საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კურორტი ურეკი, როგორც აღმოჩნდა არა მარტო იმ უნიკალური თვისებით გამოირჩევა,
რასაც ძვალსახსრის დაავადებათა მკურნალობა და პროფილაქტიკა ჰქვია, არამედ მას აღმოაჩნდა მეორე უნიკალური თვისებაც, რასაც პოლიტიკურად მოწინააღმდეგე მხარეთა შორის კოაბიტაციის პროცესის გაღრმავება - შედუღაბება შეიძლება ვუწოდოთ.
სწორედ ამ პროცესის მომსწრე გახდა საზოგადოება ბოლო პერიოდის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მაგნიტური ქვიშით განთქმულ ამ კურორტზე, საქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე შეიკრიბნენ.
როგორც წინა მასალაში ვწერდით, მსგავს შეხვედრებს, წინა რეჟიმის მიერ ჩადენილი ქმედებებიდან გამომდინარე, საზოგადოება არ მიესალმება, უფრო მეტიც, ასეთი შეხვედრები საზოგადოებაში გაღიზიანებასაც კი იწვევს მითუმეტეს, რომ შეხვედრის შედეგები მისთვის უცნობი და დახურულია.
საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ ის, რომ შეხვედრაზე მხარეებმა გარკვეული სახის შეთანხმებას მიაღწიეს, ხოლო შეთანხმება „ნაციონალურ მოძრაობასთან,“ ამომრჩევლის ინტერესებში ნამდვილად არ შედის, მითუმეტეს, რომ როგორც ოდნავ მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს შეთანხმება თურმე, კოაბიტაციის პროცესის განმტკიცებასა და ამ მიზნით გადადგმულ რეალურ ნაბიჯებს გულისხმობდა.
რეალური ნაბიჯი კი საზოგადოებამ, შეხვედრიდან რამდენიმე დღეში იხილა პრემიერ-მინისტრის მიმართვის სახით, სადაც პრემიერი პრაქტიკულად იმ პრინციპის წინააღმდეგ წავიდა, რომელმა პრინციპმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანა.
რომ არ შევუდგეთ ამ მიმართვის დეტალურ განხილვას, რომელიც უკვე მრავალჯერ შეფასდა, მისი ყველაზე ნეგატიური ნაწილი, ანუ ის, რაც საზოგადოებამ ყველაზე მტკივნეულად მიიღო, პრემიერის ძალოვნებისადმი მიმართვა იყო.
როგორც ცნობილია, პრემიერმა ძალოვნებს მოუწოდა, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, დანაშაულის არსებობის შემთხვევაში თავი შეეკავებინათ იმ პირთა დაკავება-დასჯისაგან, რომლებიც საარჩევნო კამპანიაში იქნებოდნენ ჩართულნი.
„მივმართავ პროკურატურისა და პოლიციის ორგანოებს, მკაფიოდ დასაბუთებული უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევების გარდა, თავი შეიკავონ დანაშაულში მხილებულ იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისა და დაკავებისაგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაში. ჩვენი პრიორიტეტია ყველა დამნაშავის განსასჯელის სკამზე დასმა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში, უფრო მაღალი პრიორიტეტია პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფა. არჩევნებში მოსამართლეც და პროკურორიც ხალხია და ხალხის თავისუფალმა არჩევანმა უნდა განსაზღვროს ვის რა ნდობა აქვს დღეს და ვის რა პერსპექტივა აქვს მომავალში“ - ესაა დეტალურად ის ფრაზა, რომლითაც პრემიერმა ძალოვნებს მიმართა და რომელმაც საზოგადოების ყველაზე დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
მსგავსი ლოგიკით, შესაძლებელია დროებით, არჩევნების დასრულებამდე ციხიდან გამოვუშვათ ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და აგერ ახლახანს დაკავებული გუნავა, რადგან ასეთ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი წინასაარჩევნო კაპანიის წარმოებას გაცილებით უფრო ეფექტურად შეძლებს, ხოლო თუ მათ სამეგრელოს ტყეებში აღმოჩენილ სამალავებსა და ხალხის მასიურად გაუპატიურების უფლებასაც დავუბრუნებთ, შეიძლება ნაციონალების კანდიდატს გამარჯვების შანსებიც კი გაუჩნდეს.
პრინციპი, რომლითაც ბატონი ბიძინა ხელისუფლებაში მოვიდა და რომლის თანახმადაც, ყველა დამნაშავეს სათანადოდ უნდა მოჰკითხვოდა, ამ შემთხვევაში სამწუხაროდ დაირღვა, ვინაიდან სწორედ იმ სისხლის სამართლის დამნაშავეებს შეუძლიათ არჩევნების შედეგებზე რეალური ძალადობრივი გავლენის მოხდენა, ვინც ამას წლების განმავლობაში აკეთებდა და რომლებიც, ხალხის მოლოდინის მიხედვით დღეს უკვე ოთხ კედელში უნდა ყოფილიყვნენ გამომწყვდეულები.
მსოფლიო პრაქტიკა იცნობს იმუნიტეტს პარლამენტის დეპუტატის მიმართ, იმუნიტეტს პრეზიდენტის მიმართ, იმუნიტეტს დიპლომატის მიმართ, მაგრამ იმუნიტეტს საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში ჩართული პირის მიმართ, მსოფლიოს სამართლის პრაქტიკა არ იცნობს და ამ კუთხითაც საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული გახდა მსოფლიოში.
მაშინ როდესაც ჯერ კიდევ „ფორმაში“ არიან ჟვანიას მკვლელობის შემდეგ საეჭვოდ გაჩუმებული მისი ორი „მეგობარი“ და არჩევნების გამყალბებელი ხათუნა გოგორიშვილი და მიხეილ მაჭავარიანი, მაშინ როცა გარეთ არიან ის ადამიანები, რომლებიც მაგიდაზე გადასკოტჩილი ხალხის გაუპატიურებას უწყობდნენ ხელს, როგორ შეიძლება არჩევნები ჩატარდეს ჭეშმარიტად კონკურენტულ და სამართლიან გარემოში, მითუმეტეს, თუ საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირებს ეცოდინებათ, რომ არჩევნების დასრულებამდე ისინი იმუნიტეტით ისარგებლებენ, ხოლო თავიანთი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, საერთოდ არ დაისჯებიან.
ასეთ შემთხვევაში ისინი რა თქმა უნდა გარკვეული ტიპის კანონდარღვევებზე აუცილებლად წავლენ, რამაც არჩევნების შედეგებზე შეიძლება გავლენა მოახდინოს, მითუმეტეს, რომ დღეს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, საპრეზიდენტო სავარძლისთვის ბრძოლა ძალიან დაძაბული იქნება და მის მოსაგებად შესაძლოა ერთი ხმაც კი გახდეს გადამწყვეტი.
ასეთ შემთხვევაში რამდენად სამართლიანი იქნება იმ კანონდამრღვევების მიმართ აღმკვეთ ღონისძიებაზე უარის თქმა, რომლებიც საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულნი, - ძნელი სათქმელია, უფრო ზუსტად ის აშკარად უსამართლო ხასიათს ატარებს.
თუ ამ განცხადების შემდგომ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს დავაკვირდებით, ადვილი მისახვედრია სად გადაწყდა მისი გავრცელების საკითხი და რაში სჭირდებოდა ის ახალ ხელისუფლებას და პირადად პრემიერ ივანიშვილს.
აღნიშნული განცხადების გაკეთებიდან ორ დღეში, საქართველომ უმნიშვნელოვანეს კონფერენციას სახელწოდებით - „საქართველოს ევროპული გზა“ უმასპინძლა.
სწორედ ამ კონფერენციაზე გაესვა პირადად პრემიერის მხრიდან ხაზი იმას, რომ საქართველოში კოაბიტაციის პროცესი მართალია რთულად მაგრამ მაინც მიმდინარეობს და რომ ამის დასტურია ხელისუფლებასა და ნაციონალებს შორის შეხვედრა-კონსულტაციები.
არ ვიცი რამდენად სასარგებლო იყო საზოგადოების მკვეთრად ნეგატიური განწყობის ფონზე პრემიერისთვის და ახალი ხელისუფლებისთვის აღნიშნული განცხადება, მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ პოლიტიკურად, ბოლო ორი კვირის მანძილზე, „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ ხელისუფლებას უგებს.
იხატება სურათი, რომ მათ კარგად ისარგებლეს იმ ვითარებით, რომ საქართველოში უმნიშვნელოვანესი კონფერენცია უნდა ჩატარებულიყო და აიძულეს ხელისუფლება შეხვედრაზე დათანხმებულიყო და ამ შეხვედრის სახით, მათ საკმაოდ ღირებული გარანტიები მიიღეს რის ნათელ დასტურადაც პრემიერის აღნიშნული განცხადება შეიძლება მივიჩნიოთ.
საზოგადოების იმ ნეგატიური განწყობის, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით, ნაწილობრივი კომპენსირება მოახდინა სასამართლოს მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის დაკავებამ, ვინაიდან ხალხმა ირწმუნა, რომ პრემიერის განცხადება ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის დაბრუნებას არ გამოიწვევდა.
პოზიტიური, რაც პრემიერის აღნიშნულ მიმართვაში იყო, იმის მზაობას შეეხებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მაქსიმალური საარჩევნო თავისუფლებისა და თანაბრობის პრინციპების დაცვის გარანტიას იძლევა, მაგრამ რამდენად მოხდება ამის დაცვა იმ პირების მიერ, ვინც წლების განმავლობაში არჩევნების გაყალბების საქმეში დაოსტატდნენ და რომლებსაც დიდი ალბათობით, არჩევნების დამთავრებამდე პასუხსაც არავინ მოსთხოვს - ძნელი სათქმელია.
ხოლო თუ პრემიერი ნამდვილად შეძლებს და თანაბარუფლებიან წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფს, მაშინ დიდი ალბათობით, ეს თავსმოხვეული კოაბიტაციის პროცესი დასრულდება, ვინაიდან ხალხის ძირითადი დაკვეთა კვლავ სამართლიანობისა და მათი ღირსების აღდგენაა და ისინიც მხარს სავარაუდოდ იმას დაუჭერენ, ვინც ამას რეალურად დაჰპირდება. ასეთი კი ნინო ბურჯანაძეა, რომლის მიერ გატარებული წინასაარჩევნო გზავნილებიც, ჯერჯერობით ხალხის დაკვეთას სრულად პასუხობს, ამასთან ეს ის პოლიტიკოსია, რომელმაც და რომლის თანამებრძოლებმაც სააკაშვილის რეჟიმის უსამართლობა საკუთარ თავზე ყველაზე მეტად იწვნიეს.
ყოველ შემთხვევაში, ფაქტი ერთია, წინ საკმაოდ საინტერესო და დაძაბული არჩევნები გველოდება და მისი დაძაბულობის ხარისხი მით უფრო მეტი იქნება, რაც უფრო მეტად მოხერხდება წინასაარჩევნო კამპანიის თანაბარუფლებიან და სამართლიან გარემოში ჩატარება.
რა თქმა უნდა მაშინ, როდესაც საარჩევნო პროცესში, არჩევნების გაყალბების ისეთი ასები არიან ჩართულნი, როგორებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს, სრულიად სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა ძალიან რთულია, მაგრამ მიუღწეველი ნამდვილად არაა და ამის მოხერხება იქნება წინაპირობა იმისა, რომ ქართველი ხალხი წინასწარ განაწილებული ხმებისა და პროცენტების მქონე არჩევნების ჩატარებას აღარასდროს შეეგუება.
რაც შეეხება კიდევ ერთ ყურადსაღებ და საინტერესო თემას, რომელიც დატვირთული პოლიტიკური კვირის გამო სათანადო ყურადღების ცენტრში ვერ მოექცა, - ეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის განცხადებებია, რომელიც მან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის დაკავების შემდეგ გააკეთა.
მან პრაქტიკულად უღალატა „ნაციონალურ პათოსს“ და აღნიშნული დაკავება პოლიტიკურ მოტივებს არ დაუკავშირა, როცა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიმღებ მოსამართლეზე ზეწოლა არ განხორციელებულაო.
კოტე კუბლაშვილის განცხადება მოულოდნელი, თუმცა ლოგიკური შედეგი იყო იმ განცხადებებისა და შეხვედრებისა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მის მიმართ ავლენდა.
დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ბოლო იმედი, მისი ჯიბის მოსამართლეები - თვალნათლივ იმსხვრევა.
უფრო მეტიც, პრემიერის განცხადებით, მოსამართლეებს ხელფასები მნიშვნელოვნად გაეზრდებათ. რა თქმა უნდა სასამართლო სისტემის თანამშრომლების განწყობაზე ეს წინა ხელისუფლების სასარგებლოდ არ იმოქმედებს, მაგრამ ისმის ლოგიკური კითხვა, რატომ გაათავისუფლა ახალმა ხელისუფლებამ 200 პატიმარი იმის გამო, რომ ისინი მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაკავებულნი, ხოლო ათასობით პატიმარი იმის გამო გაათავისუფლა, რომ უკანონოდ იყვნენ დაკავებულ-გასამართლებულები.
ამ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს მომავალი კარგა ხნით მოესპოთ და ასეთ შემთხვევაში, იმ მოსამართლეებისათვის ხელფასის გაზრდა, ვინც ამ ხალხს თავის დროზე განაჩენი გამოუტანეს, საზოგადოებისგან ასევე რთულად იქნება აღქმული. დასამალი ნამდვილად არაა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და კოტე კუბლაშვილის გოშია-მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობა თავადაა გასასამართლებელი და სასურველია, რომ ეს არა ლინჩის წესით, არამედ კანონის ძალით მოხდეს.
საზოგადოების მხრიდან რთულად იქნება აღქმული აგრეთვე ახალი ხელისუფლების მიერ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამი მილიონის გამოყოფაც, როგორც ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია კობახიძე აცხადებს.
რამდენად მისაღები იქნება საზოგადოებისთვის ის, რომ 10 წლის განმავლობაში მისი გამღატაკებელი პარტია, კვლავ საკუთარი ჯიბიდან უნდა შეინახოს და წელიწადში სამი მილიონი უხადოს, - ამას მომავალი გვიჩვენებს.
ბოლო პერიოდის კიდევ ერთი ზეაქტუალური თემა, კვლავ პატიმრების წამებას და ამ წამების ამსახველი მასალების გამსაჯაროებელ ვლადიმერ ბედუკაძეს უკავშირდება.
აქვე ბარემ ვიტყვით, რომ საზოგადოების ნაწილი მის გმირად, ნაწილი კი ჯალათად წარმოჩენას ცდილობს.
ზოგადად, გმირის წოდებას ხშირ შემთხვევაში ხალხი ამა თუ იმ პიროვნებას საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ ანიჭებს, ასე, რომ ბედუკაძის გმირად შერაცხვა ნაადრევი და არასწორია, ისევე როგორც არასწორია მისი ჯალათად გამოცხადება და იმ წვლილისა და თავგანწირვის არდაუნახაობა, რომელიც მან გასულ წელს გამოავლინა და რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი წინა ხელისუფლების საფლავში უსისხლოდ ჩაწვენას.
მოგეხსენებათ, პრემიერმა ივანიშვილმა მთავარ პროკურორს სპეციალური წერილით მიმართა და განაცხადა, რომ შესაძლებლობების ფარგლებში, მისი გადაწყვეტილება ბედუკაძის პასუხისმგებლობიდან სრულად გათავისუფლების შესახებ - გადაეხედა.
ამ განცხადების შემდეგ, რატომღაც ყველა, კბილაშვილის გადადგომას ელოდა, თუმცა მის მიერ საგანგებო ბრიფინგზე მოყვანილმა არგუმენტებმა, საზოგადოებაში დამაჯერებლობა ნამდვილად მოიპოვა.
პრემიერის ღია წერილი მთავარი პროკურორისადმი ბევრისთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ თუ რამდენიმე ფაქტორს გავითვალისწინებთ, აღმოჩნდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ანგარიში კოალიციაში შემავალ სხვა სუბიექტებს, კონკრეტულად კი რესპუბლიკელებსა და ალასანიას პარტიას გაუწია.
როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილების გამო მთავარ პროკურორს მისი პოლიტიკური თანაგუნდელები დაუპირისპირდნენ და მისი ქმედება საკმაოდ მკვეთრად გააკრიტიკეს როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე იუსტიციის მინისტრმა.
პარლამენტის თავმჯდომარე მოგეხსენებათ, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო იუსტიციის მინისტრი, ირაკლი ალასანიას გუნდის წევრად მოიაზრება.
აქედან გამომდინარე, კოალიციის ორი სუბიექტის დამოკიდებულებას მთავარი პროკურორის მიმართ, პრემიერ-მინისტრმა სავარაუდოდ ანგარიში გაუწია და სწორედ ამის დამსახურება იყო ცნობილი ღია წერილიც, თუმცა შეტევას საკმაოდ მტკიცედ დახვდა მთავარი პროკურორი და მედიასთან შეხვედრისას პრაქტიკულად მიანიშნა, რომ ის თავისი გადაწყვეტილების არცერთი ფორმით შეცვლას არ აპირებს.
ბოლო პერიოდის ზოგადი ტენდენციის თანახმად, ახალი ხელისუფლების აღმასრულებელ უწყებათა პირველ პირთაგან, ყველაზე მეტად დარტმის ობიექტებად სწორედ მთავარი პროკურორი და შინაგან საქმეთა მინისტრი არიან არჩეულნი.
ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ისინი არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნიან და ბიძინა ივანიშვილის პირადი გუნდის წევრებად ითვლებიან.
გასაოცარი კი ისაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილსაც და არჩილ კბილაშვილსაც, გარდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა, არანაკლები გააფრთებით, ზოგჯერ ხილულად, ზოგჯერ კი უხილავად, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ებრძვიან.
ეს ერთადერთი მიზეზით შეიძლება აიხსნას: კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს არ აწყობთ ასეთ საკვანძო ადგილებზე პრემიერის პირადი გუნდის წარმომადგენლების მუშაობა და ყველანაირად ცდილობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაზე კონტროლი მოიპოვონ.
ძნელი სათქმელია თუ როგორ დასრულდება ეს ბრძოლა, მაგრამ ჯერჯერობით, ირაკლი ღარიბაშვილიც და არჩილ კბილაშვილიც, მათ წინააღმდეგ ოპოზიციისა თუ თანაგუნდელების შემოტევებს, - წარმატებით უმკლავდებიან.
რომ დავუბრუნდეთ ისევ ვლადიმერ ბედუკაძეს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უდავოდ უნდა გაესვას ხაზი იმ საფრთხეს, რის წინაშეც მან თავი და თავისი ოჯახი დააყენა მაშინ, როდესაც ციხის სკანდალურ კადრებს ასაჯაროებდა.
ორიგინალური არ ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ ამ კადრების გასაჯაროებამ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგისთვის წინასაარჩევნოდ საკონტროლო გასროლის როლი ითამაშა, რაც აისახა კიდეც 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე.
აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ვლადიმერ ბედუკაძეში ნაციონალები მათი გავლენის დამსამარებელს ხედავენ და მათი აგრესიაც ამ პიროვნების მიმართ, რა თქმა უნდა განსაკუთრებულია.
როგორც ამას ნაციონალები აცხადებდნენ და როგორც ეს მთავარმა პროკურორმაც დაადასტურა, ვლადიმერ ბედუკაძეს ეს კადრები 2011 წლის ადრიან შემოდგომაზე მოუპოვებია, ხოლო მისი გასაჯაროვება თითქმის ერთი წლის შემდეგ მოხდა.
სწორედ აქეთაა მიმართული ნაციონალთა დარტყმის ვექტორიც, რომ თუ ბედუკაძეს ეს კადრები ერთი წლით ადრე ჰქონდა, რატომ გაასაჯაროვა ის არჩევნების წინა პერიოდში, ხოლო ამ ერთი წლის განმავლობაში, პატიმრები პრაქტიკულად, სისტემური დანაშაულის მსხვერპლად დატოვაო.
ცალკე საკითხია ნაციონალთა მიერ ამ განცხადების გაკეთების მორალური მხარე, თუ რამდენად აქვს სისტემური დანაშაულის შემოქმედს თავისივე ნამოქმედარის გაკრიტიკების უფლება, მაგრამ ყველანაირი ლოგიკით და პრაგმატული მოსაზრებით, ვლადიმერ ბედუკაძე მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო და კადრებიც გაასაჯაროვა სწორედ მაშინ, როცა უნდა გაესაჯაროვებინა.
ნუ დაგვავიწყდება, რომ 2011 წელს, ანუ მაშინ, როდესაც ბედუკაძემ ეს ჩანაწერები ციხიდან გამოიტანა, ქვეყანაში კლასიკური ავტორიტარიზმი მეფობდა და შესაბამისად, მედიასივრცის უდიდეს ნაწილს, სწორედ სააკაშვილის ხელისუფლება აკონტროლებდა.
საკითხავია რა რესურსი ჰქონდა ვლადიმერ ბედუკაზეს 2011 წლის სექტემბერში იმისთვის, რომ ეს კადრები გაესაჯაროვებინა? დამეთანხმებით, რომ მას ეს რესურსი პრაქტიკულად არ გააჩნდა, ვინაიდან წინა ხელისუფლება არც სისხლს და არც სხვა სახის კანონდარღვევას არ მოერიდებოდა, რომ ეს კადრები საზოგადოებას არ ენახა და კიდევაც რომ ენახა, მაშინდელი ტოტალური ტერორის პირობებში, საზოგადოება პროტესტის იმ ფორმით გამოხატვას ნამდვილად ვერ უზრუნველყოფდა, რა ფორმითაც ეს ერთი წლის შემდეგ მოხდა.
2011 წლის შემოდგომაზე ამ კადრების გასაჯაროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა ვლადიმერ ბედუკაძე სწორედ იმ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, რა მდგომარეობაშიც ფირზე აღბეჭდილი წამების მსხვერპლნი არიან, ხოლო აღნიშნულ ჩანაწერებს, ვანო მერაბიშვილის კანტორა რა თქმა უნდა ოპერატიულად გააქრობდა, ხოლო იმ შემთხვევაში კი, თუ ვერ გაქრობდა, თავისი კონტროლირებადი მედიასაშუალებების მეშვეობით ისეთ ლეგენდას შეთხზავდა, რომ ხალხი მის მნიშვნელობასაც კი ვერ გაიგებდა. შესაბამისად დაიკარგებოდა ის უდიდესი მუხტიც, რაც საზოგადოებაში ამ კადრების ნახვამ გამოიწვია.
გამორიცხული არ არის, რომ 2011 წელს, ხელისუფლებას წამების ეს საშინელი ვიდეომასალა მათი შესაძლებლობის ფარგლებში, პროფესიონალურ დონეზე რუსულად ეთარგმნა, ხოლო შემდეგ თავისი გოშია მედიასაშუალებების მიერ ეს კადრები გაევრცელებინა და განეცხადებინა, რომ ამ ქმედებებს სინამდვილეში რუსეთის საპატიმროებში ჰქონდა ადგილი, შემდეგ ეს კადრები რუსულმა სპეცსამსახურებმა და მათმა ადგილობრივმა აგენტებმა ქართულად თარგმნეს რათა ჩვენი ხელისუფლებისთვის ჩირქი მოეცხოთო.
ის ვისაც წინა ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების მიერ ტირაჟირებული ტყუილები ახსოვს, დამეთანხმება, რომ ნაციონალებს ასეთი, ან ამაზე უარესი ტყუილის არც მოფიქრება და არც მისი ტირაჟირება არ გაუჭირდებოდათ.
ეს კი, გამორიცხული არ არის, რომ საათივით აწყობილი ავტორიტარული სისტემის დამსახურებით, ნაციონალებს ხელისუფლებაში ყოფნას გაუხანგრძლივებდა, რაც ნიშნავს რომ ის სისტემური დანაშაული რასაც ციხეებში ჰქონდა ადგილი, კვლავ წლების განმავლობაში გაგრძელდებოდა.
შესაბამისად, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ბედუკაძემ 2011 წელს, კადრების დამალვით, პატიმრები ერთი წლით წამებისთვის გაწირა.
შეიძლება ერთი შეხედვით ასეც ჩანდეს, მაგრამ მედლის მეორე მხარის მიხედვით, ბედუკაძემ ამ ქმედებით ქვეყანა ავტორიტარიზმისაგან, ხოლო პატიმრები მომავალი მრავალწლიანი დამცირება-წამება-გაუპატიურებისაგან იხსნა.
ვლადიმერ ბედუკაძის მიერ გასაჯაროებული კადრების მწამებელი პერსონაჟების იდეური მამები და გამაძლიერებლები კი, სასურველია, რომ ურეკის მაგნიტური ქვიშის სამკურნალო პროცედურის პარალელურად, თავიანთი პოლიტიკური მომავლის შესახებ გარანტიებს არ იღებდნენ.
ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს.
ალექსანდრე კაპანაძე