ხელისუფლების ცვლილებიდან სულ რაღაც რამდენიმე თვეში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლო და თავისი მიზნის პირველ საფეხურს - ხელისუფლების თავის მართლების რეჟიმში ჩაყენებას, უკვე მიაღწია.
მიაღწია არცთუ ისე დიდი ძალისხმევის წყალობით და ეს ტენდენცია შეიძლება ახალი ხელისუფლებისთვის არასახარბიელო პერსპექტივის საწინდარი გახდეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ამ წარმატების მიღწევა ძნელად პროგნოზირებადი სულაც არ იყო, ვინაიდან ახალი ხელისუფლება საზოგადოებასთან ურთიერთობას, როგორც წესი, არც ხელისუფლებაში მოსვლამდე და არც მის შემდეგ დიდ ყურადღებას არ აქცევდა, რასაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიტყვით „ნაციონალურ მოძრაობაზე“.
უფრო მეტიც, პიარ-შეტევამ, რომელიც სავარაუდოდ სულ უფრო და უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს, ადვილი შესაძლებელია ხალხის განწყობის სურათი მკვეთრად შეცვალოს და საზოგადოებრივი აზრის ტრანსფორმირება გამოიწვიოს, რისი პირველადი ნიშნებიც უკვე სახეზე გვაქვს.
ის, რაც ვერ შეძლო „ ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებამდე და „ქართული ოცნება“ მის სათამაშო მოედანზე, ანუ ქუჩის ფრონტზე ვერ გადაიყვანა, შეძლო არჩევნების შემდეგ.
დღეს ნაციონალები ახერხებენ და პიარის ომში, ახალი ხელისუფლება თავის სათამაშო მოედანზე გადაჰყავთ, რაც ამ უკანასკნელის მიერ თავის მართლების რეჟიმში გადასვლით გამოიხატება.
თავის მართლების რეჟიმზე გადასვლა, გასულ კვირაში აღმასრულებელი ხელისუფლების სამ უწყებას - შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარ პროკურატურასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწია. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოდიში მოუხადა, თუმცა ფანჯიკიძის ეპიზოდი, სხვა ზემოთნახსენები ორი ეპიზოდისგან განსხვავდება და ამაზე ოდნავ ქვემოთ ვისაუბროთ.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, ყოფილი ხელისუფლების მიერ აგორებულ პიარს, ის როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთი კონკრეტული საქმის გამოძიებასა და არასრულწლოვნების დაკითხვის საქმეს უკავშირდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრომ მისი დისკრედიტაციის ამ მცდელობას ოფიციალური პასუხი გასცა და საკმაოდ საფუძვლიანი შიდა მოკვლევაც აწარმოა, საზოგადოებაში მაინც დარჩა ეჭვი, რომ გამოძიების დროს შესაძლებელია ზეწოლის ფაქტები მართლაც ყოფილიყო.
ამას პიარის ენაზე კომპრომეტირება ეწოდება, რაც გულისხმობს კონკრეტული ობიექტის მისამართით ისეთი მასალის გავრცელებას, რაც მის დისკრედიტაციას შეუწყობს ხელს, ხოლო ფსიქოლოგიური ფაქტორის გათვალისწინებით, რაც არ უნდა ამომწურავი პასუხი გაეცეს კომპრომატს, ის ადამიანის ფსიქიკაში ეჭვის სახით მაინც ილექება და დროთა განმავლობაში პიროვნების შეხედულებებს ცვლის.
ადვილი წარმოსადგენია რა ამბავს ატეხდა „ნაციონალური მოძრაობა,“ რომ დღეს პოლიციის შენობის კიბიდან „ადამიანი გადავარდეს“ და დაიღუპოს ისე, როგორც ეს ვანო მერაბიშვილის დროს, ხაშურის პოლიციაში მოხდა.
როცა პასუხის გაცემაზე და კომპრომატის გაქარწყლებაზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი: პასუხი უნდა იყოს იმ მასშტაბების ადექვატური, რა მასშტაბებითაც დაინტერესებული პირი ან პირთა ჯგუფი კომპრომეტირებას ახდენს. ანუ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმ პირს, ვისი უფლებების შელახვაზეცაა საუბარი, თავად პრეზიდენტმა დაურეკა და ეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა საკმაოდ დიდი დოზით გააშუქეს.
მაშინ როცა პიარ ომში პრეზიდენტი ერთვება, ამ ქმედების საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯებიც ადექვატური მასშტაბურობით უნდა გამოირჩეოდეს და მას უწყების ვებ-გვერდზე გაკეთებული განცხადებით ვერ გააბათილებ, რაოდენ დიდ სიმართლესაც არ უნდა შეიცავდეს ეს ინფორმაცია.
ამ შემთხვევაში საქმე კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ეხება, ვინაიდან მას სხვა რეალური რესურსი არც გააჩნია. საზოგადოებასთან ურთიერთობა უნდა იყოს სახელმწიფოებრივ დონეზე აყვანილი მიმართულება, რომელიც მყისიერად გასცემს ადექვატურ პასუხს ნებისმიერ ცილისწამებას ან რეალობის მახინჯი კუთხით წარმოჩენის მცდელობას.
ნუ დაგვავიწყდება, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილის შემობრუნება მიხეილ სააკაშვილმა 2003 წელს, სწორედ თავხედური, მაგრამ აბსოლუტურად სწორად გათვლილ - განხორციელებული პიარის მეშვეობით შეძლო და ეს არც ახლაა გამორიცხული, მითუმეტეს, რომ მას ჯერ კიდევ გააჩნია ისეთი პიარ-იარაღი, როგორიც თუნდაც „რუსთავი 2“ და სხვა ზოგიერთი მედიასაშუალებაა.
რაც შეეხება ქართულ მედიაბაზარზე არსებულ მდგომარეობას, ის ვერც ამჯერად უძლებს ვერავითარ კრიტიკას და კვლავ დომინანტურ მდგომარეობაში აყენებს ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერ მედიასაშუალებებს, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით.
საერთოდ კი, ის, რომ ყოფილი ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანის უფლებები მეათასეხარისხოვანი იყო, დღეს ბედავს და სწორედ ამ თემებით მანიპულირებს, არსებული ხელისუფლების გარდა საზოგადოების, უფრო სწორად კი მისი მოკლე მეხსიერების პრობლემაც შეიძლება იყოს.
რაც შეეხება გასული კვირის განმავლობაში მომხდარ მეორე ფაქტს, რომლითაც აგრეთვე შეძლეს და ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმში გადაიყვანეს, ეს პროკურატურის მიერ გავრცელებული ის კადრებია, რომლებზეც, როგორც აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობა“ ნადირობდა და რომლითაც ისინი სავარაუდოდ, მათი პოლიტიკის მიმართ არაკეთილგანწყობილ პირებს ათვინიერებდნენ.
აღნიშნული კადრები შეიძლება ითქვას, რომ საკმარისზე კარგად იყო დაფარული სათანადო მონტაჟური ეფექტით, რაც პირთა იდენტიფიკაციას მართლაც, თითქმის 100 პროცენტით გამორიცხავდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლო და მისი გავრცელების გამო ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმში ჩააყენა.
ამით ნაციონალებმა ერთდროულად სამი კურდღელი დაიჭირეს.
პირველი, როგორც აღვნიშნეთ, ხელისუფლების თავის მართლების რეჟიმში გადაყვანაა, რაც ძალიან ცუდად აისახება საზოგადოების განწყობაზე ახლო ან შედარებით შორეულ პერსპექტივაში.
მეორე ხეირი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ “ გაღმა შედავების პრინციპით ნახა, ისაა, რომ საზოგადოების ყურადღება კადრების გავრცელებაზე გადაიტანა და საქმის რეალური არსი მიჩქმალა. საქმის რეალური არსი, კი როგორც მოგეხსენებათ, ამა თუ იმ კონკრეტული პირის პირადი ცხოვრების ფირზე ასახვა იყო, რომელსაც შემდეგ შანტაჟისთვის გამოიყენებდნენ. ამ სიბინძურის შემკვეთი კი, არც მეტი არც ნაკლები, სწორედ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები იყვნენ. ნაციონალებმა მოახერხეს და ამ ფაქტის გამო, ხალხის დამსახურებული რისხვა არათუ აირიდეს, არამედ იგი პროკურატურისკენ მიმართეს.
ყოფილი ხელისუფლების მიერ ამ კადრების გავრცელების დროს დაჭერილი მესამე კურდღელი კი, საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში, ქართული სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაცია იყო. მათ დახატეს სურათი, რომ ადამიანის პირადი ცხოვრების კონფიდენციალობის უფლება საქართველოში ფეხქვეშაა გათელილი. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი იქამდეც მივიდა, რომ ამ კადრების გავრცელება რუსული ოლიგარქიის ხელწერად შეაფასა და რეალურად ახალ ხელისუფლებას გადააბრალა ის, რასაც თავად აკეთებდა. ანუ მან ხელისუფლებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟის მოწყობა დააბრალა.
როგორც სხვა შემთხვევებში, ხელისუფლების მიერ არც ამ კონკრეტულ ფაქტზე იყო ადექვატური რეაგირება საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით. ამის შედეგია, რომ დღეს ხალხი ძირითადად ინტერესდება არა იმით, თუ ვინ შეუკვეთა ამ კადრების გადაღება, არამედ იმით, თუ რატომ გავრცელდა ეს კადრები.
და კიდევ ერთი. ეს კადრები სავარაუდოდ შანტაჟის იარაღად დღესაც გამოიყენება და ამას „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა გაცილებით ეფექტურად გამოიყენებს.
სავარაუდოდ, იმ მასალების გარდა, რაც პროკურატურას ხელთ ჩაუვარდა, არსებობს კიდევ სხვა მასალები სხვა პირებზე და აგრეთვე იმ მასალების ასლებიც, რომლებიც დღეს პროკურატურას აქვს.
ასე, რომ იმ პირთა მიმართ, ვინც ამ ფირებზეა აღბეჭდილი, ყოფილი ხელისუფლება შანტაჟის მექანიზმებს კვლავ აამოქმედებს და გამორიცხული არაა, რომ თუ ვინმე მას წინააღმდეგობას გაუწევს, სხვების ჭკუის სასწავლებლად, კადრები მართლაც გაუვრცელოს. რა თქმა უნდა კადრების გავრცელება პროკურატურას დაბრალდება და ამით ნაციონალები კვლავ ორ კურდღელს დაიჭერენ: პირველი - მათ ხელში ეყოლებათ უკვე ჭკუანასწავლი სხვა საშანტაჟო ობიექტები და მეორეც, კიდევ ერთხელ მოახდენენ მთავარი პროკურატურის დისკრედიტაციას.
აქედან გამომდინარე, ახალი ხელისუფლება განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს იმ პირთა მიმართ, ვინც იმ ავბედით ფირებზეა აღბეჭდილი. მითუმეტეს, თუ რომელიმე მათგანი დღევანდელ საკანონმდებლო ან აღმასრულებელ ხელისუფლებაშია. მათი უმრავლესობა, კადრების არგავრცელების შიშით ძალიან ბევრ რამეზე წავა. ასე, რომ ეს ადამიანები ახალმა ხელისუფლებამ, დროებით ყველა საპასუხისმგებლო და ინფორმაციულად ღირებულ საქმეებს უნდა ჩამოაშოროს.
მესამე ფაქტორი კი, რის გამოც ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმში აღმოჩნდა, განსხვავებით წინა ორისაგან, შეიძლება ითქვას, ნამდვილად თავის სამართლებელი იყო, ვინაიდან ისეთი შეცდომის დაშვება ქვეყნის ნომერ პირველი დიპლომატისგან, რასაც ბალტიისპირეთში ჰქონდა ადგილი, ყოვლად გაუმართლებელია.
არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, რომ დასმულ ცნობილ შეკითხვაზე, საგარეო საქმეთა მინისტრს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის გამო მწუხარება და ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების იმედი გამოეთქვა. ვფიქრობ ეს დიდ დიპლომატიურ გამოცდილებას და ცოდნას არ საჭიროებს. ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო განცხადებამ განაპირობა მკვეთრად უარყოფითი სომხური პრესა საქართველოს მიმართ. ასევე, ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოში ცხოვრობს საკმაოდ დიდი, როგორც აზერბაიჯანული, ასევე სომხური დიასპორა.
ასეა თუ ისე, დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, ხელისუფლებას გასულ კვირაში გარკვეულწილად თავის მართლების რეჟიმში ყოფნა მოუწია, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორემ, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საკმაოდ დიდი წარმატებაა.
მსგავსი ფაქტები საზოგადოებაში საკუთარი პოზიციის მიმართ ეჭვის საფუძველს განაპირობებს, რაც როგორც აღვნიშნეთ, შეიძლება პოზიციის ცვლილების მიზეზიც გახდეს.
გარდა თავისმართლების რეჟიმისა, საზოგადოების არცთუ დადებით ემოციას იწვევეს საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესი, ვინაიდან, ის ხალხი, ვინც ერს მტარვალებად, ჯალათებად ან კორუფციის მამებად ჰყავდა წარმოდგენილი, დღეს დაკითხვის შემდეგ სახლში ბრუნდება ან უკიდურეს შემთხვევაში, მათ იმ რაოდენობის გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებენ, რომ მისი დასახელებაც კი სასაცილოა.
ეს ნეგატიურად მოქმედებს მთლიანად საზოგადოების განწყობაზე, განსაკუთრებით კი მათ განწყობაზე, ვინც ნაციონალური რეჟიმის სისასტიკე და დაუნდობლობა საკუთარ თავზე გამოსცადა.
გასაგებია, რომ პროკურატურის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული მასალების შემკვეთი, შეიძლება დღეს ელემენტარულად საქართველოში არ იყოს და ამის გამო ვერ სთხოვდე მას პასუხს, მაგრამ დაუჯერებელია, რომ ამ ყველაფერს ის მარტო, დამხმარეების გარეშე ასრულებდა. ასევე შეუძლებელია, რომ ყველა ის პირი, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული საზღვარგარეთ იყოს გაქცეული.
მაშინ როცა არ დგება ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მაშინ როცა ადამიანების დაპატიმრება და გირაოთი გამოშვება რუტინად იქცა, მაშინ როცა წინა ხელისუფლების დამნაშავე მხარდამჭერების ამნისტიაზე საუბარი, ხალხში ეჭვი და გაღიზიანება თავისთავად ჩნდება.
ასევე, როდესაც ამა თუ იმ ყოფილ ჩინოსანს, მის მიერ ჩადენილი საქმეების ფონზე, დაკითხვაზე სასაცილო ბრალდებით იბარებ და ასევე სასაცილო თანხის სანაცვლოდ გირაოთი ათავისუფლებ, ხალხის რეაქცია რა თქმა უნდა დადებითი ვერ იქნება.
რაც შეეხება საზოგადოებასთან ურთიერთობის კიდევ ერთ, გადამწყვეტ იარაღს - მასმედიას, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყოფილი ხელისუფლება მოქმედს, ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვნად უსწრებს წინ.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა კოჰორტაში დარჩა ჯერ კიდევ საკმაოდ რეიტინგული მედიასაშუალებები, სადაც დასაქმებულ ადამიანთა პროფესიონალიზმი რამდენჯერმე აღემატება შედარებით ახლადშექმნილი მედიასაშუალებების წარმომადგენელთა პროფესიონალიზმს, ცალკეული გამონაკლისების გარდა.
მაგალითისთვის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ ბოლო დღეებში, ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში სტუმრობაც საკმარისი იქნება. ამ სტუმრობამ, მის მიმართ საზოგადოებაში არსებულ განწყობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა და ის პოზიტივისკენ შეცვალა.
ასეთი ერთი შეხედვით ლოკალური და პერსონებზე მოგებული პიარ-ნაბიჯები, საბოლოო ჯამში, საერთო სურათის ცვლილებას იწვევს, რაც სავარაუდოდ მოსალოდნელიცაა, თუ არსებული ხელისუფლება საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით თავის მიდგომას 180 გრადუსით არ შეცვლის.
ნუ დაგვავიწყდება, რომ მიხეილ სააკაშვილი პიარსა და დემაგოგიაში ზეპროფესიონალია და მას შეუძლია საზოგადოებრივი აზრი არათუ პურით და სანახაობით, არამედ მარტო სანახაობითაც შემოაბრუნოს, მითუმეტეს, რომ ზოგ შემთხვევაში მკაცრი კრიტიკის მიზეზს არსებული ხელისუფლება მას ნამდვილად აძლევს.
ხოლო, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესით და ტემპებით უკმაყოფილო საზოგადოება, სიმშვიდეს ჯერ კიდევ ინარჩუნებს და მათი პროტესტი ჯერჯერობით ხმამაღლა არ ისმის, თუმცა ამ მიმართულებით სტატუს-ქვოს შენარჩუნების შემთხვევაში, შეიძლება ქვეყანაში უკმაყოფილოთა და იმედგაცრუებულთა ახალი, საკმაოდ დიდი მასა მივიღოთ.
ალექსანდრე კაპანაძე