logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საპრეზიდენტო სავარძლის პოტენციური პრეტენდენტები და ქართული პოლიტსივრცის რეალობა
საპრეზიდენტო სავარძლის პოტენციური პრეტენდენტები და ქართული პოლიტსივრცის რეალობა
14:11 25.03.2013
ყველა წინაპირობის თანახმად, მომავალი ზაფხული ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, მართალია არა ისეთი, როგორც ეს გასულ წელს იყო, მაგრამ არანაკლებ მაღალი ტემპერატურით გამორჩეული შესაძლოა აღმოჩნდეს.
პოლიტიკური ტემპერატურის სიდიდეს კი, ზაფხულში და არა მარტო ზაფხულში, მიმდინარე წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები განაპირობებს, რომლის სამართლიან და თანაბარ პირობებში ჩატარება, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ქართული დემოკრატიისთვის არანაკლები გამოცდა იქნება, ვიდრე ეს 2013 წლის 1 ოქტომბერი იყო.
ეს გამოცდა კი ქართულმა დემოკრატიამ, სავარაუდოდ, შედარებით ადვილად უნდა ჩააბაროს, ვინაიდან თუ გასულ წელს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ხელისუფლებისთვის ბრძოლა წესების გარეშე მიმდინარეობდა, უფრო სწორად, ბრძოლის წესებს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, მოგელაძის კანტორა და ზონდერჯგუფები ადგენდნენ, - წელს ეს ასე არ იქნება და საპრეზიდენტო სავარძლისთვის ბრძოლა გაცილებით უფრო ცივილურ და დემოკრატიულ ხასიათს მიიღებს. მართალია არსებობს საფრთხეები, რაც ბრძოლის თანაბარ პირობებში ჩატარებას უკავშირდება, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მანამ კი იმ სავარაუდო კანდიდატების შესახებ, ვინც 2013 წლის მიწურულს საპრეზიდენტო სავარძელში შეიძლება ვიხილოთ. ეჭვგარეშეა, რომ არჩევნებში უდავოდ დიდი უპირატესობით ისარგებლებს ის კანდიდატი, რომელსაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი დაუჭერს მხარს, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, რომ მის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად ორგზის მოწონებული ვახტანგ ხმალაძე, საარჩევნო მარათონში ჩაბმული ვიხილოთ, ვინაიდან ის გაცილებით უფრო პროდუქტიულია იმ მიმართულებით, რასაც სათანადო საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შექმნა-შემუშავება ჰქვია და რაც საბოლოოდ უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ ქვეყანა მართოს არა მხოლოდ ერთმა ადამიანმა, იქნება ეს მიხეილ სააკაშვილი თუ ბიძინა ივანიშვილი, არამედ მართოს მაქსიმალურად სრულყოფილმა სისტემამ, რომლის იქეთაც სახელმწიფოს ვერცერთი უმაღლესი რანგის ჩინოვნიკი ვერ უნდა გადავიდეს. ასევე, ეს სისტემა და საკანონმდებლო ბაზა უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს კორუფცია, რადგან, როგორც მსოფლიო და თუნდაც ბოლო წლების ქართული პრაქტიკა აჩვენებს, კორუფცია ტელედაჭერებით და პირდაპირ ეთერში დადებული ხელბორკილებით არ მარცხდება. ის სწორედ საკანონმდებლო ბაზამ და სწორად გაწერილმა ინსტიტუციურმა ფუნქცია-მოვალეობებმა (რაც პარალელიზმს მაქსიმალურად გამორიცხავს) უნდა დაამარცხოს. ასეთი სისტემის შექმნის ხანგრძლივ პროცესში კი, ისეთი პერსონის მაქსიმალური გამოყენება როგორიც ვახტანგ ხმალაძეა, ყველაზე მომგებიანი იქნება. გარდა ამისა, საზოგადოების ცნობიერებაში, ვახტანგ ხმალაძე მოიაზრება როგორც ძლიერი კონსტიტუციონალისტი და თეორეტიკოსი, თუმცა საპრეზიდენტო ფსონის მასზე დადებამ, შეიძლება ამავე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს.
ამ და სხვა მიზეზების გამო, მომავალ არჩევნებში, საპრეზიდენტო კანდიდატად ვახტანგ ხმალაძეს სავარაუდოდ ვერ ვიხილავთ, თუმცა იგივე სახელისუფლებო გუნდიდან, პრეზიდენტობის ამბიცია შესაძლოა არა ერთსა და ორ ადამიანს ჰქონდეს.
კიდევ ერთი პოლიტიკოსი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია და რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, შესაძლებელია, საარჩევნო მარათონში ჩაბმული ვიხილოთ – ირაკლი ალასანიაა.
მისი შესაძლო გაპრეზიდენტების საკითხი, როგორც საზოგადოებას ახსოვს სულ ცოტა ხნის წინ, დიდი მითქმა-მოთქმის საგანი გახდა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ექსპერტები კოალიციის მოსალოდნელ დაშლაზე ალაპარაკდნენ.
ამას ხელი თავად ალასანიას მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულმა განცხადებამაც შეუწყო, როდესაც მან საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირდაპირ აღიარა, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაძაბული საუბარი ჰქონდა.
საზოგადოებას ახსოვს ივანიშვილის მიერ ჯერ კიდევ გასულ წელს, გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ის პრეზიდენტად ირაკლი ალასანიას კანდიდატურას არ მოიაზრებდა და ალასანია სხვა პოზიციაზე გაცილებით უფრო ეფექტური იქნებოდა. ამ განცხადების შემდეგ ბევრმა ჩათვალა, რომ ალასანიას საპრეზიდენტო ამბიციები გაუქრა, თუმცა ზემოთ ნახსენებმა "დაძაბულმა საუბარმა" ამ ამბიციის კვლავ არსებობა დაადასტურა.
მართალია ეს ინცინდენტიც მალე ამოიწურა, თუმცა ფიქრი იმაზე, რომ თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა პრეზიდენტობაზე ფიქრი თავიდან საბოლოოდ ამოიგდო, გულუბრყვილობა იქნებოდა. მითუმეტეს, რომ ალასანია მაქსიმალურად ცდილობს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებში თავისი გუნდის წარმომადგენლებს პოზიციები გაუმყაროს და შესაბამისად, ამ სტრუქტურებზე გარკვეულ დონეზე კონტროლი განახორციელოს. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ძალოვანი სტრუქტურების უდიდეს ნაწილს ალასანია აკონტროლებს, ვინაიდან რომ აღარაფერი ვთქვათ პირადად მასზე, იუსტიციის მინისტრი მისი გუნდის წევრია და სტრუქტურულად, მთავარი პროკურატურის ზემდგომ ორგანოს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ თავად მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, პირადად პრემიერის კადრია, შეიძლება ითქვას, რომ ამ სტრუქტურის კონტროლზე ხელი ალასანიასაც მიუწვდება. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე ლევან იზორიაც ალასანიას გუნდის წევრია, ასე, რომ თავისი, ერთი შეხედვით არცთუ აქტიური პოლიტიკური ცხოვრების მიღმა, თავდაცვის მინისტრი გავლენების მოპოვებიც მცდელობებით საკმაოდ აქტიურადაა დაკავებული და ამ მცდელობებს, შეიძლება ითქვას, ხშირ შემთხვევაში წარმატებით ასრულებს კიდეც.
მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა წარმატებული იყოს ალასანიას საქმიანობა თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ეს საზოგადოების თვალში საკმარისი არ იქნება, რომ მას ქვეყნის პირველ პირობაზე ნდობა გამოუცხადოს, რადგან მის მიმართ წლების განმავლობაში არსებული და დაგროვებული კითხვები კვლავ აქტუალური და პასუხგაუცემელია.
ამავე რუბრიკაში ადრეც დაგვიწერია და ღირს გავიმეოროთ, რომ საზოგადოებას კითხვები თავდაცვის მოქმედი მინისტრის მიმართ, ჯერ კიდევ 2008 წლის ომის შემდეგ გაუჩნდა, როდესაც ის ოკეანისგაღმიდან საქართველოში, ოპოზიციონერად დაგვიბრუნდა.
ალბათ ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორი მოლოდინი იყო შექმნილი ირაკლი ალასანიას – როგორც ოპოზიციის ლიდერის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ამ მოლოდინის შექმნას, მაშინდელი სახელისუფლებო პროპაგანდაც მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს, თუმცა ხალხში ეს მოლოდინი, ამერიკიდან დაბრუნებული ალასანიას პირველსავე პრესკონფერენციაზე გაქრა, როდესაც ის მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა და მაშინდელი ხელისუფლების მისამართით ერთი მწვავე განცხადებაც კი არ გაუკეთებია.
ამის შემდეგ, საზოგადოების კითხვები ირაკლი ალასანიას მიმართ, 2009 წლის აპრილის აქციების დროს კიდევ უფრო გაიზარდა, ვინაიდან ხმები, რომ ის საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან, საიდუმლო მოლაპარაკებებზე მიდიოდა, ალასანიამ თავადვე დაადასტურა. მასვე უკავშირდება ამ აქციების დროს, კოსტავას ქუჩაზე, ტელევიზიის წინ მდებარე საკნების აღებაც და გზის გახსნაც.
შემდგომ ამისა, ალასანია იყო ერთ-ერთი სულისჩამდგემელი იმ პოლიტგაერთიანებისა, რომელსაც, თავისი პოლიტიკური ძალა, მემარჯვენეები და რესპუბლიკელები, მოგვიანებით კი სალომე ზურაბიშვილის პარტია წარმოადგენდნენ. როგორც მაშინდელი პრესა წერდა, ეს გაერთიანება არცთუ უანგაროდ იყო შექმნილი, მისი დაშლის შემდეგ კი, ისევ ირაკლი ალასანია იყო სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ კონსტრუქციული ოპონირების პირველი მომხრე და სწორედ ის მოაზრებოდა ჯერ ეგრეთწოდებული რვიანის, შემდეგ კი ექვსიანის ძირითად იდეოლოგად.
ფრაზა კი, რომელიც თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა 2011 წლის 26 მაისის ავადსახსენებელი მოვლენების შემდეგ წარმოთქვა, მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში მუდმივ შავ ლაქად დარჩება. ირაკლი ალასანიამ, როგორც ცნობილია აქციის იმ მონაწილეების "ხარისხიანობაში," რომლებიც შიშველი ხელებით დიქტატურას დაუპირისპირდნენ, ეჭვი შეიტანა.
ეს არის იმ ფაქტორთა არასრული ჩამონათვალი, რის გამოც მის საპრეზიდენტო კანდიდატად დაყენებისგან კოალიცია და მისი ლიდერი სავარაუდოდ თავს შეიკავებენ, ვინაიდან მათ ძალზე დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, ზემოთჩამოთვლილ კითხვებზე საზოგადოებას ამომწურავი და ამავდროულად საზოგადოებისთვის მისაღები პასუხები გასცნენ.
კიდევ ერთი საკითხი, რაც ალასანიასთვის შემაფერხებელ ფაქტორად იქცევა, ეს ყოფილი ხელისუფლების მიერ, მის მიმართ წერტილოვანი დარტყმების განხორციელების დიდი რისკია.
იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ალასანია კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდება, მას ყოფილი ხელისუფლების პიარმანქანა ძალიან ბევრ "ცოდვებს" ამოუქექავს და დიდია შანსი რომ ეს "ცოდვები" ფაქტებითაც გაამყარონ, რადგან ქვეყნის ყოფილი ხერხემლის მოქმედების სტილიდან გამომდინარე, ის, ოპოზიციონერ ირაკლი ალასანიასა და ნაციონალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართულ საიდუმლო შეხვედრებს ფირზე აუცილებლად აღბეჭდავდა და არავინ იცის, "ნაციონალური მოძრაობის" მამებთან საიდუმლო შეხვედრების დროს ნათქვამი რომელი ფრაზა იხილავს დღის სინათლეს "იუთუბის" ან სხვა რომელიმე რეიტინგული საიტის მეშვეობით და რომელი ფრაზა ან ქმედება გახდება საჭიროების შემთხვევაში, ალასანიას მიმართ საზოგადოების ნეგატიური განწყობის მკვეთრად გაზრდის წინაპირობა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პრემიერი და მმართველი გუნდი ალასანიაზე ფსონის დადებისგან სავარაუდოდ თავს შეიკავებენ, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ მისთვის საბოლოო უარის თქმის შემთხვევაში, ქართულ პოლიტიკურ წყობაში, მნიშვნელოვანი ცვლილებები თავად ალასანიამ შეიტანოს, თუმცა ეს, დიდი ალბათობით არ მოხდება, ვინაიდან ამ რეალობაში, ალასანიას ოპოზიციაში წასვლა, მისი პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იქნება.
რაც შეეხება კიდევ ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელზეც კოალიციამ შესაძლებელია თავისი არჩევანი შეაჩეროს, ეს სალომე ზურაბიშვილია.
მის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჰიპოთეზებისა და პროგნოზების დონეზე საუბარი პრესაში თუ სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, რაც სავარაუდოდ უსაფუძვლოდ გაჩენილი არ უნდა იყოს და რაიმე დონეზე წინაპირობა უნდა გააჩნდეს, თუმცა ამ წინაპირობის შესახებ ოფიციალურ დონეზე, ჯერჯერობით ინფორმაცია არ არსებობს.
სხვათა შორის, სწორედ სალომე ზურაბიშვილი იყო პოლიტიკოსი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან საკმაოდ მოკლე დროში, იპოდრომზე, სააკაშვილისადმი ნეგატიურად განწყობილი საკმაოდ დიდი ნაწილის, ორგანიზებულად, საპროტესტოდ გამოყვანა შეძლო.
სალომე ზურაბიშვილის რეიტინგზე აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ის ფაქტორიც, რომ 2009 წლის საპროტესტო აქციების დროს, ის, ირაკლი ალასანიასგან განსხვავებით, არც ნაციონალურ ხელისუფლებასთან აწარმოებდა საიდუმლო მოლაპარაკებებს და არც საკნების აღების ინიციატივით გამოდიოდა, პირიქით, სალომე ზურაბიშვილი იყო ერთ-ერთი იმ ლიდერთაგანი, ვინც თითქმის 100 დღიანი საპროტესტო აქციების დროს პოზიცია არ დათმო და ბოლომდე საპროტესტოდ გამოსული ხალხის გვერდით იდგა.
თუ ამ ყველაფერს მის დიპლომატიურ გამოცდილებასაც დავუმატებთ, საერთო ჯამში, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა რეალობას მოკლებული არ ჩანს, თუმცა აქ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი. როდესაც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დედაქალაქის მერობაზე კენჭს იყრიდა, მან ხმების 2 პროცენტზე ნაკლები მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს საზოგადოებასთან კომუნიკაციის კუთხით საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს, შანსი იმისა, რომ ოქტომბრის არჩევნებში ის საპრეზიდენტო კანდიდატად ვიხილოთ – საკმაოდ დიდია.
აუცილებლად ეყოლება საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი ყოფილ ხელისუფლებასაც, რომლებიც, მიუხედავად მათი უმცირესი შანსებისა, ყველანაირად შეეცდებიან, რომ სააკაშვილი თავისივე პარტიის მემკვიდრით შეცვალონ.
ერთადერთი პერსონა, რომელიც დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიძლება საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელოს, ეს დედაქალაქის მერი გიგი უგულავაა.
"ნაციონალური მოძრაობის" ვერტიკალის მაღალ სართულებზე მყოფ პოლიტიკოსთა შორის, ერთადერთი სწორედ გიგი უგულავაა, რომელიც შეძლებს წინასაარჩევნო კამპანია შედარებით სუფთად აწარმოოს. მის მიმართ საზოგადოებას პრეტენზიები ძირითადად ელიტურ კორუფციასთან, უკანონო გარიგებებთან და სტრიპტიზკლუბებში ვიზიტებთან დაკავშირებით ექნება. რა თქმა უნდა ეს უმძიმესი ბრალდებებია და ამ კითხვებზე პასუხის მიღებით საზოგადოებაზე არანაკლებ, საგამოძიებო ორგანოებიც არიან დაინტერესებულნი, მაგრამ ყველა იმ კითხვებს შორის, რაც "ნაციონალური მოძრაობის" სხვა შესაძლო კანდიდატებს შეიძლება დაუსვან, ეს ყველაზე უმტკივნეულო კითხვებია. ადვილი წარმოსადგენია რა კითხვებს დასვამს საზოგადოება, თუ საპრეზიდენტო კანდიდატი ვანო მერაბიშვილი ან კახა ბენდუქიძე იქნება.
საყურადრებოა აგრეთვე, რომ ქართული ტელევიზიებით გასული სარეკლამო რგოლი, რომელიც კომუნალურ გადასახადებზე მერიის მიერ დაწესებულ დახმარებას ეხება, ძირითადად არა აღნიშნული შეღავათების რეკლამირებას, არამედ გიგი უგულავას, როგორც პოლიტიკური პერსონის რეკლამირებას უფრო ემსახურება. ანუ შეიძლება ითქვას, რომ მას წინასაარჩევნოდ, არაპირდაპირი კამპანია უკვე დაწყებული აქვს. ამის შესახებ თავისი დასკვნა ისეთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამაც გამოაქვეყნა, როგორიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოა."
საერთოდ კი, შემოდგომის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, დღევანდელი გადასახედიდან, "ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან ცუდად აქვს საქმე, ვინაიდან ის ცნობილი სახეები, ვინც ამ პარტიის სათავეებთან დგას, რბილად რომ ვთქვათ, ხალხში მეტისმეტად არაპოპულარულები არიან, ხოლო ახალი სახის და შესაბამისად მის მიმართ საზოგადოების პოზიტიური განწყობისა და მოლოდინის შესაქმნელად კი, ნაციონალებს აღარც დრო აქვთ და აღარც რესურსი.
ერთადერთი, რამაც მათ იმიჯზე პოზიტიურად შეიძლება იმოქმედოს, ეს ახალი ხელისუფლების შეცდომები და ნაციონალების მიერ დაგეგმილი პროვოკაციების უზადოდ შესრულება იქნება, თუმცა, ის, რომ ახალმა ხელისუფლებამ ისეთი ხასიათის შეცდომა დაუშვას, რაც მის მიმართ საზოგადოების განწყობას მყისიერად შეცვლის – ნაკლებად სავარაუდოა. ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელისუფლება მათ მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს წამოეგოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაივიწყოს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ყველა ხერხს გამოიყენებს და ყველაფერზე წავა. ამ კუთხით განსაკუთრებით საფრთხილო ქვეყნის რეგიონები, მათ შორის კი პირველ რიგში არაქართველი მოსახლეობით დასახლებული რეგიონებია. სწორედ ეს არის მიმართულება, საითაც ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიმართოს.
იმ შემთხვევაში, თუ რაიმე უმნიშვნელოვანესი არ შეიცვალა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "ნაციონალურ მოძრაობას," საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურის გაყვანის არანაირი შანსი აღარ აქვს.
რაც შეეხება კიდევ ერთ პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც ბოლო პერიოდში არც ქართულ მედიაში და არც ქვეყნის საერთო, პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად აღარ ჩანდა, ეს ნინო ბურჯანაძეა.
საზოგადოება მისგან და მისი პოლიტიკური ძალისგან თავისი პოზიციის დაფიქსირებას კარგა ხანია ელის, თუმცა ნინო ბურჯანაძემ, გამოცხადებული მორატორიუმის დარღვევა მხოლოდ მიმდინარე კვირაში გადაწყვიტა და მისი მომავალი პოლიტიკური გეგმებიც ალბათ, სწორედ ამ კვირაში გახდება ცნობილი.
სავარაუდოდ ის, საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატურას დააყენებს, თუმცა რამდენად ერთსულოვანი იქნება კოალიცია და მასში შემავალი სუბიექტები, რომ ბურჯანაძეს მხარი დაუჭირონ – ძნელი სათქმელია.
ამასთან, თუ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გადაწყვეტს და ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრის, მას იმ პერიოდის სახელისუფლებო კულუარებზე მოუწევს საუბარი, როცა ის ქვეყნის მეორე პირი იყო. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს აგრეთვე შეიძლება მოუწიოს ღიად საუბარმა და კონკრეტული პიროვნებების დასახელებამ იმის გამო, თუ რატომ არ გადადგა თანამდებობიდან 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ. როგორც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, მისი გადადგომის შემაფერხებელი ფაქტორი, მაშინდელ ოპოზიციასა და მათ ლიდერებს შორის მყოფი გამყიდველების სიმრავლე იყო და ისინი მიტინგზე სიტყვის გამოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან და მის ნდობით აღჭურვილ პირებთან სავაჭროდ მიდიოდნენ. ანუ ნინო ბურჯანაძე, მისივე თქმით, წინასწარ წაგებულ თამაშში არ ჩაერთო. პრეზიდენტად კენჭისყრის შემთხვევაში, ნინო ბურჯანაძეს აუცილებლად მოუწევს ხალხი ამ გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნოს და საჭიროების შემთხვევაში ღიად ისაუბროს იმ პერსონებზე, ვინც მიხეილ სააკაშვილთან მისასვლელი და სავაჭრო გზების ძიებაში ფეხსაცმელებს ცვეთდა. ხოლო ის ფაქტი, რომ, 7 ნოემბრის აქციის დარბევის დროს, მისი ბრძანებით პარლამენტის კარი გაიღო და რუსთაველზე საპროტესტოდ მისული მოსახლეობა მხუთავ გაზს და რეზინის ტყვიებს სწორედ პარლამენტის შენობაში დაემალა, ბურჯანაძის რეიტინგზე აუცილებლად პოზიტიურად იმოქმედებს.
მის რეიტინგზე დადებითად კიდევ ორი ფაქტორი აისახება. მათგან პირველი, ბურჯანაძის ის გამოცდილებაა, როდესაც ქვეყნის პირველი პირის მოვალეობას ორგზის ასრულებდა და მეორე, - ის ოპოზიციაში წასვლის შემდეგ არასდროს არ დათანხმებულა მიხეილ სააკაშვილთან მოლაპარაკებებს, რომ აღარაფერი ვთქვათ მასთან გარიგებაში შესვლაზე, ან ქვეყნის ინტერესების მატერიალურ ფასეულობებში გაცვლაზე.
რაც შეეხება პრეზიდენტობის გამოცდილებას, ბურჯანაძე ქვეყნის პირველი პირის მოვალეობას ორივეჯერ, პოლიტიკურად ყველაზე რთულ პირიოდში და ვითარებაში ასრულებდა, რაც საკმაოდ ანგარიშგასაწევი ფაქტორია.
აღსანისნავია კიდევ ერთი გარემოება, რომ მიუხედავად 2011 წლის 26 მაისამდე და განსაკუთრებით 26 მაისის შემდეგ, ბურჯანაძეზე და მის პოლიტიკურ გუნდზე განხორციელებული ზეწოლისა, რაც პროპაგანდისტული მანქანის თუ მაშინდელი ძალოვნების სრულმასშტაბიანი შეტევებით გამოიხატა, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა შეძლო და შეინარჩუნა როგორც პარტიის ბირთვი, აგრეთვე ის იდეაც, რისთვისაც "სახალხო კრება" შეიქმნა და შეინარჩუნა ასევე ამ იდეის გარშემო გაერთიანებული თანამოაზრეებიც. ამასთან, მას აქვს რესურსი, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზაციაში უდიდესი წვლილი შეიტანოს.
ეს ის ფაქტორებია, რაც ნინო ბურჯანაძეს ყველანაირ პირობას უქმნის საპრეზიდენტოდ კენჭი იყაროს, თუმცა რამდენად იქნება ის კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, რადგან მისი პერსონის საერთო კანდიდატად განხილვას, კოალიციაში აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად მოჰყვება და სავარაუდოდ, ბურჯანაძის კანდიდატურის მიმართ, ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრისგან არის მოსალოდნელი.
ყველაფერი კი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად ბურჯანაძე, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მორატორიუმს მიმდინარე კვირაში დაარღვევს.
ასეა თუ ისე, ქვეყნის დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში ნამდვილად არიან პოლიტიკოსები, რომელთა შორისაც, ქართველ ერს საშუალება ექნება ღირსეული აარჩიოს. ამისთვის კი უმთვარესია, რომ წინასაარჩევნო კამპანია მაქსიმალურად თანაბარ გარემოში ჩატარდეს, იქნება ეს ფინანსური თუ მედიამიმართულება. ამ შემთხვევაში, საზოგადოებას საკუთარი არჩევანის გაკეთება მნიშვნელოვნად გაუადვილდება.
რაც შეეხება გასული კვირის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში იმედია ჯანსაღ ტრადიციებს დაუდებს სათავეს, ეს შინაგან საქმეთა მინისტრის ჯერ პარლამენტში, ოპოზიციის დაბარების საფუძველზე გამოცხადება, ხოლო შემდეგ, რამდენიმე ათეული მედიასაშუალების წარმომადგენელთათვის ღია ეთერში ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა იყო.
შინაგან საქმეთა ბოლო მინისტრი, ვინც ირაკლი ღარიბაშვილამდე პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარსდგა, ეს კობა ნარჩემაშვილი იყო. მის შემდეგ არც პარლამენტს, არც მედიას და რა თქმა უნდა არც საზოგადოებას, საშუალება აღარ მისცემია, ქვეყნის მთავარი პოლიციელისთვის კითხვები დაესვა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი გენერალური მდივანი, მინისტრობის დროს პარლამენტის შემადგენლობას თვითონ აკომპლექტებდა, ხოლო შემდგომ მათ სრულ იგნორირებას ახდენდა, ღარიბაშვილის უმცირესობასთან და მედიასაშუალებებთან შეხვედრა, პოლიტიკურ უდაბნოში გამოჩენილ ოაზისს ჰგავდა და ეს ოაზისი იმედია მირაჟი არ აღმოჩნდება, ვინაიდან ხალხთან პირდაპირი კომუნიკაცია, მათში აჩენს იმის განცდას, რომ ხელისუფლება, იქნება ეს აღმასრულებელი თუ საკონონმდებლო, პირველ რიგში სწორედ ხალხის წინაშეა პასუხისმგებელი. ამ განცდის დაბადება და საზოგადოებაში სისხლორცეულად გაჯდომა კი, ჯანსაღი და ჭეშმარიტად დემოკრატიული პროცესების საფუძველი უნდა გახდეს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გასულ კვირას, ეს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი მხარდაჭერა იყო. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელი არაფერი მომხდარა. "ნაციონალურ მოძრაობას" და პირადად მიხეილ სააკაშვილს, სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უძლიერესი მოქმედების პოლიტიკურ ნაღმზე შედგებოდნენ, საიდანაც საეჭვოა, რომ უვნებლად ჩამოსულიყვნენ.
ზოგადად კი, დღიდან პოლიტიკაში მოსვლისა, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ არაპოპულარულ და ზოგ შემთხვევაში გაუმართლებელ განცხადებას, - პოლიტიკური ჭადრაკის დაფაზე სერიოზული შეცდომა არ დაუშვია. ის მიზანმიმართულად, მიდის თავისსავე მიერ დეკლარირებული პოლიტიკური მიზნების შესრულებისკენ, ხოლო რაც შეეხება განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს და მთლიანად ამ პროცესს, მას, გადაცემა "ვანოს შოუს" წამყვანმა ზედგამოჭრილი სახელი მოუძებნა – "ნაციონალების შესვლა "ბუტკაში."

ალექსანდრე კაპანაძე
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა