საქართველოში ხელისუფლების ცვლილებიდან და „ნაციონალური მოძრაობის“ პერმანენტული პოლიტიკური დევალვირებიდან 6 თვის შემდეგ,
ქვეყანა ახალი პოლიტიკური რეალობის წინაშე შეიძლება დადგეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, კოალიცია „ქართული ოცნება“ პოლიტსივრცეში ჯერჯერობით კვლავ დომინანტ ძალად რჩება, რაც თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით აიხსნება, თუმცა ერთმნიშვნელოვანია, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის დომინაცია, როგორი ნდობით და სიყვარულითაც არ უნდა სარგებლობდეს ის საზოგადოებაში, ყოველთვის ატარებს რისკის საკმაოდ დიდ დოზას და ამის მომსწრე, ქართული საზოგადოებრიობა სულ რამდენიმე წლის წინ გახდა.
გარდა ამისა, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ პოლიტიკურ წარმონაქმნს, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებად მოიხსენიებოდნენ და რომლებიც მიხეილ სააკაშვილისთვის ერთგულების დამტკიცებაში თვით „ნაციონალურ მოძრაობასაც“ კი არ უდებდნენ ტოლს, შეიძლება ითქვას, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი საკმაოდ მდიდარია იმისთვის, რომ მასში მოიძებნონ ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ახალ ხელისუფლებას არა ერთგულებას, არამედ რეალურ, საფუძვლიან და ფაქტებით და არგუმენტებით გამყარებულ ოპონირებას გაუწევენ.
სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ თავისი „არაპოლიტიკოსობა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ბევრჯერ აღნიშნა, სწორედ მის პოლიტიკურ ალღოს და თუ გნებავთ ნიჭსაც უსვამს ხაზს ის ფაქტი, რომ მან დროულად, ჯერ კიდევ ეიფორიაში მყოფი საზოგადოების პირობებში გააკეთა განცხადება პოლიტიკური ოპონირების გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ.
ნებისმიერი ხელისუფალი, რაც უფრო დიდი მხარდაჭერით და სიყვარულით სარგებლობს საზოგადოებაში, მით უფრო მეტად დგება იმ ფორმულის გამართლების საფრთხის წინაშე, რომლის მიხედვითაც ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის.
სხვათა შორის, სწორედ ამ ფორმულის მსხვერპლი გახდა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, როდესაც, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მათ ჩათვალეს რომ ყველა ჭეშმარიტების გასაღები თავად ედოთ ჯიბეში და ყველას, ვინც მათგან განსხვავებულ აზრს გამოთქვამდა, ჯერ დაცინვის ობიექტად აქცევდნენ, ხოლო შემდეგ ერის მტრად და მოღალატედ აცხადებდნენ.
იგივე დაემართა მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებითაც, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია კიდეც მისი პოლიტიკური სამარის გათხრა.
ხელისუფლება, რომელსაც არ ჰყავს ჯანსაღი (და არა მართული და ნაყიდი) ოპოზიცია, ხელისუფება, რომელიც ისე სდევნის ქვეყანაში თავისუფალ სიტყვას, როგორც ამას მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა, სწორედ ისე დაამთავრებს, როგორ მიხეილ სააკაშვილმა დაამთავრა, თუმცა სააკაშვილს ჯერ არ დაუმთავრებია, უფრო სწორად, ჯერ სამართალს არ დაუმთავრებია პურის ჭამა.
ასე, რომ თუნდაც ხელისუფლების მუდამ ფხიზლად ყოფნის მიზნით, ქვეყანას ჯანსაღი ოპოზიცია და თავისუფალი მედია ჰაერივით სჭირდება.
სწორედ ამით შეიძლება აიხსნას პრემიერის მიერ, გასულ კვირაში გაკეთებული ზემოთნახსენები განცხადება.
რაც შეეხება ამ განცხადების შინაარს, თავად ტერმინი „მესამე პოლიტიკური ცენტრი“ საზოგადოებაში უკვე გაუგებრობას იწვევს, ვინაიდან, თუ პირველ პოლიტიკურ ცენტრად ხელისუფლებაში მყოფ კოალიციას განვიხილავთ, გამოდის რომ მეორე ცენტრი „ნაციონალური მოძრაობაა,“ რომელიც პოლიტიკურად აბსოლუტური გაკოტრების გზაზე დგას და მისთვის „მეორე პოლიტიკური ცენტრის“ სტატუსის მინიჭების ფუფუნება, ყოფილი ხელისუფლებისთვის ხელოვნური სუნთქვის ჩატარების მცდელობას ჰგავს.
ზოგადად კი, რაც ნაკლებად დაკვალიფიცირდება ესა თუ ის პოლიტიკური ძალა ცენტრებად და რაც ნაკლებად მოხდება მათი ნუმერაცია, - უკეთესი იქნება.
ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება პირველ რიგში დემოკრატიული პრინციპების განუხრელ დაცვაზე უნდა იყოს აგებული, რაც თავისთავად გულისხმობს ოპოზიციის თავისუფლებასაც, ხოლო ვინ გასწევს ჯანსაღ და არგუმენტირებულ ოპონირებას, ამას თავისუფალი მედიის პირობებში, საზოგადოება შეაფასებს.
როდესაც ოპონირებაზე ვსაუბრობთ, ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ ოპონირების ნიღაბქვეშ შეფუთულ დემაგოგიაში, რისი დამსახურებითაც ჯერ კიდევ 9 წლის წინ, ხელისუფლებაში ისეთი ძალა მოვიდა, რომელმაც ქვეყანა გაჩანაგების პირას მიიყვანა.
მსგავსი დემაგოგია, პირველ რიგში, ამდენი რამის მნახველი ქართული საზოგადოებრიობისგან უნდა იქნას უარყოფილი, ხოლო მეორე რიგში, მისგან თავის დაცვა, უპრიანი იქნებოდა რაიმე საკანონმდებლო ნორმის დონეზეც იყოს მეტნაკლებად გარანტირებული.
როგორც საზოგადოებას მოეხსენება, პრემიერმა ოპოზიციაზე საუბრისას აქცენტი ირმა ინაშვილის, სალომე ზურაბიშვილის და ნინო ბურჯანაძის პერსონებზე და მათ პოლიტიკურ ძალებზე გააკეთა, თუმცა ქართული პოლიტიკური რეალობა დღეს ნამდვილად იძლევა იმის რესურსს, რომ პოლიტსივრცეში, სხვა კვალიფიციური ოპოზიციური ძალებიც გამოიკვეთოს, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არცთუ უმნიშვნელო როლის თამაშს შეძლებენ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოპონირება უნდა მოხდეს კვალიფიციურობის და მაქსიმალური პროფესიონალიზმისა და არგუმენტირებულობის ჩარჩოებში, რაც აუცილებლად უნდა იყოს გამყარებული თავისუფალი მედიით, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მცდელობა, ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური ველის შექმნისა, - აზრს დაკარგავს.
რაც შეეხება პრემიერის მიერ დასახელებულ პერსონებს, რომლებსაც ის სავარაუდოდ თავისი ხელისუფლების ოპონენტებად მოიაზრებს, მათ შორის ყველაზე მეტი რესურსი ამ კუთხით, ალბათ ყველაზე მეტად ნინო ბურჯანაძეს აქვს, ვინაიდან მან წინა ხელისუფლების მართლაც რომ უძლიერესი წნეხის პირობებში შეძლო და შეინარჩუნა თავისი პოლიტიკური გუნდი და აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა არცერთ ეტაპზე არ შეუწყვეტია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის შესახებ წინასწარ აკეთებდა დეკლარირებას.
