დამტკიცებულია, რომ მათემატიკურ მეცნიერებაში, განტოლებაში, რომლის ამოხსნაც შესაძლებელია, უცნობთა მაქსიმალური რაოდენობა სამს არ უნდა აღემატებოდეს.
ასევე დამტკიცებულია, რომ განტოლება, რომელშიც უცნობთა რაოდენობა სამს აღემატება, ამოხსნას არ ექვემდებარება.
ხოლო რაც შეეხება უცნობთა რაოდენობას იმ განტოლებაში, რომელიც ამ დღეებში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დაგვიტოვა, - მათი ოდენობა არათუ სამს, არამედ ათეულსაც კი აჭარბებს.
უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, რასმუსენმა საქართველოში ვიზიტის დროს, ნატოს ღია კარში შესასვლელად, ამოსახსნელად დაგვიტოვა განტოლება, რომლის ამოხსნის თეორიული შესაძლებლობაც კი, რეალობას მოკლებულია.
ამასთან, მოგეხსენებათ, ყველა განტოლება, თავისი არსიდან გამომდინარე, უცნობთა კომბინაციით მიღებული სიდიდის რაიმე სხვა კონკრეტულ სიდიდესთან ტოლობის დამადასტურებელი მაგალითია, ხოლო რასმუსენის მიერ დატოვებული განტოლების თანახმად, საბოლოო კონკრეტული სიდიდე, ჯერ კიდევ არ არსებობს.
ანუ, როგორც ბატონმა გენერალურმა მდივანმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში კოაბიტაციის პროცესი შეუქცევადი იქნება, ასევე, თუ საქართველო უზრუნველყოფს თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, ამასთანავე, თუ იმის ოდნავ აღქმასაც გამოვრიცხავთ, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი ხორციელდება, მაშინ საქართველო მიიღებს არა ნატოს წევრობას, არამედ ნატოს მხარდაჭერას, ხოლო რა შემთხვევაში მიიღებს საქართველო ნატოს წევრობას, - ეს ბატონ რასმუსენს არ დაუკონკრეტებია, უფრო სწორად, მან ამ კუთხით, საქართველოში ზუსტად იგივე მესიჯები ჩამოიტანა, რაც რამდენიმე წლის წინ ჩამოჰქონდა.
კონკრეტულად კი, ნატოს კარი, რომელიც ზამთარ-ზაფხულ, კლიმატის ცვლილების მიუხედავად ღიაა, საქართველოსთვის კვლავ ღიად რჩება, მხოლოდ, ამისთვის მან აუცილებელი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს.
ნატოს კრიტერიუმები კი, მოგეხსენებათ, დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვაა.
ამ მხრივ, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ნატოს წევრი სახელმწიფოების პოლიტელიტის დიდი ნაწილი და მათ შორის ბატონი რასმუსენიც, იმ პიროვნებების ბედზე მოთქვამენ, ვინც საქართველოში დემოკრატიის საფუძვლები საკმაოდ ღრმად დაასამარა და ვინც უდანაშაულო პირებს მაგიდაზე სკოტჩით აბამდა და არმომხდარი ტერაქტის აღიარების მოთხოვნით, უპატრონო გლეხებს, დემოკრატიის „ერთგულ“ შტატიან მოხელეებს აუპატიურებინებდა.
აქ როგორც იტყვიან კომენტარი ზედმეტია, თუმცა, განსხვავებით წინა ვიზიტებისგან, ნატოს დელეგაციის ბოლო ვიზიტის დროს ნამდვილად შეიმჩნეოდა მასპინძელი მხარის მცდელობა საკუთარი ღირსებისა და ღირებულებების ხაზგასმის შესახებ.
თუ ბატონი რასმუსენის ყველა ადრინდელი ვიზიტი საქართველოში, სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი მედიის მიერ, მესიის ვიზიტთან იყო გაიგივებული და მას ყველა, მათ შორის პრეზიდენტიც კი თვალებში შესციცინებდა, - ბოლო ვიზიტის დროს, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.
უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება ის, რომ საქართველომ თავისი ვაჟკაცები, რომლებიც თავიანთ მხედრულ მოვალეობას შორეულ ავღანეთში იხდიდნენ და ამ მოვალეობის შესრულებას შეეწირნენ, - ნამდვილად ღირსეულად დაიტირა და ამით მსოფლიოს და უპირველეს ყოვლისა ნატოს აჩვენა, რომ საქართველო თავისი ბიჭების სიცოცხლეს აფასებს და მსხვერპლი, რომელიც ავღანეთის მისიაში საქართველოს იღებს, ღირსეულად უნდა დაფასდეს.
წინა ხელისუფლების პირობებში კი, მოგეხსენებათ, ავღანეთში, ქართველი სამხედროების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ლამის სახელმწიფო საიდუმლოს დონეზე იყო აყვანილი და თითქოსდა გარდაცვლილი ბიჭების ოჯახებს თავიანთი გაჭირვება არ ჰყოფნიდა, მათ, ავტორიტარული ხელისუფლება მედიასთან კონტაქტსაც კი უკრძალავდა.
დღეს, კი საქართველოში ჩამოსულ ნატოს დელეგაციას და უშუალოდ ნატოს გენერალურ მდივანს, რადიკალურად განსხვავებული ვითარება დახვდა.
საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ალიანსის დელეგაციას აშკარად აგრძნობინა, რომ ის თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს სათანადოდ აფასებს და უფრო მეტიც, ჩვენი ქვეყნის მიერ აღნიშნულ მისიაში შეტანილი წვლილისა და გაღებული მსხვერპლის შესახებ, თავის ოფიციალურ სიტყვაში, საქართველოს ყველა წარმომადგენელმა ისაუბრა.
ამ მხრივ, ყველაზე მკაფიო გზავნილით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის მიმართ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოირჩეოდა, როდესაც მან განაცხადა, რომ საქართველო ნატოსგან რეალურ შემხვედრ ნაბიჯებს ელის.
ეს განცხადება, დიპლომატიურ ენაზეც კი, საკმაოდ მკვეთრია და პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ნატო საქართველოს როგორც თანაბარ პარტნიორს არასდროს აღიქვამდა და ჩვენი ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯების საპასუხოდ, ის გარჯისგან თავს ნაკლებად იწუხებდა.
ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ეყო ძალა, რომ თავისი პოზიცია მკაფიოდ დაედასტურებინა და მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლოა ეკრანებზე ძალიან თვალშისაცემი არც იყო, საქართველომ შეძლო და ალიანს დაანახა, რომ მის მიერ გაღებულ მსხვერპლს ის სათანადოდ აფასებს და ამასვე მოითხოვს სხვებისგან.
სავარაუდოდ, სწორედ ამის პასუხი იყო ნატოს გენერალური მდივნის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ავღანეთში ქართული კონტიგენტისა და ქართველი ბიჭების მსხვერპლის სიდიდე, ნატოში საქართველოს შესასვლელი ბილეთი არ არის.
რა თქმა უნდა გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება სწორედ ამ მაჩვენებლებზე იყო დამოკიდებული, მაგრამ, მაშინ, როცა წინა ხელისუფლება მუდმივად აცხადებდა, რომ ავღანეთში საქართველოს მისიის გაზრდა, ჩვენი ნატოში გაწევრიანების შანსების პირდაპირპროპორციულიაო, საინტერესოა რატომ არ აკეთებდა იგივე განცხადებებს ბატონი რასმუსენი.
ჩნდება ეჭვი, რომ მას აწყობდა ქართველი ხალხის ცრუ იმედის ფონზე, ავღანეთში, ფრონტის წინა ხაზზე მყოფ მეომართა რიცხვი საქართველოს შეიარაღებული ძალების ხარჯზე გაეზარდა, ხოლო ქვეყნის ნატოში გაწევრიანება მას მაშინაც ისვე აღელვებდა, როგორც დღეს აღელვებს.
ნუ დაგვავაიწყდება აგრეთვე, რომ 2008 წლის დასაწყისში, მაშინ როცა საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა პლებისციტზე მხარი საქართველოს ნატოში ინტეგრაციას დაუჭირა, ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი მოქმედებდა, რომელიც მოსახლეობაზე პრაქტიკულად პირდაპირ ზეწოლას ახდენდა, რათა აღნიშნული პლებისციტის შედეგები მკვეთრად დადებითი ყოფილიყო.
საინტერესოა რა შედეგს აჩვენებს იგივე გამოკითხვა საქართველოს მოსახლეობაში დღეს, მაშინ როცა ავტორიტარიზმი ფაქტიურად დამარცხებულია, ხოლო 2008 წლის შემდგომ 5 წელიწადში, საზოგადოება არაერთგზის დარწმუნდა ნატოსა და მისი წევრი ქვეყნების ორმაგ სტანდარტებში საქართველოსთან მიმართებაში.
სავარაუდოდ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, საქართველოს ნატოში ინტეგრაციას მხარს აღარ დაუჭერს.
უდავოა, რომ 2008 წლის პლებისციტის შედეგები, ისევე როგორც 2012 წლის 1 ოქტომბრის შედეგები, საზოგადოების რეალურ განწყობას არ ასახავს და ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელია, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად განმეორებითი პლებისციტიც ჩატარდეს, სადაც საზოგადოება ნატოსთან დაკავშირებით თავის ობიექტურ დამოკიდებულებას დააფიქსირებს.
იმ ფაქტს, რომ დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობა საზოგადოების განწყობას არ ასახავს, ხაზს ყველაზე ხშირად პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე უსვამს. ფაქტია ისიც, რომ სავარაუდოდ, გართულებების თავიდან აცილების მიზნით, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკმაოდ ბევრი მანდატი დაუთმო, ამავდროულად, არჩევნები კვლავ ძველი ხელისუფლების ტერორის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ხარჯზე ჩატარდა. იგივე ნინო ბურჯანაძე, პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს, პირიქით, ის ამის საკმაოდ დიდ ალბათობას ანვითარებს.
ასეთ შემთხვევაში ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა, თუ , ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, ნატოსთან დაკავშირებით, განმეორებითი პლებისციტიც ჩატარდებოდა.
თუმცა ეს ყველაფერი მომავლის თემაა, მანამ კი კიდევ ერთ უმნიშვნელოვანესი გზავნილის შესახებ, რომელიც ამჯერად პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისგან წამოვიდა და რომელსაც მედიის წარმომადგენლებმა, რატომღაც, შედარებით ნაკლები ყურადღება მიაქციეს.
საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთვის მაპი პრიორიტეტული აღარ იქნება და ქვეყნის პოლიტიკური სწორებაც, მხოლოდ მაპ-ის მიღებაზე აღარ ორიენტირდება.
ეს განცხადება ბევრნაირად შეიძლება იქნას აღქმული.
მართალია პრემიერმა განაცხადა, რომ ნატოში გასაწევრიანებლად მაპ-ი აუცილებელი სულაც არ არის, რადგან საკმაოა პრეცედენტები, როცა ესა თუ ის ქვეყანა ალიანსში მაპ-ის გარეშეც გაწევრიანებულაო, მაგრამ ამ განცხადების უკან მთავარი, რაც უნდა მოვიაზროთ, არის ის, რომ ქვეყანა თავის პრიორიტეტს მნიშვნელოვნად ცვლის.
პრემიერის განცხადება სავარაუდოდ ნიშნავდა, რომ ის მაპ-ის ნაცვლად, პრიორიტეტად იმ დემოკრატიულ კრიტერიუმებს აღიარებს, რაც ნატოში გასაწევრიანებლადაა აუცილებელი, ხოლო ამ კრიტერიუმების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნატომ, თუ მას ნამდვილად აქვს სურვილი საქართველო თავის რიგებში იხილოს, - ჩვენი ქვეყანა ალიანსის წევრად ყოველგვარი მაპ-ისა და სხვა წინაპირობების გარეშე უნდა მიიღოს.
ცალკე საკითხია, რამდენად აღიარებს ნატო საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის არსებობას, იმ მაგალითებიდან გამომდინარე, რომ ის წინა ხელისუფლების მიმართ თავის სიმპათიას არ მალავს, არადა სწორედ წინა ხელისუფლებას უკავშირდებოდა ისეთი ქმედებების მასობრივი მოქმედებითი ტირაჟირება, როგორებიცაა ქუჩაში ხალხის ჩახოცვა, აქციების სასტიკად დარბევა, ხოლო დარბევის დროს დახოცილი ხალხის გვამების მაღაზიების თავზე შემოწყობა, ასევე საკუთრების უფლების ფეხქვეშ გათელვა, ციხეებში პატიმრების ცოცხებით გაუპატიურება, ხოლო ციხეებში შეყვანამდე, აღიარებითი ჩვენების მოთხოვნით უპატრონო გლეხების მაგიდაზე გადასკოტჩვა და სპეციალურად, ამ საქმისთვის გამოყოფილი შსს-ს თანამშრომლის მიერ მათი გაუპატიურება.
როცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ სისტემის შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი ისტორიაში უნდა მოვიხსენიოთ, როგორც ქვეყანაში დემოკრატიის შემქმნელ-მშენებელიო, ამ ფონზე ნამდვილად არსებობს ლეგიტიმური საფუძველი, რომ ნატოს გულწრფელობაში, როდესაც ის თავის მთავარ ღირებულებად დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს აცხადებს - ეჭვი შევიტანოთ.
ამისთვის, საქართველოს მაგალითზე, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებიც საკმარისია.
ამასთან, საინტერესოა რას აკეთებს ამ ფონზე ქვეყნის საგარეო უწყება, ახდენს თუ არა ის მსოფლიო თანამეგობრობის სათანადო დონეზე ინფორმირებას საქართველოში წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი სისტემური და საკაცობრიო დანაშაულების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისე, რომ კადრები არ გაუსაჯაროებია, რასაც ქვეყანაში აუცილებლად დესტაბილიზაცია მოჰყვებოდა, - შეძლო და საზოგადოების გარკვეული სეგმენტის ინფორმირების ხარჯზე, ამ კადრების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობამდე მიიტანა.
საკითხავია, დგამს თუ არა რაიმე სერიოზულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინიტრო. შესაძლოა ამის მცდელობები არის, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მცედლობების შედეგი სამწუხაროდ სახეზე არ გვაქვს, ვინაიდან რამდენადაც ცნობილია, მსოფლიოს არცერთი ქვეყნის ოფიციალურ უწყებას, ის ამაზრზენი ქმედებები, რასაც წინა ხელისუფლება სჩადიოდა, - საჯაროდ არ დაუგმია.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ განტოლება და ამოცანა, რომელიც თავისი ბოლო ვიზიტის დროს რასმუსენმა საქართველოს დაუტოვა, ამოხსნას ნაკლებად ექვემდებარება და რჩება შთაბეჭდილება, რომ იმით, რომ საქართველომ ამ ამოცანის შესრულება ვერ შეძლოს, პირველ რიგში სწორედ ნატოა დაინტერესებული.
რაც შეეხება ბოლო პერიოდის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატების გამოკვეთას უკავშირდება.
კონკრეტულად კი, როგორც მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლების წევრთაგან არჩევნებში კენჭს პოტენციურად, - დავით ბაქრაძე, გია ბარამიძე, შოთა მალაშხია და ზურაბ ჯაფარიძე იყრიან.
მათგან კი ერთ-ერთი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო კანდიდატად დააყენებს, - პრაიმერის წესით გამოვლინდება.
აღნიშნულ კანდიდატთაგან, საზოგადოებისთვის შედარებით მისაღები ალბათ ისევ და ისევ დავით ბაქრაძეა, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის ომის დროს, თავად საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს ტრიალებდა, ხოლო მოსახლეობას, დედაქალაქის ჩანგლებით დაცვისკენ მოუწოდებდა, - მის მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა შედარებით ნაკლებია, რასაც ვერ ვიტყვით გია ბარამიძეზე.
აღნიშნულ პიროვნებას მოგეხსენებათ, საზოგადოება პირველ რიგში თავისი პოლიტიკური გამზრდელისა და შემქმნელის, აწ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას ღალატში ადანაშაულებს, ხოლო მეორე რიგში, მის კისერზეა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი სპეცოპერაცია სვანეთში, როდესაც მისი ბრძანებით, სახლზე, სადაც მცირეწლოვან ბავშვებს და ქალებს ეძინათ, შუაღამისას, რამდენიმე ვერტმრენით და კბილებამდე შეიარაღებული ასეულობით სპეცრაზმელის მეშვეობით მიიტანეს იერიში.
როგორც მოგეხსენებათ, სპეცოპერაციის დროს ორი პიროვნება დაიღუპა.
მათ შორის ერთ-ერთის ცხედარი ისე დაიწვა, რომ ოჯახმა მხოლოდ მისი ტანისამოსის დატირება შეძლო, ხოლო მეორე გარდაცვლილს, იმის გამო, რომ ბეჭედი ვერ მოხსნეს, თითი საერთოდ მოაჭრეს.
ეს ის ფაქტებია, რომლებიც პრაიმერში გამარჯვების შემთხვევაშიც კი, საპრეზიდენტო არჩევნებში გია ბარამიძის სამარცხვინო მარცხს გამოიწვევს.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ დანარჩენ კანდიდატებს, მათი შანსების განხილვაზე დროის დაკარგვა ნამდვილად არ ღირს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც.
ყველა წინაპირობის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი და დაუგეგმავი არ მოხდა, საპრეზიდენტო სავარძლისთვის ბრძოლა ორ კანდიდატს - „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ გიორგი მარგველაშვილსა და პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს შორის გაიმართება.
სავარაუდოდ, ვფიქრობთ რეალობასთან საკმაოდ დაშორებულია ზოგიერთი პოლიტიკოსისა და პოლიტოლოგის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ნინო ბურჯანაძისთვის არჩევნებში მიღებული მეორე ადგილი დამაკმაყოფილებელი იქნება, რის შემდეგაც ის და მისი პოლიტიკური ძალა, ავტომატურად, „მთავარი ოპოზიციური ძალის“ სტატუსს შეიძენს.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის მიერ დღემდე გაკეთებული განცხადებების პათოსისა და შინაარსის გათვალისწინებით, ის, მეორე ადგილისთვის ბრძოლას არ აპირებს და პრეზიდენტობისთვის სერიოზულად ემზადება.
იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების კონკურენტულ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს, თავისი განცხადებებიდან გამომდინარე, ნინო ბურჯანაძეს ნამდვილად აქვს შანსი, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილის ხმები მიიღოს, რადგან მის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ოთხი ძირითადი გზავნილი, თავისი შინაარსით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის განწყობას აბსოლუტურად ემთხვევა.
ამ გზავნილთაგან პირველი და უმთავრესი, ე.წ. კოაბიტაციის პროცესის დასრულებას, სამართლიანობის რეალურ აღდგენას და ყველა დამნაშავის კანონის შესაბამისად დასჯას შეეხება.
მეორე გზავნილი, რუსეთთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების დაწყების მზაობა და ამისთვის შესაბამისი პოტენციალის არსებობის შესახებ განცხადებაა.
მესამე გზავნილი, ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების დანიშვნაა, ვინაიდან როგორც ბურჯანაძე აცხადებს და სავარაუდოდ საზოგადოების დიდი ნაწილიც ფიქრობს, - პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა, საქართველოს მოსახლეობის განწყობას არ ასახავს.
მეოთხე გზავნილი კი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რეალური ნაბიჯების გადადგმისა და ამ მიმართულებით რეალური ძვრების დაწყებაა.
ნინო ბურჯანაძის მიერ, საზოგადოებისთვის მიწოდებული აღნიშნული ოთხივე მესიჯი, მოსახლეობის დაკვეთას აბსოლუტურად პასუხობს, თუმცა რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი ძირითადი კონკურენტი ისეთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, რომელმაც სულ რამდენიმე თვის წინ, ავტორიტარული რეჟიმი, 1 ოქტომბრის არჩევნებზე, ორივე ბეჭზე დადო და საზოგადოებაში პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს.
იმ შემთხვევაში კი, თუ არჩევნები რეალურად თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება, საქართველო თავისი ისტორიის ბოლო 20 წლის მანძილზე, მეტად საინტერესო საპრეზიდენტო ბრძოლის მომსწრე გახდება.
რაც შეეხება ბოლო პერიოდის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს, თუ არ ჩავთვლით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებულ დაკავებებს, რომელმაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დაბადა, - ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება იყო, რომელიც მან ბიძინა ივანიშვილის მისამართით გააკეთა და რომელშიც მან პრემიერის ნორმალურობაში ეჭვი შეიტანა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაჭერებზე საუბრობს, მას სახე ისე უბრწყინავს, რომ არ შეიძლება ეს ნორმალურ ადამიანს ემართებოდესო.
ამ შემთხვევაში კომენტარი ნამდვილად ზედმეტია, ან, კომენტარის მაგიერ, ორი სიტყვა - „ნულოვანი ტოლერანტობაც“ საკმარისია.
ალექსანდრე კაპანაძე