მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის წინა დღეები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში უჩვეულოდ აქტიური და ცოცხალი იყო,
რაც ერთის მხრივ დედაქალაქის მერის გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებით, მეორეს მხრივ კი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის თემით იყო გამოწვეული, - მაინც შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ხასიათმა თავისი გაიტანა და საახალწლოდ დროსტარებას მიტანებულ ერს გამოფხიზლების სურვილი ჯერ კიდევ არ გასჩენია.
სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ გასული პოლიტიკური კვირა ქვეყნის ცხოვრებაში საკმაოდ მდორე იყო, თუ არ ჩავთვლით 2014 წლის პირველ მთავრობის სხდომასა და რაღა თქმა უნდა პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს.
ის მოვლენები კი, რაც პატრიარქის ეპისტოლეს იმ ნაწილს მოჰყვა, რომელიც სუროგაციის გზით ბვავშვის გაჩენას ეხებოდა, თავისუფლად შეიძლება შეფასდეს, როგორც წყლიან ჭიქაში ქარიშხალის ატეხვისა და საპატრიარქოსა და პატრიარქის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა.
ის ფაქტი, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ მართლმადიდებლური ეკლესია დარტყმის ქვეშ დააყენონ და მის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროპაგანდა აწარმოონ, დიდი ხანია სახეზეა. ამის ერთ-ერთი გამოვლინება კი სწორედ 8 იანვარს საპატრიარქოსთან გამართული აქცია იყო.
საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც შობის მეორე დღეს საპატრიარქოსთან პროტესტის გამოსახატად მივიდა, ძალიან კარგად ჰქონდა და აქვს გაცნობიერებული, რომ პატრიარქის ეპისტოლე რაიმე ნორმატიული აქტის და მითუმეტეს კანონის ძალას არ ატარებს და ის ერის სულიერი მამის ნაფიქრ-ნააზრევის გამოხატვაა, ხოლო დემოკრატიის მანტიით შემოსილმა აქციის მონაწილეებმა, ნებსით თუ უნებლიედ, თავიანთი პროტესტით გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გაილაშქრეს.
ნაკლებსავარაუდოა, რომ ეს წინასწარგააზრების გარეშე მოხდა. სწორედ ესაა პატრიარქისა და ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა, თორემ აღნიშნული ეპისტოლეს გამოქვეყნების შემდეგ, პრესის ფურცლებიდან უამრავმა ცნობილმა სახემ, მათ შორის პოლიტიკოსებმა და კულტურის მოღვაწეებმაც დააფიქსირეს თავიანთი ნეგატიური განწობა სუროგაციის მიმართ, თუმცა ამის გამო მათ ოფისებთან საპროტესტო აქცია არავის გაუმართავს. მათ აქცია გამართეს მხოლოდ იმ პიროვნებისა და ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომელსაც თავიანთ ყველაზე დიდ და სერიოზულ მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ.
როგორც აღვნიშნეთ, პატრიარქის ეპისტოლე არ ატარებს ნორმატიული აქტის ძალას და იმ შემთხვევაში, თუ ეპისტოლეში გამოთქმული მოსაზრების მართებულობასთან დაკავშირებით რაიმე კითხვა გაჩნდება, საზოგადოებამ და პირველ რიგში სათანადო დარგის სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ და საბოლოო ვარიანტი შეაჯერონ, ნაცვლად იმისა, რომ ვიღაცებმა საკუთარი ბოღმა ანთხიონ და საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციები მოაწყონ.
შესაძლოა ამ მოსაზრებაში ვინმე შემოგვედავოს და თქვას, რომ სუროგაციის სხვა მოწინააღმდეგეებს და მათ სიტყვებს არ გააჩნიათ ის წონა და ნდობა საზოგადოებაში, რაც პატრიარქის სიტყვებს გააჩნია და სწორედ ამიტომ მიიმართა პროტესტი საპატრიარქოს წინააღმდეგ.
ერთი შეხედვით ამაში ლოგიკის მარცვალი ნამდვილად დევს, მაგრამ თუ საკითხს ცოტა უფრო საფუძვლიანად შევხედავთ, პატრიარქის სიტყვამ საქართველოს მოსახლეობაში და სხვათა შორის არა მხოლოდ მართლმადიდებლებში, სანდოობის ასეთი ხარისხი იმის გამო შეიძინა, რომ თითოეული სიტყვის უკან ფიქრი და განსჯა დგას, ხოლო გარკვეული ძალები თავიანთ „სიმართლის დამტკიცებას“ არა დაფიქრებული, გააზრებული და მეცნიერულ საფუძვლებზე დამყარებული არგუმენტებით ცდილობენ, არამედ არცთუ შინაარსიანი და გრამატიკულად გაუმართავი პლაკატებით ლამობენ ჩრდილი მიაყენონ იმ პიროვნებასა და იმ ინსტიტუციას, რომელსაც საზოგადოებაში მართლაც უდიდესი ნდობის ხარისხი გააჩნია.
ის, რომ სუროგაცია უნაყოფო ოჯახებისთვის ხშირ შემთხვევაში უდიდესი სიხარულის მომტანია, ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ ამ სიხარულით საქართველოში და არა მარტო საქართველოში უამრავი ადამიანი გაბედნიერებულა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ მსოფლისო ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში სუროგაცია აკრძალულია.
როდესაც ასეთ ფაქიზ თემას ვეხებით, ეს საპატრიარქოსთან მივარდნით და იქ მუშტი-კრივის გამართვით კი არ უნდა გადავწვიტოთ, არამედ ექსპერტულ დონეზე, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით უნდა იქნას კონსესუსი მიღწეული.
გარკვეული პერსონებისა თუ ძალების მიერ საშობაო ეპისტოლე შეფასდა, როგორც ადამიანთა დიფერენციაცია და სუროგაციის გზით დაბადებულ მოქალაქეთა სიძულვილი, რაც არათუ გონიერებას, საერთოდ ყოველგვარ აზრს მოკლებულია, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა კონკრეტული განცხადებების უკან პოლიტიკური მოტივებიც შეიძლება ვეძებოთ.
გარდა აღნიშნული ფაქტისა, გასულ კვირაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორც აღვნიშნეთ 2014 წლის პირველი მთავრობის სხდომა იყო.
ეს ერთი შეხედვით, რიგითი მთავრობის სხდომა იმით იყო გამოწეული, რომ ქვეყნის ჯერ კიდევ ახალმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრჭყალები გამოაჩინა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მცდელობა, მორიგი უნიჭო პიარის აეგორებინათ, ჩანასახშივე მოსპო.
საქმე ეხება ე.წ. „კანინიერი ქურდების“ შესახებ არსებული კანონის გადახედვას, რომლის თანახმადაც წოდება „კანონიერი ქურდი,“ - დასჯადია.
ნაციონალების მცდელობას, რომ დაეხატათ სურათი, თითქოსდა ახალი ხელისუფლება „კანონიერი ქურდების“ რეაბილიტაციას იწყებს და აღნიშნულ კანონს აუქმებსო, მთავრობის სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილის 3 წუთიანმა სიტყვამ ამ თემით სპეკულირებას წერტილი დაუსვა და ამის შემდეგ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს აღნიშნულ საკითხზე კრინტიც არ დაუძრავთ.
ანუ, თუ პირველ შემთხვევაში, გარკვეულ ძალებს გამოუვიდათ რომ წყლიან ჭიქაში ქარიშხალი აეტეხათ, მეორე შემთხვევაში ამაში ფეხი არ ჩაუვიდათ, რაც ახალი ხელისუფლებისთვის იმის გაკვეთილად უნდა იქცეს, რომ ის არა მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ჩადგეს, არამედ ხანდახან შეტევაზე გადასვლაც ისწავლოს, მითუმეტეს, რომ ნაციონალურ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, სიმართლე აბსოლუტურად მათ მხარესაა.
სამწუხაროდ ჯერ კიდევ უცნობია იმ ადამიანის ვინაობა, რომელიც საზოგადოების უმთავრესი მოლოდინის - სამართლიანობის აღდგენის გზაზე რეალურ ნაბიჯებს გადადგამს. იგულისხმება მთავარი პროკურორობის კანდიდატი, რომელსაც საკმაოდ დიდი შრომის გაწევა და პასუხისმგებლობის აღება მოუწევს თავის თავზე.
როგორც ამავე რუბრიკის წინა მასალებში ვწერდით, ახალი 2014 წლის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება და რომელიც, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ რუკაზე სავარაუდოდ სერიოზული ცვლილებების გამომწვევი გახდება, რისი უმთავრესი მიზეზიც, ისევ და ისევ ზემოთნახსენები სამართლიანობის აღდგენაა, რაც ქვეყნის პოლიტიკას ბოლო ორი წლის განამვლობაში აქილევსის ქუსლად ექცა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და შესაბამისად, სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება ახალ ხელისუფლებას სამართლიანობის აღსადგენად, რაც ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნების შედეგებზე თავის გავლენას აუცილებლად იქონიებს. მითუმეტეს, რომ კულუარებში და ექსპერტულ წრეებში უკვე გაჩნდა ინფორმაციები არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანების შესახებ, რაც როგორც ახალი, ასევე ყოფილი ხელისუფლებისთვის საკმაოდ სერიოზული პრობლემა იქნება, ვინაიდან, საზოგადოების იმ ნაწილის ხმები, ვინც ნაციონალურ მოძრაობას ვერ იტანდა და ვერც ახალი ხელისუფლების მხრიდან დაინახა მისი ღირსების აღსადგენად გადადგმული ნაბიჯები, - აუცილებლად წავა არასაპარლამენტო ოპოზიციის აქტივში.
ამ სეგმენტში კი ყველაზე ანგარიშგასაწევი ფიგურა „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეა, რომლის გარშემოც, სავარაუდოდ არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანება მოხდება. ხოლო თუ გაერთიანება ნამდვილად შედგა, ეს, კოჰაბიტაციური, ორპოლუსიანი სისტემის ნგრევის წინაპირობა იქნება.
და ბოლოს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქართველოდან რამდენიმე დღით გაუჩინარებაა.
როგორც ჩვენი სააგენტო ამ ცოტა ხნის წინ წერდა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გიგი უგულავა დაკითხვაზე მეორედ დაიბარეს და მას სასამართლომ უფლებამოსილებაც შეუჩერა, უგულავასა და ასევე ფაქტიურად გაქცეულ მიხეილ სააკაშვილს შორის არცთუ სასიამოვნო სატელეფონო საუბარი შემდგარა, ხოლო მას შემდეგ, რაც სააკაშვილს უარი უთქვამს გიგი უგულავას მხარდამჭერი განცხადების გაკეთებაზე, დედაქალაქის მერყოფილს პრეზიდენტყოფილისთვის უშვერი სიტყვებით უგინებია.
ასე, რომ გიგი უგულავა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობაში მეტნაკლებად დამოუკიდებელი მოთამაშე იყო, შესაძლოა დარწმუნდა, რომ ის ახალი ხელისუფლებისა და კანონის წინააღმდეგ აბსოლუტურად მარტო დარჩა და აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა, პატიმრობისა და ვანო მერაბიშვილის თანამესაკნეობის პერსპექტივას, კვლავ საქართველოდან გაცლა ამჯობინoს.
ალექსანდრე კაპანაძე
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“