როგორც მოსალოდნელი იყო, ცხელი პოლიტიკური ზაფხულისა და შემოდგომის შემდეგ, პოლიტიკური ტემპერატურა, კლების ტენდენციით არც ზამთარში გამოირჩევა.
უფრო მეტიც, ზამთარმა ეს ტემპერატურა შეიძლება კიდევ უფრო ასწიოს, რისი ყველა ნიშანიც უკვე სახეზე გვაქვს.
ტრადიციული ქართული ახალი წლისგან განსხვავებით, როცა ყველა სფეროში და მათ შორის პოლიტიკაშიც სიცოცხლე მინიმუმ 1 თვით კვდება, წლევანდელი საახალწლო პერიოდი ცოცხალი პროცესებით გამოირჩევა, რაც კიდევ ერთხელ ვიტყვი მოსალოდნელიც იყო და რაც საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო გააქტიურდება და გამძაფრდება.
ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, დღესდღეობით, შეიძლება ითქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მძაფრი კონკურენტული გარემოს შექმნა ძნელია, ვინაიდან ქვეყანაში სამწუხაროდ ძალიან მცირეა ისეთ პოლიტიკოსთა რიცხვი, ვინც ქვეყნის პირველი პირის კრიტერიუმებს, თავისი გამოცდილებიდან თუ დიპლომატიური ნიჭიდან გამომდინარე, სრულად დააკმაყოფილებს.
ამ კუთხით, საზოგადოებას რამდენიმე თვის წინ სიურპრიზი თავად პრემიერმა შესთავაზა, როდესაც მისთვის სასურველ პრეზიდენტობის კანდიდატად, რესპუბლიკური პარტიის წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე დაასახელა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პიროვნებას ქართული საზოგადოებრიობა იცნობს როგორც ერთ-ერთ ჭკვიან და განათლებულ პოლიტიკოსს, მისი დასახელება სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატად, მაინც მოულოდნელობა აღმოჩნდა. ვახტანგ ხმალაძე მოიაზრებოდა როგორც კარგი თეორეტიკოსი და სამართალმცოდნე, ხოლო რამდენად ექნება მას ქვეყნის მართვის პრაქტიკული უნარი, ამაში საზოგადოება შეიძლება მთლად დარწმუნებული არ იყოს. მიუხედავად უდავოდ დიდი ერუდიციისა, მას შესაძლოა არ ეყოს ის პრაქტიკული უნარები, რომ მის, როგორც პრეზიდენტის წინაშე არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.
რაც შეეხება კოალიციის მეორე რეალურ საპრეზიდენტო კანდიდატურას, ის უდავოდ ირაკლი ალასანიაა, თუმცა გარკვეული გაუგებრობები საზოგადოებაში მის მიმართაც არსებობს.
ირაკლი ალასანია არის პიროვნება, რომელსაც, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე დიპლომატიის კუთხით მუშაობის მხრივაც, რაც მის შანსებს, იყოს კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, უცილობლად ზრდის.
ხოლო რაც შეეხება იმ გაუგებრობებს, რომელშიც გარკვევასაც საზოგადოება ალასანიას, საპრეზიდენტო კანდიდატად გახდომის შემთხვევაში აუცილებლად მოსთხოვს, ისინი დღევანდელი თავდაცვის მინისტრის საქართველოში დაბრუნებისთანავე დაიწყო.
როგორც ყველას გვახსოვს, 2008 წლის ავადსახსენებელი აგვისტოს შემდეგ, ხალხის განწყობა ხელისუფლების მიმართ მკვეთრად ნეგატიური და უფრო მეტიც, რევოლუციურიც კი იყო. ამ პერიოდში ხალხი ეძებდა ლიდერს, რომელიც მათი საპროტესტო მუხტის მართვასა და სწორი მიმართულებით განვითარებას შეძლებდა.
სწორედ ამ პერიოდში გამოვიდა ოპოზიციურ არენაზე, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ალასანია, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს საკმაოდ აქტიური იყო. ამან ქართველ ხალხში მოლოდინი შექმნა. ხალხი ალასანიასგან ერკემალის ფუნქციის აღებას ითხოვდა, თუმცა ამერიკიდან დაბრუნებულმა ყოფილმა ელჩმა, ამ მოლოდინებს ცივი წყალი გადაასხა და საზოგადოებამ მისი არცთუ მკვეთრი და ზედმეტად დიპლომატიური პოზიციის გამო, გარკვეულწილად იმედგაცრუებაც იგრძნო.
იგივე საზოგადოებას ახსოვს ირაკლი ალასანიას ერთობა მემარჯვენეებთან და რესპუბლიკელებთან, რომლებსაც მოგვიანების სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა, ახსოვს აგრეთვე ცნობილი რვიანი, რომელიც შემდეგ ექვსიანად გადაიქცა და რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ცვლილების ერთადერთ გზად, კონსტრუქციულ დიალოგს და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ასახელებდა.
გარდა ამისა, ალასანიას სახელს უკავშირდება 2009 წლის მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან ფარული შეხვედრები, ხოლო მოგვიანებით, ღია შეხვედრები გიგა ბოკერიასთან.
მიუხედავად ამისა, ირაკლი ალასანია მუდმივად ახერხებდა და ოპოზიციის ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ფიგურად რჩებოდა, თუმცა ფაქტია, რომ თუ ის საპრეზიდენტო ბრძოლაში ჩაებმება, ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.
მას პასუხის გაცემა მოუწევს ასევე, 2011 წლის 26 მაისის სასაკლაოს შემდეგ გაკეთებულ განცხადებაზეც, როდესაც ალასანიამ 26 მაისის მონაწილე ქართველების "ხარისხიანობაში" ეჭვი შეიტანა.
თუმცა ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდებია და ჯერ კიდევ არავინ იცის კოალიცია საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატით წარსდგება თუ პირველი პირობისთვის რამდენიმე კანდიდატი იბრძოლებს. ასევე არავინ იცის იქნება თუ არა კანდიდატებს შორის ვახტანგ ხმალაძე და ირაკლი ალასანია, თუმცა საგულისხმო ერთი ფაქტია, თუ რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტობის შესახებ ამბიციას ორივე საგულდაგულოდ მალავდა, დღეს არცერთი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა პრეზიდენტობაზე კენჭი იყარონ.
ასევე საგულისხმოა პრემიერის მიერ, რამდენიმე თვის წინ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ის ალასანიას საპრეზიდენტო კანდიდატად არ მიაზრებს. უფრო კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ალასანია სხვა პოზიციაზე გაცილებით უფრო ეფექტური და სასარგებლო იქნებოდა.
პრემიერის ეს განცხადება თავის დროზე, თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრს არ გაუპროტესტებია, თუმცა როგორც ჩანს ის საპრეზიდენტო ამბიციას მაინც ინახავდა და ახლა, როცა ეს თემა კვლავ გააქტიურდა, მან, ისევე როგორც ვახტანგ ხმალაძემ, უკვე ღიად განაცხადა, რომ შესაძლებელია საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი იყაროს.
იმ შემთხვევაში, თუ კოალიცია გადაწყვეტს, რომ არჩევნებზე ერთიანი კანდიდატით წარსდგეს, მაშინ ამ კანდიდატის შერჩევის პროცესში, ნაკლებსავარაუდოა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრიორიტეტი ვინმეს დაუთმოს.
ასეა თუ ისე, კოალიციის შიგნიდან, პრეზიდენტობის სურვილს მეტნაკლები აქტიურობით, უკვე ორი პრეტენდენტი გამოთქვამს.
იმ შემთხვევაში კი, თუ კოალიცია საპრეზიდენტო არჩევნებში რამდენიმე კანდიდატის წარდგენას გადაწყვეტს, პრაქტიკულად 100 პროცენტია შანსი იმისა, რომ ალასანიას საპრეზიდენტო კანდიდატად ვიხილავთ, რასაც ვერ ვიტყვით ვახტანგ ხმალაძეზე, რადგან კანდიდატურის დაყენებისას ის, სავარაუდოდ ძალიან ფრთხილი იქნება.
ყოველ შემთხვევაში, რაც გასული კვირის დასაწყისში ქართული მედიის ფურცლებიდან გაჟღერდა, ანუ ალასანიასა და ხმალაძის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობა, ერთ რამეზე ნამდვილად მიუთითებს - ეს საკითხი კოალიციაში ჯერ კიდევ ღიადაა და იქ შემავალი სუბიექტები ყველანაირად ეცდებიან საკუთარი კანდიდატურა უპირატეს მდგომარეობაში წარმოაჩინონ, რაც პრემიერის მიერ დეკლარირებულ, კოალიციის შიდა კონკურენციის არსებობაზე მიუთითებს.
ასეა თუ ისე, კოალიციის შიგნიდან, საზოგადოებამ ჯერჯერობით, პრეზიდენტობის ორი პოტენციური კანდიდატის ვინაობის შესახებ შეიტყო და ნაკლებსავარაუდოა ეს სია მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
რაც შეეხება "არაკოალიციურ" პოლიტიკურ ძალებს, აქ პრეზიდენტობის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე შეიძლება მივიჩნიოთ, მითუმეტეს, რომ ყოფილი ხელისუფლების პროპაგანდის მანქანის შესუსტების შემდეგ, ამ პოლიტიკოსის რეიტინგი, მისი არცთუ დიდი პოლიტიკური აქტივობის ფონზე, მაინც მატულობს და ამის მაგალითი NDI - სა და სხვადასხვა ორგანიზაციის კვლევებია.
თუმცა მიუხედავად ნინო ბურჯანაძის რეიტინგის ზრდისა, საზოგადოების წინაშე მასაც საკმაოდ ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. ეს კითხვები ძირითადად "სახალხო კრებასა" და 26 მაისის მოვლენებს ეხება. თუმცა ამ ვალდებულებისგან ბურჯანაძე შეიძლება ქვეყნის მთავარმა პროკურატურამ გაათავისუფლოს, რადგან როგორც ცნობილია, ამ უწყებაში 26 მაისის მოვლენების შესახებ აქტიური გამოძიება მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება გააქარწყლებს ყოფილი ხელისუფლების მიერ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით შექმნილ აზრს და სურათს, და განსხვავებულ რეალობას დადებს, მაშინ ნინო ბურჯანაძის რეიტინგი კიდევ უფრო გაიზრდება და ის შეიძლება უალტერნატივო საპრეზიდენტო კანდიდატადაც კი მოგვევლინოს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება 26 მაისის მოვლენების ობიექტურად გამოძიებაზე, რაც ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, უნდა აწყობდეს როგორც ახალ ხელისუფლებას, ასევე ნინო ბურჯანაძესაც.
რაც შეეხება სხვა შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატებს, 2008 წლის არჩევნებზე, საპრეზიდენტო კანდიდატებად წარდგენილი პოლიტიკოსები – შალვა ნათელაშვილი და დავით გამყრელიძე, სავარაუდოდ ამ არჩევნებზე, ახალი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, კანდიდატურის დაყენებისგან თავს შეიკავებენ.
რა თქმა უნდა იქნება უამრავი სხვა კანდიდატიც, თუმცა მათ შორის ანგარიშგასაწევი და რეალური, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ჯერჯერობით მხოლოდ სამია და სავარაუდოდ მათი რიცხვი არც გაიზრდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პრეზიდენტად კენჭისყრას თავად ივანიშვილი არ გადაწყვეტს, რაც უნდა ითქვას, რომ კიდევ უფრო ნაკლებადსავარაუდოა.
ასე, რომ წინ საკმაოდ საინტერესო და რაც მთავარია დაძაბული საპრეზიდენტო მარათონი გველის.
რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას," მათ რიგებში ჯერჯერობით არ ჩანს პიროვნება, რომელიც თავისი ბეგრაუნდიდან გამომდინარე, შეძლებს და პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატად მოგვევლინება.
ამ შიდაპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო პოსტზე, როგორც პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი, ქვეყანას დღეს, როგორც არასდროს ისე სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი იქნება რისკი, რომ საზოგადოებამ მომავალი მმართველი, კვლავ ემოციებიდან გამომდინარე, ცხელი გონებით, ნაჩქარევად აირჩიოს. ოქტომბრამდე კი, ძალიან ბევრი რამ გადაფასდება და საზოგადოებაც განსხვავებით წინა პრეცენდენტებისგან, იმედია არჩევანს ცივი გონებით და პრაგმატული მოსაზრებებით გააკეთებს.
ხოლო რაც შეეხება დღეს მოქმედ პრეზიდენტს, რომელიც როგორც აღვნიშნეთ ამ ვითარებაში ქართულ შიდაპოლიტიკურ რეალობას ნამდვილად სჭირდება, ის შეიძლება ითქვას, რომ ადექვატურობის ჩარჩოებს უკვე კარგა ხანია გასცდა.
ამას ადასტურებს მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ქვეყანაში მიმდინარე ნგრევის პროცესის დაწყების, კორუფციის ჭაობში ჩაფლობის და კრიმინალების მიერ ძალაუფლების ხელში აღების შესახებ.
Gაურკვეველია ასევე, რა მოსაზრებებით ხელმძღვანელობს მიხეილ სააკაშვილი, როდესაც ის რეგიონებში ახალ გუბერნატორებს წარადგენს, ან აქვს თუ არა აზრი ისეთ გუბერნატორობას, როცა მათ უკვე პრაქტიკულად არავინ არაფერს აღარ ეკითხება. რომ აღარაფერი ვთქვათ სამეგრელოზე, მოულოდნელი იყო მცხეთა –მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორების წარდგენაც, უფრო სწორად მოულოდნელი იყო ის კანდიდატურები ვინც პრეზიდენტმა წარადგინა.
თავად ხევსურების განცხადებით, ხათუნა ოჩიაურს ხევსურეთთან გვარის გარდა არაფერი აკავშირებს, ხოლო ბარნოვის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რამდენად ობიექტური "დამოუკიდებელი ექსპერტი" იყო ის მაშინ, როცა ნაციონალური არხები მის პროგნოზებს უცილობელ ჭეშმარიტებად წარმოგვიჩენდნენ. ნაციონალური ხელისუფლება ასეთი "დამოუკიდებელი ექსპერტების" ნამდვილი სამჭედლო იყო.
გაურკვეველია აგრეთვე იმ ვიზიტის აზრი და მიზანი, რომელიც პრეზიდენტმა 13 იანვარს, ახლადდანიშნული გუბერნატორის ოჯახში მოაწყო. როგორც ჩანს მას უკვე ისე უჭირს, რომ მხოლოდ თავისი უახლოესი გარემოცვის ოჯახებში თუ ახერხებს სტუმრობას, ხოლო თემა, რაზეც სააკაშვილმა ბარნოვის ოჯახში ისაუბრა, კიდევ უფრო საინტერესოა.
მან როგორც ცნობილია სინანული გამოთქვა ამნისტიის კანონის მიღების გამო და განაცხადა, რომ უკიდურეს შემთხვევაში "რუსეთის აგენტები" ხელისუფლებას, რუსეთში, ანალოგიური ბრალდებით დაკავებულ პირებზე უნდა გაეცვალა. საქმეAამ შემთხვევეაშიც იაფფასიან პოპულიზმთან გავქვს, რადგან თუ გაცვლა უნდოდა, მას ამის გაკეთება მაშინ შეეძლო, როცა ძალაუფლებას რეალურად ფლობდა.
გარდა ამისა, სააკაშვილი ამნისტიის შესახებ კანონზე საუბრისას მუდმივად ახსენებს იმ არაქართული გვარების მატარებელ ყოფილ პოლიტპატიმრებს, რომლებმაც საპყრობილე დატოვეს. ამ ასევე ძალიან იაფფასიანი პიარტრიუკის გაშიფვრა ვფიქრობ არც ღირს, უბრალოდ, როგორც ჩანს სააკაშვილმა არ იცის, რომ ქართველი ხალხი თანაუგრძნობს ყველა უდანაშაუდოდ დასჯილს და დაჩაგრულს, მიუხედავად იმისა რა გვარს ატარებს და რა ეროვნებას მიეკუთვნება იგი. ასე, რომ პრეზიდენტის ეს მარტივი პიარსვლა მხოლოდ განწირული კაცის მიერ ხავსზე ჩაბღაუჭებად შეიძლება იქნას აღქმული.
