logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ფილმისწინა ჟურნალი
ფილმისწინა ჟურნალი
17:09 12.11.2012

1 ოქტომბრის შედეგები უკვე რეალურადაა თვალშისაცემი. ჯერჯერობით ნაადრევია თქმა, რომ შედეგები ხალხის სოციალურ მდგომარეობაზე აისახა, თუმცა განსხვავება თუნდაც 3 თვის წინანდელი საქართველოსგან, უკვე აშკარაა.

ჩაბნელებულია პრეზიდენტის სასახლე, დაპატიმრებულია "მიშას ჯალათად" მონათლული ბაჩო ახალაია, მინისტრები და გენერალური პროკურორები დაზეპირებული ფრაზების გარეშე და წინასწარშეთანხმებული კითხვების გარეშე ღია ეთერში სხდებიან, ხალხი ტელეფონში მართალია შიშნარევად, მაგრამ შედარებით მაინც თავისუფლად ლაპარაკობს და იგივე ხალხი, რომლებიც ჯერ კიდევ ორი თვის წინ ხმის ამოღებასაც ვერ გაბედავდა და თუ გაბედავდა, მხოლოდ არსებული ხელისუფლების სადიდებლად _ დღეს გაფიცვას აცხადებს და ამბობს რომ მონა არ არის. (!?)
ბოლო პერიოდის უმნიშვნელოვანეს მოვლენად რა თქმა უნდა ბაჩო ახალაიასა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება უნდა მივიჩნიოთ, თუმცა ყოფილი ხელისუფლების მომხრეთა მცდელობას, დაკავებულები სიმართლისათვის ტანჯულ ადამიანებად და გმირებად წარმოეჩინა, უშედეგოდ არ ჩაუვლია. Aამას დაემატა სამი დაკავებულიდან ორის, მართალია გირაოს სანაცვლოდ, მაგრამ მაინც გათავისუფლება, რამაც ხალხში დაბნეულობის დონე აამაღლა.
თავად დაკავების პროცესი და ფორმები აშკარად ცივილური ხასიათის იყო, რასაც, ეკრანზე ძალადობას შეჩვეული საზოგადოება მკვეთრად პოზიტიურად შეხვდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მათი განწყობა დაკავებულთაგან ორის გათავისუფლების შემდეგაც ასევე პოზიტიური დარჩა.
ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, გნებავთ დაპირება, რის გამოც ხალხმა მხარი "ქართულ ოცნებას" დაუჭირა, არის სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავეების დასჯა. საზოგადოება გაცილებით უფრო მეტ სიმკაცრეს მოითხოვს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ. ნებისმიერი დაკავებულის თუნდაც გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლება კი, ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერთა პროტესტის ფონზე, საზოგადოების იმ დიდ ნაწილში, რომელმაც "ქართულ ოცნებას" მხარი დაუჭირა, თუნდაც ქვეცნობიერად, აღიქმება როგორც არსებული ხელისუფლების უკან დახევა, ეს კი თავის მხრივ განწყობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხალხის ის ნაწილი, ვინც ცვლილებებს მხარი დაუჭირა, ორ კატეგორიად იყოფა: ერთნი, ვინც საკუთარ თავზე პირდაპირ გამოსცადა ხელისუფლების უსამართლობა და მეორე, ვინც სოციალურად უკიდურესად იყო გაჭირვებული. აქედან გამომდინარე, ხალხი დღევანდელი ხელისუფლებისგან სწორედ სამართლიანობის დაუყოვნებლივ აღდგენასა და სოციალური ფონის ასევე დაუყოვნებლივ შემსუბუქებას ელის. ხოლო თუ ქართველი ხალხის ბუნებას გავითვალისწინებთ, შესაძლოა არსებული ხელისუფლების "ყოფილ მხარდამჭერთა" რიცხვი გაიზარდოს, რითაც აუცილებლად ისარგებლებენ ისინი ვინც გავლენის დაკარგვას ჯერ კიდევ არ შეგუებია.
ხოლო ის, რომ გავლენის დაკარგვას არ შეგუებიან, აშკარად თვალშისაცემია და როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი გავლენის დასაბრუნებლად გაცილებით უფრო ჭკვიანურად მოქმედებენ, ვიდრე ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ქვეყნის მართვისას მოქმედებდნენ.
ამ მიმართულებით აშკარად თვალშისაცემია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ტრანსფორმაცია. თუ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ეს ტელეკომპანია (და არა მარტო ის), საინფორმაციო მაუწყებლობას ყოველგვარი სტანდარტის დარღვევით, მხოლოდ ერთი ჯგუფის აშკარად მხარდასაჭერად ახორციელებდა, დღეს ცდილობს დემოკრატიული და დაბალანსებული მაუწყებლის იმიჯი მოირგოს, რაც ჯერჯერობით ნამდვილად გამოსდის. ასე რომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ მცირე დროში "რუსთავი 2"-ის სახით მივიღებთ კარგად შეფუთულ "დაბალანსებულ და ხალხის სოციალურ მდგომარეობაზე" ორიენტირებულ მაუწყებელს.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ტელეარხებს შორის კონკურენცია საკმაოდ გაიზარდა და ქართული მედიაგარემოს სურათი საგრძნობლად შეიცვალა, ტელებაზარზე "რუსთავი 2"-ს შეუძლია აიღოს მნიშვნელოვანი სიმაღლე და ცქერადობის მაჩვენებელი, იმ დონეზეც კი, რომ მას შესაძლოა კონკურენტი ძნელად მოეძებნოს. ამის მიზეზი პირველ რიგში არხზე დასაქმებული პერსონალის გამოცდილებაა. Mმეორე მიზეზი კი თავად არხის ტრადიციებია. სწორედ ასეთმა სარედაქციო პოლიტიკამ აქცია 9 წლის წინ აღნიშნული ტელეკომპანია ქართული ტელესივრცის ლიდერად, რამაც ფაქტობრივად ქვეყნის უახლესი ისტორიული განვითარების მიმართულება განაპირობა.
"რუსთავი 2" ტრადიციულად განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ე.წ. "კადრის ეფექტზე" რაც ძალიან ხშირ შემთხვევაში მთლიანად წონის სიუჟეტის შინაარსობრივ მხარეს და დიდ გავლენას ახდენს მაყურებლის ცნობიერების ფორმირებაზე. მსგავსი ყურადღება კადრისადმი, ჯერჯერობით არცერთ ქართულ ტელევიზიაში არ შეინიშნება. ხოლო თუ ამას სწორი სარედაქციო მიმართულება დაემატება, საბოლოო ჯამში მივიღებთ ტელეკომპანიას, რომელიც ფარავს მთელ საქართველოს და რომელიც თავისი სარედაქციო პოლიტიკისა და შემსრულებლების პროფესიონალიზმის წყალობით, ცქერადობის მაჩვენებლით, ლიდერ კომპანიადაც შეიძლება მოგვევლინოს. მითუმეტეს უკვე აშკარაა, რომ არხი ძირითად აქცენტებს საინფორმაციო და პოლიტიკური მესიჯებით დატვირთულ გასართობ გადაცემებზე აკეთებს. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, ვერ ვიტყვით რომ ის განსაკუთრებული გემოვნებით არის შექმნილი და თავის პირდაპირ დანიშნულებას, ანუ მაყურებლის გართობას ასრულებს. თუმცა ქართულ ტელებაზარზე მსგავსი ტიპის პროდუქციის სიმცირის და შესაბამისად დაბალი კონკურენციის გამო, ნამდვილად ასრულებს თავის მეორად დანიშნულებას _ მიაწოდოს მაყურებელს ხუმრობის შირმაში გახვეული პოლიტიკური მესიჯები და იმოქმედოს მის ქვეცნობიერზე.
ასე, რომ ჯერჯერობით ორ პოლიტიკურ ძალას შორის ძალთა თანაფარდობაში მკვეთრი დისბალანსი არ შეინიშნება.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით წარმატებულს ვერ დავარქმევთ აგრეთვე ახალი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკას, ვინაიდან ბევრმა საკადრო გადაწყვეტილებამ საზოგადოების ნაწილის გაკვირვება, ხოლო ნაწილის გულისწყრომაც გამოიწვია. Aარსებობს ასევე კიდევ ერთი საფრთხე, რომ ახალ (ძირითადად აღმასრულებელ) ხელისუფლებაში, მეტნაკლებად საკვანძო თანამდებობებზე დაინიშნონ ადამიანები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერები არიან. Aამის მაგალითები უკვე იყო. ნებისმიერი სახის კრიზისის დროს ეს კატეგორია დაიკავებს ხელისუფლების გენერალური ხაზისგან განსხვავებულ პოზიციას, რამაც შეიძლება ზოგ შემთხვევაში რომელიმე კონკრეტული უწყების პარალიზებაც კი გამოიწვიოს. ასე, რომ ამ მიმართულებით ახალ მთავრობას განსაკუთრებული ყურადღება მართებს. "ქართული ოცნება" და მისი ლიდერიც, ქართული პოლიტიკური ცხოვრების უახლესი ისტორიის მაგალითებიდან გამომდინარე "დიდი საკადრო იმედგაცრუებისთვისაც" უნდა იყოს მზად.
გახშირდება აგრეთვე ისეთი ტიპის შოუებიც, როგორიც თბილისის მერმა გიგი უგულავამ რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე დადგა. შესაძლებელია ეს ერთი კონკრეტული შემთხვევა ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ თუ მსგავსი ქმედებები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ალბათ მიიღებს კიდეც, მაშინ საზოგადოებრივი აზრის ცვალებადობის ალბათობა მკვეთრად გაიზრდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ყოფილ ხელისუფლებაში მრავლად არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ წარმატებით შექმნან ცრუგმირებიც და ცრუმსხვერპლებიც. Eახლო წარსულის სამწუხარო მაგალითებიდან გამომდინარე, პირველი მათგანნი ხალხში ბრმა სიყვარულს, მეორენი კი ასევე ბრმა თანაგრძნობას იწვევენ. სწორედ ეს იქნება ყოფილი ხელისუფლების სავარაუდო პიარმიმართულება სამომავლოდ.
ამასთან, ანგარიშგასაწევია ხალხის ის ნაწილიც, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ხიბლში არიან და მზაობა აქვთ ნებისმიერ შემთხვევაში საჭირო ფორმით მხარდაჭერა გამოუცხადონ მას.
იმ შემთხვევაში, თუ ყოფილ ხელისუფლებას თავისი პიარგეგმის განხორციელების შესაძლებლობა მიეცა, ძალიან მალე, სავარაუდოდ გაზაფხულზე, ჩვენ შეიძლება მომსწრე გავხდეთ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული არცთუ მცირერიცხოვანი საპროტესტო აქციებისა და მანიფესტაციებისა.
როცა ნაციონალური პიარსტრატეგიის ხელისშეშლაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ მათი პიარის მანერა, რომელიც ტრადიციულად ვირტუოზულად განხორციელებულ ცრუბრალდებებზე და ცილისწამებაზეა აგებული. იმ შემთხვევაში, თუ არსებული ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის მაქსიმალურ უზენაესობას, პიარსტრატეგიის ასეთი მიმართულებებით დაგეგმვა აზრს დაკარგავს და განსხვავებით შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდისა, ეფექტური ნამდვილად აღარ იქნება.
წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ზემოთ დაანონსებული "ნაციონალური პროტესტი" თითქმის გარდაუვალია. Nნაწილობრივ ეს შეიძლება შეაფერხოს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა, რომლის საპრეზიდენტო ვადასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ამ რამდენიმე დღის წინ ეჭვი გამოთქვა. ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა რა მოხდება, მაგრამ თუ მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო სავარძელს მომავალი წლის იანვარშივე დაემშვიდობა, ეს თუნდაც მორალური თვალსაზრისით, როგორც ნაციონალური მოძრაობისთვის, ისევე მათი მხარდამჭერი მოსახლეობისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. ასეთ შემთხვევაში კი პოლიტიკური ბრძოლის შემობრუნება პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდება.
გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველაზე დიდი დარტყმა ყოფილი ხელისუფლების იდეოლოგიაზე სწრაფი სოციალური ეფექტი და სამართლიანობის განცდის აღდგენა იქნება, რაც პირველ ყოვლისა, დამნაშავე მაღალჩინოსნების თუ მათი ბრძანებების შემსრულებლების დასჯით უნდა გამოიხატოს. საჭიროების შემთხვევაში კი, უნდა დადგეს პრეცენდენტი თუნდაც ქვეყნის უმაღლესი პირის დაკითხვისა, რაც ახალი ხელისუფლებისთვის უდიდესი დივიდენდის, ყოფილი ხელისუფლებისთვის კი უდიდესი დარტყმის მომტანი იქნება.
რაც შეეხება სწრაფ სოციალურ ეფექტს, მისი მიღწევა პირველ რიგში უნდა დაიწყოს ტარიფების კორექციით, რომელიც ძალიან მალე უნდა გაფართოვდეს და გავრცელდეს ჯანდაცვის სისტემაზე. ხოლო თუ ამას დაემატება კარტელური წარმონაქმნების დაპირებული რღვევა, რაც თავის მხრივ ბევრ პროდუქტზე ფასების კლებას გამოიწვევს, შეიძლება ითქვას, რომ ყოფილ ხელისუფლებას პოლიტიკური გაკოტრებისგან ვერაფერი იხსნის.
კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი არის ის, თუ რამდენად ეფექტურად დაინგრევა წინა ხელისუფლების და პირადად მიხეილ სააკაშვილის მიერ დანერგილი პრაქტიკა, რომელიც მმართველობის დროს ყურადღებას ფაქტიურად საერთოდ არ აქცევდა იმ რეგიონებს, სადაც არჩევნებს წააგებდა.
"ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში, ასეთ რეგიონებად სამცხე-ჯავახეთი და სამეგრელო ჩამოყალიბდა. თუ ამ რეგიონების მოსახლეობა დაინახავს ყურადრებას ახალი ხელისუფლების მხრიდან და იგრძნობს სათანადო სოციალურ ეფექტს, ასეთ შემთხვევაში ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერები ამ რეგიონებშიც უსწრაფესი ტემპებით დაიწყებენ კლებას. განსაკუთრებით საყურადღებო სამეგრელოს რეგიონია, ვინაიდან სულ ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, რომ ეცდება ციტრუსის წლევანდელი მოსავალი წელსვე მოახვედროს რუსეთის ბაზარზე. თუ ივანიშვილი ამას შეძლებს, ფაქტიურად სამეგრელოს კეთილგანწყობა გარანტირებული ექნება, ხოლო თუ ვერ შეძლებს, მის მიმართ არცთუ დადებითად განწყობილ რეგიონში, ეს განწყობა დაპირების არშესრულების მოტივით, კიდევ უფრო გამძაფრდება.
ასე, რომ არჩევნებისშემდგომი ერთთვიანი ვირტუალური შტილი უკვე დაირღვა და სიტუაცია სულ უფრო და უფრო ემსგავსება საჭადრაკო პარტიას, სადაც დაძაბული თამაშის ბედი მხოლოდ ერთმა შეცდომამ შეიძლება გადაწყვიტოს. A

ალექსანდრე კაპანაძე

 

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა