მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურმა ოფიციალურად გაავრცელა განცხადება იმის შესახებ,
რომ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმებაო, ნაკლებსავარაუდოა, რომ მისი საჭიროება პრემიერს წლის პირველსავე კვარტალში არ დაუდგეს, რასაც თავისი, როგორც ობიექტური, ასევე, შეიძლება სუბიექტური მიზეზებიც გააჩნდეს.
ერთი საგულისხმო დეტალი, რაც პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაში იყო ხაზგასმული, ისაა, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები უახლოეს პერიოდში არ იგეგმებაო. ცნება უახლოესი პერიოდი კი საკმაოდ ზოგადი და ინდივიდუალურია. ზოგიერთისთვის უახლოესი პერიოდი შეიძლება რამდენიმე დღეს, ზოგიერთისთვის კი რამდენიმე თვეს ნიშნავდეს.
ის, რომ უახლოეს დღეებში და მინიმუმ არც იანვრის თვეში მთავრობაში სერიოზული საკადრო გადაადგილებები არ მოხდება, ამთავითვე ნათელია, მაგრამ გუნდის გადახალისებისა და მასში შემავალი ზოგიერთი სუბიექტის ჩანაცვლების აუცილებლობა, პრემიერს საკმაოდ მალე დაუდგება, თუ უკვე ამის საჭიროება დამდგარი არ აქვს.
ამის თქმის საფუძველს კი ის პარტიული სიჭრელე იძლევა, რომელიც ისევეა წარმოდგენილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში, როგორც კოალიციაში და თითქმის ისე, როგორც პარლამენტში.
კოალიცია თავის დროზე მკვეთრად დადებითი მოვლენა იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში, რადგან სწორედ მას უკავშირდება ქვეყანაში ავტორიტარიზმისა და ტირანიის დასრულება, თუმცა გასათვალისწინებელი აქ ორი ფაქტორია.
პირველი ფაქტორი ისაა, რომ 10 წლის განმავლობაში ტერორის ქვეშ ნაცხოვრები ხალხის ცნობიერში, კოალიციის შემადგენლობას მნიშვნელობა ნაკლებად ჰქონდა და ისინი ავტორიტარიზმის მოშორების სურვილით, ნებისმიერ შემადგენლობას მისცემდნენ ხმას, თუ, რა თქმა უნდა, ამ შემადგენლობის სათავეში იქნებოდა ის პიროვნება, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა და რეალურად, ვისაც ხალხმა ხმა მისცა 2012 წლის 1 ოქტომბერსაც და 2013 წლის 27 ოქტომბერსაც. ანუ, კოალიციაში შემავალ ძალთა უმრავლესობა ხალხში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ხალხის რეალური დაკვეთის შესრულებისგან ყოველთვის შორს იდგნენ და სავარაუდოდ, დღესაც ამ პოზიციაზე არიან.
რაც შეეხება მეორე ფაქტორს, ეს თავად კოალიციაში შემავალი იმ სუბიექტების პლატფორმა, პოლიტიკური სიმპათიები და ე.წ. ბეგრაუნდებია, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ, ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებოდნენ.
ვგულისხმობთ ირაკლი ალასანიას პარტიასა და რესპუბლიკელებს, რომლებიც ჯერ კიდევ მიშას ხელისუფლების დროს, მისი რეჟიმის გასახანგრძლივებლად და ლეგიტიმაციის მისაცემად საკმაოდ აქტიურად იღწვოდნენ და რომლებიც კოჰაბიტაციის სურნელით ტკბობაზე სავარაუდოდ 2014 წელსაც არ იტყვიან უარს.
მეორეს მხრივ კი, წინა პლანზეა წამოწეული საზოგადოების უმკაცრესი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, რისი შეუსრულებლობაც ავტომატურად აისახება გაზაფხულზე დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე და როგორც ამავე რუბრიკის წინა ნომერში ვწერდით, გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ უსამართლობის განცდით შეწუხებული საზოგადოების პოლიტიკური სიმპათია ნინო ბურჯანაძისკენ მასიურად გადაიხრება, რაც არსებულ პოლიტიკურ დაფაზე სერიოზული ცვლილებების დასაწყისი გახდება.
ამ ფონზე, ირაკლი ღარიბაშვილი, რამდენიც არ უნდა ეცადოს, რომ ქვეყანაში სამართლიანობა რეალურად აღადგინოს, ყოველთვის უდიდეს წინააღმდეგობას წააწყდება თავისსავე გუნდში, ანუ კოალიციაში და უპირველეს ყოვლისა, ეს წინაააღმდეგობა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან წამოვა.
ამ მხრივ, როგორც აღვნიშნეთ, განსაკუთრებით, ირაკლი ალასანიას ფრთა იაქტიურებს, ხოლო რაც შეეხება რესპუბლიკელებს, მათ, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო ჭკვიანური სტრატეგია აქვთ არჩეული და პოზიციების გამაგრება თავიდანვე, ირაკლი ალასანიასგან განსხვავებით, არა აღმასრულებელ, არამედ საკანონმდებლო ორგანოში გადაწყვიტეს, რასაც გარკვეულწილად მიაღწიეს კიდეც, თუმცა ამაზე მოგვიანებით, მანამ კი აღმასრულებელი ხელისუფლების იმ სავარაუდო ჩინოვნიკების შესახებ, რომელთა ჩანაცვლებაზეც შეიძლება პრემიერ-მინისტრმა იფიქროს.
იმის გამო, რომ არ დაიხატოს ირაკლი ალასანიას გუნდზე იერიშის მიტანის სურათი, სავარაუდოდ თავად ალასანიას კანდიდატურას არ შეეხებიან და მას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დატოვებენ, მითუმეტეს, რომ გაპრემიერებისთანავე, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება უკვე განახორციელა და მინისტრის მოადგილედ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან თავისი ნდობით აღჭურვილი კადრი დასვა, რომელსაც, პრაქტიკულად, ამხელა უწყების ყველა ფინანსური ოპერაციისა და არა მარტო მისი კონტროლი ევალება.
ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, პრემიერი თავდაცვის სამინისტროს უკვე იმ დონეზე ნამდვილად აკონტროლებს, რომ მინისტრის დაუყოვნებლივ შეცვლაზე არ ვიფიქროთ.
ამავეს ვერ ვიტყვით იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანზე, რომელმაც ამ თანამდებობაზე თავისი კარიერა ძალიან კარგად დაიწყო და საზოგადოების ნდობა და სიყვარულიც ძალიან მოკლე დროში მოიპოვა, თუმცა მას ამ ნდობისა და სიყვარულის გაფრთხილება არც უფიქრია და გასული წლის შემოდგომაზე, ის ერთი ხელის მოსმით გააცამტვერა.
ვარაუდი, რომ თეა წულუკიანის კარიერა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე საკმაოდ მალე შეიძლება დასრულდეს, იმ ფაქტორითაცაა გამყარებული, რომ მაშინ, როცა მის უწყებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენები ხდება, იგულისხმება მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის გადადგომა და მისი შემცვლელის დანიშვნის პროცესი, თეა წულუკიანი შვებულებით სარგებლობს და მეგობართან ერთად იტალიაში იმყოფებოდა, საიდანაც, როგორც პრესა წერს, საახალწლოდ საფრანგეთში გადასულა.
ძნელად დასაჯერებელია, რომ 21-ე საუკუნეში, მობილურის, ინტერნეტისა და გლობალური სოციალური ქსელების ეპოქაში, თეა წულუკიანისთვის მყისიერად არ გამხდარიყო ცნობილი ნებისმიერი მოვლენა, რასაც მის უწყებაში ჰქონდა ადგილი. აქედან გამომდინარე, ფაქტი, რომ ამ მოვლენებს, რომელიც სრულიად საქართველოსთვის განხილვის თემა გახდა, თეა წულუკიანი ერთი მშრალი კომენტარითაც კი არ გამოხმაურებია, ეჭვის საფუძველს, რა თქმა უნდა, იძლევა.
ეს შეიძლება ორი სავარაუდო ფაქტორით ავხსნათ. პირველი ვერსიიით, თეა წულუკიანს ფარცხალაძის შემცვლელის დანიშვნა ავტონომიურად უნდოდა, რასაც, რა თქმა უნდა, პრემიერი არ დაუშვებდა და არც უნდა დაეშვა და მეორე, თეა წულუკიანს უნდა, რომ გაერიდოს და გაემიჯნოს იმ პროცესს, რასაც სამართლიანობის რეალურად აღდგენა ჰქვია. რადგან, ისევ და ისევ, ირაკლი ალასანიას პოლიტიკური ბეგრაუნდიდან გამომდინარე, მისი გუნდის წევრი თუ წინა ხელისუფლების დამნაშავე ჩინოსანთა დასჯას ხელს ვერ შეუშლის, სავარაუდოდ არც შეუწყობს.
საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ასევე, თეა წულუკიანის მიერ დაახლოებით ორი თვის წინ გაკეთებული განცხადება მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადადების შესახებ, რომელმა განცხადებამაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მას საზოგადოებაში მოპოვებული ნდობა და სიყვარული პრაქტიკულად სრულად დააკარგვინა.
ასე, რომ პირველი, ვინც შეიძლება მოქმედი მინისტრთა კაბინეტიდან ირაკლი ღარიბაშვილის სამიზნეზე დაჯდეს, სავარაუდოდ სწორედ თეა წულუკიანი იქნება.
წმინდა პროფესიონალური თვალსაზრისით, შეიძლება ამ სიაში კახა კალაძეც შევიტანთ, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ენერგეტიკის მინისტრი საკმაოდ მაღალ პარტიულ იერარქიასაც იჭერს პარტია „ქართულ ოცნებაში“ და დიდი შემართებითაც გამოირჩევა, მისი გადაყენება სავარაუდოდ მოსალოდნელი არ არის. მოსალოდნელი არ არის აგრეთვე, სოზარ სუბარის გადადგომაც, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერსონის მიმართ პრესაში, ბოლო პერიოდის განმავლობაში, საკმაოდ კრიტიკული მოსაზრებები ისმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობისა და ასევე მინისტრის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
იმ მემკვიდრეობასთან შედარებით, რაც სასჯელაღსრულების სისტემაში სოზარ სუბარმა მიიღო, დღევანდელი ვითარება სამოთხეა, თუმცა, რა თქმა უნდა, სათანადო სტანდარტებამდე ძალიან ბევრი აკლია, რისი დასტურიც ამ დღეებში ქსნის დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტია, როდესაც ავადმყოფ მსჯავრდებულს ციხის მედპერსონალმა ყურადრება არ მიაქცია და ის პრაქტიკულად სასიკვდილოდ გაწირა. იმისთვის, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მდგომარეობა ევროსტანდარტებამდე გამოსწორდეს, საჭიროა სათანადო ინფრასტრუქტურა, კადრების საფუძვლიანი გადამზადება, ახალი შენობა-ნაგებობები, ძირეული რეფორმები, ბევრი ფული და რა თქმა უნდა, დრო.
ასე, რომ უწყებაში არსებული ნაკლოვანებების შესახებ მხოლოდ სუბარის დადანაშაულება არაობიექტური იქნებოდა.
რაც შეეხება ეკონომიკურ გუნდს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ლარის კურსი პერმანენტულ ვარდნას განიცდიდა და არც ინვესტორებს აუტალახებიათ თბილისის აეროპორტი, ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არც ეკონომიკური გუნდის შეცვლა არ იქნებოდა, ვინაიდან ინვესტორისთვის თუნდაც ერთი წელი საკმაოდ მცირე დროა იმისთვის, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმიდან სამართლიანი ბიზნესგარემოს შექმნაში დარწმუნდეს, ამას კიდევ ბევრი და კომპლექსური სამუშაოები დასჭირდება, თუმცა მიზანმიმართული და გათვლილი მუშაობის შედეგად, ის აუცილებლად მიიღწევა.
რაც შეეხება ლარის კურსს, მისი ცვლილება ამ მიმართულებით არათუ საჭირო, არამედ აუცილებელიც კი იყო და მისი ხელოვნური შენაჩუნებით, რომელიც, სხვათა შორის, ეროვნული ბანკის საკმაოდ მძიმე ვალდებულება იყო, წინა ხელისუფლებამ ქართული ეკონომიკა პრაქტიკულად კოლაფსის პირას მიიყვანა. უფრო მეტიც, სასურველია თუ მომდევნო წლის განმავლობაში ლარის კურსის ვარდნის მცირე ტემპი კვლავ შენარჩუნდება, რომ მან პროდუქციის ფასების ნახტომისებური ცვლილება არ გამოიწვიოს. დასაშვები და გათვლილი დოზით ინფლაცია, ეკონომიკის განვითარებისთვის და ფულის მასის მუდმივი ბრუნვისთვის აუცილებელიც კია.
შეიძლება ვინმემ თქვას, რომ თითქმის ერთწლიანი მმართველობის პერიოდში მოსახლეობას ეკონომიკური კუთხით შეღავათი არ უგრძვნიაო და მართალიც იქნება, მაგრამ ეკონომიკა არ არის ის, როგორიც მიხეილ სააკაშვილს წარმოედგინა, როცა ეგონა, რომ უცხოეთის მსხვილტირაჟიან გამოცემებში საქართველოს ბიზნესგარემოს შესახებ რეკლამას განვათავსებ და ინვესტორების ცვენას ვეღარსად დავემალებიო. ეკონომიკის განვითარება ხანგრძლივ ვადაზე გათვლილ სტრატეგიას და ამ სტრატეგიის განუხრელად დაცვა-განხორციელებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი პოტიომკინიზაცია მოხდება ისევე, როგოც ეს სააკაშვილის მმართველობის დროს იყო.
ასე, რომ ჯერჯერობით, ეკონომიკურ გუნდზე მკვეთრად ნეგატიურის თქმა სამართლიანი ნამდვილად არ იქნება, თუმცა თუ რეალური და ხელშესახები შედეგი მიმდინარე წლის ბოლომდეც არ გამოჩნდა, მაშინ ამ გუნდის კომპეტენცია და შესაბამისად, მათი თანამდებობებზე დატოვება ნამდვილად უნდა დადგეს ეჭვის ქვეშ.
სამაგიეროდ უკვე შეიძლება კამათი ასევე, ირაკლი ალასანიასთან ასოცირებულ და მის ნათესავ მინისტრზე, მაია ფანჯიკიძეზე, რომელმაც გასული წლის განმავლობაში ვერ იქნა და ვერ შეძლო საერთაშორისო საზოგადოების სათანადო ინფორმირება მოეხდინა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს წინა ხელისუფლება სინამდვილეში დანაშაულებრივ რეჟიმს წარმოადგენდა და ვანო მერაბიშვილისა თუ გიგი უგულავას დაკითხვაზე მიყვანა არა პოლიტიკური ზეწოლა ან ანგარიშსწორება, არამედ სამართლიანობის აღდგენისკენ ნაბიჯების გადადგმის მცდელობა იყო. უფრო მეტიც, გასულ წელს ძალიან მცირეა ჩამონათვალი იმ ფაქტებისა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართული დიპლომატიის წარმატებად შეიძლება ჩავთვალოთ.
აქ, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება რუსეთთან ურთიერთობა და პრემიერის პირადი წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის დამსახურება, რასაც მან კარასინთან შეხვედრების დროს მიაღწია.
საგულისხმო ის უფროა, რომ ხელისუფლებაში არმყოფი „ნაციონალური მოძრაობა,“ მთელი გასული წლის მანძილზე ახერხებდა და საერთაშორისო ასპარეზზე „ქართულ ოცნებას“ ძირითადად იპონით უგებდა. ამის დასტურია ევროპისა და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პერმანენტული შეშფოთება-აღშფოთებები საქართველოში მიმდინარე შესაძლო პოლიტიკურ ანგარიშწორებასთან დაკავშირებით. ვისაც არ ახსოვს შევახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილის ბედზე მოტირალმა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, შეშფოთება წინასაახალწლოდ კიდევ ერთხელ გამოთქვა და საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, თქვენთან მიმდინარე მოვლენებს დიდი ყურადღებით ვაკვირდებით და ემანდ ისეთი რამე არ მოიმოქმედოთ, რაც თქვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს დააზიანებსო.
აქედან გამომდინარე, ის რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი სისტემური დანაშაულების უამრავი მტკიცებულებების შესახებ საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსშიც კი არ არის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პირადად, მინისტრის მუშაობაში დადებით ფაქტორად ნამდვილად ვერ ჩაითვლება.
ამ შემთხვევაში შეიძლება კონტრარგუმენტად ვილნიუსის სამიტი მოვიყვანოთ, მაგრამ ყველამ კარდაგ იცის, რომ ვილნიუსის სამიტზე მიღწეული წარმატება მარტო საგარეო საქმეთა სამინისტროს დამსახურება არ არის და ის სხვა უწყებების მუშაობასთან ერთად, იმ გლობალური პოლიტიკური სურათის დამსახურებაცაა, რამაც ევროკავშირს ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების თარიღის გადმოწევაც კი აიძულა.
