საქართველოს აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართველ საზოგადოებრიობას, როგორც პოლიტიკოსი, ისევე არაორდინალურად დაემშვიდობა, როგორც ამ რანგში მოევლინა.
საზოგადოება, დაწყებული კომუნისტების დროიდან, შეგუებული იყო, რომ ადამიანი, რომელიც სახელისუფლო ვერტიკალის სიმაღლეს გემოს გაუგებდა, ამ ვერტიკალში ადგილის განსამტკიცებლად და უფრო ზემოთ ასასვლელად ყველაფერზე მიდიოდა.
დღეს კი, ხელისუფლებაში ერთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის ფაქტობრივ პირველკაცობაზე უარი თქვა და სხვა სექტორში გადავიდა.
რა შეიძლება ითქვას მისი პოლიტიკური მოღვაწეობის ორი წლისთავზე, ან როგორ შეიძლება შეფასდეს ეს პერიოდი?
როგორც არ უნდა ჩაუღრმავდნენ ექსპერტები ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ანალიზსა და პროგნოზებს, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს მავანმა ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირებების შესრულება-არშესრულებაზე, ყოფილი პრემიერის როლი ქვეყნის განვითარებაში ყველა შემთხვევაში უზარმაზარია.
ბიძინა ივანიშვილმა შეძლო და ქვეყანა 9 წლიანი ტირანიისგან უსისხლოდ, მშვიდობიანი გზით გაათავისუფლა, რისი პრეცედენტებიც მსოფლიოში ძალიან ცოტაა.
ალბათ ყველას ახსოვს 2011 წლის 26 მაისის შემდგომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.
ტერორი, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა, განსაკუთრებულ სიმაღლეზე 2011 წლის 26 მაისის შემდეგ ავიდა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა საკუთარ ხალხზე სასტიკად იძია შური, სასტიკად გაუსწორდა მათ და საზოგადოებაში ჩანერგილი შიში და ტერორი კიდევ უფრო გააძლიერა.
ყველას კარგად ახსოვს ასევე სააკაშვილისა და მერაბიშვილის მიერ ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერის საკმაოდ ხშირი შემთხვევები, მაშინაც კი, როდესაც კატა ოთახში არ იყო.
ამის მაგალითად თუნდაც ე.წ. „კოჭოიას“ საქმეც გამოდგება, როდესაც მან მსოფლიოს ზესახელმწიფოს, - რუსეთის „დავალებით“ თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შენობის აფეთქება გადაწყვიტა, ამისთვის კონსერვის კოლოფში ჩამონტაჟებული კუსტარული ასაფეთქებელი მოწყობილობით შეიარაღდა და საბოლოოდ, იმის გამო რომ მას რუსეთმა საელჩოს შენობის ზუსტი კოორდინატები „ვერ მიაწოდა,“ კოჭოიამ თბილისში, ერთ-ერთი სასაფლაოს ღობე ააფეთქა და უმნიშვნელოდ დააზიანა.
დღეს ეს ყველაფერი სასაცილოდ შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯერ კიდევ 2 წლის წინ, ქვეყანაში იყო ვითარება, როცა მერაბიშვილის მიერ შეთხზულ ასეთ ზღაპრებს საკმაოდ დიდი გასაქანი ჰქონდა და სააკაშვილის ლაქია ჟურნალისტებიც ერთად ქოთქოთებდნენ „რუსეთის აგენტურული ქსელის გამოვლენის“ გამო.
ყველას კარგად ახსოვს, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ, პრაქტიკულად საშველი აღარსაიდან იყო, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი კი ქვეყნის დანგრევასა და სანაოხაობით მართვას კვლავ წარმატებით ახორციელებდა. თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც კი, რომლებიც მაშინ აბსოლუტურად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ხელისუფლებაში მათი ყოფნა მინიმუმ რამდენიმე ათეულ წელიწადს გაგრძელდებოდა, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ სულ რაღაც ორიოდე წელიწადში მათი „ხერხემალი“ ციხეში იქნებოდა, ხოლო მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ქვეყნიდან გაიქცეოდა.
ყველას კარგად ახსოვს აგრეთვე ის ერთგვარი შვების გრძნობა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა, ყველასთვის მოულოდნელად, პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება, შემდეგ თავისი სამოქმედო გემა წარმოადგინა და ეს გეგმა, ანუ ავტორიტარული რეჟიმის დემონტაჟი, გაწერილ ვადებში, შესაშური თანმიმდევრობით შეასრულა.
რაც შეეხება ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად გაცემულ სხვა, ე.წ. „ქვედაპირებებს,“ რა თქმა უნდა მათზე კამათი შეიძლება და ამ საკითხს ოდნავ მოგვიანებით დავუბრუნდებით, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ თავისი უმთავრესი დაპირება, - სააკაშვილის რეჟიმის დასრულება, ბიძინა ივანიშვილმა ნამდვილად შეასრულა.
მიზანმიმართული და თანამიმდევრული იყო ის ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშიც, თუმცა ამავე პერიოდში მის მიერ გაცემული დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით, როგორც აღვნიშნეთ კამათი ნამდვილად შეიძლება.
მთავარი, რის გამოც საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს ენდო და მხარი დაუჭირა, ეკონომიკური ფაქტორი და სამართლიანობის აღდგენა იყო.
საზოგადოების ნაწილისთვის ხელისუფლების ცვლილება იმ უკიდურესი სიდუხჭირისა და გაჭირვების დასრულებასთან ასოცირდებოდა, რომელსაც სამწუხაროდ, მეტნაკლები სიმძაფრით დღესაც განიცდიან, ხოლო საზოგადოების მეორე და უდიდესი ნაწილი, ბიძინა ივანიშვილში ხედავდა ადამიანს, რომელიც მათ, წლების განმავლობაში ფეხქვეშ გათელილი ღირსებისა და სამართლიანობის აღდგენაში დაეხმარებოდა.
სხვათა შორის, სამართლიანობის აღდგენა, ყოფილი პრემიერის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დაპირება იყო.
რაც შეეხება ეკონომიკური კუთხით შემობრუნებას, ის დღეს არცთუ საგრძნობია და ამის ილუზია არც არავის არ უნდა ჰქონოდა, ვინაიდან გარკვეული დრო მხოლოდ იმ მახინჯი ვითომ ეკონომიკური სისტემის დემონტაჟს სჭირდება, რომელსაც მმართველობის ცხრა წლის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საფუძველი ჩაუყარა. ამ სისტემის დემონტაჟის შემდეგ, უნდა შეიქმნას მყარი საფუძველი რომელზეც ქვეყნის ეკონომიკა უნდა აშენდეს. ეს საძირკველი მოიცავს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, ბიზნესის ზეწოლისგან გათავისუფლებას, მონოპოლიების გაუქმებასა და სამართლიან სასამართლოს.
სწორედ ამ მყარი საძირკველის შექმნის შემდეგ უნდა დაშენდეს ზედ ჯანსაღი ეკონომიკა, რომელიც გრძელვადიანი პროგნოზისა და გეგმების მიხედვით უნდა განვითარდეს.
ამ ყველაფერს კი, რათა ქვეყანამ ჯანსაღი ეკონომიკური ატმოსფერო მიიღოს, გარკვეული დრო სჭირდება. ასე, რომ მოლოდინი იმისა, ბიძინა ივანიშვილი ეკონომიკურ გარდატეხას ერთ წელში მოახდენსო პრაქტიკულად არავის ჰქონია, ან ასეთთა რაოდენობა ძალიან მცირე იყო.
მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ეკონომიკის საძირკვლის შექმნისა და გაძლიერებისკენ გარკვეული ნაბიჯები მართლაც გადაიდგა. თუნდაც ბიზნესის სახელმწიფო რეკეტისგან გათავისუფლების თვალსაზრისით.
აღსანიშნავია აგრეთვე რუსეთის ბაზრის გახსნა, სოფლის მეურნეობაში ჩადებული ინვესტიცია, სავარგულების უპრეცედენტო რაოდენობით დამუშავება და ქვეყნის ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბების გზაზე გადადგმული ნაბიჯები, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება დღეს არცთუ ძალიან საგრძნობი იყოს, მაგრამ ის თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
რაც შეეხება მეორე უმთავრეს მოლოდინსა და დაპირებას, ანუ სამართლიანობის აღდგენას, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ კუთხით ქვეყანაში გაცილებით უფრო რთული მდგომარეობაა, ვიდრე ეკონომიკური კუთხით არსებულ სურათში.
კონკრეტულად კი, თუ არ ჩავთვლით წინა ხელისუფლების სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი ერთი-ორი ყოფილი ჩინოვნიკის დაკავებას, რომლებსაც ბრალდებები ისევე უმსუბუქდებათ, როგორც ისინი წლების განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტს ამსუბუქებდნენ, - შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა არც დაწყებულა.
ამავე რუბრიკაში ადრეც ვწერდით, რომ სამართლიანობის აღდგენა არ გულისხმობს ისეთი შიდაპოლიტიკური მდგომარეობის უზრუნველყოფას, როდესაც ადამიანებს ქუჩაში აღარ ხოცავენ, როდესაც უდანაშაულო ხალხს აბსურდული ბრალდებებით აღარ იჭერენ, როდესაც ჯიბეებსა თუ მანქანებში ნარკოტიკებსა და იარაღს აღარ უდებენ და როდესაც, ღამის 3 საათზე, საკუთარ ბიზნესს სახელმწიფოზე „ნებაყოფილობით“ არ აჩუქებინებენ.
ის, რომ დღეს ასეთი რაღაცები აღარ ხდება, ნამდვილად არის პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისა და მეორე რიგში, მისი თანამდებობრივი მემკვიდრის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურება.
მაგრამ ამას არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ სამართლიანი გარემოს დამკვიდრება ჰქვია და ამ ორ ცნებას შორის განსხვავება ძალიან დიდია. ხოლო თუ ვინმე ამ ცნებებს შორის განსხვავებას ვერ ხედავს, მაშინ სჯობს მათ ამ საკითხებზე აზრი იმ ადამიანებს ჰკითხონ, ვინც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის სისასტიკე საკუთარ თავზე გამოსცადეს და აზრი ჰკითხონ ასევე იმ ახალგაზრდა ბიჭების ჭირისუფლებს, რომლებიც სააკაშვილ-მერაბიშვილის ტანდემმა მიწაში ჩააწვინა.
როდესაც ათასობით ადამიანი მის გამაუბედურებელს და ცხოვრების დამანგრეველს გარეთ და უფრო მეტიც იმავე თანამდებობაზე ხედავს, რომელი თანამდებობიდანაც ის სააკაშვილის რეჟიმის დროს ხალხს ამწარებდა, - ნურავის ნუღარ გაუკვირდება, თუ საზოგადოების განწყობა ისეთი არ იქნება, როგორსაც შეიძლება ის ელოდეს.
ასე, რომ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანივილმა, პოლიტიკაში თავისი ორწლიანი გაელვებით ნამდვილად დიდი კვალი დატოვა, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ თუნდაც მხოლოდ იმის გამო იმსახურებს დადებით შეფასებას, რომ ავტორიტარიზმი უსისხლოდ დაამარცხა, ხოლო რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, ამ კუთხით დაკარგული ჯერ არაფერია და ახალ მთავრობას ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვს, თუ რა თქმა უნდა ამასობაში წინა ხელისუფლების იმ ორიოდე დაპატიმრებულ ჯალათსაც, ის ბრალდებები არ მოუხსნეს რაც მათ აქვთ წაყენებული.
ის, რომ სამართლიანობის აღდგენის მხრივ საქმე მთლად კარგად ვერ არის, 27 ოქტომბრის არჩევნებმაც დაადასტურა, რომელმაც მოსახლეობის ინდეფერენტულობის მაღალი მაჩვენებელი და საზოგადოების სიმპათიის სხვა პოლიტიკური ძალის, კონკრეტულად კი ნინო ბურჯანაძისა და მისი პარტიის მიმართულებით ზრდა აჩვენა.
ეს ყველაფერი ახალმა მთავრობამ კარგად უნდა გააანალიზოს და სამართლიანობის აღდგენის გზაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. სხვათა შორის ამის შესახებ უმრავლესობის მხრიდან განცხადებები ბოლო პერიოდში თვალში საცემად გახშირდა.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ კოჰაბიტაციით აღფრთოვანებული იყოს და მის გაგრძელებას უჭერდეს მხარს ახალი პრემიერ-მინისტრი, ვინაიდან სხვა თუ არაფერი, სწორედ ის ფლობს ყველაზე მეტ ინფორმაციას წინა ხელისუფლების სისტემური დანაშაულების შესახებ და სწორედ მისმა ყოფილმა უწყებამ აღმოაჩინა იმ საშინელი ქმედებების კადრები, რასაც სააკაშვილ-მერაბიშვილის შტატიანი გამაუპატიურებლები სამეგრელოს ტყეებში სჩადიოდნენ.
კიდევ ერთი საინტერესო განცხადება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გააკეთა, არის ის, რომ ამიერიდან მთავარი პროკურატურა ეცდება უფრო მყარი და არგუმენტირებული მტკიცებულებების მოპოვებასო.
ამ განცხადებიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახალი მთავრობისა და ახალი პრემიერის მმართველობის დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ლიდერებსა თუ მხარდამჭერებს, რომლებსაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი, მშვიდად ძილის საშუალება არ ექნებათ.
სწორედ ამის გამო იყო ის ხმაური და წიოკი „ნაციონალების“ მხრიდან, რომლის მომსწრეც საზოგადოება ამ ბოლო დღეებში გახდა.
განსაკუთრებით თვალშისაცემი გია ბარამიძისა და იმ „ნაციონალების“ გამწარება და წყობილებიდან გამოსვლა იყო, რომელთა ხილვასაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი პარლამენტის სხდომათა დარბაზის ნაცვლად, საბრალდებო სკამზე უფრო ისურვებდა.
თუმცა, როგორც ჩანს შორს არც ეს დრო უნდა იყოს.
ყოველ შემთხვევაში პროცესები აქეთ მიდის.
ალექსანდრე კაპანაძე