სიურპრიზები, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ანუ მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა,
დაიწყო, 2012 წელსაც გაგრძელდა და ყველაფერი იქეთ მიდის, რომ პოლიტიკური სიურპრიზების ნაკლებობას არც მომავალ 2013 წელში უნდა ველოდოთ.თუ არ ჩავთვლით 2011 წლის ოქტომბერში გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე სიურპიზების ავტორი ძირითადად "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება იყო, მაშინ როცა მოგელაძის ინსტიტუტიდან დაწყებული, ოპონენტებს ბრძოლის ისეთი მეთოდები შესთავაზა, რომელიც არცერთ ცივილიზებულ თუ არაცივილიზებულ ქვეყანაში, არცერთ ხელისუფლებას არცკი დაესიზმრება.
თუმცა მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ამჯერად სიურპრიზების ავტორად უკვე ახალი, კოალიციის მთავრობა მოგვევლინა. მათი სიურპრიზები ჯერჯერობით მხოლოდ გახმაურებული დაკავებებით შემოიფარგლება, თუმცა უკვე აშკარად იკვეთება კონტურები, რომ ძალიან მალე, საზოგადოება კიდევ ბევრი სიახლის მომსწრე გახდება სხვადასხვა სფეროში. ამასთან, ეს სიახლეები საზოგადოებისთვის ნამდვილად სასარგებლო იქნება, რადგან მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები, ამის თქმის საფუძველს ნამდვილად იძლევა.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის დღევანდელმა პრემიერმა, თავისი პირველი დაპირება ხელისუფლებაში მოსვლის შესახებ, ზუსტად გაცხადებულ ვადაში – ერთ წელიწადში შეასრულა და ამ პიროვნების მიმართ მთლიანად ერის მოლოდინი და იმედები ძალიან დიდია, გარკვეულ დონეზე, საზოგადოებაში უკმაყოფილების განცდას ტოვებს ქვეყანაში მიმდინარე ე.წ. "სამართლიანობის აღდგენის პროცესი." აღსანიშნავია, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, ძალოვანი უწყებები აშკარად დამოუკიდებლად და ადამიანის უფლებათა მაქსიმალური დაცვის მცდელობით მოქმედებენ, მაგრამ ხალხში უკმაყოფილებას სწორედ ეს "ზედმეტი ჰუმანურობა" იწვევს, რაც სავსებით ლოგიკური და გასაგები რეაქციაა იმ ხალხისგან, ვინც ცხრა წლის განმავლობაში ავტორიტარულ მმართველობას იძულებით იტანდა.
არ არის გამორიცხული, რომ სამართლიანობის აღდგენის მსგავსი მეთოდებით უკმაყოფილო რომელიმე კონკრეტულმა სუბიექტმა, თუ შესაძლებლობა მიეცემა, თავის მიმართ სამართლიანობის აღდგენა თავადვე გადაწყვიტოს, რაც ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის როგორც საგარეო იმიჯის, ისე საშინაო განვითარების თვალსაზრისითაც. ასევე გაუგებარია ხალხისთვის ის ბრალდებები, რის საფუძველზეც ისეთ ადამიანებს აკავებენ, რომელთა სისასტიკეზეც, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ლეგენდები დადიოდა. როგორც წესი, ასეთი ადამიანების მიმართ წაყენებული ბრალდების შინაარსი, ხშირ შემთხვევაში, მათ მიერ ჩადენილ საქმეებთან შედარებით, უმნიშვნელო თამაშად მოგეჩვენებათ.
სამართლიანობის აღდგენის განცდა ხალხში ნამდვილად გაჩნდა. მათ გაითავისეს ისიც, რომ ყოფილი ხელისუფლების მიერ ძალადობით და ტერორით შექმნილი მითი თავიანთი უძლეველობის შესახებ, ბლეფი აღმოჩნდა და არ გაუკვირდებათ, თუ ხვალ, ძალოვან უწყებებში თავად სააკაშვილს დაიბარებენ. მხოლოდ, ხალხს, როგორც აღვნიშნეთ, ძალოვანი უწყებების მიმართ მეტი პრინციპულობის მოთხოვნა გაუჩნდა.
საზოგადოებაშიც და ექსპერტებშიც ნელ-ნელა უკვე გაქრა მოსაზრება და ვარაუდი ნაციონალების შესაძლო რევანშის შესახებ, რადგან ყოფილი ხელისუფლების გაუთვლელი, სპონტანური და უხეშ შეცდომებზე აგებული ქმედებები, თვით გამოუსწორებელ ოპტიმისტ ნაციონალსაც კი ჩაუქრობს იმედს. ამას ემატება პრეზიდენტის განცხადებები, რომელმაც უკვე დაივიწყა კოჰაბიტაციის პრინციპები და ღია ლანძღვაზე და შეურაცხყოფაზე გადავიდა.
ნებისმიერ სახელმწიფოში, მიხეილ სააკაშვილს, იმ განცხადებისთვის, რაც მან საპატრულო პოლიციისა და საბაჟოს თანამშრომლების მიმართ გააკეთა, მინიმუმ განცხადებაში მოყვანილი ფაქტების დასაბუთებას მოსთხოვდნენ, მაქსიმუმ კი ეს, საპატრულო და საბაჟო სამსახურების გაფიცვით დასრულდებოდა. თუმცა უკვე სააკაშვილის განცხადებებს როგორც ეტყობა, აღარც, ერთ დროს მიშასთვის საამაყო საპატრულო და საბაჟო სამსახურებში აქცევენ ყურადღებას. აღარაფერს ვამბობ ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ, ღია ბრალდებებზე მათ კორუმპირებულობასთან დაკავშირებით.
მიხეილ სააკაშვილი თავისი განცხადებებით, რომელიც არათუ პრეზიდენტს, რომელიმე კლუბის ხელმძღვანელსაც კი არ შეშვენის, კიდევ უფრო ამძიმებს ნაციონალური მოძრაობის მდგომარეობას და კარგავს მის მხარდამჭერებს, რომლებიც ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში კიდევ შემორჩა.
პრემიერ-მინისტრის სიტყვები იმის შესახებ, რომ მომავალ არჩევნებში მათ "ნაციონალური მოძრაობა" კონკურენციას ვეღარ გაუწევს, ამ შემთხვევაშიც მართლდება, რაც სავარაუდოდ ქართულ პოლიტიკურ რეალობას, მომავალ წელს კიდევ უფრო საინტერესოს და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიურპრიზებით მდიდარს გახდის.
ამის თქმის საფუძველს, ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილის განცხადება იძლევა, რომელიც მან პარლამენტის შესაძლო დათხოვნასთან დაკავშირებით და მიხეილ სააკაშვილისთვის საპრეზიდენტო ვადის პრაქტიკულად 10 თვით გაგრძელებასთან დაკავშირებით გააკეთა.
ყველაფრიდან ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელმაც კოალიციის სახელით უკვე უზარმაზარ შედეგს მიაღწია, რაც ხელისუფლების ცვლილებით გამოიხატა, საკუთარი დასაყრდენის შექმნას და გაძლიერებას აპირებს. საშინაო პოლიტიკაში, ივანიშვილი მომავალი წლიდან სავარაუდოდ აქცენტს საკუთარი პარტიის მშენებლობასა და გაძლიერებაზე გააკეთებს, რაც მისთვის სამომავლოდ მყარი დასაყრდენი უნდა გახდეს.
საჭიროების შემთხვევაში კი, ის საკუთარი პოლიტიკური ძალით, პარლამენტში მყოფ გარკვეულ ძალებს ჩაანაცვლებს, რის შესახებაც პარლამენტის კულუარებში საუბრები უკვე მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში, პრემიერი მთლიანად საკუთარი პოლიტიკური ძალით გააკონტროლებს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას. სავარაუდოდ სწორედ ამას უკავშირდებოდა პრემიერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროების შემთხვევაში არ იქნებოდა წინააღმდეგი, პრეზიდენს პარლამენტი დაეთხოვა და ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნულიყო. კანონის თანახმად, სააკაშვილს საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის უფლება გაზაფხულზე აქვს. ეს ის პერიოდია, როცა პრემიერს უკვე საკმარისად გაძლიერებული ეყოლება საკუთარი პოლიტიკური ძალა.
ამ ლოგიკით გამოდის, რომ ივანიშვილს, მიხეილ სააკაშვილი გარკვეულწილად სჭირდება კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადასარევად იცის, რომ განმეორებით საპარლამენტო არჩევნები მისი პოლიტიკური ძალისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება და 1 ოქტომბრისგან განსხვავებით ვერც ადმინისტრაციულ რესურსს და ვერც შიშის ფაქტორებს ვეღარ გამოიყენებს, ის ვადამდელ არჩევნებზე, თვითგადარჩენის ინსტიქტის კარნახით მაინც წავა და თუ ივანიშვილი მოსთხოვს, პარლამენტს დაითხოვს.
ამ ვერსიას ადასტურებს ივანიშვილის გადაწყვეტილება, დატოვოს სააკაშვილი ხელისუფლებასი მომავალი წლის ოქტომბრამდე, რომელიც დღეს პრაქტიკულად ბუტაფორიის როლს ასრულებს და შეინახოს მისი აპარატი, მართალია მკვვეთრად შემცირებული, მაგრამ მაინც საკმაოდ სოლიდური ხარჯებით.
იმ შემთხვევაში კი, თუ განმეორებით საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად რა თქმა უნდა სხვა პოლიტიკური ძალებიც იბრძოლებენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი საკმაოდ გაღარიბდა და პრაქტიკულად უკვე ლუსტრირებულია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად რომელიმე ყოფილი ხელისუფლების ყოფილ სატელიტ პარტიას მიეცეს შანსი. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიან-დემოკრატების ლიდერს გიორგი თარგამაძეს საკუთარი რეიტინგი ხელოვნური სუნთქვის სტადიაში ჰყავს გადაყვანილი, საეჭვოა, რომ მან, ან მემარჯვენეებმა საპარლამენტო ბარიერის გადალახვა შეძლონ.
სხვა ოპოზიციური ძალებისაგან აბსოლუტურად განხსხვავებული ვითარებაა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერთან, ნინო ბურჯანაძესთან მიმართებაში. მიუხედავად დისკრედიტაციის დიდი მცდელობისა, ამ პოლიტიკოსს საკუთარი სტაბილური მხრდამჭერები ჰყავს, ამასთან ის ნამდვილად არ არის შემჩნეული სააკაშვილის ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებებში და რაც მთავარია, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, ნამდვილად, ერთადერთი სწორი პოზიცია დაიკავა, როცა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რაც არაპირდაპირად მიშა სააკაშვილის წისქვილზე წყლის დასხმა იქნებოდა.
საგულისხმოა აგრეთვე ნდი-ს მიერ გამოქვეყნებული ბოლო კვლევის შედეგები, სადაც ბურჯანაძის მიმართ ნდობის ინდექსი 6 ერთეულით არის გაზრდილი.
კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში ბურჯანაძის წარმატებას ხელს შეუწყობს, ეს სახალხო კრებაა, რომელმაც შეძლო და ქვეყანაში მიმდინარე უამრავი კატაკლიზმების მიუხედავად, ცალკეული გამონაკლისების გარდა, ერთიანობა შეინარჩუნა. ბურჯანაძის ძალის საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა, პრემიერის მიერ გაცხადებულ კონკურენციას, კიდევ უფრო გაამძაფრებს.
ასე, რომ მომავალ წელს, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, სავარაუდოდ საკმაოდ საინტერესო პროცესების მომსწრენი გავხდებით, თუმცა ნაკლებადსავარაუდოა, რომ რაიმე არაპროგნოზირებადი მოხდეს, ვინაიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრემიერის მოქმედებები და რაც მთავარია ამ მოქმედებათა შედეგები, იძლევა იმის თქმის გარანტიას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, იქნება ეს შიდა თუ გარე, წინასწარ განსაზღვრული კურსის მიხედვით განვითარდება და ქვეყანა დაცული იქნება ისეთი მერყევი მმართველობისგან, რომელსაც ის ბოლო წლების განმავლობაში განიცდიდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც გასულ კვირაში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჰქონდა ადგილი და რომელიც ვფიქრობ აღნიშვნის ღირსია, ეს ქუთაისში მომხდარი ინცინდენტია.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი შორსაა იმ მოწოდებისგან, რასაც ვანო მერაბიშვილი აკეთებდა და რასაც აქცია-მანიფესტაციების დაშლა-დარბევა ჰქვია, უპრიანი არ იქნებოდა ნებისმიერი აქციის დროს, პრევენციის მიზნით პოლიციელთა დამატებითი კონტინგენტის მობილიზება მოახდინოს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ხალხში დაპირისპირების მცდელობას აღკვეთს და მისგან გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს აგვაცილებს.
რაც შეეხება კონკრეტულად ქუთაისს, ძნელი დასაჯერებელია, უფრო სწორად კი დაუჯერებელია, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აქცია "ქართული ოცნების" დაგეგმილი ყოფილიყო. სხვა თუ არაფერი, ამ აქციას, "ქართული ოცნება" მინიმუმ, გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანს და ორგანიზებულს გახდიდა. ეს იყო სააკაშვილის რეჟიმისგან გამწარებული ხალხი, რომლებიც ნებისმიერ დროს არიან მზად თუნდაც პრეზიდენტს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ასეთ ქმედებას გაამართლებს. ეს საზოგადოებამდე კარგად უნდა მივიტანოთ, რათა არ დავუშვათ ისეთი შეცდომა, რაც ჩვენს კულტურას არ ეკადრება.
რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ სიურპრიზებს, ისინი დღევანდელი პრემიერ-მინისტრის დამსახურებით ქართველ ხალხს მიმდინარე წელს ნამდვილად არ მოკლებია და სავარაუდოდ არ მომავალ წელს მოაკლდება.
ალექსანდრე კაპანაძე