logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ორმაგი სტანდარტების დასავლური კლასიკა
ორმაგი სტანდარტების დასავლური კლასიკა
15:22 03.06.2013
არაერთგზის თქმულა და დაწერილა, რომ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, საქართველოს ისტორიაში ყველაზე „პროდასავლურმა“ ხელისუფლებამ იმდენი მოახერხა, რომ ქართველ ხალხს, დასავლური ყველაფერი შეაზიზღა.
უფრო სწორად, საზოგადოებას დასავლური ფასეულობების მიმართ მცდარი და მახინჯი შეხედულება ჩამოუყალიბა, რაც ქართული მენტალიტეტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
რაც შეეხება ნამდვილ დასავლურ ფასეულობებს, - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ადამიანის უფლებების დაცვას, მოქალაქის სოციალურ დაცვას და ასე შემდეგ, ამის შესახებ ქართველი ხალხი პრესის ფურცლებიდან ან ეკრანიდან თუ გაიგებს.
ის, რომ საქართველო რეალური დასავლური ღირებულებებისგან ძალიან შორს დგას, ახალი არავისთვის, მათ შორის არ ჩვენი დასავლეთელი მეგობრებისთვის არ არის, მაგრამ გასაკვირი ისაა, რომ სწორედ დასავლეთი და მათი დიპლომატია, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ქართველი ხალხის მიერ დასავლეთის შეზიზღების პროცესს ხელს უწყობს.
ბოლო 9 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, საზოგადოებას გაუჩნდა მკვეთრად ჩამოყალიბებული შეხედულება დასავლეთის, როგორც ორმაგი სტანდარტებით მოქმედების კლასიკური სამყაროს მიმართ.
ამ შეხედულების გამყარებას კი, დღესაც აქტიურად უწყობენ ხელს როგორც ყოფილი ხელისუფლების, ისე ევროსტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირები.
ამის მაგალითად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის პრეზიდენტი ჟან კლოდ მინიონიც საკმარისია, რომელიც საქართველოს რამდენიმე დღის წინ სტუმრობდა.
მინიონის მიერ საქართველოში გამართული შეხვედრების შინაარსი და მხარეთა სპექტრი, ნამდვილად იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ რეალური სურათი შექმნოდა და შესაბამისად, დასკვნაც ამ სურათიდან გამომდინარე გაეკეთებინა, რომელიც ამ შემთხვევაში სავარაუდოდ ქართველი ხალხის განწყობის ადექვატური იქნებოდა.
საქართველოდან გაგზავრების შემდეგ კი, მინიონმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, ქვეყანაში პოლიტიკურ ძალებს კოაბიტაციის ერთგულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და რაც ყველაზე მთავარია, განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტის დროს, შეხვედრებზე, ქართველ პოლიტიკოსებს, ხელისუფლების ყოფილი წევრებისა და ოპოზიციური პარტიის მაღალჩინოსნების დაკავებით გამოწვეული საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება გააცნო.
მინიონის ლოგიკით, თუ ადამიანი ქვეყანას დააქცევს და შემდეგ ოპოზიციური პარტიის გენმდივანი გახდება, ეს სავსებით საკმარისია, რომ ხელშეუხებელი გახდეს, ხოლო თუ ვინმე მაინც გაბედავს და მას შეეხება, ამ შემთხვევაში ევროპის შეშფოთებაც არ დააყოვნებს.
ქართულ საზოგადოებას ასეთ შემთხვევებში ერთი ლეგიტიმური კითხვა უჩნდება, - სად იყო დასავლეთი და თუნდაც ბატონი მინიონი მაშინ, როდესაც დღეს ოპოზიციადწოდებული „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ ხალხს დაუნდობლად უსწორდებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ ანგარიშსწორების მეთოდებზე.
საეჭვოა დასავლეთმა არ იცოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი და დღეს პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი, თავიანთ გუნდთან ერთად, ყოველთვის წარმატებით ახერხებდნენ ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერას, მაშინაც კი, თუ ის იქ არ იყო.
თუ დასავლეთმა ეს არ იცის, ისმება ლოგიკური კითხვა, მაშინ რას აკეთებს საქართველოში მოქმედი ის უამრავი მონიტორინგის მისიები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სულაც დიპლომატიური წარმომადგენლობები, ან აწყობს კი საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის ქვეყანას მხოლოდ ისეთ სივრცესთან ინტეგრაცია და იმ სივრცის იმედზე ყოფნა, რომელიც ელემენტარულად თავის კონტინენტზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციასაც კი ვერ ფლობს.
უფრო სავარაუდოა, რომ დასავლეთი წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ ძალიან კარგად იყო ინფორმირებული, უბრალოდ ისინი მიხეილ სააკაშვილს, თავიანთი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც გარეგნულად საქართველოს ვასალურ დამოკიდებულებაში და უხარისხო პროდუქციის გასაღების ბაზრად ჩამოყალიბებაში გამოიხატებოდა, - ხელს აფარებდნენ და მის დანაშაულებზე თვალს ხუჭავდნენ.
იქედან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი ქართველი ხალხის და სრულიად საქართველოს მოსახლეობის თვალწინ ხდებოდა, საზოგადოება დღეს უკვე კითხვის ნიშანს სვამს, უნდა თუ არა მას დასავლეთი, რომელიც თუ სიმართლეს ვიტყვით, საქართველოს თანაბარი დონის პარტნიორად არასდროს არ განიხილავდა და რომელსაც საქართველოში მხოლოდ თავისი გეოპოლიტიკური ინტერესი აქვს, ხოლო თავისი ყველაზე დიდი მონაპოვრის - დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების საქართველოში ექსპორტით ნაკლებადაა დაინტერესებული.
როგორც აღვნიშნეთ, ქართული საზოგადოების ცნობიერში გაჩენილ კითხვას, - უნდა თუ არა მას ამ სახის დასავლეთი, ევროპელ დიპლომატთა ქმედება-გამონათქვამები კიდევ უფრო მეტ აქტუალობას სძენს და არსებობს საკმაოდ დიდი ალბათობა, რომ საზოგადოებამ ამ კითხვას ლოგიკური პასუხი გასცეს.
ეს კი ძალიან მალე მოხდება, თუ უფრო მალე დასავლეთი, საქართველოს მიმართ თავის მიდგომას არ შეცვლის და ქვეყანაში ძლივს დაწყებული სამართლიანობის აღდგენის პროცესისთვის ხელის შეშლას გააგრძელებს.
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხშირად გვესმის დასავლელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ ისინი მხარს არა რომელიმე ხელისუფლებას, არამედ მთლიანად ქვეყანას უჭერენ, მათ მართლაც მოუწევთ დაფიქრდნენ ვის დაუჭირონ მხარი, ქვეყანას თუ ნაციონალებს.
სწორედ ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, თუ რა იქნება მომავალში და ექნება თუ არა დასავლეთს საქართველოში თავისი გეოსტრატეგიული მიზნების განხორციელების შესაძლებლობა.
კიდევ ერთი თემა, რომელიც ბოლო პერიოდში გააქტიურდა და რომელიც მინიმუმ ნოემბრამდე ასევე აქტუალური იქნება, ეს საპრეზიდენტო არჩევნებია.
პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლაში უკვე ორი რეალური პრედენდენტი გამოიკვეთა. პირველი მათგანი „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მარგველაშვილია, ხოლო მეორე - „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად „სახალხო კრებამ“ წარადგინა.
თუ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხალხს თავის კიდევ ერთ და უმნიშვნელოვანეს დანაპირებს შეუსრულებს და საქართველოში არჩევნებს ნამდვილად ობიექტურ და თანაბარ გარემოში ჩაატარებს, საზოგადოება შეიძლება ძალიან დაძაბული, მაგრამ ობიექტური და სამართლიანი არჩევნების მომსწრე გახდეს, ხოლო თუ საქართველოში ამის პრეცედენტი დადგა, იგივე საზოგადოებამ ეს მონაპოვარი ხელიდან აღარ უნდა გაუშვას, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლებაში.
დღეს არსებული პოლიტიკური სურათიდან გამომდინარე, როგორც აღვნიშნეთ, ძირითადი ბრძოლა ორ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის გაიმართება, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ საპრეზიდენტო მარათონში, „ქართული ოცნებიდან“ კიდევ ერთი კანდიდატი - ირაკლი ალასანია ჩაერთოს, თუმცა, თუ ის ამ მარათონში ჩაერთვება, სავარაუდოდ კოალიციის დატოვება მოუწევს.
საქმე იმაშია დადებს თუ არა საკუთარ პოლიტიკურ მომავალს ირაკლი ალასანია სასწორზე. როგორც ამბობენ, ის საპრეზიდენტოდ, საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აპირებს და თუ გავითვალისწინებთ ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრთან მის „ავ მუსაიფს,“ -ეს ვარაუდი საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ის ყველაზე დიდი ალბათობით, ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი იქნება.
ვანო მერაბიშვილის კანდიდატურას „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში გამარჯვების იმედით ნამდვილად არ წამოაყენებს. ასეთი ვარაუდის დაშვებაც კი, პოლიტიკური გულუბრყვილობის ჩარჩოებს სცილდება.
ნაციონალური მოძრაობა ამ ნაბიჯით ეცდება, მსოფლიოს დაანახოს, რომ ოპოზიციური ძალის საპრეზიდენტო კანდიდატი ციხეში ზის, რაც მათ წამებულის მანტიის მოსხმას გაუადვილებს.
ერთადერთი პერსონა, ვინც, პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ რა თქმა უნდა არა გამარჯვებას, არამედ მცირედ სარგებელს მაინც მოუტანს, - ეს ვანო მერაბიშვილია.
სხვა პოლიტიკოსი, ვინც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ადექვატური და პრაგმატული მოსაზრებით საპრეზიდენტო კანდიდატად შეიძლება დააყენოს, - დღეს უბრალოდ არ ჩანს.
იმ შემთხვევაში, კი, თუ საპრეზიდენტო კანდიდატად ირაკლი ალასანიაც მოგვევლინება, წინასაარჩევნო ბრძოლა კიდევ უფრო დრამატულ, საინტერესო და მაღალკონკურენტულ სახეს მიიღებს.
ალასანიას შესახებ ვარაუდს ამყარებს კიდევ ერთი ფაქტი: თავდაცვის მინისტრი შვებულებაში იმ პერიოდში გავიდა, როცა სიტუაცია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში საკმაოდ დაიძაბა და სიტუაციის აღნიშნული დაძაბვა, მისთვის შვებულების შეწყვეტის საფუძველი არ გახდა.
იქედან გამომდინარე, რომ ალასანია შვებულების დღეებს საზღვარგარეთ ატარებს, არსებობს საკმაოდ ლეგიტიმური ვარაუდი, რომ თავდაცვის მინისტრი უცხოეთში მხოლოდ დასასვენებლად არ გახლავთ წასული და ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს გადის.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავებას საქართველო, 2013 წელსაც თავდაცვის მინისტრის ადგილზე ყოფნის გარეშე შეხვდა.
თავად ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენები კი საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და ყველა ნიშანს ატარებს იმისა, რომ საქართველო ახლო მომავალში ახალ პოლიტიკურ სიურპრიზებს უნდა ელოდოს.
ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ სიტუაციას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ძაბავენ, -საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, ჯერ ერთი „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსულ გენერალიტეტში სავარაუდოდ ამხელა გავლენა, რომ ამის პროვოციერება მოახდინონ, არ უნდა ჰქონდეს და მეორეც, ეს კიდევაც რომ ყოფილი ხელისუფლების პროვოცირებული იყოს, ამ საქმიდან ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს.
აქ საქმე სავარაუდოდ, წინასწარგათვილ ჩრდილოურ პოლიტიკასთან გვაქვს, ვინაიდან შიდა ქართლში სიტუაციის გამწვავებას, საეჭვოდ დაემთხვა გენადი ონიშენკოს რამდენიმე ნეგატიური განცხადებაც საქართველოსთან მიმართებაში. მაგალითისთვის მისი ბოლო განცხადებაც კმარა, როდესაც მან საქართველო, ე.წ. „ღორის ჭირის“ რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელებაში დაადანაშაულა და „ღორის ჭირის“ ეპიდემია, საქართველოს ეკონომიკურ დივერსიად მონათლა.
აღარაფერს ვამბობ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კარასინის განცხადებაზე, როდესაც მან, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის პირად წარმომადგენელთან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ შიდა ქართლში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესები საქართველოში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება და ამ საქმეში რუსეთი არაფერ შუაშია.
ის, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში დღეს არცთუ მეგობრული ქმედებები ხორციელდება და არცთუ მეგობრული განცხადებები კეთდება, ნამდვილად საგულისხმოა, ვინაიდან რუსეთმა იმ ხელისუფლების რეალური ნგრევა და ტორტმანი დაინახა, რომლის წყალობითაც ის საქართველოში თავისი სამხედრო ბაზებით კვლავ დაბრუნდა და რომლის აქედან გაშვებაც, ძალიან დიდ პოლიტიკურ ძალისხმევასთან, შრომასთან და დროსთან იქნება დაკავშირებული.
ასე, რომ რუსეთს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა, შეიძლება ყველაზე ნაკლებად აწყობდეს.
საგულისხმოა კიდევ ერთი ფაქტი: თუ დასავლეთი ნაციონალური ხელისუფლების წარმომადგენელთა დაკავებასთან დაკავშირებით მკვეთრი განცხადებებით გამოდის, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებაზე, როცა საქმე რუსეთს ეხება, ძალიან მოზომილ განცხადებებს აკეთებს და წლების განმავლობაში ათასჯერ მოსმენილი ფრაზით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შესახებ - შემოიფარგლება.
სამწუხაროდ, საქართველომ ჯერჯერობით ვერ შეძლო და ვერ გაარღვია ის საერთაშორისო მედიაფრონტი, რომელიც ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს, თუმცა ამ მიმართულებით რამდენიმე პოზიტიური ძვრა უკვე შეინიშნება, რის მაგალითადაც თინა ხიდაშელის მიერ „financial times“-ში გამოქვეყნებული წერილი და ასევე „ფორბსში“ დაბეჭდილი ორი მასალა გამოდგება. თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში საკმარისი არ არის და საქართველოს, ისევე როგორც საგარეო დიპლომატიის მიმართულებით, საერთაშორისო მნიშვნელობის მედიასაშუალებებთან თანამშრომლობის მიმართულებითაც საქმიანობის მკვეთრად გააქტიურება მართებს.
სამწუხაროდ, საგარეო დიპლომატიის მიმართულებით, საქართველო აშკარად მოისუსტებს, რასაც თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზებიც გააჩნია.
ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც მართალია წინა ხელისუფლების რეინკარნაციის პროცესით დაინტერესებულია, - ასეთი მკვეთრი განცხადებებით გამოდის, გარკვეულწილად საგარეო პოლიტიკის სისუსტის მანიშნებელიცაა, ვინაიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანა შიდა პროცესებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო დონეზე ინფორმირებას ვერ ახერხებს.
ამ კუთხით რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ყველაზე წარმატებული გარღვევა ქვეყნის ერთ-ერთი ძალოვანი უწყების პირველმა პირმა, კონკრეტულად კი, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განახორციელა, როდესაც გასულ კვირაში, ბრიუსელში, ევროპული პოლიტიკის ცენტრში, გამართულ შეხვედრა-დისკუსიაზე გამოვიდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ამ გამოსვლით, დასავლეთში ნამდვილად გაიტანა ის გზავნილები, რაც ქართველი ხალხის და ელემენტარულად კანონის უზენაესობის პრინციპის დაკვეთაა.
ამ მაგალითიდან გამომდინარე, შეიძლება ოდნავ უფრო აგრესიულ საგარეო პოლიტიკაზე და შესაბამისად უფრო მკვეთრ განცხადებებზეც გვეფიქრა, ვინაიდან ამან შეიძლება გარკვეული ჯგუფის წარმომადგენლებს უცხოეთიდან, საკუთარი ინტერპრეტაციებით განცხადებების კეთების სურვილი დაუკარგოს.
კიდევ ერთი თემა, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკას შეეხება, ეს ყოფილი ხელისუფლების წევრთა შორის დაპირისპირებაა, რომელიც უკვე აშკარად სახეზეა და რომელმაც გამოხატულება, ვანო მერაბიშვილის დაკავების დღეს, მიხეილ სააკაშვილის გულგრილ განცხადებებშიც კი ჰპოვა.
აღნიშნულ ვარაუდს ამყარებს მიხეილ სააკაშვილის მიერ გასულ კვირაში გაკეთებული კიდევ ერთი განცხადება შიდა ქართლში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც გვახსოვს, მან მომხდარში, ტრადიციულად ახალი ხელისუფლება კი არ დაადანაშაულა, ხელი მხოლოდ რუსეთისკენ გაიშვირა.
უფრო მეტიც, სააკაშვილმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ახალი ხელისუფლება არაფერ შუაშია.
თუ ამ განცხადების შინაარს ჩავუღრმავდებით, სავსებით საფუძვლიანია ვარაუდი იმის შესახებ, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრები და მათ შორის პირველი პირი მიხეილ სააკაშვილიც, საკუთარი მომავლის უზრუნველყოფაზე ზრუნავენ.
თუმცა მსგავსი განცხადებები, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესის შემაფერხებელი ფაქტორები არ უნდა გახდეს, მითუმეტეს ამ კუთხით, ახალმა ხელისუფლებამ ზურგსუკან, საზოგადოებისგან დაფარული გარიგება არ უნდა დაუშვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხის განწყობიდან და მათში არსებული უარყოფითი მუხტიდან გამომდინარე, ეს, პირველ რიგში ცუდად სწორედ ახალ ხელისუფლებას შემოუბრუნდება.
სამართლიანობის აღდგენის პროცესში სასურველია, რომ ახალმა ხელისუფლებამ მოკავშირედ არა რომელიმე საერთაშორისო გაერთიანება ან თუნდაც ქვეყანა დაიყენოს, არამედ მოკავშირედ ქართველი ხალხი აირჩიოს და ამ კუთხით, ხელისუფლებას ქართველ ხალხზე საიმედო მოკავშირე, რომელმაც წინა რეჟიმის დანაშაულობები საკუთარ თავზე იწვნია, - ნამდვილად არ ეყოლება, ხოლო ხალხის განწყობა და ერთსულოვნება, აუცილებლად განაპირობებს იმ საერთაშორისო თანამეგობრობის განწყობის ტრანსფორმაციას, რომელთა დამსახურებითაც, დღეს სამართლიანობის აღდგენის პროცესი წინ კუს ნაბიჯებით მიიწევს.

ალექსანდრე კაპანაძე
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა