როგორც წესი, წლის ბოლო 2 კვირა, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებული შტილით გამოირჩეოდა ხოლმე,
დაწყებული ედუარდ შევარდნაძის მმართველობიდან, დამთავრებული მიხეილ სააკაშვილის მმართველობით.
დროის ეს მონაკვეთი, როგორც გვახსოვს ძირითადად სანახაობას ეთმობოდა ხოლმე, განსაკუთრებით კი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც წინა ხელისუფლება, თავისი კონტროლირებადი მედიასაშუალებების მეშვეობით, დაჟინებით ცდილობდა დაერწმუნებინა მოსახლეობა, რომ ისინი ბედნიერნი იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ ხალხის საახალწლო სუფრა დიდწილად ცარიელი იყო, ტოტო კუტუნიოს და მის მსგავსთა საქართველოში ჩამოყვანას, სააკაშვილის იდეოლოგები ლამის მესიის მოვლენად აფასებდნენ.
2013 წლის ბოლო ორი კვირა კი, განსხვავებით წინა ანალოგებისგან, საკმაოდ ცხელი გამოდგა, ვინაიდან კოჰაბიტაციური სიამტკბილობა ჯერ გიგი უგულავას დაკითხვაზე დაბარებისა და მისთვის სასამართლოს მიერ უფლებამოსილების შეჩერების ფაქტმა დაარღვია, ხოლო ისედაც საკმაოდ აწეულ მაღალ პოლიტიკურ ტემპერატურაზე მასტიმულირებლად იმოქმედა მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ დაწყებულმა პროპაგანდამ, რაც როგორც ოდნავ მოგვიანებით გამოჩნდა, არცთუ უსაფუძვლო ყოფილა.
ეს ორი ფაქტი იყო იმ არცთუ მშვიდი წლის ბოლო ხმაურიანი შემთხვევები, რომელი წელიც ისტორიას უახლოეს დღეებში ჩაბარდება.
რა იყო 2013 წელი საქართველოს ისტორიისთვის, რა მნიშვნელოვანი მოვლენებით შევა ის ქვეყნის ისტორიაში და რამდენად გაამართლა მან იმ საზოგადოების მოლოდინები, რომელმა საზოგადოებამაც 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა ავტორიტარული რეჟიმის ცვლილებას, უკეთეს მომავალსა და სამართლიანობის აღდგენას მისცა?
2013 წელი შეიძლება შეფასდეს, როგორც წარმატებულად, ასევე წარუმატებლად, ხოლო თუ აქცენტს წარმატებისა და წარუმატებლობის თანაფარდობაზე გავაკეთებთ, ამ შემთხვევაში უპირატესობა, სამწუხაროდ წარუმატებლობისკენ უფრო იხრება.
გასული წლის ერთ-ერთი ცენტრალური და ხმაურიანი მოვლენა, ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და ფაქტიურად პირველი პირის, ვანო მერაბიშვილის დაკავება იყო.
სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაჭიანურებით გაღიზიანებული ხალხი ვანო მერაბიშვილის დაკავებას, ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური განწყობით შეხვდა, თუმცა შემდგომ, ამ პერსონისა და სხვათა მიმართ მტკიცების მხარის უსუსურობით დამდგარი შედეგების გამო, სადაც უპირველესად ბაჩო ახალაიასათვის ბრალის მოხსნა უნდა ვიგულისხმოთ, - საზოგადოების ნეგატიური განწყობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.
შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მთავარი გამოცდა, რაც ახალმა ხელისუფლება გასულ წელს ვერ ჩააბარა, ეს სამართლიანობის აღდგენა იყო, რომელიც, თუ არ ჩავთვლით ყოფილ ჩინოსანთა და დამნაშავეთა დაკავების ერთეულ შემთხვევებს, პრაქტიკულად ადგილიდან არ დაძრულა.
უფრო მეტიც, პროკურატურასა და სასამართლოებში, დღესაც სწორედ ის პროკურორები და მოსამართლეები სხედან, რომლების მიხეილ სააკაშვილის დროს, წლების განმავლობაში მოსახლეობას ატერორებდნენ, ძარცვავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ქონებას ართმევდნენ და ციხეებში ყრიდნენ.
სწორედ ამ გამოცდის ვერ თუ არჩაბარებაა საზოგადოების იმ ნეგატიური ფონის მიზეზი, რაც მას ახალი ხელისუფლების მიმართ ჩამოუყალიბდა.
თუმცა, როდესაც სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს ახალი ხელისუფლების ერთი მიღწევა, - საზოგადოება მასობრივი შიშისაგან და ტერორის ქვეშ ცხოვრების სინდრომისგან გათავისუფლდა.
მართალია ეს სამართლიანობის აღდგენას არანაირად არ ნიშნავს, მაგრამ თითქმის 10 წლის განმავლობაში ტერორის ქვეშ მცხოვრები ხალხისთვის, მაინც დიდი შეღავათი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა მაქსიმალურად ცდილობს საზოგადეობას მათ მიერ ჩადენილი ბევრი დანაშაულებრივი საქმეები მიავიწყოს და ისინი ხელოვნურად შექმნილი თემებით გადაფაროს და მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი საქმეების ტირაჟირებით და ხალხამდე სიმართლის მაქსიმალურად მიტანით არც ახალი ხელისუფლებაა დაინტერესებული, მიგვაჩნია, რომ 2013 წლის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა, სამეგრელოს ტყეებში აღმოჩენილი ის სამალავებია, სადაც იარაღთან და საბრძოლო მასალებთან ერთად ის ავბედითი ვიდეოფირებიც აღმოჩნდა, რომელზეც ადამიანების წამება-გაუპატიურების შემზარავი კადრებია აღბეჭდილი.
ეს არის კადრები, რომელიც სავსებით საკმარისი იქნებოდა, რომ მსოფლიოს ნებისმიერი ოდნავ დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლება ხალხს ლინჩის წესით გაესამართლებინა. როგორც აღვნიშნეთ, ეს ყველაფერი საზოგადოებას ფაქტიურად დაავიწყეს, რაც არა ძველი ხელისუფლების პიარის სიძლიერის მაჩვენებელია, არამედ ამ მიმართულებით ახალი ხელისუფლების სისუსტის მაჩვენებელი უფროა.
პირადად მქონდა „პატივი“ მენახა ეს ამაზრზენი და სამარცხვინო კადრები, როდესაც სამეგრელოს სოფლებში წინასწარშერჩეული უპატრონო გლეხები, ტყეებში მოწყობილ საწამებელ ბუნაგებში მიჰყავდათ, იქ მათ არმომხდარი ტერაქტის აღიარებას აიძულებდნენ, ხოლო თუ ყანიდან მოპარული უპატრონო გლეხი „დანაშაულს“ არ აღიარებდა, მას ჯერ სცემდნენ, ხოლო ამის შემდეგ, ვანო მერაბიშვილის შტატიან გამაუპატიურებლებს, მაგიდაზე გადაუსკოტჩავდნენ და ამგვარად დაბმულებს, სხვადასხვა გაუკუღმართებული მეთოდებით აუპატიურებინებდნენ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ ეს ფაქტიც კი საკმარისია იმისთვის, რომ წინა ხელისუფლების სისტემურ დანაშაულს ფარდა აეხადოს და სააკაშვილის ხელისუფლება ისტორიაში სამარცხვინო სახელით შევიდეს, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ამ და სხვა ფაქტების მიჩქმალვა-მივიწყებით, დღეს მგონი ახალი ხელისუფლების გარკვეული გავლენიანი წრეები უფრო არიან დაინტერესებულნი, რისი შედეგიცაა ის, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი დაპირისპირების დროს, პარლამენტარ ჩიორა თაქთაქიშვილის სისხლიანი ცხვირ-პირი უფრო დიდი „შეშფოთება-აღშფოთების“ საგანი გახდა დასავლეთისთვის, ვიდრე ჩვენს მიერ ზემოთნახსენები საშინელება.
მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მცდელობა არ დაუკლია ეს ფაქტები დასავლეთისთვის გაეცნო, უფრო მეტიც, მან აღნიშნული კადრები დიპლომატიურ კორპუსსაც კი გააცნო, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სისტემური დანაშაულის ამ მტკიცებულებების გაუბრალოებით, მივიწყებითა და მისი მნიშვნელობის იგნორირებით, ახალი ხელისუფლების ზოგიერთი ფრთა, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არანაკლებადაა დაინტერესებული.
მიხეილ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას თავისი ოპოზიციის შესახებ ასეთი „ოქროს მასალა“ რომ ჩავარდნოდა ხელში, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა და რამდენჯერ ახსენებდნენ მას ნაცების კონტროლირებადი ტელევიზიები და პოლიტიკოსები.
