტენდენცია, სამწუხაროდ დღესაც გრძელდება და ის მედიასაშუალებები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს, პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ, ძველი სიკეთის თუ სხვა ფაქტორების დამსახურებით, დომინანტის როლს გარკვეულწილად დღემდე ინარჩუნებენ. ყოველ შემთხვევაში, მედიასივრცეში არსებულ ამინდზე გავლენას ახდენენ.
სწორედ ესაა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა ყოფილი პრემიერისთვის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში იმ ჟურნალისტური სტანდარტის დამკვიდრებას, რომელიც ტენდენციურობასა და არაობიექტურობას მაქსიმალურად გამორიცხავს, ხოლო საზოგადოების ცნობიერზე მოახდინოს ისეთი გავლენა, რომ საზოგადოებამ, ტენდენციური და არაობიექტური მედიასაშუალება თვითონვე გარიყოს და არაყურებადი და არაკითხვადი გახადოს.
და ბოლოს, ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ბიძინა ივანიშვილს სამოქალაქო სექტორში გადასვლის შემდეგ დაუდგება, ეს თავად საზოგადოების იდეურ-სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარება-ჩამოყალიბებაა, რის დეფიციტსაც ქართველი საზოგადოება სამწუხაროდ ასერიგად განიცდის და რისი წყალობითაც მივედით იმ დონემდე რა დონემდეც დღეს ვართ, როცა ერი, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ტერორის შიშისგან ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლებულა.
უნდა მოხერხდეს და საზოგადოების ცნობიერება იმ დონემდე გაიზარდოს, რომ მან ხელისუფლების მიერ ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი და ნაბიჯის მცდელობა ძირშივე აღკვეთოს, რომ არ მივიღოთ ის რეალობა, რა რეალობაშიც ქვეყანა ჯერ კიდევ ორი წლის წინ ცხოვრობდა.
საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ ხელისუფლების ნებისმიერი შტო, იქნება ის აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო, მის მიერაა არჩეული თუ დანიშნული, მის მიერ გადახდილი გადასახადებიდან ფინანსდება და ანგარიშვალდებულიც სწორედ საზოგადოების ნებისმიერ წევრთანაა.
სანამ საზოგადოების ცნობიერში ეს ღრმად არ ჩაჯდება, მანამ ქვეყანას განვითარების ხანგრძლივი პერსპექტივა არ ექნება.
საზოგადოებამ უნდა ისწავლოს აგრეთვე სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ, რაც ისევ და ისევ უპირველესი საწინდარია იმისა, რომ ის, დამონებულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს.
საზოგადოებამ უნდა ისწავლოს გადაწყვეტილების არა ცხელ გულზე, არამედ განსჯის შედეგად მიღება, ვინაიდან ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილებების „სიკეთეს,“ სამწუხაროდ, დღემდე ვიმკით და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოვიმკით.
საზოგადოებამ უნდა ისწავლოს არჩევანის გაკეთება არა ლამაზი დაპირებების, ან ცალკეული პიროვნებების პატივისცემის გამო, არამედ ცივი გონებით და ღრმა განსჯის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით.
ქვეყნის პოლიტიკურ კულტურაში აუცილებლად უნდა დამკვიდრდეს წინასაარჩევნოდ არა ლამაზი სიტყვებით, არამედ კონკრეტული პროგრამით წარდგომის კულტურა, საზოგადოებამ კი არჩევანი არა პიროვნული სიმპათიის, არამედ მისაღები და მისთვის სასარგებლო პროგრამის მიხედვით უნდა გააკეთოს, ხოლო თუ მის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალა იმ პროგრამის განხორციელებაზე უარს იტყვის, რის გამოც მას ხალხმა ხმა მისცა, მაშინ საზოგადოება მზად უნდა იყოს, რომ ხელისუფლებას პროგრამის შესრულება აიძულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ძალაუფლებას ჩამოაშოროს.
საზოგადოებამ უნდა ისწავლოს აგრეთვე, თუ რით უნდა იხელმძღვანელოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის არჩევისას. უნდა მიენდოს ბრმა და ამავდროულად ვარდისფერ დაპირებებს, თუ არჩევანი მისთვის სასარგებლო ალტერნატივაზე პრაგმატულად გააკეთოს.
ესაა იმ პრობლემათა მცირე ნაწილი, რომელიც სამწუხაროდ დღეს ქართველი საზოგადოების წინაშე დგას და რომელსაც აუცილებლად მიხედვა სჭირდება, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი ნამდვილი ამოცანა ქვეყნის განვითარება და მისი დასავლური სტანდარტების რელსებზე გადაყვანაა.
ამ ყველაფრის გადასწყვეტად კი, საქართველოს ყოფილ პრემიერს, რომელიც უახლოეს ხანებში სამოქალაქო სექტორიდან მოგვევლინება, ნამდვილად დიდი რესურსი გააჩნია და თუ ის ამას რეალურად შეძლებს, ქვეყნის ისტორიაში უდავოდ განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.
ალექსანდრე კაპანაძე
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“