ამასთან, საკმაოდ შთამბეჭდავი იყო მისი შემოსვლა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ხანგრძლივი მორატორიუმის დარღვევის შემდეგ, როცა მისი კრიტიკა არსებული ხელისუფლების მიმართ სწორედ იმ კუთხით იქნა წარმართული, რაც ხალხს დღეს ყველაზე მეტად აწუხებს და რის გამოც მათმა უმრავლესობამ „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა. ეს მიმართულებები სამართლიანობის აღდგენა და საარჩევნო გარემოს და კანონმდებლობის გაუმჯობესებაა.
ორივე ამ მიმართულებით, როგორც ბურჯანაძის, ასევე საზოგადოების პოზიცია ერთმანეთს აბსოლუტურად ემთხვევა, ვინაიდან საზოგადოების ყველაზე დიდი დაკვეთა სამართლიანობის აღდგენაა, სამართლიანობის აღდგენის შემთხვევაში კი, ნინო ბურჯანაძისგან დამოუკიდებლადვე ბევრი ისეთი ფაქტი გამოიკვეთება, რომ ის პიარშეტევები, რასაც თავის დროზე ყოფილი ხელისუფლება მის მიმართ ახორციელებდა, ავტომატურად გაბათილდება და ასევე ავტომატურად, ბურჯანაძე პოლიტიკურად მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ახალი ხელისუფლების რომელიმე შემადგენელი პოლიტიკური ძალა შეეცდება და სამართლიანობის აღდგენის პროცესს ხელს შეუშლის, ის, ასევე ავტომატურად გახდება საზოგადოების ნეგატიური განწყობის ობიექტი, რაც პრემიერის პოლიტიკურ ინტერესებში ამ ეტაპზე ნამდვილად არ შედის.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებულ მეორე პოლიტიკოსს - სალომე ზურაბიშვილს, უნდა ითქვას, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ღირსეულად ჩართვისთვის, მასაც საკმაო რესურსები გააჩნია და მიუხედავად იმისა, რომ, შეიძლება მას არ ჰქონდეს ისეთი ძლიერი პარტიული სტრუქტურა, როგორც ეს ნინო ბურჯანაძის შემთხვევაშია, მისი დიპლომატიური გამოცდილება, საერთაშორისო კონტაქტები და შესაძლებლობები, სათანადო კუთხით განვითარების შემთხვევაში, აუცილებლად გახდება ფაქტორი, რაც მას, როგორც პოლიტიკოსს და როგორც ოპოზიციონერს, ანგარიშგასაწევ პერსონად გახდის.
გარდა ამისა, როგორც სალომე ზურაბიშვილს, ისევე ნინო ბურჯანაძეს, ნამდვილად გააჩნიათ რეალური რესურსი საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობისა, დაწყებული დასავლეთიდან დამთავრებული რუსეთით, რომელიც საგარეო პოლიტიკაში, ჯერჯერობით, სამწუხაროდ საქართველოსთვის კვლავ ყველაზე რთულ ბარიერად რჩება.
საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება და ურთიერთობა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან და აგრეთვე მის მიერ მიღწეული წარმატებები რუსეთთან, საგარეო პოლიტიკის კუთხით. ასევე ნინო ბურჯანაძის მიერ ყველაზე კრიტიკულ მომენტში გადადგმული ნაბიჯი, როდესაც ის ვლადიმერ პუტინს შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ტემპერატურა ნულს ქვემოთ იყო ჩამოსული, საკუთარი პოლიტიკური კარიერის სასწორზე დადების ფასად, შეეცადა ამ ურთიერთობებში გარდატეხის შეტანას. მისი ეს მცდელობა სამწუხაროდ მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან სათანადოდ გამოყენებული არ იქნა.
ასე, რომ როგორც ნინო ბურჯანაძეს, ასევე სალომე ზურაბიშვილს აქვთ იმის რეალური რესურსი, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დალაგებაში, შესაძლოა სხვადასხვა დონეზე, მაგრამ მაინც თავიანთი სოლიდური წვლილი შეიტანონ.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული მესამე პერსონა კი, რომლის პოლიტიკური ძალის გაძლიერებაზეც პრემიერმა ისაუბრა, ეს ჟურნალისტი ირმა ინაშვილია, რომელმაც ქვეყნის ბოლო პერიოდის პოლიტიკურ ცხოვრებაში ნამდვილად უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა და ყოფილი ხელისუფლების გასტუმრება, მისი არცთუ მცირე დამსახურებაცაა.
ასე, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებულ პოლიტიკურ ძალებს ნამდვილად შესწევთ ძალაც და ავტორიტეტიც, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მოიძებნებიან პოლიტიკოსები ან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ასევე წარმატებით შეძლებენ, რომ ქართული პოლიტიკა უფრო კონკურენტუნარიანი და საინტერესო გახადონ. რა თქმა უნდა ამათში არ მოიაზრებიან პარტიული ან პოლიტიკური წარმონაქმნები, რომლებიც წლების განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციის ნიღაბს ამოფარებულები საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას ცდილობდნენ.
სხვათა შორის ისეთი პოლიტიკოსები, რომლების საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას ცდილობდნენ, დღევანდელ ხელისუფლებაშიც, როგორც აღმასრულებელში, ასევე საკანონმდებლოშიც საკმაო დოზით არიან წარმოდგენილნი, თუმცა მათ, ჯანსაღი პოლიტიკური გარემო, ჯანსაღი და თანაბარი კონკურენცია და თავისუფალი მედია, ადრე თუ გვიან თავის სახელს დაარქმევს და თავის ადგილს მიუჩენს.
ყველაფერი ამის გათვალისწინებით კი, ახლო მომავალში, შესაძლოა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების აბსოლუტურად განსხვავებული სურათი ვიხილოთ.
რაც შეეხება გასული კვირის კიდევ ერთ აქტუალურ თემას, რომელიც სულ მოკლე ხანში პრესის საყოველთაო განხილვა-შეფასების საგანი გახდება, ეს მოახლოებული საპრეზიდენტო არჩვენები და საპრეზიდენტო კანდიდატებია.
როგორც ცნობილია, ერთადერთი პოლიტიკოსი, ვინც ჯერჯერობით თავისი საპრეზიდენტო ამბიცია ღიად დააფიქსირა, ეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილია, თუმცა საპრეზიდენტო კანდიდატთა რაოდენობა, არჩევნების გამოცხადების შემდეგ, სავარაუდოდ მკვეთრად მოიმატებს. მათ შორის რეალური ბრძოლა კი, სავარაუდოდ ორ ან სამ კანდიდატს შორის გაიმართება.
წინასაპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინს კიდევ უფრო მეტ ინტრიგას სძენს პრემიერ-მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მას საკუთარი კანდიდატურა პრეზიდენტის თანამდებობაზე, უკვე შერჩეული ჰყავს, თუმცა ეს საკითხი საბოლოოდ კოალიციის განსახილველი და გადასაწყვეტია, რის შემდეგაც „ქართული ოცნება“ თავისი კანდიდატურის შესახებ ოფიციალურად განაცხადებს.
კოალიციიდან, როგორც ცნობილია პრეზიდენტობის ყველაზე დიდი სურვილი და ამბიცია თავდაცვის მოქმედ მინისტრს ირაკლი ალასანიას აქვს, თუმცა ცნობილია აგრეთვე, რომ მის კანდიდატურას თავად პრემიერი არ განიხილავს და უფრო მეტიც, ამ საკითხზე დაძაბულობამ, ცოტა ხნის წინ, „ქართული ოცნების“ ერთობა კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დააყენა.
სულ ცოტა ხნის წინ, პრესაში კიდევ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატურის შესახებ გაჟღერდა. ეს ცნობილი საოპერო მომღერალი, ქველმოქმედი და ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძეა, თუმცა სავარაუდოდ მისი კანდიდატურის შესახებ ხმები, გარკვეული ჯგუფის მიერ, სპეციალურად ვრცელდება, ვინაიდან ქვეყანას ნამდვილად სჭირდება მომღერალი პაატა ბურჭულაძე, ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ქველმოქმედი პაატა ბურჭულაძე, ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ადამიანი, რომელიც იმ დაწყებულ ისტორიულ მშენებლობას, რასაც მახათას მთაზე უდიდესი სასულიერო ცენტრის მშენებლობა ჰქვია - ბოლომდე მიიყვანს, ქვეყანას და მის ისტორიას ნამდვილად სჭირდება ისეთი მაგალითები, როგორიც ბატონი პაატაა, მაგრამ ქვეყანას აგრეთვე სჭირდება პოლიტიკურად გამოცდილი პრეზიდენტი და ეს სავარაუდოდ ყველაზე კარგად თავად პაატა ბურჭულაძემ იცის და ხმების მისი გაპრეზიდენტების შესახებ, რბილად რომ ვთქვათ გადაჭარბებულია და ალბათ გარკვეულ მიზნებს ემსახურება.
ხოლო თუ ვინ იქნება ყოფილი ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატი, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ძალიან ძნელია.
ზოგადად კი, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნაციონალები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ნაკლებად ემზადებიან და მათ აქცენტი და გათვლები, მოვლენების სულ სხვაგვარ განვითარებაზე აქვთ. შესაძლოა ეს მოლოდინი 19 აპრილს უკავშირდებოდეს, თუმცა იმ შემთხვევეაში, თუ ისინი შეეცდებიან აქციის ჩარჩოები დასაშვებ ნორმას გააცილონ, მაშინ სავარაუდოდ მათ პოლიტიკურ კარიერას საბოლოო დაესმება წერტილი და სამართლიანობის აღდგენის პროცესიც კიდევ უფრო დაჩქარდება.
იმ შემთხვევაში კი, თუ შეიცვლება საარჩევნო გარემო და კანონმდებლობა და წინასაარჩევნო კამპანიის პარიტეტულ პრინციპებზე ჩატარება იქნება შესაძლებელი, საპრეზიდენტო კანდიდატად სავარაუდოდ აუცილებლად ვიხილავთ ნინო ბურჯანაძესაც.
რაც შეეხება ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების სხვა მიმდინარე მოვლენებს, ამ კუთხით ყველაზე მეტად აღსანიშნავი 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების თემის წამოწევაა, რამაც ქვეყნის ოფიციალური პირველი პირი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, სავარაუდოდ, მოახლოებული პასუხისმგებლობის შიშის გამო, წყობილებიდან გამოიყვანა.
კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა, რასაც გასულ კვირას ჰქონდა ადგილი და რაც სავარაუდოდ გაგრძელებას ამ კვირაშიც და შემდეგშიც ჰპოვებს, - ეს ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერთა მუქარაა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ახალი ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებით სკანდალურ ჩანაწერებს გამოაქვეყნებენ.
აღნიშნული ჩანაწერები სავარაუდოდ კონკრეტული პიროვნებების პირად ცხოვრებას ეხება, რაც თავის მხრივ როგორც კანონის თანახმად, ასევე მორალური თვალსაზრისითაც მიუღებელია, თუმცა, ის, რომ ყოფილ ხელისუფლებას თავისი მმართველობის სტილიდან გამომდინარე, ასეთი ჩანაწერები ექნებოდა, არავითარ საიდუმლოებას და მოულოდნელობას არ წარმოადგენდა და არც ის იყო გასაკვირი, რომ ადრე თუ გვიან ისინი მსგავს ჩანაწერებს გამოაქვეყნებდნენ, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ყველაზე მეტად წაგებული სწორედ მისი გამომქვეყნებლები დარჩებიან, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ამ ჩანაწერებმა რამდენიმე პოლიტიკური სახის კარიერა საბოლოოდ შეიწიროს.
ალექსანდრე კაპანაძე