ხოლო რაც ვილნიუსის სამიტზე, ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების ხელმოწერის დროს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მის პროტოკოლს ევალებოდა, ეს ცერემონიის ვიზუალური თუ აუდიო გაფორმების უზრუნველყოფა და ამაზე თადარიგის დაჭერა იყო, ხოლო, ვისაც ახსოვს ხელმოწერის დროს აჟღერებული „შალახო,“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობაზე დასკვნა თავად გამოიტანოს.
რაც შეეხება კიდევ ერთ მინისტრს, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ განხორციელებული ცვლილება შეიძლება შეეხოს, ის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პირველი პირია.
თუმცა, ეს ის შემთხვევა იქნება, როდესაც მინისტრი არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ იქნება ასოცირებული.
ხათუნა გოგალაძის უწყება გასული წლის განმავლობაში ფაქტიურად გადაიქცა უწყებად, რომელიც „ჭიაკოკონობის“ წინა დღეს საზოგადოებას საბურავების დაწვისგან თავის შეკავებისკენ, ხოლო ახალი წლის წინა დღეებში ნაძვის ხეების მოჭრისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. სხვა თვალშისაცემი აქტივობა გარემოს დაცვის კუთხით, სამწუხაროდ ჯერჯერობით არ შეინიშნება. აღარაფერს ვამბობ სისტემაში გამოვლენილ კორუფციის ფაქტებზე.
ეს არის იმ სავარაუდო მინისტრთა სია, რომლებსაც საკადრო ცვლილება შეიძლება შეეხოთ. თუმცა იმ დროისთვის, როდესაც ეს ცვლილებები რეალურად დადგება დღის წესრიგში, აღნიშნული სია საკმაოდ დაგრძელებულიც კი შეიძლება იყოს.
რაც შეეხება ჩვენს მიერ ზემოთნახსენებ „რესპუბლიკურ პარტიას,“ რომელიც სამართლიანობის აღდგენის გზაზე ასევე სერიოზული დამაბრკოლებელი ძალა გახდება, საქმე მათთან მიმართებაში უფრო რთულადაა, რადგან თუ აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობის შეცვლა შედარებით მარტივია, საკანონმდებლო ორგანოსთან დაკავშირებით საქმე სხვაგვარადაა, ხოლო ვადამდელი საპარლამენტო არჩვევნების დანიშვნას, ჯერჯერობით, ნამდვილად არ უნდა ველოდოთ, ყოველ შემთხვევაში მინიმუმ შემოდგომამდე ამაზე საუბარი ზედმეტია.
ხოლო თუ პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ მოახერხებს, რომ ამ წელიწადში სათანადო დონეზე გაძლიერდეს, მაშინ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზეც შეიძლება საუბარი, რაც ქართულ პოლიტიკურ სურათს აბსოლუტურად შეცვლის, ვინაიდან ალასანიას პარტიასა და რესპუბლიკელებს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის ძალიან ნაკლები შანსები ექნებათ. გარკვეული პროცენტით ბარიერის გადალახვას ყველა შემთხვევაში შეძლებენ ნაციონალები, ხოლო, დანარჩენ ადგილებს სავარაუდოდ, არასაპარლამენტო ოპოზიცია შეავსებს.
ასე, რომ წინ სავარაუდოდ საკმაოდ საინტერესო და პოლიტიკური მოვლენებით დატვირთული წელი გველის, რომელიც დატვირთული იქნება არა მხოლოდ შიდა პოლიტიკური, არამედ გარე პოლიტიკური მოვლენებითა და გამოწვევებით, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლებამ, მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური გზითა და მეთოდებით უნდა უპასუხოს.
და ბოლოს, ისევ საკადრო პოლიტიკას რომ დავუბრუნდეთ, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ახალ პროკურორზე, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ ნაციონალებიც, არასაპარლამენტო ოპოზიციაც და დასავლეთიც არგუსის თვალით დააკვირდებიან, რათა სათანადო შავი ლაქის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი კომპეტენცია და შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის პროცესის კანონიერება ეჭვქვეშ დააყენონ.
ამის პრეცედენტი ჩვენს ქვეყანას სულ ახლახანს ჰქონდა და იმედია შეცდომა განმეორებული აღარ იქნება.
ალექსანდრე კაპანაძე
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“