ამასთანავე, პრეზიდენტს ნამდვილად ეშინია იმ ხალხის, ვინც ციხეებს მასიურად ტოვებს და ვინც იქ აბსოლუტურად უდანაშაულოდ, სააკაშვილის ან მისი გუნდის რომელივე წევრის ინტერესების გამო მოხვდა. ვფიქრობ ეს შიში საფუძვლიანია.
ის ხალხი, კი ვინც ციხიდან გამოვიდა, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანი, ვინც 1 ოქტომბერს ხმა მომავალს მისცა, სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს და საკმაოდ საფუძვლიანადაც, ვინაიდან არ შეიძლება ყველას ყველაფერი ეპატიოს და არ შეიძლება დანაშაულებრივი ბრძანების შესრულებისთვის დამდგარი პასუხისმგებლობის პრეცენდენტი არ შეიქმნას. ეს ძალიან ცუდი იქნება არა მარტო იმ ხალხის განწყობისთვის, ვინც 9 წლის განმავლობაში ტირანიას უძლებდა და ებრძოდა, არამედ მთლიანად ქვეყნის განვითარებისთვის, რადგან ადვილი შესაძლებელია, რომ თუნდაც რამდენიე ათეული წლის შემდეგ, სხვა პოლიტიკურ რეალობაში, საქართველოში იგივე განმეორდეს.
გასაგებია, რომ ყველა იმ ადამიანის დაჭერა, ვინც წინა ხელისუფლების დროს სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა - შეუძლებელია, მაგრამ იმ დანაშაულებრივი ბრძანებების როგორც გამცემი, ასევე შემსრულებლებიც აუცილებლად უნდა დაისაჯონ, რომელი ბრძანების საფუძველზეც ახალგაზრდა ბიჭებს ქუჩაში ხვრეტდნენ, საკუთარ ხალხს სპეცოპერაციებს უწყობდნენ და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებს ცოცხებითა და სკამის ფეხებით აუპატიურებდნენ.
ხალხი ამას მოითხოვს, ეს ხალხის დაკვეთაა და თუ ჯერ ამ დაკვეთას საზოგადოება ძალიან ხმამაღლა არ აფიქსირებს, იმის დამსახურებაა, რომ ისინი კიდევ მოლოდინის რეჟიმში არიან. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი, ხალხი დამნაშავეთა დასჯას უფრო და უფრო მეტი დაჟინებით მოითხოვს, ხოლო თუU მათ თავიანთი მოთხოვნის რეალური შედეგი ვერ დაინახეს, სამართლიანობის აღდგენის სხვა გზას მონახავენ.
სამართლიანობის აღდგენასთან ერთად კი, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, სამართლიანი სასამართლოც უნდა ჩამოყალიბდეს, რადგან იმ სასამართლოს პირობებში, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ პროკურატურის ნოტარიატად იყო ქცეული, სამართლიანობის რეალური აღდგენა ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხდება.
სხვათა შორის, იუსტიციის მინისტრის მიერ დაანონსებული სასამართლო რეფორმა გახდა საკითხი, რომელმაც ყოფილ ხელისუფლებას და განსაკუთრებით კი მის ლიდერს მოსვენება დაუკარგა, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან როგორც მორჩილი სასამართლოს ფასი, აგრეთვე დამოუკიდებელი სასამართლოს ძალაც.
სამართლიანობის აღდგენის კუთხით საზოგადოების მოთხოვნა ძალიან დიდია, დრო კი ცოტა, თუმცა მიუღწეველი და შეუძლებელი არაფერია, მითუმეტეს, რომ ახალი ხელისუფლება და მისი ძალოვანი უწყებები პროფესიონალი და პატიოსანი კადრების ნაკლებობას, საბედნიეროდ არ უჩივიან.
ალექსანდრე კაპანაძე