logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნაციონალური თვითლუსტრაცია
ნაციონალური თვითლუსტრაცია
13:52 30.04.2013
2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე, „ნაციონალური მოძრაობა“ თვითლუსტრაციის იძულებით კურსს კვლავ წარმატებით აგრძელებს და სავარაუდოდ ეს შეუქცევადი პროცესი მანამ გაგრძელდება, სანამ ეს პარტია იარსებებს.
ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თვითლუსტრაციას 2012 წლის 1 ოქტომბრამდეც არ გაურბოდა ფაქტია, თუმცა ამ ლუსტრაციის შედეგები, საზოგადოების ფართო ფენებისთვის, მონოპოლიზირებული მედიის პირობებში, უცნობი რჩებოდა. დღეს კი, მედიის თავისუფლების ხარისხის ამაღლების პარალელურად, ნაციონალთა თვითლუსტრაციის მაგალითები და ფაქტები გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია და გაცილებით უფრო მეტ ადამიანს აქვს საშუალება ამასთან დაკავშირებით ანალიზი გააკეთოს.
გასულ კვირაში, ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა იყო.
მიუხედავად წინა ხელისუფლების მხარდამჭერთა განცხადებებისა, რომ პრემიერი ასამბლეაზე სუსტად გამოვიდა და ამით ევროპა გააოცა, - შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ბოლო პერიოდის ერთ-ერთი უდიდესი გარღვევა საერთაშორისო საზოგადოების ობიექტურად ინფორმირებულობის თვალსაზრისით, რამაც რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი წყობილებიდან გამოიყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრს ასეთი აუდიტორიის წინაშე გამოსვლის და მათ კითხვებზე პასუხის გაცემის ალბათ ძალიან მწირი გამოცდილება გააჩნდა, შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარსდგა, როგორც სრულად ჩამოყალიბებული და მაქსიმალურად მომზადებული პოლიტიკოსი.
მის პასუხებში გარდა ქვეყნის რეალობის და წინა ხელისუფლების ქმედებების აღწერისა, კარგად დაკვირვებული თვალი, დასავლეთის მიმართ იმ საყვედურსაც ამოიკითხავდა, რომელსაც პრემიერი მათ, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ქმედებების გამართლების გამო აძლევდა.
ხოლო რაც შეეხება პოლონეთის წარმომადგენლის მიერ ბიძინა ივანიშვილისადმი დასმულ შეკითხვას პუტინის სიყვარულის შესახებ, შეიძლება ითქვას რომ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ისტორიაში, ის შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე არაკომპეტენტურ და უტაქტო შეკითხვად მივიჩნიოთ. პოლონელმა დეპუტატმა, თავისდაუნებურად ხელი შეუწყო ბიძინა ივანიშვილის, როგორც პოლიტიკოსის იმიჯის განმტკიცებას, რადგან მის მიერ დასმულ შეკითვას, პრემიერმა საკმაოდ გააზრებული, დახვეწილი და დიპლომატიური პასუხი გასცა.
როგორც მოგვიანებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაჟღერდა, როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული შეკითხვა პოლონელ დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან, მათ შორის ჩიორა თაქთაქიშვილთან შეთანხმებით დაუსვამს.
გასაგებია, რომ, როდესაც ცდილობენ საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალურ დეზინფორმირებას, სავსებით შესაძლებელია ამან გარკვეულწილად თავი იჩინოს ამა თუ იმ პოლიტიკოსის დამოკიდებულებაში, მაგრამ შეკითხვის ის შინაარსი და ფორმა, რა ფორმითაც პოლონელმა პოლიტიკოსმა ის დასვა, დიპლომატიის და კვალიფიკაციის ჩარჩოებს აშკარად სცილდება.
ასეა თუ ისე, პრემიერმა გასულ კვირაში პირადად, ნამდვილად შეძლო და საერთაშორისო საზოგადოებამდე სიმართლე მიიტანა, რასაც აქამდე მასობრივი ტერორის ქვეშ მყოფი პოლიტიკური ძალები, მათი დიდი მცდელობის მიუხედავად, გასაგები მიზეზების გამო, ეფექტიანად ვერ ახერხებდნენ.
საზოგადოების განწყობის ლუსტრაციის თვალსაჩინო მაგალითად კი, ბოლო პერიოდის განმავლობაში, მეტნაკლებად თანაბარ საწყისებზე ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეიძლება მივიჩნიოთ.
როგორც მოსალოდნელი იყო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ,“ სამივე რაიონში საგრძნობი უპირატესობით დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური რეინკარნაცია მხოლოდ სასწაულს თუ შეუძლია.
რაც შეეხება გარკვეული პიროვნებების თუ პოლიტიკოსების მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ კოალიციას, რომელიც პარლამენტში უმრავლესობას ისედაც ფლობდა, არჩევნებში მონაწილეობა აღარ უნდა მიეღო და ადგილები სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის დაეთმო, - ძირშივე არასწორია.
პირველი და უმთავრესი ფაქტორი, რაც ამ მოსაზრების სისწორეს ეჭვქვეშ აყენებს, არის კითხვა, თუ რატომ უნდა დაეთმო პოლიტიკური ბრძოლა ძალას, რომელსაც აბსოლუტური შესაძლებლობა ჰქონდა ეს ბრძოლა მოეგო.
ამ შემთხვევაში პარალელის გავლება ყოფილ და ახალ ხელისუფლებას შორის, არანაირად არ შეიძლება, ვინაიდან წინა ხელისუფლება არჩევნებს ტერორის, მოსყიდვისა და გაყალბების გზით იგებდა, გასულ კვირაში ჩატარებული არჩევნები კი, მაქსიმალურად პარიტეტულ საწყისებზე ჩატარდა, თუმცა ცალკე თემაა ის საარჩევნო კანონმდებლობა, რომლის შესაცვლელადაც, ახალ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური სუბიექტები, ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის დროს, მასთან „კონსტრუქციულად ოპონირებდნენ.“
საერთოდ კი, პოლიტიკა არ არის ქველმოქმედება და არც ის იქნებოდა მიზანშეწონილი, რომ „ქართულ ოცნებას“ ვინმესთვის სადეპუტატო მანდატი დაეთმო.
ქართველმა საზოგადოებრიობამ უნდა ისწავლოს, რომ ხელისუფლებას არჩევნების პარიტეტულ საწყისებზე და დემოკრატიულად ჩატარება მოსთხოვოს, ხოლო ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ ის, რომ ამა თუ იმ არჩევით ორგანოში არა ვინმეს მოწყალების გამო, არამედ საკუთარი პროგრამის, ინტელექტის, შესაძლებლობის გამო, - მაქსიმალური კონკურენციის პირობებში უნდა მოხვდნენ.
მესამე ფაქტორი, რის გამოც „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ არჩევნების დათმობა არასწორი იქნებოდა, ისაა, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლა ამ ეტაპზე, ქვეყნის რეალურ ცხოვრებაში ვერაფერს ვერ შეცვლიდა და პოლიტიკური სურათი ძირითადად იგივე დარჩებოდა. მაქსიმუმ, ის რამდენიმე პოლიტიკური შოუთი გამდიდრდებოდა. ამასთან, ადვილი შესაძლებელია, რომ პარლამენტში შესულ ზოგიერთ დეპუტატს თავისი ხმა, არცთუ უანგაროდ, სავაჭროდ გამოეყენებინა, რაზეც რა თქმა უნდა „ქართული ოცნება“ არავითარ შემთხვევაში არ წავიდოდა.
იმ შემთხვევაშიც, კი თუ კოალიცია საარჩევნო ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებდა, საარჩევნო ოლქებში, დიდი ალბათობით, კვლავ „ნაციონალები“ გაიმარჯვებდნენ, რაც „ქართული ოცნებისთვის“ ასევე მიუღებელი იქნებოდა.
ასე, რომ ვერსიას და ვარაუდებს იმის შესახებ, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნები უნდა დაეთმო, მხოლოდ პოპულისტური ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ.
გარდა ამისა, საინტერესოა იმ პოლიტიკურ სუბიექტთა მოსაზრებები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ. მათ არანაკლებ კარგად იცოდნენ, რომ 100 პროცენტით გამარჯვების შემთხვევაშიც კი, პარლამენტში ვერაფერს შეცვლიდნენ. გაცილებით უფრო მომგებიანი და პრაგმატული იქნებოდა მათი მხრიდან, რომ არჩევნებში, რომლის მოგების შემთხვევაშიც კი ისინი ხელფასის და პრემიის გარდა, სხვა დივიდენდს ვერ მიიღებდნენ, - მონაწილეობა საერთოდ არ მიეღოთ.
ცალკე საკითხია გამარჯვების აღნიშვნის ფორმა იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომლიც გამარჯვებაც ეჭვს იმთავითვე არ იწვევდა. ზოგადად კი, ნორმალური პოლიტიკური კულტურის ქვეყანაში, სასურველია, რომ სადეპუტატო მანდატისთვის ბრძოლაში გამარჯვების და „ფორმულა 1“-ში გამარჯვების აღნიშვნის ფორმები ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს.
არსებული პოლიტიკური რეალობის ლუსტრირების კიდევ ერთი მცდელობა იყო გასულ კვირაში, ndi-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია, რომელიც შესაძლოა ქართველი ხალხის განწყობას ობიექტურად კვლავ ვერ ასახავდა, მაგრამ იმ წინა შედეგებთან შედარებით, რომლის თანახმადაც „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ, საზოგადოებას „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაზე“ ეკეტებოდა ჭკუა, - აშკარად ობიექტურად გამოიყურებოდა.
საინტერესო იყო თავად პრემიერის კომენტარიც ამ თემასთან დაკავშირებით, როდესაც მან აქცენტი კითხვის დასმის მნიშვნელობაზე გააკეთა. ასევე საინტერესოა მისი პროგნოზი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც, როცა განაცხადა, რომ ამ არჩენვებში „ნაციონალების“ კანდიდატი 10 პროცენტსაც ვერ აიღებსო.
რაც შეეხება გასული კვირის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას, ეს, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივნის, ვახტან ყოლბაიას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად არჩევა იყო.
თავად ის ფაქტი, რომ იმ პარტიის გენერალურ მდივანს, რომლის ლიდერიც ნინო ბურჯანაძეა, ასეთ თანამდებობაზე ირჩევენ, საკმაოდ მნიშვნელოვანია და მიხეილ სააკაშვილის იმ ყველაზე კოშმარული სიზმრის ასრულებას ჰგავს, რომელიც ნინო ბურჯანაძის და მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლას გულისხმნობს.
სავარაუდოდ სწორედ ამ შიშებითაა გამოწვეული მიხეილ სააკაშვილის ქმედება, როდესაც მან ვახტანგ ყოლბაიას კანდიდატურის დანიშვნის ბრძანების ხელის მოწერაზე უარი განაცხადა და ყოლბაია და მისი პოლიტიკური ძალა კოლაბორაციონიზმში დაადანაშაულა.
თავად ყოლბაიას განცხადებითვე, ეს, სააკაშვილის მხრიდან უმძიმესი ბრალდებაა და თუ პრეზიდენტი ამის დოკუმენტურად და არგუმენტირებულად დასაბუთებას ვერ შეძლებს, მას აუცილებლად მოუწევს სასამართლოს წინაშე პასუხისგება.
ასე, რომ როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ,“ ასევე მათმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა თვითლუსტრირება უკვე მოახდინეს, ახლა კი ჯერი საზოგადოებაზეა, რომელიც ლუსტრაციის შედეგებიდან გამომდინარე, თავისი პოზიციით, ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგებლობის დასმის საკითხის სიმკაცრეს განაპირობებს. იმ შემთხვევაში კი, თუ საზოგადოება საკუთარი ღირსების აღდგენას სათანადო პრინციპულობით არ მოითხოვს, სავარაუდოდ, ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესი, დაკითხვაზე გამოძახება-გირაოს გადახდის სახით, კვლავ დიდხანს გაგრძელდება.
გასულ კვირაში, კიდევ ერთი საინტერესო თემა წამოიჭრა, რომლის ავტორიც კვლავ პრემიერი ივანიშვილია და რომელმაც ბევრ ექსპერტს თუ პოლიტიკოსს თავსატეხი გაუჩინა.
ეს ივანიშვილის მიერ მინისტრთა კაბინეტში არსებულ ერთ-ერთ მინისტრს ეხება, რომელიც სავარაუდოდ ახლო მომავალში პორტფელს დატოვებს და რომლის მინიშნებით დასახელებისგანაც კი, პრემიერმა თავი შეიკავა.
ძნელია პროგნოზის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება ახალი ხელისუფლების მინისტრთა კაბინეტის პირველი ექსმინისტრი, მაგრამ სავარაუდოდ ის არც ძალოვანი და არც ეკონომიკური გუნდიდან არ იქნება, ვინაიდან სწორედ ეს ორი მიმართულებაა, რომელიც დღეს მაქსიმალურად კვალიფიციურად და პროფესიონალურად მუშაობს.
არც პრემიერ-მინისტრს და არც საზოგადოებას, ჯერჯერობით არც პოლიციის მიმართ და არც საგადასახადო ან საბაჟო უწყებების მიმართ პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ, ვინაიდან პირველ შემთხვევაში ისინი მაქსიმალურად პროფესიონალურად და რაც მთავარია პოლიტიკისგან დისტანცირებულად იცავენ წესრიგს და ადამიანის უფლებებს, ხოლო მეორე შემთხვევაში, ასევე კანონიერების დაცვით და არავითარ შემთხვევაში „შეწერილი“ უკანონო ჯარიმების ხარჯზე, - ბიუჯეტს ავსებენ.
რაც შეეხება გავრცელებულ ხმებს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით, პრემიერის უკმაყოფილება სავარაუდოდ არც ამ სფეროს პირველი პირის მუშაობით უნდა იყოს გამოწვეული, ვინაიდან, მიუხედავად შემჭიდროებული ვადებისა, აღნიშნულმა სამინისტრომ შეძლო ის, რომ დღეს საქართველოში მართლაც უპრეცედენტო რაოდენობის მიწები დაიხნა, რაც საავტომობილო მაგისტრალებზე მოძრავი ნებისმიერი მგზავრისთვისაც კი თვალშისაცემია.
ერთადერთი უწყება, ვისი პირველი პირის მუშაობაც საზოგადოებას ყველაზე ნაკლებად ხვდება თვალში და ვისი მოხსენიების სიხშირეც პრესაში ალბათ ყველაზე დაბალია, - ეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძეა, რომლის აქტივობაც ძირითადად ამა თუ იმ კონფერენციებში მონაწილეობით და გამწვანების აქციების ორგანიზებით გამოიხატება და პრინციპული პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მის უწყებას არასდროს დაუფიქსირებია, თუ არ ჩავთვლით ბზის მოჭრასთან და „ჭიაკოკოკონობისას“ საბურავების დაწვასთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრებას.
რაც შეეხება ისეთ პრინციპულ საკითხებს, როგორიცაა ჰესების მშენებლობა ყაზბეგის რაიონში, ასევე ხუდონჰესის მშენებლობა და სხვა, მიუხედავად იმისა, რომ ამ თემებზე გარემოს დაცვის სამინისტროში ექსპერტთა შეკრებები ხშირად იმართება, საზოგადოებას დღემდე არ აქვს ინფორმაცია იმ რისკ-ფაქტორების შესახებ, რომელიც ხუდონჰესის, ან თუნდაც ხდის ჰესის აშენებას მოჰყვება. მითუმეტეს, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ექსპერტები თავიანთ უარყოფით მოსაზრებებს, უკვე კარგა ხანია აფიქსირებენ.
თუმცა ეს ყველაფერი ვარაუდის დონეზეა, ხოლო ვისი მუშაობით არის კონკრეტულად უკმაყოფილო პრემიერ-მინისტრი და ვის მიმართ აქვს კითხვები, ეს წესით უახლოეს მომავალში უნდა გამოჩნდეს, თუმცა არ გამოირიცხება, რომ ეს განცხადება პრემიერის მხრიდან ერთგვარი ტაქტიკური სვლაც იყოს, რათა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა მუდმივ ეფექტზე გათვლილ მუშაობის რეჟიმში ჩააყენოს.
ასეა თუ ისე, თავად ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აპოლოგეტი მედიასაშუალებებიც კი, იძულებულნი არიან ახალი ხელისუფლების მუშაობის ავკარგი გააშუქონ და მათ შედეგებზე ისაუბრონ, ნიშნავს იმას, რომ ყოფილი ხელისუფლება აქტუალობას სულ უფრო და უფრო კარგავს, რაც მათ მიერ დაწყებული თვითლუსტრაციის პროცესის გაღრმავებასთან ერთად, კიდევ უფრო გაძლიერდება.
ამ შემთხვევაში კი, თვითლუსტრაციის შეუქცევადი პროცესების შედეგების რეაგირებაზე, გადამწყვეტი სიტყვა ისევ და ისევ საზოგადოებას ეკუთვნის.


ალექსანდრე კაპანაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა