"ნაციონალური მოძრაობის" და მისი გენერალური მდივნის მიერ დაანონსებული 19 აპრილის მასშტაბური აქცია, კვლავ ანონსად რჩება და მის მოსამზადებლად გადადგმული აქტიური ნაბიჯები ჯერჯერობით არ შეინიშნება.
მითუმეტეს, რომ მერაბიშვილი, თითოეულ ქალაქში, თითოეულ ქუჩაზე და თითოეულ ეზოში მისვლას და აგიტაციის ჩატარებას დაგვპირდა.
მოლოდინი იმისა, რომ 19 აპრილს მართლაც გრანდიოზული აქცია გაიმართება, არავის, მათ შორის არც ამ აქციის ორგანიზატორებს აქვთ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დაანონსებული პროტესტი ხელისუფლებამ და პირველ რიგში ძალოვანმა უწყებებმა, ყურადღების მიღმა უნდა დატოვონ, ვინაიდან, სააკაშვილ-მერაბიშვილის ხელწერიდან გამომდინარე, ისინი პროვოკაციების მოწყობისგან არც მცირე რაოდენობით ხალხის მისვლის შემთხვევაში დაიხევენ უკან.
ის, რომ ნაციონალები მხარდამჭერებს კატასტროფული ტემპებით კარგავენ, თავად ყოფილ ხელისუფლებასაც ძალიან აშფოთებს და მათ შენარჩუნებას მაქსიმალურად ცდილობენ, თუმცა "ნაციონალური მოძრაობისთვის" ყველაზე ოპტიმისტური გათვლებითაც, კი ისინი 19 აპრილს რუსთაველზე მაქსიმუმ 1500 – 2000 ადამიანის შეკრებას შეძლებენ, თუ რა თქმა უნდა და მანამ ხელისუფლებამ რაიმე განსაკუთრებულად მძიმე შეცდომა არ დაუშვა, რაც ნაკლებად სავარაუდოა.
არჩევნების წინ, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ შეკრებაზე, რომელიც ეროვნულ სტადიონზე გაიმართა, მაქსიმუმ 50 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი, მაშინ როცა, ჯერ კიდევ ტერორის პირობებში, ბიძინა ივანიშვილმა დედაქალაქში ხალხის უპრეცენდენტო რაოდენობის გამოყვანა შეძლო.
რაც შეეხება ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ სტადიონზე შეკრებილ 50 ათას ადამიანს, დაახლოებით მათი ნახევარი, იქ შიშის ფაქტორის გამო იყო მისული, რასაც ემატება სახელმწიფო სტრუქტურებში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და აგრეთვე, ე.წ. ნაცკოორდინატორები. აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კოორდინატორები, იმის გათვალისწინებით, რომ მათ მინიმუმ ოჯახის თითო წევრი ჰყავდათ სტადიონზე წაყვანილი, ხალხის საერთო რაოდენობის საკმაოდ დიდ პროცენტს შეადგენდნენ.
ყოველივე ამათ ემატება რეგიონებიდან მობილიზებული ადამიანების რაოდენობა, რომელთა დედაქალაქში ჩამოყვანის უზრუნველყოფა, ხელისუფლებაში მყოფმა "ნაციონალურმა მოძრაობამ", მუნიციპალური ტრანსპორტით და საბიუჯეტო სახსრებით მოახდინა.
თუ ამას სტადიონზე მისულ ძალოვნებს და ცნობისმოყვარეებსაც დავუმატებთ, საერთო ჯამში – ეროვნული სტადიონი და იქ შეკრებილი 50 ათასი ადამიანი, შეიძლება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ვატერლოოდ მივიჩნიოთ.
რაც შეეხება დღევანდელ რეალობას და პროგნოზირებულ 1500 – 2000 ადამიანს, რომელთა მობილიზებასაც სავარაუდოდ 19 აპრილს ყოფილი ხელისუფლება შეძლებს.
არსებული რეალობის გათვალისწინებით, ხალხი ვინც სტადიონზე შიშის ფაქტორის გამო იყო მისული, რა თქმა უნდა რუსთაველის გამზირზე აღარ წავა. რუსთაველის გამზირზე აღარ წავლენ არც ძალოვნები, აღარც პედაგოგები და პროფესორ-მასწავლებლები, აღარც საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული მოსამსახურეები და აღარც კორპუსების კოორდინატორები და მათი ოჯახის წევრები.
ვფიქრობ საუბარიც ზედმეტია რეგიონებიდან ხალხის მობილიზებაზე, ვინაიდან ეს იმხელა ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომ მის დაფინანსებას ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები საკუთარი ჯიბეებიდან არ გასწევენ, ხოლო საბიუჯეტო სახსრებზე ხელი აღარ მიუწვდებათ.
ყოველივე აქედან გამომდინარე, 19 აპრილს, რუსთაველზე ორი კატეგორიის ადამიანები მივლენ. მათგან პირველი და ყველაზე მრავალრიცხოვანი იქნება კატეგორია, რომლებსაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს სისხლის სამართლის დანაშაულები აქვთ ჩადენილი და დღე-დღეზე პროკურატურის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებას ელოდებიან.
მეორე და მცირერიცხოვანი კატეგორია კი, ის ადამიანები იქნებიან, ვისაც ყოფილი ხელისუფლების მიმართ, ჯერ კიდევ შემორჩა რწმენა და მას უანგაროდ ერთგულობენ.
19 აპრილს, რუსთაველის გამზირზე მისულ აქციის მონაწილეებს შორის იქნება ასევე ადამიანების მესამე კატეგორიაც, მაგრამ მათი რიცხვი ისეთი მცირე იქნება, რომ ისინი არც შეიძლება ანგარიშში ჩაითვალოს.
მესამე კატეგორიაში იმ პარტიების წევრები შედიან, რომლებიც ცოტა ხნის წინ ნაციონალების ნასუფრალით იკვებებოდნენ და მათი რეიტინგის გაყალბებაზე და მათი წარმომადგენლების პარლამენტში შეთრევაზე, ნაციონალურ მოძრაობას მცირე შრომა როდი უწევდა.
ასეთ პარტიებს მხარდამჭერები წინა ხელისუფლების დროსაც თითზე ჩამოსათვლელები ჰყავდა, დღეს კი მითუმეტეს, მათი რიცხვი სასაცილოდ გამოიყურება, თუმცა ისინი "ნაციონალურ მოძრაობას" 19 აპრილსაც აუცილებლად დასჭირდება.
რაც უფრო მეტი, თუნდაც ერთკაციანი პარტიის წარმომადგენელი მივა აქციაზე, მით უფრო მეტი სალაპარაკო ექნება "ნაციონალურ მოძრაობას" უცხოელებთან, რომ მათ პროტესტს, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, ქვეყანაში მოქმედი პოლიტპარტიების დიდი ნაწილი შეუერთდა. ასე რომ, ნაციონალების ნასუფრალ ნამცეცებს შეჩვეული მოპოლიტიკანო ელემენტები, 19 აპრილს აუცილებლად დააფიქსირებენ თავიანთ ერგულებას "ქვეყნის ბედნიერი" მომავლის მიმართ.
ამ სურათიდან გამომდინარე, რომელიც რეალობის მაქსიმალური გათვალისწინებითაა შექმნილი, "ნაციონალური მოძრაობისა" და ახალი ხელისუფლების მხარდამჭერთა თანაფარდობაზე საუბარიც კი სასაცილოა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 19 აპრილს რუსთაველზე შეკრებილთა უმრავლესობა კუთხეში მიმწყვდეული ვირთხის მდგომარეობაში იქნება და მათ დასაკარგი აღარაფერი აქვთ. სწორედ ასეთი ადამიანების მიერ დაგეგმილ და შესრულებულ პროვოკაციებზე ვსაუბრობდით მასალის დასაწყისში და სწორედ ასეთი ადამიანების მიმართ მართებს პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა, რადგან არ დაუშვას და არ მისცეს მათ საშუალება კანონის ჩარჩოებიდან გასვლისა.
მოსალოდნელი პროვოკაციების განხორციელებაც კი, ქვეყნის განვითარების რეალურ სურათს სავარაუდოდ შესამჩნევად ვერ შეცვლის, თუმცა ამან შეიძლება ძალიან ცუდად იმოქმედოს ქვეყნის იმიჯზე.
კიდევ ერთი საფრთხე, რასაც 19 აპრილისთვის დაანონსებული აქცია შეიცავს, ეს ყოფილი ხელისუფლების მიერ გამწარებული ხალხის მხრიდან შურისძიების მცდელობაა. გამორიცხული არ არის რომ, ყოფილმა პოლიტპატიმრებმა, მათმა მხარდამჭერებმა და ახლობლებმა, შურისძიება პირდაპირ რუსთაველზე გადაწყვიტონ და ამის განხორციელება ორგანიზებულად სცადონ. ამ შემთხვევაში ვითარება გაცილებით უფრო დამძიმდება.
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე "სამართლიანობის აღდგენის" პროცესით, საზოგადოების დიდი ნაწილი და უპირველეს ყოვლისა, ნაციონალური ხელისუფლების მიერ რეპრესირებული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა უკმაყოფილოა, ზემოთნახსენები ვარაუდის რეალობაში განხორციელების ალბათობა კიდევ უფრო იზრდება.
ასე, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ დაანონსებული 19 აპრილის აქციის უგულვებელყოფა, მიუხედავად იმისა, რომ ის მასშტაბური ვერანაირად ვერ იქნება, გამართლებული მაინც არ იქნება.
ხოლო თუ აქცია არ შედგა და ჩაიშალა, ეს უკვე ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ საფლავზე დადებული გვირგვინი იქნება.
19 აპრილი არის მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის ბოლო გაბრძოლება და ამ გაბრძოლებას ახალი ხელისუფლება ღირსეულად უნდა შეხვდეს.
რაც შეეხება ზემოთნახსენებ "სამართლიანობის პროცესის" აღდგენას, ის სამწუხაროდ მართლაც იმაზე ბევრად დაბალი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ამას ხალხი ელოდა. თუმცა ამაში მხოლოდ ძალოვანი უწყებების და კონკრეტულად პროკურატურის დადანაშაულება არასწორია, ვინაიდან სასამართლო ხელისუფლება, ჯერ კიდევ სააკაშვილის ჯიბის მოსამართლეებითაა წარმოდგენილი, რომელთა უმრავლესობის დანაშაულებრივი საქმიანობის დამტკიცება სავარაუდოდ, მომავალში დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. ასე, რომ დასაკარგი არც ამ მოსამართლეებს აქვთ არაფერი. აქ ყველაფერი იუსტიციის მინისტრის – თეა წულუკიანის მოქმედებებზეა დამოკიდებული. თუ წულუკიანმა შეძლო და, სასამართლო ხელისუფლებაში რეალური რეფორმა განახორციელა, მაშინ სამართლიანობის აღდგენის პროცესი, ჯაჭვური რეაქციის პრინციპით, წინ გაცილებით სწრაფი ტემპით წავა.
გასული კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც ისევ სამართლიანობის პროცესის აღდგენას უკავშირდება, ეს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის – ნინო ბურჯანაძის მიერ, 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, პროკურატურისთვის ჩვენების მიცემა იყო.
სხვათა შორის ნინო ბურჯანაძის პარტია და "სახალხო კრება" ის ორგანიზაციები არიან, რომელთა წევრებს შორისაც, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლთა რიცხვი, სხვებთან შედარებით ბევრად დიდია და შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენაც მათთვის გაცილებით უფრო პრინციპული საკითხია.
რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში, ქვეყანაში რეალური სამართლიანობის აღდგენა ხელისუფლების მხრიდან მოხდეს, რაც ყოველგვარ პირად ანგარიშსწორებას გამორიცხავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ადრეც ვწერდით, საფრთხე იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმისგან გამწარებულმა ადამიანებმა სამართლის პოვნა თავადვე გადაწყვიტონ ჯერ კიდევ არსებობს, რაც, რა თქმა უნდა ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის და მისი საერთაშორისო იმიჯისთვის ძალიან ცუდი იქნება.
კიდევ ერთი ფაქტორი, რაზეც ახალ ხელისუფლებას განსაკუთრებული სიფაქიზის გამოჩენა მართებს, ეს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ, დაახლოებით ორი თვის წინ გაჟღერებული, ყოფილი ხელისუფლების ე.წ. საშუალო რგოლების ამნისტირების თემაა.
აღნიშნული ამნისტია საზოგადოების უკმაყოფილების სერიოზული მიზეზი შეიძლება გახდეს, ვინაიდან საზოგადოებაზე პირდაპირ ძალადობას და მათი უფლებების ფეხქვეშ გათელვას არა პირადად ვანო მერაბიშვილი ან მიხეილ სააკაშვილი ახორციელებდნენ, არამედ კონკრეტულად იმ საშუალო რგოლის წარმომადგენლები, რომელთა შესაძლო ამნისტიაზეც დღესაა საუბარი.
იმ შემთხვევაში თუ არ დაისაჯნენ ის სპეცრაზმელები და ზონდერები, რომლების საკუთარ თანამოქალაქეებს ვამპირის სიამოვნებით უსწორდებოდნენ, თუ არ დაისაჯნენ ის პირები, ვინც სვანეთში, გარდაცვლილ აფრასიძეს ბეჭდის გამო თითი მოაჭრა, თუ არ დაისაჯნენ ის კონკრეტული შემსრულებლები, ვისაც კონკრეტული ადამიანების და ოჯახების გაუბედურებაში ბრალი მიუძღვით, ყოფილი ხელისუფლების ყველა უმაღლესი თანამდებობის პირის ციხეში ჩასმის შემთხვევაშიც კი, სამართლიანობის აღდგენის პროცესი დასრულებულად არ შეიძლება ჩაითვალოს და ეს კვლავ დასვამს იმ საფრთხის გააქტიურების საკითხს, რასაც სამართლიანობის აღდგენის საკუთარი ძალებით განხორციელების მცდელობა, უფრო სწორად კი შურისძიება ჰქვია.
სამართლიანობის აღდგენის პროცესის ბოლომდე მიყვანა, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს ის, გარდა იმისა, რომ საზოგადოების დაკვეთაა, ქვეყნის მომავალი განვითარებისთვისაც აუცილებელია, ვინაიდან ამით შეიქმნება პრეცენდენტი, რომლის მიხედვითაც დანაშაულებრივი ბრძანების შემსრულებლები სათანადოდ დაისჯებიან, რაც მომავალში მსგავსი ფაქტების განმეორების ალბათობას მაქსიმალურად შეამცირებს.
და ბოლოს, კიდევ ერთი თვალშისაცემი ფაქტორი რაც ნაციონალური არხების სარედაქციო პოლიტიკაში და პიარსტრატეგიაში ბოლო პერიოდში შეინიშნება, ეს აშკარა ჟანრის კრიზისია, ვინაიდან ისინიც კი იძულებულნი არიან, კონკურენციის პრინციპებიდან გამომდინარე, გააშუქონ ის პოზიტიური მოვლენები, რაც ქვეყანაში ხდება.
ჟანრის კრიზისს უჩივიან ნაცარხების იუმორისტული გადაცემებიც, რომლებიც წლების განმავლობაში ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყვნენ ქცეულნი. ნაციონალების საფლაგმანო იუმორისტული გადაცემა "ვანოს შოუც" კი, რომელიც ახერხებდა და მაყურებელს ინარჩუნებდა, დღეს აშკარად უსუსურად გამოიყურება, ვინაიდან ერთის მხრივ ვერ გათავისუფლდა "ნაციონალური ვალდებულებისგან" და მეორეს მხრივ, სახუმარო თემების ნაკლებობის გამო, ასეთი თემების თითიდან გამოწოვის მცდელობითაა დაკავებული. ამას კი მაყურებელი მაშინვე გრძნობს.
კვლავ გაურკვეველია ვითარება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, რომელიც დღემდე ისევ ნაციონალურ არხად რჩება.
ვფიქრობთ პირველ რიგში სწორედ საზოგადოებამ უნდა შეძლოს და მაუწყებელი, რომელსაც ის საკუთარი ჯიბიდან ათეულობით მილიონ ლარს უხდის, ნაციონალურ მოძრაობას გამოგლიჯოს და თავის სამსახურში ჩააყენოს.
ალექსანდრე კაპანაძე