ასე, რომ საზოგადოების გულისწყრომა სამართლიანობის აღდგენის დაბალ ტემპებთან დაკავშირებით ნამდვილად სამართლიანია და ეს გულსიწყრომა, იმ შემთხვევაში თუ პროცესები 2014 წელსაც ისეთივე სცენარით განვითარდა, როგორც ეს 2013 წელს იყო, - აუცილებლად გაიზრდება და შეიძლება მან უკონტროლო ხასიათიც კი მიიღოს.
რაც შეეხება 2013 წლის კიდევ ერთ უმთავრეს მოვლენას, ეს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები იყო, სადაც მართალია სახელისუფლებო კანდიდატმა, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელდასმულმა გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა, მაგრამ თუ საკითხის ანალიზს გავაკეთებთ, აღმოჩნდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები თავისი შედეგებითურთ, კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ საკმაოდ საგანგაშო იყო და სწორედ ამ არჩევნებმა აჩვენა ის დინამიკა, რომლითაც მმართველი გუნდის პოპულარობა საკმაოდ სწრაფი ტემპებით ეცემა და მათ მიმართ საზოგადოების ნიჰილიზმი მატულობს.
როგორც მოგეხსენებათ, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა უპრეცედენტოდ დაბალი რაოდენობა დაფიქსირდა, რაც თუნდაც ერთი წლის წინ ჩატარებული არჩევნების ანალოგიურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა.
ხალხი, ვინც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მივიდა, ხოლო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისვლით თავი აღარ შეიწუხა, წარმოადგენს სწორედ იმ განაწყენებულ მასას, რომელთა ნდობა და კეთილგანწყობაც, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ განვლილი ერთი წლის განმავლობაში დაკარგა.
მეორე ტენდენცია, რაც საპრეზიდენტო არჩევნებმა აშკარად უჩვენა და რაც პრაქტიკულად უკვე დეკლარირების დონეზე იყო, ესაა ის მხარდაჭერა და რეანიმირების მცდელობა, რასაც დასავლეთი და ამასთანავე ახალი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ნაციონალური მოძრაობის მიმართ ავლენს.
შეიძლება ითქვას, რომ როგორც დასავლეთმა, რომელიც საქართველოსთან (და არა მარტო) ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში არაერთხელაა შემჩნეული და ასევე „ქართული ოცნების“ იმ განშტოებებმა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც მშვენივრად კოჰაბიტირებდნენ, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ ოპოზიციურ ძალად დაეფიქსირებინათ და ამ ნაბიჯით, ყოფილი ხელისუფლებისთვის რეანიმირების შანსი და საშუალება მიეცათ.
მესამე ტენდენცია, კი რაც 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, ისევ და ისევ სამართლიანობის აღდგენასა და ამ კუთხით ხალხის განწყობას უკავშირდება.
გამომდინარე იქედან, რომ პრეზიდენტობის კიდევ ერთ რეალურ კანდიდატი ნინო ბურჯანაძე, რომელიც თავისი წინასაარჩევნო პროგრამისა თუ სხვა სახის აქტივობების გამო, საზოგადოების თვალში სამართლიანობის რეალურ აღდგენასთან ასოცირდებოდა, მან იმ ბრძოლაში, სადაც ყოფილი და ახალი ხელისუფლების ინტერესები ერთმანეთს პრაქტიკულად ერთი-ერთზე ემთხვეოდა და ამას არც მალავდნენ, - მაქსიმალური პროცენტის აღება შეძლო და თუ სამართლიანობის აღდგენა, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები იმავე სცენარით განვითარდა, როგორც ეს 2013 წელს ხდებოდა, მაშინ ახალ ხელისუფლებას აღარ უნდა გაუკვირდეს, რომ თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მან ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობის“ სახით ძალიან სერიოზული კონკურენტი მიიღოს.
გარდა სამართლიანობის აღდგენის კუთხისა, საზოგადოების იმედგაცრუება გამოიწვია აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპებმა და ხალხის სოციალურმა მდგომარეობამ, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, არ გაუმჯობესებულა.
მართალია ქვეყნის ბიუჯეტი არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია და ამ პერიოდში არც ხალხის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულა, მაგრამ ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი ნამდვილად არსებობს, რომელიც, რა თქმა უნდა, ასე მცირე დროში მოსახლეობის მდგომარეობაზე ვერ აისახებოდა.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ახალ ხელისუფლებას ქვეყნის ეკონომიკის მშენებლობის არა გაგრძელება ან მხოლოდ ახლიდან აშენება, არამედ კიდევ უფრო მძიმე და არაპოპულარული ნაბიჯები ჰქონდა და აქვს გადასადგმელი. ეს კი პირველ რიგში იმ მახინჯი ვითომეკონომიკური საფუძვლების დანგრევაა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ შექმნა, ხოლო ამ ნგრევის შემდეგ, ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ახალი, ჯანსაღ კონკურენციაზე და ჯანსაღ შრომით ურთიერთობებზე დამყარებული ახალი ეკონომიკის საფუძვლის ჩამოყალიბება-მშენებლობა, რასაც, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება და ის ერთი დღის ან თუნდაც ერთი წლის საკითხი ნამდვილად არ არის.
ის, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ წართმევას, პროკურატურაში დაბარებებს, ქონების ღამეულ გადაფორმებებსა და ხშირად არცთუ კანონიერ ჯარიმებს ეფუძნებოდა, ახალი ამბავი არავისთვის არ არის, ამ ყველაფრის კი, თუნდაც მენტალური და შემდგომ ინსტიტუციონალური რღვევა დიდ დროს, მუშაობას, მაქსიმალურ გათვლებსა და ცოდნას მოითხოვს. გასათვალისწინებელია აგრეთვე ის ფაქტორიც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად ეცდება ხელი შეუშალოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას, რადგან მისი პოლიტიკური ამბიციის დაკმაყოფილება ღატაკ და დამშეულ ქვეყანაში უფროა შესაძლებელი, რადგან ნაციონალებს ღატაკი მოსახლეობის ფსიქიკაზე ზემოქმედებისა და შემდგომ სიღატაკეშივე დარჩენილი მოსახლეობის სანახაობით მართვის ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ.
ასე, რომ ეკონომიკის მიმართულებით ახალი ხელისუფლება საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ხოლო სანამ ის ამ გამოწვევებს სათანადო ეფექტურობით არ უპასუხებს, მანამ ხალხის იმედგაცრუება ამ მიმართულებით, რაღა თქმა უნდა, იქნება. მითუმეტეს, რომ ქართველ ხალხს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე არცთუ ჯანსაღი წარმოდგენა აქვს და უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქვეყანა აუცილებლად უნდა აყვავდეს, ოღონდ მისი შრომის გარეშე.
2013 წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა იყო.
ის პოლიტიკიდან ზუსტად იმ ვადებში წავიდა, რა ვადებიც ხელისუფლებაში მოსვლამდე დააანონსა, თუმცა საზოგადოებაში საკმაოდ დიდი გაურკვევლობა დატოვა.
ამ გაურკვევლობის სათავე კი პირველ რიგში ისაა, რომ საზოგადოებამ გასული ბოლო ორი არჩევნების დროს, ხმა მისცა არა იმ პარტიებსა თუ პოლიტიკოსებს, ვინ დღეს ხელისუფლებაშია წარმოდგენილი, დაწყებული პარლამენტის თავმჯდომარით და დამთავრებული ქვეყნის პრეზიდენტით, არამედ ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილს, როგორც ქვეყნის დიქტატისა და სიდუხჭირისაგან განმათავისუფლებელ შანსს, დღეს კი, დამეთანხმებით, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ძალიან ბევრი ისეთი სახეა წარმოდგენილი, რომელთა ამ თანამდებობებზე ხილვაც, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გარეშე, ხალხში მათი დაბალი პოპულარობის გამო, წარმოუდგენელი იყო. დღეს კი, გამოვიდა, რომ ხალხს რეალურად დარჩა ის არაპოპულარული სახეები, რომელთა არჩევაც მათ სხვა შემთხვევაში აზრადაც კი არ მოუვიდოდათ, ხოლო ის ადამიანი, ვისი ხათრითაც ხმა ამ პოლიტიკურ სუბიექტებს მისცეს, დღეს პოლიტიკიდან წავიდა.
თუმცა საგულისხმოა ბიძინა ივანიშვილის ერთი განცახდება, რომელიც მან პოლიტიკიდან წასვლამდე გააკეთა, როდესაც აღნიშნა, რომ ის არ აპირებს დიქტატურისგან გამოგლეჯილი და დალაგებული ქვეყანა კვლავ იმ ძალებს ჩაუგდოს ხელში, რომლებმაც საქართველო ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს.
აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ყოფილ პრემიერს ექნება მკაფიოდ გაწერილი გეგმა, როგორ ჩაერთოს სამოქალაქო სექტორის სფეროში, რა სიახლეები შეიტანოს იქ და როგორ გააძლიეროს საზოგადოება ისე, რომ მას მის მიმართ ხელისუფლების ანგარიშვალდებულება აგრძნობინოს.
სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის აქტივობა სამოქალაქო სექტორში თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო სექტორის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული, რადგან დღეს, მედიასაშუალებათა უმრავლესობა გარკვეული პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესების მატარებელია, ხოლო რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, აქ გაცილებით უფრო ცუდი, შეიძლება ითქვას, რომ კატასტროფული მდგომარეობაა, რადგან იმ არასამთავრობოთა უდიდესი ნაწილი, რომელსაც მედიაზე წვდომა და ცნობადობა აქვს, უცხოეთიდან ფინანსდებიან და ხშირ შემთხვევაში, თავიანთი დამფინანსებლების ინტერესებს ატარებენ. უფრო სწორად, არასამთავრობო სექტორი იქცა ბერკეტად, რომლის მეშვეობითაც, მისი დამფინანსებელი ქვეყნები თუ ორგანიზაციები, საქართველოს შიდა საქმეებში ისე ერევიან, რომ ამის დეკლარირებას არ ახდენენ.
სწორედ ეს იქნება სავარაუდოდ ყოფილი პრემიერის ძირითადი მიმართულებები, რითაც ის სამოქალაქო სექტორში შემოვა, თუმცა რა თქმა უნდა გამორიცხული არაა, რომ მან რაიმე არაორდინალური მიმართულებითაც გააგრძელოს მუშაობა, რადგან ასეთი ნაბიჯების გადადგმა ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად სჩვევია.
რაც შეეხება ახალი ხელისუფლების წარმატებას, ასეთი რამ ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, სადაც საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას მოაწერა ხელი და რაც, თუ არ ჩავთვლით ცერემონიალის დროს აჟღერებულ „შალახოს,“ ქართული დიპლომატიის წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.
თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ასოცირების შეთანხმების პარაფირება ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ჩვენ თავი უკვე ქუდში გვაქვს, რადგან პარაფირებიდან ასოცირებამდე, ხოლო შემდეგ ასოცირებიდან სრულუფლებიან წევრობამდე, უზარმაზარი გზაა გასავლელი და რა გასაკვირია, რომ ამ გზაზე, საქართველოსადმი არცთუ კეთილად განწყობილი ქვეყნებისგან თუ საერთაშორისო გაერთიანებებისგან პრობლემები იქნება წარმოქმნილი.
სწორედ ამ პრობლემების მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური და პოლიტიკური მეთოდებით გადაწყვეტაა ის მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის გზაზე აუცილებლად უნდა შეძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატება პრაქტიკულად გამორიცხულია.
რაც შეეხება მომავალ 2014 წელს, დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკურად წყნარი და მშვიდი, არც მომავალი წელი გვექნება, რასაც ძირითადად ოთხი ფაქტორი განაპირობებს.
პირველი ფაქტორი, ეს სამართლიანობის აღდგენა და თავსმოხვეული უაზრო კოჰაბიტაციის შედეგების ლიკვიდაციაა, რაც საზოგადოების დაკვეთაა, ხოლო თუ ახალ ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნება რეალურად უნდა, მითუმეტეს მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ის იძულებული იქნება ხალხის დაკვეთის შესრულებისკენ ნაბიჯები გადადგას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი იმიჯი საკმაოდ სერიოზული რისკის ქვეშ დადგება. ხოლო თუ ახალი ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენას რეალურად გადაწყვეტს, 2013 წლის მაგალითებიდან გამომდინარე, მას ქვეყნის შიგნით და გარეთაც ძალიან დიდი დაბრკოლებების გადალახვა მოუწევს, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე აუცილებლად აისახება.
მეორე ფაქტორი, რის გამოც სავარაუდოდ პოლიტიკურად საკმაოდ აქტიური წელი გველის, ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, რომელიც მაისში ან ივნისში უნდა გაიმართოს.
რა თქმნა უნდა, საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი სცენარი ამ შემთხვევაშიც იმოქმედებს და როგორც დასავლეთი, ასევე „ქართული ოცნების პრონაციონალური სუბიექტები“, ყველანაირად ეცდებიან „ნაციონალური მოძრაობა“ უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენონ და განამტკიცონ შეხედულება, რომ ისინი მართლაც ძირითად ოპოზიციურ ძალას წარმოადგენენ.
