საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე, ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას.
პოლიტიკური მოღვაწეობის ბოლოს მას დაუდგა დრო, როდესაც ძალიან დიდი ალბათობით, ის, თავის მიერ ჩადენილ ქმედებებზე პასუხს აგებს და ასეთ მომავალს ყველაზე კარგად რა თქმა უნდა თავად პრეზიდენტი გრძნობს.
სწორედ ამით აიხსნება მის მიერ, ბოლო პერიოდში, ადექვატურობის ჩარჩოებიდან განსაკუთრებულად ხშირად გასვლა და მეტყველებაზე კონტროლის დაკარგვის გახშირება.
სანამ პროკურატურაში ან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ყოფილი ჩინოვნიკების დაბარება-დაკითხვებს პერმანენტული ხასიათი ჰქონდა, სააკაშვილი ამაზე ნაკლებად ღელავდა, უფრო მეტიც, მაქსიმალურად ცდილობდა ყველა ეს ფაქტი, პიარის თვალსაზრისით სათავისოდ გამოეყენებინა და როგორც ქართველი საზოგადოებრიობის, ასევე მსოფლიო თანამეგობრობის თვალში წამებულის მანტია მოესხა და ამით პოლიტიკური ქულები ჩაეწერა.
დღეს კი, ვითარება აბსოლუტურად შეცვლილია და სამართალდამცველი ორგანოები და ახალი ხელისუფლება ისეთი თემებით დაინტერესდნენ, სადაც ძალიან დიდი ალბათობით შეიძლება მიხეილ სააკაშვილის მიერ არა მარტო საკუთარი ხალხის, არამედ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ნიშნებიც გამოიკვეთოს. სწორედ ესაა რამაც პრეზიდენტს მოსვენება დაუკარგა და ეს ყველაფერი, მას ეკრანიდანაც კი, უკვე ძალიან კარგად ეტყობა.
ჟვანიას გარდაცვალების საქმე, 2008 წლის აგვისტოს ომი და 2011 წლის 26 მაისი, - ეს იმ ფაქტების არასრული ჩამონათვალია, რომელთა სრულყოფილმა და ობიექტურმა გამოძიებამაც ადვილი შესაძლებელია, რომ სააკაშვილს, მისთვის უკეთეს შემთხვევაში, გისოსებს მიღმა ამოაყოფინოს თავი.
როდესაც სააკაშვილის დაპატიმრებას მისთვის საუკეთესო ვარიანტს ვუწოდებთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს ბევრად უფრო უარესი ვარიანტიც - მისი ლიკვიდაცია, რომელიც შესაძლებელია მისმავე გარემოცვამ ან ყოფილმა უცხოელმა პარტნიორებმა მოახდინონ, რადგან მეკობრეების ფორმულა - „მკვდრები არ ლაპარაკობენ,“ დღესაც ძალაშია და მიხეილ სააკაშვილის მოცილებით, ძალიან ბევრი შეეცდება, რომ ყველა ცოდვა მას აჰკიდოს და საკუთარი თავი გადაირჩინოს.
ამ ვარაუდს ის ხმებიც აძლიერებს, რომელიც გასულ კვირაში გაჟღერდა და რომლის თანახმადაც სააკაშვილის ლიკვიდაციით დაინტერესებულ კონკრეტულ პიროვნებად ვანო მერაბიშვილი დასახელდა.
ვერსიას ამყარებს ისიც, რომ, როგორც ამბობენ და როგორც ბოლო ფაქტების ანალიზიდან ეს აშკარად იკვეთება, - მერაბიშვილსა და სააკაშვილს შორის არათუ შავ კატას, არამედ კატისებრთა ოჯახის უფრო დიდ წარმომადგენელს აქვს გარბენილი, რადგან ეს ორი პიროვნება, ერთმანეთს აშკარად ვეღარ იტანს და ეს ყველაფერი სავარაუდოდ, თავს ღიად არცთუ შორეულ მომავალში იჩენს, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით.
მანამ კი გასული კვირის იმ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ, რასაც 19 აპრილი ჰქვია და რაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ რექვიემად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან 19 აპრილმა აშკარად აჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ჯგუფი საზოგადოებისგან აშკარად უარყოფილია, ხოლო მათი მცდელობა, რომ საზოგადოებრივი აზრი სათავისოდ შემოაბრუნონ, რასაც ისინი ტრადიციულად თავიანთი ბინძური პიარის მეშვეობით ცდილობენ, - საზოგადოებაში უკუეფექტს იწვევს და მასზე ისე მოქმედებს, როგორც წითელი ნაჭერი ხარზე.
მიუხედავად იმისა, რომ 19 აპრილის აქცია ვანო მერაბიშვილმა დაახლოებით ორი თვით ადრე დააანონსა და სააკაშვილის მეხოტბე მედიასაშუალებები აქტიურად ცდილობდნენ ამ აქციის მასშტაბების გასაზრდელად პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებას, შეიძლება ითქვას, რომ 19-მა აპრილმა როგორც ქართველ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას და პირველ რიგში თავად „ნაციონალურ მოძრაობას,“ დაანახა, რომ მათი დრო საქართველოში დასრულდა.
თავხედობის ყოველგვარ ზღვარს სცილდება პრეზიდენტის მიერ აქციაზე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც მისი მხარდამჭერების მიმართ ახალი ხელისუფლება ძალადობით, ხელების ამოგრეხვით და შეურაცყოფითაა დაკავებული. მიხეილ სააკაშვილს უჩევნია გაიხსენოს რა მეთოდებს მიმართავდა თავად, რომ მის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად რეგიონებიდან ხალხის ჩამოსვლა შეჩერებინა. სავარაუდოდ მას ამის გახსენება ადრე თუ გვიან, დაკითხვაზე აუცილებლად მოუწევს.
ხოლო რაც შეეხება აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ის ნამდვილად შეიძლება მივიჩნიოთ რეალური დემოკრატიისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯებად, რომელიც იმედია ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
როგორც ქართველი საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში შეეჩვია, ქუჩის ყველა აქცია, როგორც წესი პოლიტიზირებული პოლიციის მიერ, უსასტიკესი დარბევით და დაპატიმრებებით სრულდებოდა და შესაბამისად, 19 აპრილის აქციის დროსაც, შინაგან საქმეთა სამინისტრო არგუსის თვალის ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან უკვე შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა პოლიციამ ეს გამოცდა ღირსეულად ჩააბარა, რაც მერაბიშვილის დროს პოლიციის მიმართ დაკარგული ნდობის აღდგენის საქმეშიც წინ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ამ კუთხით აშკარად თვალშისაცემი და მოულოდნელი იყო, ეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, აქციის მონაწილეთა მანქანების პარკირებისთვის ადგილების გამოყოფაა. ყველა ყველა და ვანო მერაბიშვილს ნამდვილად შეუძლია გაიხსენოს, რომ მის დროს, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელ ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანებს აბსოლუტურად უკანონოდ ართმევდნენ მართვის მოწმობებს, ასევე ყაჩაღურად ართმევდნენ ავტომანქანებს, ხოლო მერაბიშვილის კანტორის ბიჭები, ოპოზიციურად განწყობილი პირების მანქანებს ლამის ევაკუატორებით დასდევდნენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის მონაწილეთა მანქანებისთვის პარკირების ადგილის გამოყოფა ყოველგვარ მოლოდინს გასცდა, ხოლო რაც შეეხება პარალელს თავად ამ უწყების ყოფილი და მოქმედი პირველი პირების საქციელის შესახებ, განსხვავება აქაც უდიდესია.
თუ ვანო მერაბიშვილი აქციის ადგილზე მხოლოდ მიტინგის უსასტიკესი დარბევის შემდეგ ცხვირზე ნიღაბაფარებული ჩნდებოდა, ირაკლი ღარიბაშვილი, იმ მიზნით რომ აქციაზე ნებისმიერი ექსცესი გამორიცხულიყო, ღონისძიების დაწყებამდე უსაფრთხოების ზომების გატარების პროცესს თავად ადგილზე ხელმძღვანელობდა.
ასე, რომ საზოგადოების თვალში, სააკაშვილსა და მერაბიშვილს, ახალმა ხელისუფლებამ ამ კუთხითაც სუფთად მოუგო.
რაც შეეხება ხალხის რაოდენობას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიუხედავად იმისა, რომ აქცია ორი თვით ადრე დაანონსდა და აგრეთვე მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიის თანამშრომლები აქციისთვის მაქსიმალურად იყვნენ მობილიზებულნი, - მისმა მასშტაბებმა აშკარად აჩვენა, რომ სააკაშვილს მხარდამჭერთა მიტინგი თავისუფლად შეეძლო თავისი რეზიდენციის საკონფერენციო დარბაზში ჩაეტარებინა. ასევე ყველა წინაპირობაა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგი აქცია, თუ ასეთი რამ საერთოდ ოდესმე კიდევ ჩატარდება, თავისი მასშტაბებით იმის ნახევარიც აღარ იქნება, რაც 19 აპრილს იყო. ამას თავისი ობიექტური მიზეზები გააჩნია, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანი თავად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის არსებული განხეთქილება, დაპირისპირება და თავის გადასარჩენად დაწყებული ინდივიდუალური ქმედებებია.
რომ აღარაფერი ვთქვათ დათა ახალაიას ცნობილ წერილზე, რომელიც მან სოციალური ქსელების მეშვეობით გამოაქვეყნა, აგრეთვე რომ აღარაფერი ვთქვათ მარიკა ვერულაშვილის მიერ წინა კვირაში გაკეთებულ ასევე ცნობილ სკანდალურ განცხადებებზე, - უკვე აშკარა და თვალშისაცემია, რომ მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი ერთმანეთს მაგნიტის პოლუსებივით განიზიდავენ, რისი მკაფიო დასტურიც 19 აპრილის აქცია იყო.
საკმაოდ საფუძვლიანია ვარაუდი და ვერსია, რომლის თანახმადაც, ვანო მერაბიშვილი 19 აპრილის აქციას საკუთარი რეაბილიტაციისთვის გეგმავდა და მას ამ ჩანაფიქრში, აქციაზე მისვლით, ხელი მიხეილ სააკაშვილმა შეუშალა, რომელიც როგორც აქციის წინა დღეებში ცხადდებოდა, რუსთაველის გამზირზე მისვლას საერთოდ არ აპირებდა, ხოლო როდესაც ის აქციაზე სიტყვით გამოვიდა, მერაბიშვილმა ტერიტორია დატოვა.
ფაქტია, რომ ყოფილი ხელისუფლების პირველ პირებს შორის დაძაბულობა და ეჭვიანობა უკვე პიკს აღწევს და როგორც ეს ზემოთ ვივარაუდეთ, ის საკმაოდ ახლო მომავალში იჩენს ღიად თავს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია თავად აქციის მთავარი მესიჯი, რომლის თანახმადაც, ყოფილმა ხელისუფლებამ ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მესიჯი მთლიანად აქციას წითელ ზოლად გასდევდა, ხალხმა ყველაზე ნაკლებად თუ რამე დაიჯერა, ეს სწორედ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყებაა იმ პოლიტიკური ძალის მიერ, რომელიც თავისი არსებობის 9 წლის მანძილზე, ყველაფერ ეროვნულს ებრძოდა. ასე, რომ, თუ თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილის მიერ, თავისი პარტიისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ დარქმევამ მას პოზიტივი ნამდვილად მოუტანა, რაც ერთადერთი მიზეზით - საზოგადოების მაშინდელი გულუბრყვილობით შეიძლება აიხსნას, დღეს, ეროვნული პათოსით გაღჟენთილი ფრაზებით მანიპულირება მას შედეგს აღარ მისცემს ვინაიდან ამავე საზოგადოებამ უკვე საკუთარ შეცდომაზე ისწავლა.
შეუძლებელია, რომ ამას თავად მიხეილ სააკაშვილი არ აცნობიერებდეს, მაგრამ მას სხვანაირად მოქცევა, ელემენტარულად აღარც შეუძლია, ვინაიდან უკან დასახევი ყველა გზა, გასული 9 წლის განმავლობაში თავადვე მოიჭრა.
სწორედ ესაა მიზეზი, რაც პრეზიდენტს ყველაზე მეტად აშინებს და პრაქტიკულად არა მარტო მისი, არამედ მისი გუნდის მიერ ჩადენილი დანაშაულების წინაშე აბსოლუტურად მარტოს სტოვებს.
რაც შეეხება სათაურში ნახსენებ შიშებს, რომლის დამალვაც მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკას უკვე აღარ ძალუძს, ეს პასუხისგების შიშია. არის საკმაოდ დიდი შანსი, რომ სააკაშვილმა პასუხი აგოს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის და ეს დანაშაული არ შეიძლება ასოცირდებოდეს მხოლოდ 2008 წლის ომთან, ვინაიდან სწორედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად შეიძლება დაკვალიფიცირდეს 2011 წლის 26 მაისიც, რომელიც მსხვერპლით დასრულდა და რომელიც თავისი სისასტიკით, 1989 წლის 9 აპრილს, როდიონოვის სადამსჯელო რაზმის ქმედებას ბევრად აღემატებოდა, რადგან 1989 წლის 9 აპრილს, ხალხს ალესისლი ნიჩბებით შეიარაღებული სისხლისმსმელი ბანდა მხოლოდ ერთი მხრიდან უტევდა, ხოლო მერაბიშვილის ზონდერებმა, სანამ ხალხზე იერიშს დაიწყებდნენ, მანამ მათ სამმაგი ალყა შემოარტყეს.
გარდა კონკრეტული დანაშაულების გამოძიებისა, მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო გამოსვლებში, აშკარად გამოიკვეთა შიშები კონკრეტული პიროვნებებისა და პოლიტიკოსების მიმართ, რომელთა შორისაც პირველ რიგში ნინო ბურჯანაძის ფაქტორია აღსანიშნავი, რადგან სააკაშვილი თავისი ბოლო გამოსვლებში, პრაქტიკულად შანსს არ უშვებს, რომ მისი მიმართულებით რაიმე ნეგატიური არ თქვას.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კი, თავისი განცხადებებიდან და ოპოზიციაში გატარებული წლებიდან გამომდინარე, ნამდვილად შეიძლება განვიხილოთ პოლიტიკოსად, ვისიც მიხეილ სააკაშვილს უსაფუძვლოდ არ ეშინია, რადგან ბურჯანაძე და მისი პოლიტიკური მხარდამჭერები, სააკაშვილის რეპრესიული და პროპაგანდისტული მანქანის განსაკუთრებული სამიზნეები იყვნენ და შესაბამისად, ნინო ბურჯანაძე ერთ-ერთი უმთავრესია იმ პოლიტიკოსთა შორის, ვინც სამართლიანობის აღდგენის პროცესის რეალურად განხორციელებითაა დაინტერესებული და ვინც მიხეილ სააკაშვილს პასუხს რეალურად და არა მოსაჩვენებლად აგებინებს.
სხვათა შორის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დღიდან მორატორიუმის დარღვევისა, საკმაოდ მკაცრად აკრიტიკებს ახალ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენის პროცესის ტემპების გამო. ბურჯანაძის კრიტიკის თემა კი, აბსოლუტურად ემთხვევა საზოგადოების მთავარ დაკვეთას.
ასე, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიხეილ სააკაშვილს და შესაბამისად მის ყოფილ გუნდს, დღეს ყველაზე მძიმე დღეები უდგას და სავარაუდოდ კიდევ უფრო მძიმე დღეები დაუდგებათ მომავალში, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით ქვეყანაში წინსვლა მართლაც შეინიშნება, ეს ფაქტორი ნამდვილად ვერ ჩააცხრობს საზოგადოებაში არსებულ მზარდ აგრესიას ყოფილი ხელისუფლების მიმართ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის რეალურად განხორციელების შემდეგ შეიძლება განელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ახალ ხელისუფლებას ძალიან სერიოზული პოლიტიკური კონკურენტი გამოუჩნდება იმ ძალის სახით, ვინც დამნაშავეთა დასჯით რეალურად იქნება დაინტერესებული, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამწარებული საზოგადოების უდიდესი ნაწილის სიმპათიას, სწორედ სამართლიანობისთვის მებრძოლი ძალა მოიპოვებს.
იმ შემთხვევაში კი, თუ სამართლიანობის აღდგენა, როგორც ადრე ვამბობდით, სახელმწიფო მანქანის მეშვეობით არ მოხდება რეალურად დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში, მაშინ ხალხი სამართლიანობის აღდგენას აუცილებლად საკუთარი ძალებით შეეცდება, რაც ქვეყნისთვის ნამდვილად არასახარბიელო შედეგის მომტანი იქნება.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სავარაუდოდ ძალიან რეზონანსული გახდება და სერიოზული სამხილების მომტანი იქნება, ეს შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებაა 2011 წლის 26 მაისს დაღუპული ორი პიროვნების ცხედრების ექსჰუმაციის შესახებ. როგორც ვანო მერაბიშვილი თავის დროზე აცხადებდა, აღნიშნული პიროვნებები, 26 მაისის ღამეს, მეტრო „თავისუფლების მოედნის“ ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიის სახურავზე ავიდნენ, სადაც ისინი უსაფრთხოების წესების დარღვევით დამონტაჟებულმა ელექტროსადენმა იმსხვერპლა.
არაოფიციალური ვერსიით კი, გარდაცვლილები, ვანო მერაბიშვილის ზონდერებმა ცემით მოკლეს, ხოლო შემდეგ მათი ცხედრები მაღაზიის თავზე შემოაწყვეს და ის ლეგენდა შეთხზეს, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდი.
იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ აღნიშნული პირები ელდენის დარტყმის შედეგად არ გარდაცვლილან და მათი სიკვდილი ფიზიკური ზემოქმედების შედეგად დადგა, - ეს იქნება ბოლო დროის ერთ-ერთი უდიდესი სკანდალი, რომლის შემდეგაც, აუცილებლად უმოკლეს დროში უნდა გაეცეს პასუხი კითხვებს ვინ მოკლა ისინი, ვინ მოიფიქრა მათი ცხედრების მაღაზიის თავზე შემოწყობა და ვინ მისცა მათ თანხმობა აღნიშნულის შესახებ. ნაკლებადსავარაუდოა, რომ ეს ყველაფერი შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილის გარეშე მომხდარიყო, რადგან ქვეყნის „ხერხემალს“ მაშინ ფაქტიურად განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდა.
ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე აშკარად თვითლიკვიდაციის გზაზეა შემდგარი, ხოლო რაც უფრო მეტი აგური გამოეცლება მას, მით უფრო მეტ ინფორმაციას შეიტყობს საზოგადოება ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ, რაც ახალ ხელისუფლებას ორი უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე აყენებს:
მათგან პირველი - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე ზრუნვაა, ვინაიდან გარდა იმისა, რომ ის ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარი ფაქტების შესახებ ფასდაუდებელი მოწმეა, მისი სიცოცხლის ხელყოფა ქვეყნის მომავლისთვის დადებითის მომტანი ნამდვილად არ იქნება და აქედან გამომდინარე, შესაბამისმა უწყებებმა ყველაფერი უნდა იღონონ იმისთვის, რომ სააკაშვილის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაიცვან და მეორე: - „ნაციონალური მოძრაობის“ რღვევა, როგორც აღვნიშნეთ აუცილებლად გამოიწვევს ერთმანეთის მიმართ კომპრომატების ფრიალს და აუცილებლად ახდის ფარდას ბევრ დაფარულ დანაშაულებრივ ქმედებას, რაც საზოგადოებაში აგრესიის დონეს კიდევ უფრო გაზრდის. ახალი ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა აკონტროლოს საზოგადოებაში არსებული აგრესიის დონე და არ დაუშვას პირადი ანგარიშსწორების თუნდაც ერთი პრეცენდენტი, რადგან ეს იქნება სერიოზული სტიმული იმისა, რომ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს.
ალექსანდრე კაპანაძე