მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა და პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებებისა იმის შესახებ,
რომ ახალმა მთავრობამ ამ ერთ წელიწადში საოცრებები მოახდინა და შეუძლებელი შეძლო, გარკვეულ სეგმენტებში მაინც იქმნება შთაბეჭდილება, რომ არაფერი არ შეცვლილა და ყველaფერი ისევ ისეთი მიმართულებით მიდის, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა.
ერთადერთი, თვალშისაცემი და საგრძნობი ცვლილება გასული წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არის ის, რომ ხალხში უკანონო დაპატიმრების, სატელეფონო საუბრების მოსმენისა და აქედან გამომდინარე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ნებისმიერ წამს შესაძლო უხეში დარღვევის შიში გაქრა, სხვა მხრივ კი, როგორც აღვნიშნეთ, ჯერჯერობით ქვეყანაში ყველაფერი ისე მიდის როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო.
სამწუხაროდ, იგივე შეიძლება ითქვას იმ სფეროზე, რასაც საარჩევნო გარემო ჰქვია და რაც დამეთანხმებით, დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი ინდიკატორია.
დღევანდელმა ხელისუფლებამ საკმაოდ მოკლე დროში შეძლო და აითვისა „ნაციონალური მოძრაობის“ ის ნაცადი ხერხები, რასაც ისინი როგორც წესი, წლების განმავლობაში, არჩევნების გასაყალბებლად იყენებდნენ.
რომ აღარაფერი ვთქვათ საარჩევნო კანონმდებლობაზე, რომელიც ასევე სააკაშვილის ხელისუფლების მიერაა მიღებული, დღევანდელ წინასაარჩევნო პერიოდშიც საკმაოდ წარმატებით გამოიყენება ისეთი მეთოდები, როგორიც ე.წ. „სოციოლოგიური გამოკითხვაა.“
ეს ტერმინი ბრჭყალებში იმიტომ ჩავწერე, რომ სინამდვილეში მას რეალურ გამოკითხვასთან და საერთოდ სოციოლოგიასთან, საერთო არაფერი აქვს და უფრო მეტად, მისი შინაარსი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობისკენ იხრება.
ამ კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში, ქართული „კვლევის ბაზარზე“ უდავო ლიდერად ჩამოყალიბდა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი - NDI, ლუის ნავაროს ხელმძღვანელობით, რომელიც როგორც აღვნიშნეთ უკვე წლებია გამუდმებით ასწავლის ქართველ ხალხს იმის შესახებ, თუ რომელი პოლიტიკური ძალა მოსწონს მათ, იმის მიუხედავადაც კი, რომ ზოგ შემთხვევაში, ნავაროს მიერ დასახელებულ და მოწონებულ პოლიტიკურ ძალას ხალხი სახსენებლადაც კი ვერ იტანს.
ასე იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, როდესაც ბატონი ნავარო ჩაგვჩიჩინებდა, რომ თურმე ჩვენ ყველაზე მეტად „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი გვიყვარდა, მის შემდეგ კი, სრულიად საქართველოს მოსახლეობას თურმე, გიორგი თარგამაძეზე და მის „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაზე“ ეკეტებოდა ჭკუა.
ერის მოაზროვნე ნაწილი, ბატონი ლუის ნავაროს მიერ, წლების განმავლობაში არჩევნების გაყალბებისთვის „ნავარო-ჩენნად“ ხელშეწყობას მუდმივად აკრიტიკებდა და ნეგატიურად ხვდებოდა, თუმცა როგორც უახლესი ისტორიის მაგალითები გვიჩვენებს, ბატონ ნავაროს ეს კრიტიკა ნაკლებად აინტერესებდა, ვინაიდან ის თავის მისიას - შეეგუებინა ხალხი არჩევნების გაყალბებისთვის, ყოველთვის ფრიადზე ასრულებდა.
სწორედ ის NDI და ის ლუის ნავარო იყო, რომელმაც დაახლოებით ერთი წლის წინ კვლევის ისეთი შედეგი დადო, რომ თვით დემაგოგიაში გამოწვრთნილ მამალ „ნაციონალებსაც“ კი თვალები მორცხვად დაახრევინა, როდესაც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიას მხარს გამოკითხულთა 65 პროცენტი უჭერსო.
ეს არის მცირე მიმოხილვა იმ საქმეებისა, რაც ბატონ ნავაროს საქართველოში უკეთებია და რა თქმა უნდა, ყველა იმ გაყალბებული არჩევნების შედეგზე, რომელიც მისი ხელშეწყობით ჩატარებულა, პასუხისმგებლობა მასაც ეკისრება.
კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ არჩევნების გაყალბებისათვის სამზადისის პრაქტიკა ასევე წარმატებით გააგრძელა ახალმა ხელისუფლებამ და მას არც ბატონ ნავაროსთან და მის ინსტიტუტთან მეგობრობაზე უთქვამს უარი.
სხვათა შორის დახლოებით ექვსი თვის წინ, ჩემ მიერ ზემოთ ნახსენებმა ერთ-ერთმა „მამალმა ნაციონალმა“ პირად საუბარში საკმაოდ გულდაწყვეტილი სახით და ტონით მითხრა, რომ NDI ოცნებამ იყიდაო.
ეს ინფორმაცია, როგორი სანდო და ინფორმირებული წყაროსგანაც არ უნდა ყოფილიყო თქმული, მაინც დაუჯერებლად მეჩვენა, რადგან იმ პერიოდში „ქართული ოცნება“ პოპულარობის მწვერვალზე იდგა და მის მიმართ ნდობაც განუსაზღვრელი იყო.
გარდა ამისა, მაშინ ძნელად დასაჯერებელი იყო, რომ ახალი ხელისუფლება, „ნაციონალური მოძრაობისგან“ გატკეპნილ გზას ასე განუხრელად დაადგებოდა და ბატონი ნავაროს სამსახურზე უარს არც ის იტყოდა.
დღევანდელი გადასახედიდან კი, სამწუხაროდ, უკვე, არსებობის უფლება ყველა ვერსიას აქვს, მათ შორის ჩემი „ნაციონალი“ ნაცნობის ინფორმაციასაც იმის შესახებ, რომ NDI კოალიციამ იყიდა.
ამის თქმის საფუძველს კი, აღნიშნული ორგანიზაციის ბოლო კვლევის შედეგები გვაძლევს, რომელიც ბატონმა ნავარომ სულ ცოტა ხნის წინ წარმოგვიდგინა და რომელიც თავისი „სითავხედით“ შეიძლება ითქვას, რომ მის მიერ წარმოებულ იმ კვლევის შედეგებსაც კი აღემატება, რომლის თანახმადაც გიორგი თარგამაძე ხალხისთვის ყველაზე საყვარელი ოპოზიციონერი ყოფილა.
NDI-ს ბოლო კვლევაში მხოლოდ სახელები შეიცვალა, ხოლო ის, რომ მისი შედეგები საზოგადოების შეხედულებებისგან დიამეტრალურად განსხვავდება, კვლავ უცვლელი დარჩა.
საზოგადოებას ახსოვს, რომ ბატონი ნავაროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულის მიწურულს ჩატარებული კვლევით, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის პირველ ადგილზე გიორგი მარგველაშვილი, მეორე ადგილზე დავით ბაქრაძე, ხოლო მესამეზე ნინო ბურჯანაძე გავიდნენ.
ის, რომ სახელისუფლებო კოალიციის კანდიდატი პირველ ადგილზეა, შეიძლება საკამათო არც იყოს, ვინაიდან გიორგი მარგველაშვილი პირადად პრემიერმა წარადგინა, პირადად პრემიერი უკეთებს მას რეკლამას თავის ყოველ გამოსვლაში და მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამ პიროვნებას თითქმის არ იცნობდა, დღეს გამოკითხვის პირველ ადგილზე ნამდვილად შეიძლება იყოს, თუმცა ასევე შესაძლებელია რომ პროცენტულმა მაჩვენებელმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს.
აი რაც შეეხება NDI-ს კვლევების მეორეადგილოსან დავით ბაქრაძეს, შეიძლება ითქვას, რომ ბატონ ნავაროს ამ შემთხვევაში აშკარად მეტისმეტი მოუვიდა.
ზოგადად საინტერესოა რა კატეგორიის ადამიანებში ატარებს ბატონი ნავაროს კანტორა კვლევებს, ვინაიდან მის მიერ წლების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით გამოკითხული ათიათასობით ადამიანისგან ჩემს სანაცნობო წრეში არავინ არ აღმოჩნდა და არც ისეთი ადამიანი მინახავს, რომელიც იმ პიროვნებას დამისახელებდა, ვინც NDI-მ ოდესმე გამოკითხა.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს, საქართველოში გარკვეული სექტისმაგვარი დაჯგუფება ჰყავს, რომლებთანაც ის გამოკითხვებს ატარებს.
საერთოდ კი, თუ კანონმდებლობით, ეს ინფორმაცია საჯაროა, დაინტერესებულმა მხარემ თუ პოლიტიკურმა ძალამ აუცილებლად უნდა გამოითხოვოს იმ პირთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია, ვინც აღნიშნულ კვლევებში მიიღო მონაწილეობა.
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, რომელსაც წინასაარჩევნო შეხვედრებზე ქვეყნის რეგიონებში რამდენიმე მოხუცი და თინეიჯერობის ასაკს მიუღწეველი სკოლის მოსწავლეები ხვდებიან, არ შეიძლება მხარს გამოკითხულთა ის რაოდენობა უჭერდეს, რა რაოდენობაც ბატონმა ნავარომ გვამცნო და რომლის თანახმადაც, დავით ბაქრაძე თურმე საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის პოპულარობით მეორე ადგილზეა.
დავით ბაქრაძე მეორე ადგილზე თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ იქნება, რომ სრულიად საქართველოს კარგად ახსოვს მისი პოლიტიკური ძალის მიერ ქვეყნის 9-წლიანი ნგრევისა და ძალადობის პოლიტიკა, ძალიან კარგად ახსოვს ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდები, ძალიან კარგად ახსოვს ბაქრაძისა და მისი ხელისუფლების სისხლიანი ანგარიშსწორების ფაქტები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და ძალიან კარგად ახსოვს ეროვნულობაზე და სულიერებაზე მიტანილი ის უდიდესი იერიში, რომელსაც ქართველმა ხალხმა საბედნიეროდ, თავისი მტკიცე სულისა და ათეულობით საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული ჯანსაღი კონსერვატიული ბუნების გამო - გაუძლო.
დღეს კი, დავით ბაქრაძის ძირითადი გზავნილი საზოგადოების წინაშე, - ეს საკუთარ შეცდომებზე სწავლის დასპირება და იმის პირობაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმ საშინელებებს, რასაც თითქმის 10 წლის განმავლობაში სჩადიოდა, აღარასოდეს ჩაიდენს.
ამ გზავნილის შინაარსში ჩაღრმავება და მისი გაშლა ვფიქრობთ არც ღირს, ვინაიდან ამ ყველაფერს ადამიანურ ენაზე უსინდისობა ეწოდება, მაგრამ ნამდვილად აღსანიშნავია, რომ ხალხს ეს ზღაპრები უკვე მოსმენილი აქვს და აღარც ამის აღარ სჯერა.
სრულიად საქართველოს, „ნაციონალური მოძრაობისგან“ და მისი ლიდერის მიხეილ სააკაშვილისგან, საკუთარ შეცდომებზე სწავლისა და საკუთარი შეცდომების მონანიების შესახებ განცხადებები უკვე რამდენჯერმე მოისმინა, მაგრამ როგორც მალევე დარწმუნდა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ისინი უარესი ზეწოლისა და წნეხის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ ხოლმე.
ყველას ახსოვს მიხეილ სააკაშვილი, როდესაც წინასაარჩევნოდ აცხადებდა, რომ 7 ნოემბერს იმ ხელკეტებისგან გამოწვეულ ტკივილს, რომელიც თქვენ გხვდებოდათ მეც ვგრძნობდიო, მაგრამ ამის შემდეგ არჩევნებში „ნავარო-ჩენნად გამარჯვებიდან“ მოკლე ხანში, მან საკუთარი ხალხის მიმართ სადამსჯელო ოპერაციის წარმოების ტექნოლოგია ისე დახვეწა, რომ უკვე 2011 წლის 26 მაისს, ალყაში მოქცეული უიარაღო და მშვიდობიანი ადამიანები დახოცა, ხოლო მათი გვამები მაღაზიების თავზე შემოაწყო.
ასე, რომ ასპიტისგან მტრედის შობის შესაძლლებლობა ქართველ ხალხს უკვე კარგა ხანია აღარ სჯერა და ესეცაა ერთ-ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ NDI-ს კვლევები ზუსტად ისე დგას ახლოს რეალობასთან, როგორც მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიასთან.
როგორც აღვნიშნეთ, იმაში, რომ გიორგი მარგველაშვილი კვლევის შედეგებით პირველ ადგილზე იყოს, მოულოდნელი ნამდვილად არაფერია, თუმცა შეიძლება პროცენტებში გამოსახული მისი პოპულარობის მაჩვენებელი საკამათო იყოს.
ასევე ნამდვილად საკამათოა პრეზიდენტობის მესამე კანდიდატის - ნინო ბურჯანაძის რეიტინგის მაჩვენებელი, მაშინ როდესაც, ერთი შეხედვითაც კი, წინასაარჩევნო შეხვედრების დროს ხალხის რაოდენობის მაჩვენებლის მიხედვით, მისი პოპულარობა NDI-ს მინიმუმ მეორეადგილოსნის პოპულარობას რამდენჯერმე აღემატება.
შეხვედრებზე საზოგადოების დასწრების ვიზუალური მაჩვენებლით, ნინო ბურჯანაძე არც პირველადგილოსან გიორგი მარგველაშვილს ჩამორჩება, ხოლო იმ ფაქტს, რომ მისი რეიტინგი მართლაც რომ უსწრაფესი ტემპით იზრდება, ექსპერტები და პოლიტოლოგებიც აღიარებენ.
კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი ისაა, რომ თუ ჯერ კიდევ გასულ წელს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სუბიექტები ბატონი ნავაროს კვლევებს უნდობლობას უცხადებდნენ და მას მიხეილ სააკაშვილისთვის არჩევნების შედეგების „გამპრავებელ“ ორგანიზაციად მოიხსენიებდნენ, დღეს ამავე ორგანიზაციის კვლევის მაჩვენებლებს აპლოდისმენტებით ხვდებიან და აცხადებენ, რომ მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
სწორედ ამიტომ აქვს საფუძველი ჩემ მიერ ზემოთ ორჯერ ნახსენები „ნაციონალისა და იმპერატორტან დაახლოებული“ პიროვნების მიერ გულისწყვეტით ნათქვამი ფრაზის - „NDI ოცნებამ იყიდაო“, - არსებობას.
უფრო მეტიც, თუ ადრე მიხეილ სააკაშვილი არჩევნების გასაყალბებლად და საზოგადოების შესაგუებლად მხოლოდ ერთი კვლევის შედეგებს იყენებდა, ახალი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, მაჩვენებლების გასამყარებლად მხოლოდ ერთ კვლევას აღარ სჯერდება და რამდენიმე „გამოკითხვას“ ატარებს.
ერთ-ერთი მათგანი იყო „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერისა და პრემიერ-მინისტრის მრჩველის მიერ, „ქართული ოცნების“ დაკვეთითვე ჩატარებული კვლევა, რომელმაც პრაქტიკულად იგივე შედეგი გაიმეორა, რაც ლუის ნავაროს კვლევებმა აჩვენა.
სხვა თუ არაფერი, ეჭვის საფუძვლად მხოლოდ ის კმარა, რომ ზურაბ ბიგვავა, რომელმაც აღნიშნული კვლევის შედეგები გვამცნო, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის აქტიური მხარდამჭერი და დამცველია და ასეთი პიროვნება, იმავე „ქართული ოცნების“ დაკვეთით საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ კვლევას ატარებს. რა თქმა უნდა შემდეგ ძნელი გამოსაცნობი არ იყო და არც მოულოდნელი მომხდარა რამე.
ამ ფონზე ნამდვილად საინტერესო და საყურადღებოა „NDI-ს მესამეადგილოსნის“ ნინო ბურჯანაძის ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთიანი კვლევის ცენტრი შეიქმნას, რომელიც ქართული იქნება და რომელსაც ექნება ისეთი დამცავი მექანიზმები, რომ მის ობიექტურობაში ეჭვი ვერავინ შეიტანოს.
ნაკლებადსავარაუდოა, რომ ეს კარსმომდგარ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოხერხდეს, მაგრამ თუ ეს თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მოხერხდება, ქართული დემოკრატიის განვითარების კუთხით, მართლაც რომ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
მსგავსი ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რომლის მიერ ჩატარებული კვლევის სისწორეშიც ეჭვს არავინ შეიტანს, არჩევნების გაყალბების შანსებსაც მნიშვნელოვნად შეამცირებს და მოჯადოებული წრიდან საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ გამოყვანასაც შეუწყობს ხელს.
საგულისხმო და მხარდასაჭერია აგრეთვე პრეზიდენტობის კანდიდატის მეორე ინიციატივა, პასუხისმგებლობის გამკაცრების შესახებ ყველა იმ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ, შეიძლება, რომ არჩევნების გაყალბებას უკავშირდებოდეს.
ვფიქრობთ ნამდვილად სასურველი იქნებოდა, რომ თუნდაც ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ახალ რეგულაციებს მიიღებს, რადგან, თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ ცესკო-ში ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის ხელდასმული კადრები რჩებიან, არჩევნების გაყალბების საფრთხე მუდმივად არსებობს.
აღნიშნული ინიციატივა სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრის მიერაც უნდა იყოს მოწონებული, ვინაიდან ის, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე, არჩევნების გაყალბებას უმძიმეს დანაშაულად აფასებდა და ამ ქმედებას ფულის გაყალბების დანაშაულს უთანაბრებდა.
მართალია მომავალი პრემიერის მაშინდელი განცხადებების მიუხედავად, არჩევნების გაყალბებისთვის ჯერჯერობით ქვეყანაში არავინ დასჯილა, მაგრამ იქნებ ახალმა საკანონმდებლო რეგულაციებმა მაინც დაუკარგოს ზოგიერთებს ამ მართლაცდა მძიმე კრიმინალის ჩადენის სურვილი.
ალექსანდრე კაპანაძე