გასულ კვირაში ნატოს გენერალური მდივნის, რასმუსენის მიერ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, რაც საპარლამენტო უმცირესობამ ქვეყნის კოლაფსის დასაწყისად შეაფასა და რამაც ქართველი საზოგადოებრიობის დიდი გულისწყრომა გამოიწვია, საქართველოს პროკურატურა ხმაურიან დაკავებებს კვლავ ახორციელებს.
ეს ფაქტი მორალური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებზე ნეგატიურად აისახება და მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“ მიმავალი გზების მაძიებელთა რიცხვს მნიშვნელოვნად გაზრდის, მითუმეტეს, რომ რასმუსენი ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ აბსოლუტურად განსხვავებულ ნოტაზე ალაპარაკდა.
ბრიუსელში პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ერთდროულმა ვიზიტმა საზოგადოება კიდევ ერთ რამეში დაარწმუნა: უცხოეთში ვიზიტის დროს მიხეილ სააკაშვილის ჩვეულ სტილს, რაც ქვეყნის მიღწევებზე საუბრით, რუსეთისგან ჩასაფრებული მტრის ხატის შექმნით და ბოლო დროს პოპულარული „პოლიტიკური ანგარიშსწორების“ ფაქტების ტირაჟირებით გამოიხატებოდა, უკვე გასავალი აღარ აქვს. უფრო მეტიც, აშკარად იკვეთება, რომ სააკაშვილი ავტორიტეტს საქართველოში, ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერთა შორისაც კარგავს. ეს ჯერჯერობით მხოლოდ შიდა სამზარეულოში ჩახედული ადამიანებისთვისაა ცნობილი, ვინაიდან ამის სააშკარაოზე გამოტანა „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის საბოლოო დაშლას ნიშნავს და თუ ეს გუნდი დღესდღეობით ერთიანობას ისევ ინარჩუნებს, ეს საერთო დანაშაულის განცდის დამსახურებაა, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ ზემო ეშელონებში, კარგად აცნობიერებენ, რომ ნებისმიერი მათგანის პასუხისმგებლობის საკითხი ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს. აქედან გამომდინარე, ისინი ამ ეტაპზე ერთად დგომის და სოლიდარობის მნიშვნელობასაც კარგად აცნობიერებენ, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა, გარანტიების მიღების შემთხვევაში დიდი სიამოვნებით დაემშვიდობება ამ გუნდს და მოიხსნის თუნდაც იმ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმის ვალდებულებას, რასაც ნაციონალების წევრთა უმრავლესობა დღემდე დგამს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა მიერ ბანაკის დატოვების კიდევ ერთი მოტივაცია, პრეზიდენტის შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაა. ამის შესაძლებლობა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში არ გამორიცხა. კონკრეტულად კი, ივანიშვილის განცხადებით მას სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების არავითარი სურვილი არ აქვს, რადგან ეს დასავლეთის თვალში შესაძლოა სხვაგვარად იქნას აღქმული, თუმცა პრემიერი ასევე აცხადებს, რომ ის ვერც იუსტიციის მუშაობას დააბრკოლებს. ანუ, არ გამოირიცხება, რომ თუ ამის საჭიროება იქნება, მთავარ პროკურორს და იუსტიციის მინისტრს შესაძლებლობა ექნებათ მიხეილ სააკაშვილი დაკითხონ, ან მის მიმართ უფრო მკაცრი სამართლებრივი ქმედებები გაატარონ. სავარაუდოდ ეს დამოკიდებული იქნება თავად სააკაშვილის შემდგომ მოქმედებებზე. თუ პრეზიდენტი იმ ცილისმწამებლური რიტორიკით ეცდება ფონს გასვლას და პოლიტიკურ რეაბილიტაციას, რისი მცდელობაც მას ბრიუსელში ჰქონდა, სავარაუდოდ მისით ქართული სამართალდამცავი უწყებები მალე დაინტერესდებიან. სწორედ ამის შიშით აიხსნება სააკაშვილის ბოლოდროინდელი პათოსი ხელისუფლების მიმართ კონსტრუქციული თანამშრომლობის მოწოდების შესახებ, თუმცა საქართველოში ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც პოლიტიკაში ასე თუ ისე ჩახედულია, კარგადაა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებზე დათანხმება ან მისი ნდობა, უკვე, მინიმუმ პოლიტიკურ სიბეცედ შეიძლება ჩაითვალოს. არც იმაში ეპარება ეჭვი ვინმეს, რომ პრეზიდენტი, ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევაში ეცდება ნებისმიერი ფორმით დარტყმა მიაყენოს ახალ ხელისუფლებას, თუ რა თქმა უნდა ამის შესაძლებლობა მიეცემა.
ხოლო იმ ფაქტზე, რომ ყოფილი ხელისუფლება და მათი ლიდერი გრძელვადიანი ბრძოლისთვის ემზადებიან და საჭიროების შემთხვევაში არც აკრძალული ილეთების გამოყენებაზე იტყვიან უარს, ქართულ ტელებაზარზე არსებული, ჯერ კიდევ დაულაგებელი და გაურკვეველი გადანაწილების პროცესები მეტყველებს. როგორც ადრე ვწერდით, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაზე კარგად იციან ტელევიზიის ძალა და ყველა ღონეს იხმარენ ტელეარხების შესანარჩუნებლად. იგულისხმება ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომლის წილებიც გასულ კვირაში კიდევ ერთხელ გადათამაშდა და რომელსაც სათავეში ახალი დირექტორი ჩაუდგა. მიუხედავად, იმისა, რომ აღნიშნული ტელეკომპანიისთვის დღეს რამდენიმე სუბიექტი იბრძვის, „ნაციონალური მოძრაობა“ მაქსიმალურად ცდილობს წილების გადანაწილების დაუსრულებელი პროცესით სამართლებრივად, მაქსიმალურად გაართულოს საქმე, იმ შემთხვევისთვის, თუ ტელეკომპანიის მფლობელობის კანონიერებას სასამართლო ან ძალოვანი უწყებები ეჭვქვეშ დააყენებენ. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ემატება ყოფილი ტელეკომპანია „საქართველო“-ს სიხშირე, რომლის საინფორმაციო პოლიტიკის მიმართულება ძნელად პროგნოზირებადი ნამდვილად არაა. კიდევ ერთი სიახლე ქართულ ტელესივრცეში, ეს ე.წ. „ახალი არხის“ კომედიური ტიპის არხად გარდაქმნაა. საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, სატირა და იუმორი ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო და ეფექტური საშუალებაა, რითაც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეზე ძალიან ეფექტური დარტყმის მიყენებაა შესაძლებელი. სხვათა შორის, იუმორი, როგორც ბერკეტი, საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს იჭერს დალესის დოქტრინაშიც. როცა ეს უკანასკნელი საუბრობს ღირებულებებისა და ეროვნული ფასეულობების მქონე ადამიანების დისკრედიტაციაზე, მათ დასამარცხებლად, როგორც ერთ-ერთ მძლავრ იარაღს, სწორედ იუმორს ასახელებს. შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოს ახლო ისტორიიდანაც შეიძლება გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი, როდესაც იუმორისტთა სწორედ იმ ჯგუფმა, რომლებიც ახალი კომედიური არხის ხელმძღვანელები და სახეები იქნებიან, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის იმიჯზე სერიოზულად იმოქმედა და მათ მიმართ საზოგადოების განწყობა მნიშვნელოვნად განაპირობა. ასე, რომ ყოფილი ხელისუფლების ხელში, საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ არხებზე არანაკლებ ეფექტური, შეიძლება ახალი კომედიური არხი აღმოჩნდეს.
ფაქტიურად უკვე ნათელია, თუ რა საინფორმაციო მიმართულებას აირჩევს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იმ შემთხვევაში, თუ მისი მეპატრონეების და მენეჯმენტის კუთხით არაფერი შეიცვლება. ეს იქნება სოციალურ თემაზე ორიენტირებული საინფორმაციო არხი, რომელიც ეცდება მაქსიმალურად მკვეთრ ფერებში წარმოაჩინოს ქვეყანაში არსებული სოციალური მგდომარეობა. ამ მიმართულებით არხი განსაკუთრებით, სავარაუდოდ მომავალი წლიდან გააქტიურდება. რაც შეეხება რესპონდენტებს, არხის რესპონდენტთა უპირატესი რაოდენობა იქნება სოციალურად უკიდურესად შეჭირვებული მოსახლეობა, რომლებიც არსებული ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. გამოერევა რესპონდენტები, რომლებიც იტყვიან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათ იმედები გაუცრუა. ყოველივე ამის მიზანმიმართულად და ჭკვიანურად განხორციელება კი, რისი რესურსი და გამოცდილებაც „რუსთავი 2“-ს ნამდვილად აქვს, სერიოზულ გავლენას მოახდენს საზოგადოების განწყობაზე. არცერთ გადაცდომას ეს არხი ხელისუფლების თუნდაც ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფ ჩინოვნიკსაც კი, არ აპატიებს და ამ გადაცდომის ფონზე მაქსიმალურად ეცდება შეფარვით ყოფილი ხელისუფლების უპირატესობა წარმოაჩინოს.
ჯერჯერობით, კი იქედან გამომდინარე, რომ ახალი ხელისუფლების მიმართ მხარდაჭერა და მოლოდინი საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდია, ეს არხი არცთუ ეფექტურად ახორციელებს თავის ამოცანებს.
ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები სათანადო პროპაგანდის გაშლას ვერ ახერხებენ, ეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, კონკრეტულად კი ძალოვან უწყებებში მოსული პირველი პირების აშკარა კომპეტენცია დ თავდაჯერებულობაა. ზოგადად თავდაჯერებულობას ორი ფაქტორი - დიდი სიბრიყვე ან დიდი პროფესიონალიზმი განაპირობებს და თუ საზოგადოება შეჩვეული იყო თავდაჯერებულობის პირველი მიზეზით გამოვლინებას, საქმე ამჯერად სხვა მოვლენასთან გვაქვს. ამას ხალხი აცნობიერებს და სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც გარდამავალ პერიოდში ახალი ხელისუფლებისადმი ნდობას განაპირობებს.
ნდობა, როგორც აღვნიშნეთ ახალ ხელისუფლებას საკმაოდ მაღალი აქვს, რასაც ემატება მის მიერ გადადგმული პოპულარული ნაბიჯები, ანუ სამართლიანობის აღდგენის მცდელობა. ამ შემთხვევაში ხელისუფლების ქმედებები ხალხის პოზიციას აბსოლუტურად ემთხვევა, უფრო მეტიც, ხალხი კიდევ უფრო რადიკალური და მკაცრი გადაწყვეტილებების მომხრეა, თუმცა ხალხის დაკვეთის სრულად შესრულება შეიძლება კანონის ჩარჩოებს გასცდეს. ამიტომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მაქსიმალურად უნდა ეცადონ გაუძლონ ამ ცდუნებას და არ გადადგან მოკლევადიან პოპულარობაზე გათვლილი ნაბიჯები. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ 9 წლის წინ, საზოგადოების დიდი ნაწილი ასევე პოზიტიურად ხვდებოდა საძინებელში, საცვლებისამარა მყოფი ხალხის ტელეკამერების წინაშე დაჭერებს თუ სამუშაო კაბინეტში მისული მინისტრის სპეცოპერაციით დაკავებას. სწორედ ეს ფაქტები იყო ერთ-ერთი პირველი, რითაც ყოფილი ხელისუფლება კანონის ჩარჩოებიდან აშკარად გავიდა.
ასეა თუ ისე, ხალხის დაკვეთა სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით სრულდება და რაც მთავარია ის ჯერჯერობით ყველა იმ მოთხოვნას პასუხობს, რაც ცივილიზებულ სახელმწიფოს მოეთხოვება. თუმცა ამის შემდეგ ხალხი ხელისუფლებას კონკრეტულ სოციალურ შედეგს მოსთხოვს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მათ ეს შედეგი საკუთარ თავზე ვერ იგრძნო, მივიღებთ მასას, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერი არხებისთვის საუკეთესო რესპონდენტები აღმოჩნდებიან. ჯერჯერობით ხალხი კვლავ უკეთესი მოლოდინის იმედით ცხოვრობს. თუ საზოგადოება თუნდაც მცირე სოციალურ შეღავათს იგრძნობს უკვე ახალი ბიუჯეტის ამოქმედების შემდეგ, ეს ახალი ხელისუფლებისთვის საკმაოდ დიდი დივიდენდი იქნება.
გარდა სოციალური შეღავათებისა, ხალხის მოთხოვნაა დაუბრუნდეს განცდა, რომ მას საკუთარ ქვეყანაში უკანონოდ, ვინმეს ინტერესების გამო აღარ დაიჭერენ. ამისთვის კი პირველ რიგში იმ პატიმრების გათავისუფლებაა საჭირო, ვინც ბოლო წლების განმავლობაში სწორედ პირადი ინტერესების გამო იყო დაპატიმრებული. გიორგობის დღესასწაულისთვის დაგეგმილი შეწყალება ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა განსაკუთრებით საყურადრებოა პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ თუ დევნილ პირთა გათავისუფლება-რეაბილიტაციის საკითხი. რაც უფრო მალე გათავისუფლდებიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები საპყრობილეებიდან, მით უფრო მალე დაბრუნდება საზოგადოებაში სამართლიანობის განცდა, რაც ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების განვითარებას შეუწყობს ხელს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არანაკლებ რთული შესასრულებელია, ესაა ქონებრივი სამართლიანობის აღდგენა, რომელიც გასული წლების განმავლობაში, ასევე კერძო პირების ინტერესს ეწირებოდა.
ეს პროცესი, გარდა იმისა, რომ იურიდიული თვალსაზრისით, იუველირის სიზუსტით მოქმედებას მოითხოვს, დიდ ფინანსურ რესურსებსაც საჭიროებს. მარტივი მაგალითისთვის, თუ ერთ პიროვნებას რაიმე ფორმით ჩამოართვეს ქონება და ეს ქონება მიჰყიდეს მეორე პიროვნებას, მაშინ ამ პიროვნებებს შორის დავა სახელმწიფო რესურსის დახმარებით უნდა გადაწყდეს, ვინაიდან პირი, რომელსაც ქონება ჩამოართვეს, რა თქმა უნდა მოითხოვს თავისი ქონების დაბრუნებას, ხოლო პირი, რომელმაც ეს ქონება იყიდა და მასში ფული გადაიხადა, რა თქმა უნდა მას არ დათმობს. ასეთ შემთხვევაში, ალბათ ყველაზე სამართლიანი იქნებოდა რომ თავის დროზე სახელმწიფო ინსტიტუციების ხელმძღვანელების მიერ ჩადენილი სავარაუდოდ უკანონო ქმედებები ისევ სახელმწიფომ გამოასწოროს, რაც სათანადო მატერიალური კომპენსაციით შეიძლება მოხდეს. მატერიალური კომპენსაცია კი, სახსრებს მოითხოვს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს ძალიან მძიმე ტვირთად შეიძლება დააწვეს, უფრო სავარაუდოდ კი, სახელმწიფო ბიუჯეტი ამას ვერ შეძლებს. ასეთ შემთხვევაში რჩება ერთადერთი გამოსავალი. სახელმწიფომ უნდა მოახდინოს იმ პირების პასუხისგებაში მიცემა და მათი ქონების კონფისკაცია, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში ე.წ. „ელიტარული კორუფციის“ სათავეებთან იდგა, ხოლო კონფისკაციის შედეგად ამოღებული თანხებით დააკამყოფილოს მოდავე მხარეები სათანადო კომპენსაციით ასეთის საჭიროების შემთხვევაში.
აქედან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, დღეს საქართველოში ყველაზე დიდი მუშაობაა ჩასატარებელი და როგორც ზემოთ ვთქვით, ზოგიერთი მედიასაშუალების დაკვირვების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, ქართულ სამართალდამცავ ორგანოებს მაქსიმალური სკულპულოზულობა მართებთ, რადგან სამართლიანობის აღდგენის პროცესმა არამც და არამც რევანსისტული ელფერი არ უნდა მიიღოს.
ალექსანდრე კაპანაძე