ეს ყველაფერი კი, განსხვავებით საპრეზიდენტო არჩევნებისგან ასე ადვილად შესასრულებელი ვერ იქნება, რადგან ჯერ ერთი, რომ საზოგადოებამ ნაციონალთა და ოცნების წარმომადგენელთა შესაძლო გარიგების შესახებ საკმაოზე მეტი გაიგო და მოისმინა და ამავდროულად, ხელისუფლებისა და ყოფილი ხელისუფლების მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, რომ განსხვავებით საპრეზიდენტო არჩევნებისგან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სოფლის თუ თემის მოსახლეობა თავის უშუალო მმართველს თავადვე ირჩევს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ არჩევანის გაყალბება, ან პარტიებს შორის გარიგება დაუშვან და მსგავსი ფაქტი ვინმეს აპატიონ. ასე, რომ ნაციონალებისა და „ქართული ოცნების“ ინტერესთა დამთხვევას, მომავალი ადგილობრივი არჩევნების დროს, გაცილებით ნაკლები ასპარეზი ექნება. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენები ნინო ბურჯანაძისა და მისი პოლიტიკური ძალის ფაქტორი და რადგან ბურჯანაძის პარტიის რეიტინგი ზრდას დღესაც განაგრძობს, შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების პროგნოზირება, დღეს მიახლოებითაც კი შეუძლებელია.
მესამე ფაქტორი კი, რის გამოც საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება 2014 წელს საკმაოდ ცოცხალი და დინამიური იქნება, ეს ვილნიუსის სამიტზე ხელმოწერილი პარაფირების ასოცირების ხელშეკრულებად გარდაქმნაა, რომელიც როგორც რომპეიმ თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, ვადაზე ადრე, 2014 წლის აგვისტოში იგეგმება. როგორც აღვნიშნეთ, სხვადასხვა სახელმწიფოები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია არ აწყობთ, საქართველოს პირისპირ გარკვეული სახის პროვოკაციებს და პოლიტიკურ გამოწვევებს აუცილებლად დააყენებენ, რასაც საქართველომ აუცილებლად უნდა გაუძლოს და რაც, რა თქმა უნდა, ქვეყნის როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკურ ცხოვრებაზეც ასახვას აუცილებლად ჰპოვებს.
და ბოლოს, კიდევ ერთი ფაქტორი, რაც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში 2014 წელს აუცილებლად დადგება, ეს იქნება ერთგვარი არჩევანი ევრაზიულ კავშირსა და ევროკავშირს შორის.
როგორც ბოლო პერიოდის მოვლენებმა ცხადჰყო, საქართველოთი სისხლხორცეულადაა დაინტერესებული როგორც დასავლეთი, ასევე ევრაზიული კავშირის მთავარი იდეოლოგი - რუსეთი.
ორივე მათგანი მომავალ წელს ეცდება, რაც შეიძლება მეტი პერსპექტივები დაუხატოს საქართველოს მისი მხარდაჭერის მოპოვების სანაცვლოდ. საქართველომ კი, არჩევანი არა ბრმად, არამედ გააზრებულად, პრაგმატულად და თავისი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გააკეთოს.
მგონი თავის ისტორიაში პირველად, საქართველოს ეძლევა შანსი გადაწყვეტილება მიიღოს არა ძალადობრივი ჩარევის გამო ან ხელისუფლებაში დასმული რომელიმე ქვეყნის მარიონეტების მეშვეობით, არამედ პრაგმატულად, მშვიდობიანად და ცივი გონების პირობებში. საქართველომ ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოს, რაც მისი სამომავლო განვითარებისთვის აუცილებელია.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ამ შანსს სათანადოდ გამოიყენებს და ამის პარალელურად, ქვეყანაში ნამდვილი, ეროვნული და არა რომელიმე ქვეყნის ინტერესების გამტარებელი სამოქალაქო სექტორი ჩამოყალიბდება, ზუსტად ერთი წლის შემდეგ, აღნიშნული რუბრიკის ელფერი გაცილებით უფრო ოპტიმისტური იქნება, ამ ოპტიმიზმის საფუძველს კი ის დადებითი ძვრები შექმნის, რაც საქართველოს მიერ სწორი ნაბიჯის გადადგმას აუცილებლად მოჰყვება.
ალექსანდრე კაპანაძე
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“