გასულმა 2012-მა წელმა, რომელიც საქართველოს ისტორიაში იმედიანი ცვლილებების წლად შევა, თავისი მოლოდინი გაამართლა და ასევე იმედიანი ესტაფეტა გადასცა 2013 წელს,
რომელიც, მისი წინამორბედის მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, არანაკლები, სავარაუდოდ პოზიტიური სიახლეებით იქნება გამორჩეული.
ამასთან, ახალი ხელისუფლების ქმედებების შეფასება, რეალურად, 2013 წლის შემდეგ მიღწეული წარმატების თუ წარუმატებლობის მიხედვით უნდა მოხდეს, რადგან სწორედ 2013 წლიდან შეიძლება მას სრული პასუხისმგებლობა დავაკისროთ ქვეყანაში მომხდარ ნებისმიერ მოვლენაზე, იქნება ის პოზიტიური თუ ნეგატიური. ვინაიდან ყველა იმ სოციალურ საკითხს, რომელიც საზოგადოებისთვის პრიორიტეტულია, თავისთავად ბიუჯეტი განსაზღვრავს, ხოლო ბიუჯეტის როგორც შედგენაზე და მისი პრიორიტეტების განსაზღვრაზე, ასევე მის შესრულებაზე, პასუხს 2013 წლიდან, ახალი მთავრობა აგებს. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში მიღებული 100 დღიანი მორატორიუმის პრაქტიკა, საქართველოს რეალობაში შესაძლებელია რამდენადმე ტრანსფორმირდეს და ამას თავისი ლოგიკური ახსნა ექნება.
რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ მოულოდნელობებს, მისი ნაკლებობა, განსაკუთრებით ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, სავარაუდოდ არ იქნება.
როგორც მოსალოდნელი იყო, მედიაში უკვე გაჟღერდა ინფორმაცია კოალიცია "ქართული ოცნების" შესაძლო დაშლის შესახებ, რაც პრემიერის რამდენიმე განცხადების შემდეგ, რომელიც შიდა კონკურენციის გაძლიერებას ეხებოდა, სავსებით პროგნოზირებადი იყო.
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, კოალიციაში შემავალი სუბიექტები სავარაუდოდ დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, სწორედ იმ განცხადებების ლოგიკური გაგრძელებაა, რომელსაც პრემიერი ჯერ კიდევ გასულ წელს აკეთებდა.
აქ მოულოდნელი არაფერია და სავსებით შეიძლება დავეთანხმოთ ბერძენიშვილის პოზიციას, რომ დასავლეთის ვერცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, არჩევნებს, რაოდენობრივად ასეთი შემადგენლობის კოალიცია ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოიგებდა. მართლაც სასურველია, რომ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში პარტიული ინდივიდუალიზმი განვითარდეს, რაც თავის მხრივ, იქნება საუკეთესო ტესტი საზოგადოების დამოკიდებულებისა ამა თუ იმ პარტიის მიმართ. ეს პროცესი პარტიებს იძულებულს გახდის მუდმივი კონკურენციის რეჟიმში იმუშაონ, რაც საბოლოო ჯამში, ერთხელ და სამუდამოდ, ჯანსაღი და თანაბარი კონკურენციის პირობებში ჩატარებულ არჩევნებამდე მიგვიყვანს.
რომ დავუბრუნდეთ კოალიციის დაშლის შესახებ გავრცელებულ ხმებსა თუ პროგნოზებს, აქ საგულისხმო ერთი ფაქტია - ვის მიერ და რა ფორმით გაჟღერდა ინფორმაცია, რომელმაც მედიას ასეთი პროგნოზების გაკეთების საშუალება მისცა.
საგულისხმოა აგრეთვე, რომ ლევან ბერძენიშვილის განცხადებას პრემიერი მყისიერად გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია თუ რატომ გააკეთა მსგავსი განცხადება რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა.
სავარაუდოდ, ლევან ბერძენიშვილმა გააჟღერა ინფორმაცია, რომელიც ჯერ კოალიციის შიგნით იხარშება, იხვეწება და მისი განსაჯაროება ამ ეტაპზე, მათ ინტერესებში არ შედიოდა. ნაკლებსავარაუდოა, რომ ისეთი გამოცდილების და ინტელექტის მქონე პოლიტიკოსს როგორიც ლევან ბერძენიშვილია, ეს განცხადება გაუთვლელად, პოლიტიკური მიამიტობის შედეგად გაეკეთებინა. რეალობასთან უფრო ახლოსაა ვერსია იმის შესახებ, რომ მან ის პრევენციის მიზნით გააკეთა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, შიდაკონკურენცია უკვე საკმაოდ მაღალ დონეზეა, თუმცა ეს გარე თვალისთვის ჯერჯერობით შეუმჩნეველია.
ამ ვერსიას ამყარებს ერთი პრეცედენტიც. კონკრეტულად კი, ასევე რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის და ლევან ბერძენიშვილის ძმის, დავით ბერძენიშვილის მიერ, არჩევნებამდე ჩატარებული პრესკონფერენცია, როცა მან თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, საქმე ამ შემთხვევაშიც პრევენციასთან გვქონდა, თუმცა მაშინ მაჟორიტარობის საკითხი კოალიციის სუბიექტებს შორის უმტკივნეულოდ მოგვარდა, ყოველ შემთხვევაში საზოგადოებამდე ამ თემასთან დაკავშირებით არსებული დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია არ მისულა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ იანვრის თვეშივე, პრემიერი თავისი პარტიის ყრილობის ჩატარებას გეგმავს, უნდა ვივარაუდოთ, რომ სულ მოკლე ხანში, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, უფრო აქტიურად, ახალი, ძლიერი და სტრუქტურულად ჩამოყალიბებული მოთამაშე შემოვა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეძლებს ჩაანაცვლოს კოალიციაში შემავალი ნებისმიერი სუბიექტი ან სუბიექტები როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც.
ამ ლოგიკით, გასაგებია პრემიერის პოზიცია, როდესაც ის, პრეზიდენტ სააკაშვილის თანამდებობაზე დარჩენის პრაქტიკულად 10 თვით გახანგრძლივებას ემხრობა.
მართალია პრემიერი ამას დასავლეთის ფაქტორით ხსნის და აცხადებს, რომ იანვარში სააკაშვილის თანამდებობიდან გაშვება დასავლელი მეგობრებისთვის ძნელად ასახსნელი იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ როცა საქმე ქვეყნისთვის საჭირო პრინციპულ გადაწყვეტილებებს ეხება, ახალი ხელისუფლება ძირითადად მხოლოდ პრაგმატული მოსაზრებებით ხელმძღვანელობს და უცხოელი რეკომენდატორების აზრს, თუ ის საქართველოსთვის პოზიტივის მომტანი არაა, ნაკლებად ითვალისწინებს. ეს რა თქმა უნდა ასეც უნდა იყოს, თუ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ნორმალური და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაზე გვაქვს პრეტენზია.
არსებული სურათიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტის სკამზე, დღეს მიხეილ სააკაშვილი სჭირდება. მითუმეტეს, რომ სააკაშვილი პრაქტიკულად ბუტაფორიულ პრეზიდენტად იქცა, რომლის ვეტოსაც კი, პარლამენტი ყოველგვარი დიდი ძალისხმევის გარეშე სძლევს.
სამაგიეროდ, მიხეილ სააკაშვილს ხელთ აქვს კანონიერი ბერკეტი დაითხოვოს პარლამენტი. ამ ბერკეტს ბიძინა ივანიშვილი, სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში აამოქმედებინებს და თუ საჭიროდ ჩათვლის, საკანონმდებლო ორგანოზე თავის გავლენას მნიშვნელოვნად გაზრდის.
აქვე აღსანიშნავია, რომ პრინციპულ საკითხებზე, პარლამენტის უმრავლესობა ჯერჯერობით ერთსულოვნებას ინარჩუნებს და შესაძლებელია ამ ბერკეტის ამოქმედება პრემიერს არც კი დასჭირდეს, თუმცა ის ივანიშვილის პოლიტიკური ბრძოლის არსენალში რა თქმა უნდა დარჩება.
მიუხედავად იმისა, რომ განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები დღეს თუ ვინმეს არ აწყობს, ეს მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობაა", მაგრამ რაიმე სახის გარანტიების მიღების შემთხვევაში, სააკაშვილი პარლამენტში უმცირესობასაც დათმობს და ეს მოულოდნელი არ უნდა აღმოჩნდეს არც საზოგადოებისთვის და არც თავად "ნაციონალური მოძრაობისთვის." რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საზოგადოებამდე სათანადო სოუსით იქნება მიტანილი და სააკაშვილზე ფანატიკურად და უანგაროდ შეყვარებულთა რიცხვის მნიშვნელოვან შემცირებას ის არ გამოიწვევს.
ხოლო იმის თქმის შესაძლებლობას, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" განმეორებითი არჩევნები არ აწყობს და მას ასეთ შემთხვევაში შეიძლება ფრაქციის შექმნაც კი გაუჭირდეს, იძლევა არა მარტო ის არგუმენტები, რომ მათ აღარ ექნებათ უპირატეს მდგომარეობაში საარჩევნო კამპანიის ჩატარების და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა, არამედ ახალი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, რაც საზოგადოების და რიგითი ამომრჩევლის თვალით მკვეთრად პოზიტიურად აღიქმება.
პოზიტიურად აღიქვა საზოგადოებამ ავღანეთში დაღუპული ჩვენი კიდევ ერთი თანამემამულისადმი უმაღლეს დონეზე პატივის მიგება, რაც შეიძლება მთლიანი პოლიტიკური სურათის ფონზე არცთუ მნიშვნელოვნად ჩანდეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, როცა წინა ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა გაესაიდუმლოებინა ავღანეთში დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია, როცა საშიმშილოდ დამჯდარ, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომის ვეტერან გმირებს, ახალ წელს გმირთა მოედნის მემორიალიდან ყრიდა და მათ იმ სასაცილო დახმარებასაც კი უხსნიდა, საზოგადოებამ მებრძოლისადმი პატივის ასეთ დონეზე მიგება ძალიან დადებითად მიიღო, რაც გარდა საზოგადოებისა, ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვისაც დამატებითი მორალური მოტივაციაა.
დადებითად მიიღო აგრეთვე საზოგადოებამ და პირველ რიგში ჯარისკაცების ოჯახების წევრებმა პრემიერის განცხადება, როცა ის ჩვენი შეიარაღებული ძალების წევრებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნაზე საუბრობდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
სწორედ ეს და სხვა მსგავსი ერთი შეხედვით "უმნიშვნელო" განცხადებები თუ ქმედებებია იმის განმაპირობებელი ფაქტორი, რომ საზოგადოებამ საჭიროების შემთხვევაში რეალური არჩევანი კიდევ ერთხელ გააკეთოს, რომლის შედეგებიც "ნაციონალური მოძრაობისთვის" სახარბიელო ნამდვილად არ იქნება.
საზოგადოება უკვე კარგად არჩევს პიარს და რეალურ ქმედებებს, ყოველ შემთხვევაში ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ავღანეთში საახალწლოდ სტუმრობა პიარის ნაწილი იყო, ხალხი ძალიან კარგად მიხვდა. უფრო მეტიც, საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია მედიის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი ახალ წელს ტყვიის წვიმაში შეხვდა, რის შემდეგაც, ჩართული კამერის წინ, პრეზიდენტი ტელეფონით ეკითხებოდა სხვადასხვა ნაწილების მეთაურებს, "ჩაიარა თუ არა მათთან სროლამ."
თუ ამ კადრებმა საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია, ეს გრძნობა გაკვირვებამ და ირონიამ ჩაანაცვლა, როცა პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
სხვა პირებთან ერთად, როგორც მოგეხსენებათ, ავღანეთში, მიხეილ სააკაშვილს ორი ქალბატონი, მათ შორის პარლამენტის წევრი ახალგაზრდა გოგონაც ახლდა. ავღანეთიდან კი პრეზიდენტი, დელეგაციის წევრებთან ერთად დუბაიში გაფრინდა.
არავითარი ეჭვის საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ მიხეილ სააკაშვილის დუბაიში ვიზიტი საქმიანი არ იქნება, მაგრამ ავღანეთში, იმ ცხელ წერტილში, სადაც თავად პრეზიდენტმაც კი ტყვიების წვიმის ქვეშ გაათენა, ორი ქალბატონის წაყვანა და მათი საფრთხის ქვეშ დაყენება, საზოგადოებამ ვერაფრით ვერ ახსნა.
ვერაფრი ვერ ახსნა აგრეთვე საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილის მიერ ახალი წლის მილოცვად წოდებული ტექსტის შინაარსი. უფრო მეტიც, პრეზიდენტის მილოცვა მსმენელმა მუქარად ან გნებავთ კოჰაბიტაციის პრინციპების დარღვევად მიიღო და არცთუ უსაფუძვლოდ.
რაც შეეხება თავად კოჰაბიტაციას, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა ჟურნალისტების მიერ წლის სიტყვად დასახელდა, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების მიერ დიდად მოწონებული არაა, მითუმეტეს, რომ "კოჰაბიტაციის პროცესი" ხშირად ცალმხრივ ხასიათს ატარებს.
საზოგადოებაში კვლავ არსებობს კითხვები ჩვენი სამართალდამცავი და საგამოძიებო სამსახურების მოქმედებების შესახებ, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებს უდავოდ მაქსიმალურად მაღალ დონეზე აყენებენ, თუმცა საზოგადოება მეტს მოითხოვს და საკმაოდ სამართლიანად.
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე, რომ ხალხმა, რომელთა უფლებები ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ფეხქვეშ ითელებოდა და რომლებმაც ამ პერიოდის განმავლობაში პრაქტიკულად მომავალი დაკარგეს, სამართლის გაჩენა თავად მოინდომონ, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური ცხოვრებისთვის და საგარეო იმიჯისთვის დამღუპველი იქნება.
ძალიან ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი და ძალიან დიდია იმ ყოფილ ჩინოვნიკთა რიცხვი, ვინც ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს. ეს საზოგადოების დაკვეთაა და ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა, მათ შორის პრემიერის განცხადებაც იმასთან დაკავშირებით, რომ წინა რეჟიმის დროს არსებული სისტემის იმ სუბიექტებს, ვინც დანაშაულებრივ გარემოს არ ქმნიდა და მხოლოდ შემსრულებელი იყო, უნდა მიეტევოს, საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.
საზოგადოება ნამდვილად არაა მზად მიუტევოს იმ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ და ადამიანებს ჯერ ცემით ხოცავდნენ, ხოლო შემდეგ მიცვალებულებს მაღაზიის თავზე ალაგებდნენ, საზოგადოება ვერ მიუტევებს ადამიანებს, რომლებიც მახინჯი სისტემის ნაწილი იყვნენ და პატიმრებს სკამის ფეხით და ცოცხით აუპატიურებდნენ, საზოგადოება ვერ მიუტევებს ადამიანებს, ვინც წინა სისტემის სახელით მათ უფლებებს ფეხქვეშ თელავდა.
სწორედ ესაა ყველაზე დიდი საფრთხე დღეს საქართველოში, რომ სააკაშვილის ხელისუფლებისგან გამწარებულმა და მომავალმოსპობილმა ადამიანებმა, რომლებსაც დასაკარგი უკვე აღარაფერი აქვთ, საკუთარი სამართლის გაჩენა თავადვე მოინდომონ. ძალიან დიდია საფრთხე იმისა, რომ, თუ ეს ადამიანები დაინახავენ, რომ სახელმწიფო მანქანა ვერ უზრუნველყოფს სამართლის აღდგენასა და დამნაშავეთა დასჯას, საკუთარი ღირსების დაცვას ან თუ გნებავთ უბრალოდ შურისძიებას, ისინი თავადვე შეეცდებიან, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უდიდესი საფრთხის მატარებელია. მითუმეტეს, რომ ხალხში უკვე გაჩნდა განწყობა იმისა, რომ მათ ხმა სამართლიანობის აღდგენას მისცეს და არა კოჰაბიტაციას, რომლის მნიშვნელობაც, ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ 1 ოქტომბერს არც კი იცოდა.
ასე, რომ ახალი 2013 წელი ნამდვილად ძალიან საინტერესო და სიახლის მომტანი იქნება, თუმცა რა თქმა უნდა იარსებებს საფრთხებიც, რომლებსაც ახალი ხელისუფლება ღირსეულად უნდა დაუპირისპირდეს და პირველ რიგში ხალხის დაკვეთა შეასრულოს. წინააღმნდეგ შემთხვევაში, უკმაყოფილოთა რიცხვის ზრდა საწყის ეტაპზე შეიძლება შესამჩნევი არც იყოს, მაგრამ ის აუცილებლად იჩენს თავს სამომავლოდ და შესაძლებელია გაცილებით უფრო მეტი პრობლემა შექმნას, ვიდრე ამის წარმოდგენა დღესაა შესაძლებელი.
ალექსანდრე კაპანაძე