logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
არჩევნების გაყალბების ცდუნება
არჩევნების გაყალბების ცდუნება
17:44 21.10.2013
ის, ვისაც ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდისთვის თვალი მიუდევნებია, ალბათ დაგვეთანხმება, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდი, ყველა მათგანისგან გამორჩეულია.
ეს გამორჩეულობა კი, იმ განსაკუთრებულ სიწყნარეში და სიმშვიდეში გამოიხატება, რომლის თანხლებითაც წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობს.
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, ქართული საზოგადოება უამრავი დაპირისპირების, ანგარიშსწორების, ფიზიკური შეხლა–შემოხლის, ქვების სროლისა და ათასი უბედურების მომსწრე იყო.
არაფერს ვამბობთ „ნაციონალური ხელისუფლების“ მიერ ჩატარებულ სხვა წინა არჩევნებზე, სადაც არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირი ტერორი მიმდინარეობდა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებიდან, ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვის ჩათვლით, ხოლო ვისი მოსყიდვაც ვერ ხერხდებოდა, მათ პირდაპირ, ღიად ემუქრებოდნენ, ხოლო „მოურჯულებლების“ მიმართ, სხვადასხვა სახის ზეწოლა–რეპრესიებს ახორციელებდნეn, დაწყებული ოჯახის წევრებისა და სანათესაოს სამსახურიდან დათხოვნით, დამთავრებული ნარკოტიკის ჩადებითა და ციხეში გაგზავნით.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღევანდელი წინასაარჩევნო პერიოდი, შეიძლება ვინმეს, ოაზისადაც კი მოეჩვენოს და არც თუ უსაფუძვლოდ.
დღეს საზოგადოება მომსწრეა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები, თუ მცირერიცხოვან და მცირემასშტაბიან ექსცესებს არ ჩავთვლით, მოსახლეობას თავიანთ წინსაარჩევნო პროგრამებსა და დაპირებებს აბსოლუტურად ცივილიზებულად და მშვიდ გარემოში აცნობენ.
საპრეზიდენტო კანდიდატებს გადაადგილების პრობლემა, აღარ ექმნებათ. მათი მხარდამჭერები აღარ იდევნებიან და მითუმეტეს მათ მიმართ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა აღარ ხორციელდება.
ჯერ კიდევ, რამდენიმე თვის წინ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მედიასაშუალებების მუშაობის ძირითადი მიმართულება და პრიორიტეტი, პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული ფიზიკური დაპირისპირების, სახელისუფლებო ინსტიტუტებისა და მათ შორის, პირველ რიგში პოლიციის მიერ განხორციელებული ძალადობის უამრავი ფაქტისა და სხვა კანონდარღვევის გაშუქება იყო. დღეს კი მედიასაშუალებები მუშაობის აბსოლუტურად განსხვავებულ რეჟიმზე არიან გადასულები, ხოლო პოლიცია, აღნიშნულ საარჩევნო პროცესთან ირიბ კავშირშიც კი არსად ჩანს.
ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, იმის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში ერთი წლის წინ ხელისუფლება შეიცვალა, რომელმაც უარი თქვა, იმ აშკარა ტერორზე და ავტორიტარიზმზე, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ხასიათდებოდა.
მიუხედავად ამ უამრავი პოზიტიური ძვრისა, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში აქვს ადგილი, საფრთხე იმისა, რომ არჩევნების გაყალბებისკენ მავანს ხელი წაუცდეს, საკმაოდ დიდია და ეს თავისი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებით აიხსნება.
პირველი და უმთავრესი ფაქტორი, რამაც შეიძლება არჩევნების საბოლოო შედეგზე არაჯანსაღი გავლენა იქონიოს, - ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაა.
მოგეხსენებათ, რომ ამ უწყებაში თავმჯდომარის გარდა, არაფერი და არავინ არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი თავმჯდომარე ხარატიშვილი, რომელიც ახლა სხვათაშორის საპრეზიდენტო კანდიდატია და ისეთ პარტიებთან ალიანსშია შემჩნეული, რომელთა უმრავლესობაც წინა ხელისუფლების ნასუფრალით იკვებებოდა და ამავდროულად ოპოზიციონერობანას თამაშობდა, – აცხადებს რომ ჩემს დროს ცესკოს ობიექტურობის ხარისხმა ზენიტს მიაღწიაო, რა თქმა უნდა, ყველამ იცის რას აკეთებდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ცესკო და ვინ იყო რეალურად მისი თავმჯდომარე.
ცესკოს შემადგენლობის უდიდესი ნაწილი, გარდა იმისა, რომ ყველა დონეზე აბსოლუტურად მონური ფსიქოლოგიის ხალხით იყო დაკომპლექტებული, პოლიტიკური კუთვნილების ნიშნითაც კომპლექტდებოდა.
არავისთვის უცხო არაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, გარდა მონური დამოკიდებულებისა, იქ მომუშავეებს პარტიულ ერთგულებასაც სთხოვდა.
ასე, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, მისი ყოფილი თავმჯდომარის წამოსვლა, ვერანაირად ვერ იქნება გარანტია იმისა, რომ ცესკოს ყველა თანამშრომელი ფრთიან ანგელოზად გადაიქცა და მან საკუთარი პოლიტიკური კუთვნილება დაივიწყა, ან მონური ფსიქოლოგიისგან გათავისუფლდა.
გაყალბების მცდელობა, თუ ამას ადგილი ექნება, პირველ რიგში ცესკოს იმ თანამშრომლების მხრიდან წამოვა, რომლებიც არადეკლარირებულად დღემდე „ნაციონალურ მოძრაობას“ მისტირიან და რომლებიც ყველაფერზე წავლენ საკუთარი ფავორიტის წინ წასაწევად.
ეს ყველაფერი განსაკუთრებით თვალშისაცემი ქვეყნის რეგიონებში იქნება.
გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, საკმაოდ მრავლად დაფიქსირდა ის საეჭვო ქმედებები თუ განცხადებები, რაც შეიძლება არჩევნების გაყალბების სტიმულატორად მივიჩნიოთ.
მათგან გამორჩეული, რაღა თქმა უნდა ქვეყნის პრემიერისა და ფაქტობრივად პირველი პირის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებია, რომელიც მან ბეჭდური მედიასაშუალებების რედაქტორებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
როგორც გვახსოვს პრემიერმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში 60 პროცენტზე ნაკლებს აიღებს, მე თავს შეურაცხყოფილად ვიგრძნობო და ასევე ის, რომ არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში, მასში კოალიციის კანდიდატი, მონაწილეობას აღარ მიიღებსო.
ამ განცხადებებმა საზოგადოებაში საკმაო დაბნეულობა გამოიწვია, ხოლო ექსპერტებსა და თავად კოალიციის წევრებსაც დიდი თავსატეხი გაუჩნდათ, თუ რას ნიშნავდა პრემიერის აღნიშნული გამონათქვამი.
ზოგადად, როგორც საზოგადოება ამ ორ წელიწადში დარწმუნდა, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკოსისთვის ზედმეტად გულახდილი განცხადებები ახსიათებს და ძალიან ხშირად პირდაპირ ლაპარაკობს.
ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადებაც, ბევრმა ემოციურად მონათლა და შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ ამ განცხადებებმა, ის რისკ–ფაქტორები მნიშვნელოვნად გაზარდა, რაც საზოგადოებისთვის შეიძლება არც თუ დიდად შესამჩნევი იყოს, თუმცა მისი შედეგები აუცილებლად იქნება შესამჩნევი.
ცოტა ხნის წინ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა მონური ფსიქოლოგია ვახსენეთ და ისიც აღვნიშნეთ, რომ ამ უწყებაში ამჟამადაც მათი უმრავლესობა მუშაობს.
ყველას გვახსოვს აგრეთვე მიხეილ სააკაშვილის დროს ჩატარებული NDI–ს კვლევებიც, რომლებიც მართალია ისეთ შედეგებს აჩვენებდნენ, რომ ხანდახან მასზე საუბრის თავად „ნაციონალებსაც“ კი რცხვენოდათ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორგანიზაციის კვლევის შედეგები, ცესკოსთვის პრაქტიკულად გეგმა იყო. ანუ, თუ NDI თავის კვლევაში აჩვენებდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 70 პროცენტი იყო, ხოლო „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობისა“ 18 პროცენტი, ცესკო გველის ტყავში ძვრებოდა, რომ კვლევის ეს შედეგები „გაეპრავებინა“ და ზუსტად ანალოგიური საარჩევნო შედეგი დაედო.
გარდა ამისა, ყველას ახსოვს, რომ როდესაც, თუ არ ვცდები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ქვეყნის მაშინდელმა ხერხემალმა და ავტორიტარული რეჟიმის ბურჯმა, ვანო მერაბიშვილმა გამოაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 65 პროცენტიაო, ცესკომ შესაშური ერთგულებით „გაუპრავა“ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს ნათქვამი და 1 თუ 2 პროცენტის ცდომილებით, ზუსტად ასეთივე შედეგი დადო.
ამით იმის თქმა გვსურს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია და მისი წინა და დღევანდელი შემადგენლობა, დირექტივებით მოქმედებას მიჩვეულია და მათ დამოუკიდებლად და ობიექტურად მოქმედების ზუსტად ისეთი გამოცდილება აქვთ, როგორი გამოცდილებაც კოსმოსის ათვისების სფეროში გააჩნიათ.
მიუხედავად იმისა, რომ კომისიის ახლანდელი თავმჯდომარის კომპეტენტურობასა და ობიექტურობაში ეჭვის შეტანა ძნელია, რასაც თუნდაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მის დანიშვნას არცერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან პროტესტი არ მოჰყოლია, ძნელია მხოლოდ ამ ერთმა ადამიანმა უზრუნველყოს არჩევნების ობიექტურად და დასავლური სტანდარტების დონეზე ჩატარება, როცა გვერდით ძირითადად სააკაშვილის დროინდელი ცესკოს კადრები ჰყავს.
ასე, რომ ძალიან დიდია ალბათობა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა პრემიერ–მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ 60 პროცენტზე ნაკლები მაჩვენებელი მისთვის შეურაცხმყოფელი იქნება, – პირდაპირ დავალებად მიიღონ და ყველანაირად ეცადონ, რომ ისევე როგორც ჩვენს მიერ ზემოთჩამოთვლილ შემთხვევებში, ეს განცხადებაც „გააპრავონ.“
ეს შესაძლებელია დედაქალაქში არცთუ ძალიან თვალშისაცემი იყოს, მაგრამ პერიფერიებში ამის საფრთხე უფრო მეტად არსებობს.
რაც შეეხება მეორე განცხადებას იმასათან დაკავშირებით, რომ არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში, კოალიციის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მასში მონაწილეობას არ მიიღებს, ესეც არჩევნების გაყალბების ერთ–ერთ სტიმულატორად შეიძლება მივიჩნიოთ.
სხვათა შორის, ამ საფრთხეზე, ქართველი ექსპერტების ერთმა ნაწილმა უკვე ისაუბრა.
როგორც აღვნიშნეთ, ცესკოს თანამშრომლები თავის დროზე უწყებაში მუშაობას პარტიული ნიშნით იწყებდნენ. ანუ მათ შორის ღია თუ ფარული „ნაციონალი“ დღესაც საკმაოდ ბევრია.
პრემიერის განცხადებამ მათ შეიძლება იქეთ უბიძგოს, რომ ჯერ ერთი, ისეთი შედეგის დადება უზრუნველყონ, რომელიც მეორე ტურამდე მიიყვანს საქმეს, ხოლო შემდეგ ყველანაიდრად ეცადონ, რომ მათთვის სასურველი კანდიდატი, ამ შემთხვევაში დავით ბაქრაძე გაიყვანონ მოწინავე პოზიციაზე.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მსგავს სცენარს უნდა ველოდოთ, თუმცა ამ ვერსიებს არსებობის უფლება ნამდვილად აქვთ.
რაც შეეხება არჩევნების გაყალბების მაპროვოცირებელ მესამე და ასევე საფუძვლიან არგუმენტს, ეს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სიტკბოებაში გადაზრდილ კოჰაბიტაციას წარმოადგენს. „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად აწყობს მის ოპოზიციად ისეთი ძალა იხილოს, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, რადგან ამ შემთხვევაში, კოჰაბიტაციის პროცესი, მინიმუმ კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება.
გარდა ინტერესთა თანხვედრისა, „ქართული ოცნების“ რიგებში მრავლადაა წარმოდგენილი ის პოლიტიკოსები თუ პოლიტიკური ძალები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სიამტკბილობაში ადრეც ყოფილან შემჩნეულნი. რა თქმა უნდა, თავის როლს ეს ფაქტორიც ითამაშებს.
ამასთან, „ნაციონალების“ მეორე ადგილზე გაყვანით დაინტერესებულია პარლამენტი, უმცირესობიდან დაწყებული უმრავლესობის ჩათვლით, ვინაიდან მესამე ფავორიტი კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის გამარჯვების შემთხვევაში, მათ ძალიან დიდი ალბათობით, ოთხი წლით გარანტირებული თბილი სავარძლების დათმობა მოუწევთ.
ნინო ბურჯანაძე როგორც ცნობილია, მუდმივად აფიქსირებს იმ აზრს, რომ დღევანდელი პარლამენტი საზოგადოების განწყობას არ გამოხატავს და გამარჯვების შემთხვევაში ის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.
ასეთ შემთხვევაში კი, პარლამენტში ისედაც საეჭვო სიმრავლით მოხვედრილი „ნაციონალური მოძრაობა“ ამდენ ადგილს რა თქმა უნდა, ვერ აიღებს და შესაძლოა სულაც ბარიერს მიღმა აღმოჩნდეს, ხოლო „ქართული ოცნებიდან “ ძალიან ბევრ იმ შემთხვევით დეპუტატს მოუწევს სავარძლის დატოვება, რომელთა პარლამენტში მოხვედრაც მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა ავტორიტარული და საძულველი რეჟიმი იცვლება.
აქედან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რომ თავად პრემიერის ზურგს უკანაც კი დაიდოს რაიმე სახის შეთანხმება, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე პირველი–მეორე ადგილის გაყოფას უზრუნველყოფს.
პრემიერ–მინისტრი სავსებით მართალი იყო, როცა აცხადებდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის გამოცდააო. ეს ნამდვილად ასეა, თუმცა ბიძინა ივანიშვილის განცხადებითვე, საქართველო ამ გამოცდას ღირსეულად ჩააბარებს და არჩევნები დასავლური სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდება.
თუ პრემიერ–მინისტრი ამას მოახერხებს, ეს ნამდვილად, ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, დემოკრატიის კუთხით წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება, რომელიც სამომავლოდ, დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის საძირკველად უნდა გამოდგეს.
დიახ, პრემიერ–მინისტრმა, რომელმაც სისხლიანი ხელისუფლება უსისხლოდ შეცვალა, ქვეყანაში პირველად, მართლაც დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს, თუნდაც ამან ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დაფაზე, მნიშვნელოვანი გადაადგილებები გამოიწვიოს.
დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის ფასდაუდებელი სამსახური იქნება.


ალექსანდრე კაპანაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა