logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
დუღილისწინა ტემპერატურა
დუღილისწინა ტემპერატურა
12:02 04.02.2013
ქართულ სინამდვილეში არსებული პოლიტიკური ტემპერატურა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გრილი არასდროს არ ყოფილა, პირიქით, ის ყოველთვის ცხელი იყო, თუმცა დუღილის დონეზე, თვით გახურებულ წინასაარჩევნო პერიოდშიც კი არ ასულა.
საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური ვითარება, სწორედ რომ დუღილისწინა ტემპერატურად შეიძლება შეფასდეს და არც ის დროა შორს, როცა დუღილი დაიწყება.
ამის ყველა წინაპირობა უკვე სახეზეა.
ხოლო იმას, რომ პოლიტიკური პროცესები დუღილამდე მიიყვანოს, "ნაციონალური მოძრაობა" აუცილებლად შეეცდება და სავარაუდოდ მიაღწევს კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ახალი ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით არ ჩანს არც გადადგმული ნაბიჯები და არც სათანადო ძალა, რომელიც ამ პროცესს შეაჩერებს.
ის კი, თუ რატომ ეცდებიან ნაციონალები პროცესების დუღილის ტემპერატურამდე აყვანას, სამი ძირითადი მიზეზით შეიძლება აიხსნას.
თუ აქამდე დრო "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ მუშაობდა, სულ ორიოდე თვეში ეს ვითარება რადიკალურად შეიცვლება, რაც თავად ნაციონალებს სხვაზე არანაკლებ მკაფიოდ აქვთ გააზრებული და რა თქმა უნდა, ეცდებიან დროს დაასწრონ, თუნდაც ამისთვის ბოლო რესურსის მობილიზება გახდეს საჭირო.
პირველი ფაქტორი, რის გამოც ისინი პოლიტიკური ვითარების დაძაბვას შეეცდებიან, ეს გაზაფხული და შესაბამისად საგაზაფხულო სამუშაოების მოახლოებაა, რომელიც ყველა წინაპირობის თანახმად, გაცილებით უფრო წარმატებულად და ეფექტურად ჩატარდება, ვიდრე ეს, თუნდაც ბოლო 30 წლის განმავლობაში მომხდარა.
ახალი ხელისუფლების პროგრამის თანახმად, სოფლად მცხოვრები თითოეული ოჯახი, მიწის დასამუშავებლად, დაახლოებით 600 ლარიან დახმარებას მიიღებს, რისი პრეცედენტიც საქართველოში ჯერჯერობით ნამდვილად არ ყოფილა. ეს თანხა სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ თითოეულმა კომლმა, მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის სრულად დამუშავება შეძლოს და ქრონიკულ საგაზაფხულო პრობლემას – უსახსრობას და უსაწვავობას ბოლო მოეღოს.
ბოლო მოეღება აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პრობლემასაც, ვინაიდან უახლოეს პერიოდში საქართველო ტრაქტორების საკმაოდ დიდ პარტიას მიიღებს, რომლებიც ნაკლებსავარაუდოა, რომ კვლავ, მხოლოდ ტელეპიარისთვის იქნას გამოყენებული.
ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ სოფლად მცხოვრები ადამიანი, ახალი ხელისუფლების ზრუნვას რეალურად იგრძნობს, რაც მის შეხედულებებს პოლიტიკური თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად შეცვლის და რა თქმა უნდა ეს ცვლილება არავითარ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ არ იქნება.
ამ შემთხვევაში, ყოფილი ხელისუფლება დედაქალაქთან ერთად, სადაც მას მხარდაჭერა რამდენიმე წელია დაკარგული აქვს, დაკარგავს მხარდაჭერას სოფლებშიც, ხოლო შემდეგ, ამ სიტუაციის შემობრუნება, მას, მიუხედავად წერტილოვანი პიარსტრატეგიის სკულპულოზური სიზუსტით განხორციელებისა, - ძალიან გაუჭირდება.
შემთხვევითი არ ყოფილა, რომ პრეზიდენტის განსაკუთრებული კრიტიკა გასულ კვირაში სწორედ სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაიმსახურა. სავარაუდოდ, კირვალიძე და მისი უწყება, ყოფილი ხელისუფლების სამიზნეზე, კიდევ უფრო ხშირად მოხვდება, რაც ამ სამინისტროს დისკრედიტაციას მოემსახურება და რამაც საბოლოო ჯამში, გლეხების ნეგატიური განწყობა უნდა გამოიწვიოს.
გლეხების ნეგატიური განწყობის გამოწვევას, ბოლო პერიოდში, ნაციონალური პროპაგანდა საკმაოდ წარმატებით ახერხებდა და ახერხებს, მხოლოდ არა სოფლის მეურნეობის, არამედ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართ, რომლის უშუალო კომპეტენციასაც წარმოადგენს კახეთში სტიქიით დაზარალებული გლეხებისთვის კომპენსაციების გაცემა.
მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპენსაციის მიმღებთა რიცხვიც და თავად კომპენსაციის რაოდენობაც, ნაციონალურმა პიარმანქანამ მოახერხა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, მასობრივი უკმაყოფილების სურათი დახატა.
არსებული პრაქტიკის გათვალისწინებითაც კი, საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, ყოფილი ხელისუფლება წარმატებულ პროპაგანდას ვეღარ განახორციელებს, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითოეული გლეხისთვის მიწის, პრაქტიკულად უფასოდ დამუშავება და ზედ დამატებული სხვა შეღავათები, სოფლის მოსახლეობის შეხედულებებს მკვეთრად ჩამოაყალიბებს.
ყოველივე ამის შემდეგ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "ნაციონალური მოძრაობა" დედაქალაქთან ერთად სოფლებსაც დაკარგავს, სოფლების დაკარგვა კი, რაიონული ცენტრების დაკარგვასაც ნიშნავს, ვინაიდან რაიონული ცენტრების მოსახლეობის 70-80 პროცენტი სოფლებზეა მიბმული.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დაახლოებით ორ თვეში დაიწყება და რა თქმა უნდა, ყოფილი ხელისუფლება, ამ ორი თვის მაქსიმალურად გამოყენებას შეეცდება.
მეორე ფაქტორი, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" ცაიტნოტში აგდებს და აიძულებს მას პოლიტიკური პროცესები დაძაბვისკენ წაიყვანოს, ეს მართლმსაჯულების ის რკალია, რომელიც მისი ყოფილი მაღალჩინოსნების გარშემო სულ უფრო და უფრო ვიწროვდება და რომელმაც შეიძლება "ნაციონალების ბირთვიდან" ძალიან ბევრი შეიწიროს. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან, აღსასრულისადმი გულხელდაკრეფილი მოლოდინის იმედი, ზედმეტი გულუბრყვილობა იქნება.
გასულ კვირაში გამომძიებლის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ვანო მერაბიშვილის შემდეგ, რიგით მეორე "მძიმეწონოსან ნაციონალს", გიგი უგულავას მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანობის პროცესის აღდგენაში ახალ ხელისუფლებას საკმაოდ ბევრი, შინაური თუ გარეული მტერი უშლის ხელს, თუ მოვლენები ამავე ტემპით წარიმართა, პროკურატურის უწყება, ერთ მშვენიერ დღეს ავლაბრის რეზიდენციაშიც შეიძლება მივიდეს, რაც მორალურ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ნაციონალური მოძრაობისთვის და მისი მიმდევრებისთვის სახარბიელო ნამდვილად არ იქნება.
კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც ნაციონალები პოლიტიკური ვითარების გასამწვავებლად მთელი რესურსის მობილიზებას მოახდენენ, ეს თავად კოალიცია "ქართულ ოცნებაში" დაწყებული შიდა წმენდის პროცესია.
სავარაუდოდ, თავის დროზე, ყოფილი ხელისუფლება ნამდვილად შეეცდებოდა თავისი ხალხი ჩაენერგა კოალიციაში შემავალ სუბიექტთა რიგებში. ასევე ლოგიკურია, რომ ამას ისინი ირაკლი ალასანიას პარტიაში უფრო ადვილად შეძლებდნენ, ვინაიდან, რესპუბლიკურ პარტიაში, თუნდაც ამ პარტიის პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს გაცილებით რთულად მიღწევადი იქნებოდა.
ასე, რომ ყოფილ ხელისუფლებას მინიმუმ სამი ფაქტორი, - სოფლის მოსახლეობაში მხარდაჭერის მოსალოდნელი დაკარგვა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოახლოება და კოალიცია "ქართულ ოცნებაში" ჩანერგილი თავის ხალხის ლუსტაციის საფრთხე აიძულებს, რომ გაზაფხულის მოსვლასთან ერთად პოლიტიკური პროცესები აადუღოს და სამწუხაროდ, გამორიცხული არ არის, რომ ეს დუღილის პროცესი პოლიტიკური ბრძოლის ჩარჩოებს გასცდეს. ყოველ შემთხვევაში, თუ შესაძლებლობა მიეცემათ, ნაციონალები ამაზე ნამდვილად წავლენ.
რაც შეეხება არსენალს, რომლის გამოყენებაც მათ ამ ფრონტზე შეუძლიათ, ის საკმაოდ მრავალფეროვანია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრძოლის ყველა მიმართულებაზე, ნაციონალებს ავანგარდში პროფესიონალები ეყოლებათ, იქნება ეს პიარ თუ ორატორული მიმართულება.
ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ვწერდით, რომ საგაზაფხულოდ საზოგადოება, ნაციონალების მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციებს უნდა ელოდოს. ეს პროგნოზი პრაქტიკულად ერთი-ერთზე დაადასტურა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელმაც როგორც ცნობილია განაცხადა, რომ ყველა არსებული რესურსით ეცდებიან ხელისუფლების შევიწროებას, მათ შორის ქუჩის აქციების მეშვეობითაც. ხოლო თუ "ნაციონალური მოძრაობის" იმ უდიდეს ნიჭს და გამოცდილებას გავითვალისწინებთ, რომელიც მას დემაგოგიის და საბოტაჟის მიმართულებით გააჩნია, ვანო მერაბიშვილის განცხადება საკმაოზე მეტად დამაფიქრებელიც კი შეიძლება იყოს.
ყოფილი ხელისუფლების არსენალშია კიდევ ერთი საკმაოდ მძლავრი იარაღი, რასაც კომპრომატები ჰქვია და რომელიც მას ახალი ხელისუფლების დიდი ნაწილის მიმართ აუცილებლად ექნება.
ის ხელისუფლება, ვის თავშიც სექსუალური უმცირესობების გამოყენებით პოლიტიკოსთა და ბიზნესმენთა შანტაჟის იდეა მომწიფდა, ალბათ კომპრომატების მოძიებას სხვა მიმართულებითაც შეცდებოდა და სავარაუდოდ არცთუ უშედეგოდ.
როგორც ცნობილია, წლების განმავლობაში, ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის მათი ნაწილიც, ვინც დღეს უმრავლესობაშია, სააკაშვილის ხელისუფლებასთან კულისებსმიღმა თამაშებში იყვნენ შემჩნეულნი, ხოლო ეს თამაშები რომ ანგარების გარეშე არ იმართება, არც ესაა დიდი საიდუმლო. აქედან გამომდინარე, თუ ოდესმე ვინმეს, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, ხელი წასცდენია და სააკაშვილის ხელისუფლებასთან სხვადასხვა მიზეზთა გამო ფარული თანამშრომლობა დაუწყია, დღეს შეიძლება ამ თანამშრომლობის ამსახველი დეტალური ვიდეო-აუდიო ინფორმაცია აუფრიალონ. ასეთ შემთხვევაში, ჩრდილი თავად ივანიშვილის პერსონას ძალიან ნაკლებად მიადგება, რასაც ვერ ვიტყვით საპარლამენტო უმრავლესობაზე ან აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის არსენალში კიდევ ერთი იარაღი – ყოფილი ე.წ. "სახელისუფლებო ოპოზიციაა." მართალია ხალხს როგორც ადრე, მათი დანახვა დღესაც არ უნდა, მაგრამ ამ "სატელიტი პარტიების" მეშვეობით, "ნაციონალური მოძრაობა" შეეცდება საზოგადოების ცნობიერებაში არეულობა შეიტანოს და ისინი თავიანთი შეხედულებების სისწორეში დააეჭვოს.
საერთოდ, კი ახალი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები დროა დაინტერესდნენ, როგორ და რა ფორმით იღებდნენ ასეთი პარტიები დაფინანსებას ყოფილი ხელისუფლების მხრიდან და როგორ ხდებოდა მათთვის განკუთვნილი თანხის ე.წ. "გალევება."
ყოველივე ზემოთნახსენების ფონზე, პრემიერ ივანიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ის "ნაციონალურ მოძრაობასთან" "პინგ-პონგის" თამაშს წყვეტს და ამიერიდან ხელისუფლება ოპოზიციის გამონათქვამების გამო სერიოზული კომენტარების გაკეთებაზე აღარ მოცდება, გამართლებული არ იქნება, ვინაიდან იმ პიარ-ომში, რომელიც ხელისუფლებას ნაციონალებმა შესთავაზეს და რომელიც მათი მხრიდან როგორც მოსალოდნელი იყო, წესების გარეშე მიმდინარეობს, პასუხის გაუცემლობა, ისევ და ისევ ნაციონალების წისქვილზე დაასხამს წყალს და მათი დემაგოგიის დიაპაზონს კიდევ უფრო გაზრდის.
ახალი ხელისუფლება რა თქმა უნდა არც თავის მართლების რეჟიმში არ უნდა გადავიდეს, რაც ასევე ნაციონალების პიარ-წარმატება იქნება, მაგრამ მან უნდა შეძლოს და ნებისმიერი ფაქტი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან გაჟღერდება, იმ შემთხვევაში თუ ის სიმართლესთან შესაბამისობაში არ იქნება, სათანადო არგუმენტებით, მთელი საზოგადოების წინაშე უნდა გააქარწყლოს, რათა საზოგადოებას მოწინააღმდეგის მიმართ ნდობა, მოწინააღმდეგეს კი სიცრუის ტირაჟირების სურვილი დაუკარგონ.
გამორიცხული არ არის, რომ პრემიერ-მინისტრს მსგავსი, "წაყრუების" ტაქტიკით მოქმედების შესახებ, მის გუნდში მყოფმა, წინა მთავრობის რომელიმე გულშემატკივარმა ურჩია, რომლებიც როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც იკვეთება, კოალიციის შიგნით საკმაოდ ყოფილან.
წაყრუების ტაქტიკა, მაკომპრომეტირებელი პიარის საწინააღმდეგო ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს და სწორად შერჩევის დროს, ის საკმაოდ ეფექტურიცაა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისი აუცილებლობა საეჭვოა.
რაც შეეხება ყოფილი ხელისუფლების მიერ, კოალიციაში ჩანერგილ კადრებს, როგორც ზემოთ ვთქვით, ყველაზე მოსალოდნელი იყო რომ, მათ ნაციონალები, კოალიციაში, სწორედ ირაკლი ალასანიას პარტიის საფარველქვეშ ამოფარებულებს შეიყვანდნენ, რადგან, ჯერ ერთი, ამ პარტიას პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ მწირი გამოცდილება აქვს და მეორეც, მათი ლიდერი, დღიდან ოპოზიციაში გადასვლისა, სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით, მუდმივად გამოირჩეოდა და მუდმივად უწევდა ლობირებას "ნაციონალურ მოძრაობასთან" კონსტრუქციული თანამშრომლობის იდეას.
როგორც მოსალოდნელი და აუცილებელი იყო, პრემიერ-მინისტრმა საკუთარი დასაყრდენის გაძლიერება დაიწყო, რაც მისი მხრიდან პოლიტიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად გამართლებულია, თუმცა შეიძლება ოდნავ დაგვიანებულიც.
ამ ნაბიჯს კოალიციაში შემავალმა ზოგიერთმა სუბიექტმა ეჭვიანობით უპასუხა, რისი დასტურიც იყო პრემიერის ბიზნესცენტრთან მოწყობილი მცირე აქცია, სადაც "თავისუფალი დემოკრატების" წევრები, ერთ-ერთ რაიონში, პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ორგანიზაციის დაკომპლექტებას აპროტესტებდნენ.
ეს, ირაკლი ალასანიას მეორე სერიოზული შეცდომა იყო, რადგან ის შეეცადა გავლენა მოეხდინა ივანიშვილის პარტიის დაკომპლექტებაზე და სავარაუდოდ, მის პარტიაშიც თავისთვის სასურველი პერსონების შეყვანას გეგმავდა, რაც, რომ არაფერი ვთქვათ მთელი ამ პროცესის მორალურ მხარეზე, კოალიციის შიდა ბალანსისა და სამთავრობო სუბორდინაციის აშკარა დარღვევა იქნებოდა.
იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილის პარტიას რომელიმე კონკრეტულ რაიონში ირაკლი ალასანია დააკომპლექტებდა, რა თქმა უნდა კოალიციის ნებისმიერ სუბიექტს, "რესპუბლიკელებს," "მრეწველებს" ან სხვას, შესაძლოა გასჩენოდათ ამბიცია, რომ მეორე რაიონში ამავე საქმეს ისინი გააკეთებდნენ, შესაბამისად, ივანიშვილისთვის პარტიის შექმნა ყოველგვარ აზრს დაკარგავდა.
ეს რა თქმა უნდა არცთუ ძნელად გამოსაცნობი ამბავია და საინტერესო ისაა, თუ რატომ შესთავაზა ალასანიამ ივანიშვილს თამაშის ასეთი პრიმიტიული ხერხი, რომელზეც არცერთი, თუნდაც დამწყები პოლიტიკოსიც კი არ წამოეგებოდა.
საინტერესო იყო აგრეთვე პრემიერის კომენტარი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, როცა აღმოჩნდა, რომ მან ალასანიას პარტიის დასახელებაც კი არ იცოდა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მოცემულ ეტაპზე ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი, მის მიერ დეკლარირებულ და სავარაუდოდ წინასწარ კარგად მოფიქრებულ და განსაზღვრულ კურსს მყარად მიყვება და მისთვის, ამ გზაზე ბარიერის შემქნელი არცერთი სუბიექტის ჩამოშორება პრობლემას არ წარმოადგენს.
ერთადერთი, რაც ისევ და ისევ მისთვის პრობლემების შემქმნელი შეიძლება აღმოჩნდეს, ეს საზოგადოებასთან ურთიერთობის არასათანადო დონეზე დაყენებაა.
თუ პრემიერი შეძლებს და საზოგადოებას, თავის მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ ინფორმაციას რეალურად მიაწვდის, ასევე თუ შეძლებს და ახლო მომავალში საზოგადოებრივ მაუწყებელს საზოგადოებას დაუბრუნებს, მაშინ მისთვის, ზემოთნახსენებ გზაზე სერიოზული დაბრკოლების შექმნა პრაქტიკულად გამორიცხული იქნება.

ალექსანდრე კაპანაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა