logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
დასავლური რუბიკონი
დასავლური რუბიკონი
13:03 17.06.2013
ძალიან ძნელია ზუსტად განსაზღვრო დასავლეთის მიერ საქართველოთი დაინტერესების ხარისხი, მით უფრო, იმ ფონზე, რომ საქართველოსთან მიმართებაში ევროპის და ამერიკის მოქმედება ორმაგი სტანდარტების ამაზრზენ პრაქტიკად ჩამოყალიბდა.
ბოლო წლების განმავლობაში, ქართველ ხალხს კონტროლირებადი მედიის საშუალებით, მუდმივად ჩასჩიჩინებდნენ, რომ ქვეყანა დასავლეთის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო და როგორც ევროპა, ასევე ამერიკა მისი ინტერესების დასაცავად თავგანწირვისთვისაც მზად იყვნენ.
რა თქმა უნდა ეს პიარ-ავანტიურა, რომელსაც წინა ხელისუფლება, დასავლელ ლობისტურ კომპანიებთან შეთანხმებით ახორციელებდა, როგორც წესი წარსულს ჩაბარდა და ქართველმა ხალხმა, საქართველოში დასავლეთის რეალური ინტერესი დაინახა. ეს ინტერესი კი, არც მეტი არც ნაკლები, მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობით სარგებლობაში გამოიხატება და სამწუხაროდ, ამ ინტერესის დაკმაყოფილება, ქართული ტრადიციული ფასეულობების ფეხქვეშ გათელვის ფონზე მიმდინარეობს.
მაგალითების ჩამოთვლა იმის შესახებ, თუ რატომ მიიჩნევს დასავლეთი საქართველოს არათუ თანაბარ პოლიტიკურ სუბიექტად, არამედ ვალდებულ კონტრიბუტორად და უფრო მეტიც, ვასალ პოლიტიკურ წარმონაქმნად, - შორს წაგვიყვანს.
ერთი წუთითაც რომ წარმოვიდგინოთ, რომ დასავლეთი მართლაც დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიული სისტემის მშენებლობით და იმ ღირებულებების დამკვიდრებით, რომლებიც ამავე დასავლეთში უმაღლეს დონეზეა გარანტირებული, მაშინ ძალიან ძნელია ახსნა მოვუძებნოთ მის მოქმედებას ბოლო 10 წლის განმავლობაში, ანუ მაშინ როცა, საქართველოში დემოკრატიის ყველა ფასეულობის ფეხქვეშ ცინიკურად გათელვას ისინი დემოკრატიის ზეიმად აფასებდნენ, ხოლო დღეს, იმ ხალხის ისედაც კუს ნაბიჯებით მიმდინარე დასჯის პროცესს, ვინც ქართული საზოგადოების ცნობიერებაში სწორედ რომ დემოკრატიის მესაფლავეებთან ასოცირდებიან და რომლებსაც არაერთი აშკარა სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი, - დასავლეთი მოთქმით დასტირის.
ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლის - ლისეკის შემდეგ, რომელმაც განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილს ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვსო და ამაზე მოთქმით იტირა, დასავლური ორმაგი სტანდარტების ბოლო გამოვლინება, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის კომიტეტის მიერ მიღებული განცხადება იყო, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების უსაშინლეს მდგომარეობას და ერთი „დემოკრატი კაცის,“ ვანო მერაბიშვილის პატიმრობას შეეხება.
ნამდვილად აღარ ღირს აღნიშნული ორმაგი სტანდარტების მიმართ ქართველი ხალხის უკვე მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულების და მისი მიზეზების დეკლარირება, თუმცა, დასავლეთმა, რომელთა საკმაოდ დიდი წარმომადგენლობები მუშაობს საქართველოში და რომლებიც, დიპლომატიური ფოსტით თავიანთ ქვეყნებს ნამდვილ, რეალურად საზოგადოების განწყობის ამსახველი კვლევების შედეგებს აწვდიან, - უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოში უკანასკნელ მხარდამჭერებსაც კი კარგავს, ვინაიდან მათი განცხადება-რეზოლუციები, თვით „ნაციონალური მოძრაობის“ თავგადაკლულ მხარდამჭერთა შორისაც კი, ცინიზმის აპოთეოზადაა აღქმული, რომ აღარაფერი ვთქვათ რიგით მოქალაქეებზე, რომლებსაც დასავლეთის მიერ ნაქები „დემოკრატიის 9 წელი,“ საკუთარ თავზე აქვთ ნაწვნევი და აგრეთვე იმ მოქალაქეებზე, ვისი ოჯახის წევრებიც და ახლობლებიც სწორედ იმ „უმანკო“ ვანო მერაბიშვილმა, ვისზეც ისინი ასე მოთქვამენ და გოდებენ, - ქუჩაში უმოწყალოდ ჩახოცა.
ყოველივე ამის ფონზე, როგორც მოსალოდნელი იყო, საზოგადოებაში, მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების დიდი მცდელობისა, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის განცხადებამ წონა დაკარგა და მას საზოგადოება უკვე იმ დონეზე აღიქვამს, როგორც იგივე დასავლეთის „შეშფოთებას“ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.
ქართული მენტალიტეტიდან და არსებული მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე კი, გამორიცხული არ არის, დასავლეთის გაუთვლელი და უპასუხისმგებლო განცხადებების შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის აგრესია მათ მიმართ კიდევ უფრო გამწვავდეს და პარალელურად, რუსეთთან დაკავშირებით არსებული არცთუ პოზიტიური განწყობა, სიმპათიაში გადაიზარდოს.
ასეთ შემთხვევაში, დასავლეთი სრულიად დაკარგავს კავკასიის რეგიონზე გავლენის მექანიზმების უმრავლესობას და შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ ენერგოუსაფრთხოებას ხარაკირს ჩაუტარებს.
დასავლეთი და პირველ რიგში ევროპა, ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დადგება. საფრთხე კი იმაშია, რომ ისინი, თავიანთ ისედაც ძლიერ ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე, კიდევ უფრო გააძლიერებენ და დაკარგავენ ნავთობის ისეთ ალტერნატიული წყაროს, როგორიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანია.
ქართველი ხალხის ნერვებზე თამაში, უცილობლად გამოიწვევს მათი განწყობის მყარ ტრანსფორმაციას, თავისი მოსალოდნელი შედეგებით.
ხოლო თუ რა მოხდება ამის შემდეგ, ძნელი წარმოსადგენი ნამდვილად არაა.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ალტერნატიული ნავთობსადენის განსხვავებულ გეოპოლიტიკურ სივრცეში გადასვლა, მართალია ამერიკას ნაკლებად დააზარალებს, მაგრამ სამაგიეროდ პირდაპირ აისახება ევროპის ეკონომიკაზე და უამისოდაც რუსეთზე დამოკიდებულ ევროპას, კიდევ უფრო მეტად მიაბამს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელზე.
დასავლეთი, რომელიც ისტორიულად პრაგმატული პოლიტიკითაა ცნობილი, უნდა დაფიქრდეს, უღირს თუ არა მას, ქართველ ხალხში ეგზომ არაპოპულარული ვანო მერაბიშვილისა და მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ გულისთვის, საკუთარი მდგომარეობის ასეთი დამძიმება.
იმ შემთხვევაში კი, თუ დასავლეთი ამაზე ძალიან სერიოზულად არ დაფიქრდება, მას, პერსპექტივაში, არა მხოლოდ კავკასიური, არამედ საკუთარი გლობალური პოლიტიკური ინტერესების გარკვეულწილად დათმობაც მოუწევს.
მითუმეტეს, დასავლეთმა მხარი არ უნდა დაუჭიროს იმ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, რომლის მზეც უკვე კარგა ხანია ჩასვენების სტადიაშია და მისი და მისი ლიდერის ყოველი ნაბიჯი თუ გამონათქვამი, საზოგადოებაში, მათი შედეგებიდან გამომდინარე, სულ უფრო და უფრო მეტი აგრესიის საბაბი ხდება.
ბოლო ასეთი შემთხვევა, მიხეილ სააკაშვილის მიერ ავღანეთში, 26 მაისს გაკეთებული განცხადებები იყო, როცა ის ჯარისკაცებს ეკითხებოდა თუ ვინ რამდენი ავღანელი მოკლა.
ერთ-ერთი „ნაციონალური არხის“ მიერ აღნიშნული კადრების ეთერში გაშვებას, საკმაოდ და საეჭვოდ მოკლე დროში, „თალიბანის სახელით“ გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეომასალის გავრცელება დაემთხვა, რასაც ასევე მოკლე დროში, სრულიად საქართველოსთვისთვის, უდიდესი ტრაგედია მოჰყვა, როდესაც ავღანეთში, ჩვენი 7 ჯარისკაცი დავკარგეთ.
აღნიშნული ვიდეომასალის წარმომავლობის შესახებ, გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა და კიდევაც რომ დასრულდეს, ის კიდევ კარგა ხანს იქნება მითქმა-მოთქმისა და ურთიერთბრალდებების საგანი.
რა თქმა უნდა ვიდეომასალის შესახებ ჰიპოთეზების და ვარაუდების გამოთქმა, ძალოვანი სტრუქტურების კომპეტენციაა, მაგრამ ამ მასალაში ყველაზე საყურადღებო მომენტი იყო ის, რომ „თალიბები“ ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, თავიანთ ნომერ პირველ სამიზნედ ქვეყნის პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს ასახელებდნენ.
აღნიშნულის ასახსნელად, ორი ვერსიის განვითარება შეიძლება, რომელთაც არსებობის უფლება თანაბრად აქვთ.
იმ შემთხვევაში, თუ ეს ვიდეომასალა ნამდვილად გიორგი არველაძის გუნდის მიერააა დამონტაჟებული, გამოდის, რომ მათი შექმნით „ნაციონალურ მოძრაობა“ სერიოზულად იყო დაინტერესებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ასეთ სარისკო ნაბიჯს არ გადადგამდნენ.
შესაძლებელია აღნიშნული ვიდეორგოლები მიზნად, სულაც მიხეილ სააკაშვილის იაფფასიან პიარს ისახავდა.
როგორც ცნობილია, ქვეყნის პრეზიდენტს განსაკუთრეული სურვილი აქვს, რომ ის ისტორიაში და ერის მეხსიერებაში, მამაც და უშიშარ ადამიანად დარჩეს. იქედან გამომდინარე, კი, რომ გორში ცნობილი მარათონის შემდეგ, მის სიმამაცეზე ქართველ ხალხში წარმოდგენა უკვე შექმნილია, სააკაშვილი ცდილობს, რომ გორული სირცხვილი მსგავსი სცენარებით გადაფაროს და ქართველ ხალხს და მსოფლიოსაც დაანახოს, რომ ის თვით ისეთი მრისხანე ორგანიზაციის სამიზნეზე ზის, როგორიც „თალიბანია.“
სხვათა შორის პრეზიდენტისგან მსგავსი პათოსი ადრეც მოგვისმენია, როდესაც სააკაშვილი აცხადებდა, რომ მას მსოფლიოს ზესახელმწიფოს მეთაურის - ვლადიმერ პუტინის მუქარისაც კი არ ეშინია, რომელმაც სააკაშვილს, მისივე თქმით, - „სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.“
თუ აღნიშნულ საკითხს ფსიქოლოგიური კუთხით მივუდგებით, ის მარტივად შეიძლება აიხსნას, როგორც სააკაშვილის მიერ, თავისი პერსონის, „უშიშარ ვითარცა უხორცოდ“ წარმოჩენის მცდელობა, მაგრამ არსებობის უფლება აქვს მეორე და გაცილებით უფრო „შავ“ ვერსიასაც, რომლის თანახმად, დესტაბილიზაციის მიზნით, საქართველოს რამდენიმე ადგილას, შედარებით მცირემსხვერპლიანი ტერაქტი მოხდებოდა. ვიდეოს სიუჟეტის და სააკაშვილის გუნდის ხელწერის გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, რომ თავდასხმის ინსცენირება მიხეილ სააკაშვილის მიმართაც განეხორციელებინათ. თუმცა ძნელი წარმოსადგენია რამდენად დათანხმდებოდა ამას თავისი ეჭვიანი ბუნებიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილი და მოძებნიდა თუ არა ის ამ სცენარში შეთქმულების ელემენტებს.
მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარება, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელს ყველანაირად აძლევდა, ვინაიდან ამით მოხდებოდა ახალი ხელისუფლების და მისი ძალოვანი უწყებების დისკრედიტაცია და ქვეყნის პრეზიდენტის (რომელიც „თავდასხმის“ დროს მომხვდურებს სავარაუდოდ თვითონვე გაუმკლავდებოდა) ვაჟკაცობის რეაბილიტაცია.
აღნიშნულ ვარაუდებს ამყარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ორი მოქალაქის დაკავება, რომლებიც მაშინ აიყვანეს, როდესაც ისინი ტერორისტულ აქტებს ამზადებდნენ.
იქედან გამომდინარე, რომ ტერორისტები პრეზიდენტის მფრინავის ოჯახის წევრის ბინაში ცხოვრობდნენ, აგრეთვე იქედან გამომდინარე, რომ მათ მაღალ დონეზე გაყალბებული დოკუმენტაცია აღმოაჩნდათ, გამორიცხული ნამდვილად არ არის, რომ ისინი საქართველოში წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, კონკრეტული დავალებების შესასრულებლად იყვნენ ჩამოყვანილნი.
ხოლო თუ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ჩრდილოკავკასიელების შესახებ სახალხო დამცველის დასკვნას გავითვალისწინებთ, - ეს ჰიპოთეზა კიდევ უფრო მყარდება და სავარაუდოდ, მეკობრეების პრინციპის - „მკვდრები არ ლაპარაკობენ,“ თანახმად, თავიანთი დავალების შესრულების შემდეგ, დაკავებულ ჩრდილოკავკასიელებს ისევე უხმაუროდ მოიშორებდნენ, როგორ უხმაუროდაც მოხდა მათი საქართველოში შემოყვანა.
ყოველივე ამაში, ერთადერთი, რაც პოზიტიურად და იმედისმომცემად შეიძლება მივიჩნიოთ, არის ის, რომ ქართული ძალოვანი უწყებები და კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტრო, აბსოლუტურად მზად აღმოჩნდა ისეთი გამოწვევისთვის, როგორიც საერთაშორისო ტერორიზმია, მიუხედავად იმისა, თუ ვინ დაგეგმა და ვის აწყობდა ის.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის უწყებამ, საქმის მაქსიმალურად სკულპულოზური და გამჭვირვალე გამოძიების წარმოება უზრუნველყოს, ხოლო ნებისმიერი პირის ვინაობა, ვისი ბრალეულობაც აღნიშნულ საქმეში გამოიკვეთება, მიუხედავად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ თანამდებობისა, - დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს.
ირაკლი ღარიბაშვილს და მის უწყებას, ამის საკმარისი მოტივაცია გააჩნია და სავარაუდოდ, ტერორისტული აქტების სამზადისთან დაკავშირებით, ისევე როგორც „თალიბანის“ სახელით გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, უწყება, სრულყოფილი გამოძიების მასალებს მაქსიმალურად მოკლე დროში დადებს.
სწორედ აღნიშნული ვიდეომასალის წარმომავლობის შესახებ გამოძიება გახდა მიზეზი, რის გამოც, ქვეყნის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
როგორც მოსალოდნელი იყო, წინა სხდომის მსგავსად, რაიმე კონკრეტული შედეგით არც ბოლო სხდომა დამთავრებულა და დარჩა შთაბეჭდილება, რომ სხდომა სხდომისთვის დაინიშნა და ჩატარდა.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური სუბიექტები აღნიშნულ სხდომებს ურთიერთბრალდებების საბაბად მაინც იყენებდნენ.
განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი პრემიერ-მინისტრი გახდა, რომელიც უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრო და როგორც ეს მოგვიანებით დადასტურდა, საკმაოდ გონივრულადაც.
გარდა იმისა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომების გამართვას ჩვენს მიერ ზემოთნახსენები „დასავლეთის თანამეგობრობა“ მიესალმა, რადგან ის „კოაბიტაციის“ ჩარჩოებში ჯდება, დარჩა შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული შეხვედრებით სისხლხორცეულადაა დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილი და მას ეს ფორმატი, პრემიერთან კომუნიკაციისა და შესაბამისად, გარიგებების შეთავაზებისთვის სჭირდება, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, საბჭოს სხდომებზე დასწრებისგან პრემიერი თავს იკავებს და მისი ქმედება ნამდვილად გამართლებულია.
მიზეზი კი, თუ რისთვის შეიძლება დასჭირდეს მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირი კომუნიკაცია, - უამრავია, ხოლო ამ უამრავ მიზეზთაგან პირველი, პრეზიდენტის მხრიდან 2008 წლის მოვლენების გამოძიების შიშია.
შიშის საფუძველი კი, მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად აქვს, ვინაიდან სულ ახლახანს, გენერალურ პროკურატურას ჰააგიდან, მსოფლიო დონის ორი სპეციალისტი ეწვია.
როგორც ცნობილია, მთავარ პროკურატურაში, აგვისტოს ომის თემაზე, სპეციალური 8 კაციანი საგამოძიებო ჯგუფია შექმნილი. ჰააგის სასამართლოს სპეციალისტები, საქართველოში სწორედ ამ ჯგუფთან შესახვედრად და მათთვის ტრეინინგ-ინსტრუქტაჟის ჩასატარებლად ჩამოვიდნენ. ორივე ექსპერტის კვალიფიკაცია ომის თემებისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულობების გამოძიებაა.
ვფიქრობთ კომენტარი ზედმეტია, რადგან აშკარაა, რომ მთავარ პროკურატურაში აქტიურად მიმდინარეობს 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხების გამოძიების მოსამზადებელი სამუშაოები და ის, ისეთი საერთაშორისო ავტორიტეტების ინსტრუქტაჟით ჩატარდება, როგორებიც ჰააგის სასამართლოს ექსპერტები არიან. რა თქმა უნდა ასეთი გამოძიების ჩატარების შემთხვევაში, მსოფლიო საზოგადოებრიობასაც და მათ შორის იმ დასავლელ პოლიტიკოსებსაც, რომლების დღეს მერაბიშვილის ბედზე მოთქვამენ, ხვალ კი სავარაუდოდ პატიმარ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობით დაინტერესდებიან, - კითხვის ნიშნები ნაკლებად დარჩებათ.
ასე, რომ მიხეილ სააკაშვილის მოტივაცია, საერთო ენა გამონახოს და გაურიგდეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, - დღეს ისე დიდია როგორც არასდროს.
თუ პროკურატურაში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით საფუძვლიანი გამოძიების მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რაც საზოგადოებაში პოზიტივად აღიქმება, პოზიტიურს ვერ ვუწოდებთ მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებას ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის საქართველოს ტერიტორიის დატოვების ნებართვასთან დაკავშირებით.
სხვათა შორის, სწორედ ასეთი ნებართვით სარგებლობს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე, რომელიც ჭიაბერაშვილის მსგავსად, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
იმ შემთხვევაში, როდესაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სრულიად დასავლეთი წინა ხელისუფლებას მისტირის და მას „მტარვალი ოლიგარქის“ მსხვერპლად რაცხავს, ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის საქართველოს საზღვრების დატოვების უფლების მინიჭებას პროკურატურის მიერ, არანაირი გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს.
სწორედ პროკურატურას მოეხსენება ყველაზე უკეთ, რომ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება არამც და არამც ბრალის მოხსნას არ ნიშნავს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჭიაბერაშვილი დასავლეთში პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვდა, ეს, საკმაოდ დიდი ალბათობით, ახალი ხელისუფლების საგარეო იმიჯს და ასევე ქვეყნის შიგნით მიმდინარე გამოძიების პროცესს მნიშვნელოვნად დააზარალებდა.
სწორედ ეს უნდა გაეთვალისწინებინა პროკურატურას, როდესაც ჭიაბერაშვილს საზღვრის გადაკვეთის უფლებას აძლევდა.
სახელმწიფო უწყებათაგან კიდევ ერთი სუსტი რგოლი, რომელიც ბოლო 1 თვის განმავლობაში გამოიკვეთა, - ეს სასჯელაღსრულების სამინისტროა.
ამ უწყების, მიმართ საზოგადოების ნეგატიური განწყობის ფორმირება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც გეგუთის კოლონიაში გარდაცვლილი პატიმრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც, გარდაცვლილი კიბეზე დაგორდა და თავის მრავლობითი ტრამვებით გარდაიცვალა. ოდნავ მოგვიანებით კი, დაახლოებით 24 საათის განმავლობაში, სამინისტრომ პატიმრის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია შეცვალა და სიკვდილის მიზეზად, ტუსაღთა შორის მომხდარი დაპირისპირება დაასახელა.
ნამდვილად საინტერესოა როგორ მოხდა პატიმრის სიკვდილამდე ცემა, მაშინ, როცა ყველა საკანში სათვალთვალო ვიდეოკამერებია დაყენებული. ადვილი შესაძლებელია, რომ პატიმრის გარდაცვალება და აღნიშნულ ჩხუბში დროული ჩაურევლობა იმ პერსონალის გულგრილობის მიერ იყოს გამოწვეული, ვისაც სათვალთვალო კამერების მონიტორინგი ევალება. ამ თემებზე მსჯელობა დღეს, მხოლოდ ვარაუდების დონეზეა შესაძლებელი, გამოძიების საბოლოო დასკვნა კი, ჯერჯერობით არ ჩანს, რაც საზოგადოებაში ეჭვს აძლიერებს და უწყების მიმართ ნდობის ხარისხს აქვეითებს.
სწორედ ამ ფაქტორებით შეიძლება აიხსნას სასჯელაღსულების სამინისტროს მიმართ ბოლო დროის განმავლობაში არსებული ნეგატიური პრესა, რომელიც სავარაუდოდ ინერციით რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება, თუ ამ პერიოდში, ნეგატიური განწყობის გაძლიერების მასტიმულირებელი კიდევ რაიმე ფაქტი არ დაფიქსირდა.
ასე, რომ ახალი ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს მუშაობაში ბზარები უკვე შეინიშნება და „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად შეუწყობს ხელს, რათა ეს ბზარები ჯერ ნაპრალებად, ხოლო მოგვიანებით უფსკრულად გადაიქცეს. ყველა ყველა და, მათ ამის გამოცდილება და უნარი, საქმის კეთების უნარისგან განსხვავებით, - ნამდვილად აქვთ.
ის ფაქტი, რომ ყოფილი ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციას, როგორც მოსალოდნელი იყო, უკვე სახეზეა, თუმცა რაც ყველაზე სამწუხაროა, ისინი ამას მეტნაკლები წარმატებით მაინც ახერხებენ. ეს კი თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებითაა განპირობებული.
ყოფილ ხელისუფლებას ჯერ კიდევ გააჩნია თავისი მეხოტბე მედიასაშუალებები, რომლებიც ბუზის სპილოდ გადაქცევის შესახებ წლების განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებას დღეს საკმაოდ წარმატებით იყენებენ და ყოფილ ხელისუფლებას, უმწიკვლოსა და დაჩაგრულის იმიჯს არგებენ.
ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კოზირია აგრეთვე საპარლამენტო უმცირესობაც, რომელსაც მართალია უმცირესობა ჰქვია, მაგრამ მათი რაოდენობა საკანონმდებლო ორგანოში მაინც შთამბეჭდავია.
ბოლო პერიოდში აქტიურად გაჟღერდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თემაც, ვინაიდან ის ქვოტა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტშია წარმოდგენილი, არამც და არამც, მიახლოებითაც კი არ ასახავს ქართველი ხალხის განწყობას. შესაბამისად, 2012 წლის ოქტომბრის სერიოზული დათმობების შემდეგ, როდესაც გამარჯვებულმა ძალამ, სავარაუდოდ, მოსალოდნელი დესტაბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით, ძველ ხელისუფლებას პარლამენტში საკმაოდ ბევრი ადგილი დაუთმო, - დადგა დრო, როდესაც საქართველოს მოსახლეობას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მისი პოზიციის რეალურად გამომხატველი ძალების და თანაფარდობის ხილვა სურს. ეს ყველაფერი კი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებითაა შესაძლებელი.
მოქმედი პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა კი, როგორც ცნობილია პრეზიდენტის კომპეტენციაა, თუმცა დღევანდელ რეალობაში მიხეილ სააკაშვილი ამაზე რომ არ წვა, დღესავით ნათელია.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა და იმ ფაქტის შესახებ, რომ საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი პოლიტიკური სუბიექტები ხალხის რეალურ განწყობას არ ასახავს, გასულ კვირაში ხმამაღლა პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
სანამ უშუალოდ წინასაარჩევნო ვითარებისა და პერსპექტივების მიმოხილვაზე გადავალთ, უნდა აღინიშნოს, რომ ნინო ბურჯანაძის მიერ საჯარო გამოსვლების დროს ხალხისადმი გაგზავნილი მესიჯები სამართლიანობის აღდგენასა და შესაძლო ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საზოგადოების დაკვეთასთან სრულ თანხვედრაშია.
შესაბამისად, ბურჯანაძეს ნამდვილად აქვს ნიშა, რომელიც უშუალოდ ხალხის დაკვეთას პასუხობს, რაც მის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაახლოებით 5 თვით ადრე კი, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება განათლების სფეროში საკანონმდებლო ბაზის მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა, რაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მყისიერად იქცა კრიტიკის ობიექტად და ეს საპროტესო ნოტა სტუდენტებმა და ლექტორთა გარკვეულმა კატეგორიამაც აიტაცა.
იმას, თუ რამდენადაა გამართლებული ახალი ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივები, დრო გვაჩვენებს, მანამ კი, იმ პერსონის შესახებ, ვინც აღნიშნული ცვლილებების სათავეებთან დგას.
ეს პერსონა განთლების მინისტრი და მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილია. როგორც აღვნიშნეთ, ის, თუ რამდენად ეფექტურია განათლების სისტემის რეფორმები, გარკვეული დროის შემდეგ გამოჩნდება, ვინაიდან განათლებაში ჩადებული ინვესტიცია, სხვა სფეროებთან შედარებით მართალია დიდ ხნის შემდეგ, მაგრამ ამავდროულად ყველაზე დიდ ეფექტს იძლევა.
გიორგი მარგველაშვილის მხრიდან კი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ გადადგმული აღნიშნული ნაბიჯი, პოლიტიკურად აშკარად არამომგებიანია, ვინაიდან არჩევნები დაახლოებით 5 თვეში გაიმართება, ხოლო განათლების რეფორმის ეფექტს, საზოგადოება დაახლოებით რამდენიმე წლის შემდეგ იგრძნობს, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ ეს რეფორმები სწორ გათვლებზე იქნება დამყარებული.
ასე, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთაგან, დღეს ყველაზე სერიოზულ განაცხადს აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აკეთებს, რომლის მთავარი გზავნილიც საზოგადოებისთვის, სამართლიანობის რეალური აღდგენა და დამნაშავეთა კანონის ძალით დასჯაა.
დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, კანდიდატი, რომელიც ნინო ბურჯანაძეს პრეზიდენტის თანამდებობისთვის ბრძოლაში, თუ ეს ბრძოლა სამართლიანობის პრინციპების დაცვით ჩატარდა, წინააღმდეგობას გაუწევს, - ჯერჯერობით არ ჩანს, თუმცა პოლიტიკა მოულოდნელობებითაა სავსე და გამორიცხული არ არის, რომ მმართველმა გუდმა წინასაპრეზიდენტო მარათონის წარმატებულად დასაძლევად, რაიმე ისეთი ბერკეტი აამოქმედოს, რომლის პროგნოზირებაც ამ ეტაპზე ძალიან ნაადრევი იქნება.
შეგნებულად არაფერს ვამბობთ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატზე, რომლის ვინაობაც, თუ დავით ბაქრაძის განცხადებას ვერწმუნებით, ახლო მომავალში უნდა გახდეს ცნობილი.
ძალიან ძნელია რომ დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთაგანა მოიძებნოს პერსონა, რომელიც თავისი ბეგრაუნდიდან გამომდინარე, შეძლებს და საზოგადოების იმ ნაწილის ნდობას მოიპოვებს, რომელიც მისთვის თუნდაც მეორე ტურს უზრუნველყოფს.
ასე, რომ ძირითადი ბრძოლა სავარაუდოდ, გიორგი მარგველაშვილსა და ნინო ბურჯანაძეს შორის გაიმართება, ხოლო თუ როგორი იქნება ამ ბრძოლის შედეგი, დამოკიდებულია იმაზე, - რომელი კანდიდატი უფრო მკაფიოდ მიიტანს თავის გზავნილს ამომრჩევლამდე და რომელი გზავნილი იქნება უფრო ახლოს საზოგადოების დაკვეთასთან.
ფაქტი კი ერთია: ჯერჯერობით არსებული ყველა წინაპირობიდან გამომდინარე, საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, ეს იქნება არჩევნები, სადაც გამორჩეული ფავორიტი და თითქმის წინასწარ დეკლარირებული გამარჯვებული არ იარსებებს და ყველაფერი საზოგადოების განწყობაზე იქნება დამოკიდებული.
მთავარია, რომ საზოგადოებამ, ბოლო 20 წლის მწარე მაგალითები გაითვალისწინოს და პრეზიდენტობის კანდიდატს ხმა არა მისი ზეპირი და არარეალური განცხადებების გამო, არამედ წარმოდგენილი წინასაარჩევნო პროგრამის გაანალიზების შემდეგ მისცეს, ხოლო პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ის მუდმივ კონტროლში ჰყავდეს, რათა პროგრამით დეკლარირებულ კურსს არ გადაუხვიოს.
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი და შეიძლება ითქვას გადამწყვეტი ფაქტორი, მომავალ არჩევნებში, ხელისუფლების ნებას ენიჭება.
იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება რეალურად ობიექტური არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს, ამით ქვეყანაში უმნიშვნელოვანეს პრეცედენტს შექმნის.
და ბოლოს, ისევ და ისევ დასავლეთის და კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის განცხადების შესახებ:
პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს კონგრესზე მაღლა მდგომი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - სენატი.
ასე, რომ სიტუაცია, როგორც ამის დახატვას ცდილობენ, ისეთი ნამდვილად არ არის და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს რეზოლუცია მთლიანად ამერიკის და დასავლეთის განწყობას ასახავს, როგორც აღვნიშნეთ, ისინი გაცილებით უფრო მეტს წააგებენ, ვიდრე საქართველო. აქედან გამომდინარე, ნაკლებსავარაუდოა, რომ ამერიკამ, თუნდაც ისეთი უსიტყვო შემსრულებლის როგორიც მიხეილ სააკაშვილია, გამო, საკუთარ სტრატეგიულ ინტერესებზე უარი თქვას და თავისი მოქმედებებით, საქართველოს მოსახლეობის განწყობა მკვეთრად უარყოფითად შეცვალოს.
რაც შეეხება ქვეყნის ოფიციალურად პირველი პირის განცხადებებს შეერთებული შტატების კონგრესის კომიტეტის რეზოლუციისა და იმის შესახებ, რომ 2008 წელს, რუსეთი თურმე ამერიკის მიერ საქართველოსკენ დაძრული შეიარაღებული ძალების ფაქტორს შეუჩერებია, მხოლოდ სიმწრის სიცილს იწვევს, ვინაიდან ქართველ საზოგადოებას ასევე კარგად ახსოვს საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაურეკა მას ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და სთხოვა, რომ რუსეთისთვის, მისი არმიის მიერ თბილისის აღებაში ხელი არ შეეშალა.
ასე, რომ მითი კეთილი ძია სემის შესახებ, საქართველოში უკვე დამსხვრეულია, ხოლო მოახდენენ თუ არა დასავლეთის ქვეყნები კავკასიაში თავიანთი ინტერესების იგნორირებას და თავიანთი გავლენის ნულამდე დაყვანას, - ეს მათი გადასაწყვეტია.
საქართველო, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, არც იმ შემთხვევაში დაკარგავს ბევრ რამეს, თუ დასავლეთი ჩვენს ქვეყანაში თავის ინტერესებს მართლაც ხარაკირს ჩაუტარებს.


ალექსანდრე კაპანაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა